მოპარული ნობელის პრემია - მეცნიერი ქალის ტრაგიკული ისტორია - გზაპრესი

მოპარული ნობელის პრემია - მეცნიერი ქალის ტრაგიკული ისტორია

1950-იანი წლების დასაწყისში, ქალისთვის ძნელი იყო, საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა და თავი გამოეჩინა მეცნიერებისა და შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. რა თქმა უნდა, ნახევარი საუკუნის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გენდერული თანასწორობის კუთხით, გარკვეული წინსვლა იყო, მაგრამ ძველი წარმოდგენები საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად იყო გამჯდარი.

მეცნიერების ისტორიაში ცოტა რამ არის ისეთი მიმზიდველი და წინააღმდეგობრივი, როგორიც დნმ-ის სტრუქტურის ამოხსნაა. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის როგორც გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი ქრომოსომების ახსნა თვით სიცოცხლის გასაღების გარკვევის ტოლფასად მიიჩნეოდა.

ქალმა გენიალური აღმოჩენა გააკეთა, ნობელის პრემია კი მის მაგივრად მამაკაცებმა მიიღეს.

ტანდემი, რომელიც ამ "პრიზს" იჩემებდა, კემბრიჯელი წყვილი იყო: 1953 წელს მეცნიერებმა - ჯეიმს დუი უოტსონმა და ფრენსის ჰარი კომპტონ კრიკმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთეს. მათ დნმ-ის სივრცობრივი სტრუქტურა შექმნეს და ამან გენეტიკური კოდის გაშიფვრის საშუალება მისცათ. 1962 წელს კი მათთან ერთად, მორის ჰიუ ფრედერიკ უილკინსმაც (რომელმაც დაამტკიცა, რომ დნმ-ის ფორმულა ორმაგი სპირალის ფორმისაა) ნობელის პრემია მიიღო. ეს ადამიანის გონების გამარჯვების ისტორია იყო, მაგრამ გარდა ამისა, დისკრიმინაციის ისტორიაც. ნობელის პრემია წესით, როზალინდ ფრანკლინს უნდა მიეღო - ქალს, რომელმაც ეს აღმოჩენა პირველმა გააკეთა. როზალინდმა პრემიის გადაცემამდე ვერ იცოცხლა. ოთხი წლით ადრე, 37 წლის ისე გარდაიცვალა, რომ სათანადო დაფასება და აღიარება არ მიუღია.

ინგლისელ სამეცნიერო საზოგადოებაში გამეფებული გენდერული უთანასწორობის გამო, თუ ქალი იყავი, გინდ სამგზის უფრო გენიალური ყოფილიყავი, "საკუთარი ადგილი მაინც უნდა გცოდნოდა", რადგან "დაფნის გვირგვინი" მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი.

გავიდა დრო და 1975 წელს, ამერიკელმა მწერალმა ქალმა - ენ სეირმა როზალინდ ფრანკლინის ნამდვილი ბიოგრაფია დაწერა და სამართლიანობა აღადგინა.

როზალინდი ლონდონში, ბანკირის ოჯახში იზრდებოდა. წმინდა პავლეს სკოლაში, რომელშიც ის სწავლობდა, ყველა დისციპლინაში შესანიშნავი შედეგი ჰქონდა. რაც შეეხებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ლათინურს - აქ ხომ შეუდარებელი გახლდათ. ერთი სიტყვით, პედაგოგები ამბობდნენ, რომ მას ვერაფერს ასწავლიდი. მეცნიერება მისი დიდი გატაცება იყო და შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების არსი და აზრიც.

იმ დროს, გოგონასთვის ამგვარი გატაცება დიდ სითამამეს მოითხოვდა, მით უმეტეს - ებრაული ოჯახის შვილისთვის. მაგრამ მისი გადაწყვეტილება მტკიცე აღმოჩნდა და სწავლა კემბრიჯში გადაწყვიტა.

