"მენატრება 3 წლის შვილიშვილი, რომელიც არ მინახავს" - გზაპრესი

"მენატრება 3 წლის შვილიშვილი, რომელიც არ მინახავს"

ამერიკაში საკმაოდ წარმატებული დიზაინერი, ლეილა ქურციკიძე-ბახტაძე ემიგრანტია. თავს შემთხვევით ემიგრანტს უწოდებს და ამბობს, მწვანე ბარათი რომ არ მოეგო, ემიგრანტობაზე არასოდეს იფიქრებდა.

- ქალბატონო ლეილა, თბილისში რას საქმიანობდით?

- პროფესიით ეკონომისტი ვარ. 12 წელი ვმუშაობდი შემნახველი სალაროების სამმართველოში. შემდეგ წლები მივუძღვენი შვილების გაზრდასა და აღზრდას. როცა სტუდენტები გახდნენ, ჩავთვალე, რომ მათ იმდენად აღარ ვჭირდებოდი, როგორც აქამდე და ჯერ სილამაზის სალონი გავხსენი, მერე კი საკუთარი მაღაზია. მყავს მეუღლე, ბრწყინვალე რძალი და სიძე, ორი ულამაზესი შვილიშვილი.

- რა გახდა თქვენი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი?

- სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე, თავს შემთხვევით ემიგრანტს ვუწოდებ. ჩემი მული ამერიკაში ცხოვრობს, მან შეუვსო ჩემს შვილებს მწვანე ბარათის გათამაშების ლატარია, მე და ჩემი მეუღლეც ჩავუწერივართ. მოხდა ისე, რომ მეც მოვიგე და ჩემი გოგოს მეუღლემაც. მთელი წელი ვფიქრობდით, წავსულიყავით თუ არა ამერიკაში, ძნელია ოჯახის დატოვება... ჩემი ქალიშვილი და სიძე თბილისის მერიაში არქიტექტორებად მუშაობდნენ, თან დოქტორანტურაზე სწავლობდნენ, მათაც გაუჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ, ამერიკაში ჩამოვედით იმ ფიქრებით, რომ თუ დაფუძნებას ვერ შევძლებდით, უკან დავბრუნდებოდით. აეროპორტიდან პირდაპირ ღამის მანჰეტენზე აღმოვჩნდით. ემოცია დიდი იყო, ზღვა შთაბეჭდილებით.

GzaPress- როგორი იყო ემიგრაციის პირველი ეტაპი? ალბათ გაიარეთ ის სირთულეები, რასაც თითქმის ყველა ემიგრანტი გადის?

- რა თქმა უნდა, ძნელია უცხო ქვეყანაში დაფუძნება, მაგრამ ჩემი მულის დახმარებით, სირთულეების გარეშე გავიარეთ ყველა ეტაპი. ყველაზე მეტად გამიხარდა, ახალგაზრდებმა თავიანთი სპეციალობით რომ დაიწყეს მუშაობა, რაც საკმაოდ ძნელია, თუ ამერიკული განათლება არ გაქვს, თუმცა ცოდნას არ დაგიკარგავენ ამ ქვეყანაში. დღესდღეობით ორივე საკმაოდ წარმატებული არქიტექტორია და კომპანიაში ერთად მუშაობენ. ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. ჩემი სიძე პარალელურად ტყავზე მუშაობს - ქმნის აქსესუარებს, ჩანთებს, ქამრებს. ორივე კარგად ხატავს. პირველად მათ ჰქონდათ ნამუშევრების გამოფენა მანჰეტენზე, საგამოფენო გალერეაში და აქტიურობაც ამის მერე დავიწყე. ჩემი რამდენიმე ნამუშევარი გატანილი იყო ASC NEW YORK FASHION WEEK-ის კვირეულზე, ასევე მანჰეტენის სხვადასხვა გალერეაში. ყოველ წელს ტარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Pearl New York, სადაც ჩვენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ხდება. 2019 წელს ჩატარდა წარმატებული ქართველების დაჯილდოება თამრიკო დავითაშვილის ხელმძღვანელობით, იქაც მქონდა საშუალება, წარმედგინა ნამუშევრები. რამდენიმე გამოფენიდან შემოსული თანხა ბავშვთა ფონდს გადავურიცხეთ.

- საოცარ ნივთებს ქმნით. რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენს ნამუშევრებზე ამერიკაში?

- ჩემთვის ეს ბიზნესი კი არა, ჰობია, ამით ფულს ვერ იშოვი. უბრალოდ, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ. ძირითადად ვიყენებ ტყავს და ბუნებრივ ქვებს. ვცდილობ, ყოველი ახალი ნივთი განსხვავებული იყოს. მომხმარებლები უფრო მეტად, ქართველები არიან.

- ემიგრაციამ რა გასწავლათ?

- ამერიკაში ქართველების დიდი დიასპორაა. ბევრი ბავშვი ქართულად ვერ მეტყველებს. გული მტკივა, ისინი ხომ საქართველოს დაკარგული მომავალია. 6 წელია უკვე, რაც აქ ვარ, დრო ძალიან სწრაფად გავიდა. ერთხელ ვიყავი ჩასული საქართველოში. მენატრება ჩემი მეორე შვილი, 3 წლის შვილიშვილი, რომელიც არ მინახავს, ჩემი და, რომელიც ყოველდღე მელოდება, მეგობრები... აქ ყველა ოცნებების ასახდენად ჩამოდის და არა - დასარჩენად. ვიღაცისთვის ეს მარტივია, ვიღაცისთვის - რთული, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები სრულდება.

ფიქრია რობაქიძე