სტუდენტი როზალინდიც საუცხოო შედეგებით გამოირჩეოდა. 1941 წელს, კემბრიჯი ქიმიის სპეციალობით დაამთავრა. გამოსაშვები გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა, მაგრამ სამეცნიერო ხარისხს მხოლოდ ყმაწვილები იღებდნენ, გოგონებისთვის არ იყო ის განკუთვნილი. ოთხი წლის შემდეგ, როზალინდმა მაინც შეძლო სამეცნიერო ხარისხის მოპოვება - მეცნიერებათა დოქტორი გახდა. მაგრამ რა ფასად დაუჯდა ეს?!.

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. როზალინდი და მისი მშობლები გერმანიიდან ინგლისში გამოქცეულ ებრაულ ოჯახებს ეხმარებოდნენ. მათ ორი ობოლი ბავშვიც აიყვანეს.

მაშინ როზალინდს კიდევ ერთი საზრუნავიც ჰქონდა: ის გრაფიტისა და ნახშირბადის სხვა სტრუქტურების კვლევით იყო დაკავებული. ასევე, ბრიტანეთის ქვანახშირის საკვლევი ასოციაციისთვის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა ქვანახშირის შთანთქმის თვისებების შესახებ. მისმა ნაშრომმა ამ სფეროში, ახალი, საიმედო აირწინაღების შექმნას შეუწყო ხელი. ამგვარად, ახალგაზრდა მეცნიერმა ქალმა ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა.

GzaPress

ომის შემდეგ, როზალინდი სამეცნიერო მოღვაწეობას ჯერ პარიზში, მერე კი ლონდონში ეწეოდა.

ბიოფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონ რენდალი დიდხანს ადევნებდა თვალყურს ნიჭიერ ქალიშვილს, შემდეგ კი ის ახალი პროექტის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელიც დნმ-ის ბოჭკოების შესწავლაზე მუშაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, კვლევებს რეალურად კი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ფორმალურად, ის არავის დაუნიშნავს და მამაკაცები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით მუშაობდნენ, ამის შესახებ არაფერს ამბობდნენ. არადა, ის ყველაზე მეტს შრომობდა, ყველაზე უკეთ ერკვეოდა საქმეში და ყველა შეკითხვას პასუხს სცემდა. კოლეგა მამაკაცები კი ისე ეპყრობოდნენ, როგორც დამხმარეს და მთელ მოსაწყენ სამუშაოს მას უტოვებდნენ. ასე განსაჯეთ, მასზე ჭორაობასაც არ ერიდებოდნენ და ამბობდნენ, რომ "საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნება" იყო; არ ეხერხებოდა ადამიანებთან ურთიერთობა; ნამდვილი უჟმური; არ საუბრობდა მათთან საკუთარი კვლევების შედეგებზე და ა.შ.

ასეთი დამოკიდებულების საპასუხოდ, ფრანკლინი უფრო მეტად უღრმავდებოდა საკუთარ თავს და მეტსაც მუშაობდა. არადა, კოლეჯის კედლებს მიღმა, მისი მეგობრები როზალინდს სულ სხვაგვარად ახასიათებდნენ: რომ ძალიან გულისხმიერი, კეთილმოსურნე და გონებამახვილი იყო. მეცნიერებაში კოლეგა მამაკაცები მასში კონკურენტს ხედავდნენ. "რატომ არ იპრანჭება, არ კეკლუცობს, რომ თავი მოგვაწონოს, ის ხომ ქალია".. გამოკვლევების შედეგებსაც არ გვიზიარებს... და საერთოდ, ვინ არის ასეთი, თავი ვინ ჰგონია?!."

ამასობაში, როზალინდმა რენტგენის მილაკი გადააკეთა და მოიფიქრა, როგორ გაეუმჯობესებინა მოწყობილობა მიკროფილმების დასამზადებლად. მან ყველაზე მკაფიო გამოსახულებების მიღება დაიწყო. ამ ეტაპზე, ის და უილკინსი ერთად მივიდნენ დასკვნამდე დნმ-ის ორგვარი ფორმის არსებობაზე. მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი - რენდალი ხედავდა, რომ მათ ერთად მუშაობა არ შეეძლოთ. ერთ-ერთი თვლიდა, რომ რადგან კაცია, დომინანტი ის არის", მეორე კი - "მერე რა?.." რენდალმაც სწორედ ამიტომ გაყო პროექტი და ორივეს მისცა საშუალება, თავისთვის ემუშავა, საბოლოოდ კი შედეგები შეეჯერებინათ.

როზალინდმა რენტგენის მილით ექსპერიმენტები გააგრძელა და გამოსახულების გაუმჯობესების გზით, მიიღო დნმ-ის გამოსახულება, რომელიც ნათლად აჩვენებდა მოლეკულათა სტრუქტურას. ის ადრეც ამტკიცებდა, რომ დნმ-ს სპირალური სტრუქტურა ჰქონდა და ახლა უკვე ამის დამტკიცება შეძლო. როზალინდ ფრანკლინმა ნატრიუმის მარილის რენტგენოგრამა მიიღო, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი სახელით - "ფოტო-51". ეს დიდი აღმოჩენა იყო.

იდეალურ საზოგადოებაში ის მიიღებდა მილოცვებს, თაიგულებს, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებში მისი ფოტოები დაიბეჭდებოდა და კიდევ ბევრ სასიამოვნო ბონუსსაც დაიმსახურებდა, რაც მსოფლიო აღმოჩენის ავტორს შეიძლება ერგოს, მაგრამ... რეალურად, სულ სხვა რამ მოხდა: გვერდით ლაბორატორიაში, სადაც ჯეიმს უოტსონი და ფრენსის კრიკი მუშაობდნენ და ხედავდნენ, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ ფრანკლინის მსგავსი შედეგების მიღწევას, უილკინსს სთხოვეს, ლაბორატორიის ახალგაზრდა თანამშრომლისთვის (რომელსაც როზალინდის ლაბორატორიაში შესვლა შეეძლო) დაევალებინა, რომ იქიდან "ფოტო-51" გამოეტანა. ქალს არაფერი ჰკითხეს და არც საქმის კურსში ჩააყენეს. მომავალმა ნობელიანტებმა ფოტო შეისწავლეს და სწორ დასკვნებამდე მივიდნენ. ამის საფუძველზე, მათ საკუთარი აღმოჩენა გააკეთეს და როზალინდის სხვა შედეგებიც გამოიყენეს, მაგრამ როცა ეს ჩაიდინეს, ფრანკლინი სამეფო კოლეჯში აღარ მუშაობდა და უკვე სხვა კვლევებით იყო დაკავებული.

როზალინდი თითქოს გრძნობდა, რომ ხანმოკლე სიცოცხლე ეწერა, ამიტომაც ცდილობდა, ბევრი მოესწრო. ის თამბაქოს მოზაიკის ვირუსს შეისწავლიდა - მის ამ ნაშრომზე მთელი მოლეკულური ბიოლოგია დაფუძნდა. ასევე, გამოიკვლია პოლიომიელიტის ვირუსი და კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა, რომელიც ასევე ნობელის პრემიით აღინიშნა, მაგრამ ამჯერადაც, მის მაგივრად, მამაკაცს ერგო, რომელმაც ეს სამუშაო უკვე როზალინდის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა.

ახალგაზრდა მეცნიერი ქალი საკვერცხეების ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა. შესაძლოა, ამის მიზეზი რენტგენის სხივებთან ხშირი მუშაობა იყო. როზალინდმა ვერც კი გაიგო, რომ უოტსონმა და კრიკმა მისი "ფოტო-51" აიღეს, რომლის საზღაურიც შესაძლოა, მისი სიცოცხლე გახდა. მეცნიერები კი ბოლოს გამოტყდნენ, რომ ამ ფოტოს გარეშე თავიანთ აღმოჩენას ვერასდროს შეძლებდნენ.

გვიან, მაგრამ მაინც, სიმართლემ იზეიმა და როზალინდ ფრანკლინი იმ 100 მეცნიერის რიგში შევიდა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

ირინა ჯანდიერი