გველების "მესაიდუმლე" თბილისის ზოოპარკიდან
თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორი, კონსტანტინე ფხაკაძე მიიჩნევს, რომ გველები ამქვეყნად ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და სასიამოვნო არსებები არიან. როგორ დაიწყო მისი გატაცება ქვეწარმავლებით და როგორ აისრულა ბავშვობის ოცნება? - ამის თაობაზე თავად გვიამბობს.
- ბავშვობიდან ცხოველებით ვიყავი გატაცებული. 6 წლისას სახლში უკვე მყავდა თევზები, ობობები და სხვა მწერები, ქვეწარმავლების მოშინაურება კი მე-4, მე-5 კლასიდან დავიწყე. მე-8 კლასში ვიყავი, როცა სახლში პატარა ნიანგი მივიყვანე და მშობლების აღშფოთება კიდევ ერთხელ დავიმსახურე. თუმცა, ჩემი დედ-მამა ბოლოს მაინც შეეჩვია იმ აზრს, რომ არ შევიცვლებოდი. თავდაპირველად, მიშლიდნენ და მიწყრებოდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან წინააღმდეგობას ვუწევდი.
- ამბობთ, რომ სულ სხვა პროფესია გაქვთ, ასე რატომ გადაწყვიტეთ?
- დიახ, ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, პროფესიით არქიტექტორი ვარ. მშობლები ინჟინრები არიან - ნაწილობრივ, მათი სურვილიც გავითვალისწინე, თანაც, ხატვა და ხაზვა თავიდანვე ძალიან მეხერხებოდა, ამიტომ გადავწყვიტე არქიტექტურულზე ჩაბარება, მაგრამ ჩემი ბავშვობის გატაცებას ვერ ვუღალატე: პირველ კურსზე რომ ვიყავი, უკვე ზოოპარკშიც ვმუშაობდი და სასწავლებლიდან მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს. ბოლოს მაინც აქ მუშაობა და ამ გარემოცვაში ყოფნა ვარჩიე.
- საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ქვეწარმავლების შიში აქვს. თქვენ რას ფიქრობთ, როცა ამ უზარმაზარ პითონებს უვლით?
- უკვე 20 წელია, რაც ეგზოტარიუმში ვმუშაობ და რომ ვაკვირდები, ბავშვებს მათი შიში საერთოდ არა აქვთ. რომ მოდიან ექსკურსიაზე სკოლებიდან, ბაღებიდან, პატარებს არ ეშინიათ, მაგრამ საკმარისია, მასწავლებელმა შეიცხადოს, რომ ყველა ბავშვი მას ჰბაძავს. უფროსებისგან აქვთ მათ ეს პანიკური შიში, თორემ გველები ყველაზე ლამაზი არსებები არიან. მათი ხელში დაჭერაც სასიამოვნოა. ბევრი მნახველი გამოთქვამს სურვილს, შეეხოს, ხელში აიყვანოს. უკვირთ და ამბობენ, გველთან შეხება სულ სხვანაირი გვეგონაო. მართალია, ცივსისხლიანი არსებაა, მაგრამ ტერარიუმში თბილა და რომ გამოვიყვანოთ, თბილი იქნება. მათთან შეხება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს.
- შინ ბევრი გველი გყოლიათ?
- სამმეტრიანი პითონი მყავდა ტანსაცმლის კარადაში, რომელიც ტერარიუმად გადავაკეთე. კარს რომ გამოაღებდი, შუშა იყო ჩასმული და ჩვეულებრივი ტერარიუმი გახლდათ. მამაჩემმა ეს ამბავი კარგა ხანს არ იცოდა. ერთხელ ჩემს ოთახში იყო შემოსული და მწერებს ათვალიერებდა. უეცრად შენიშნა, რომ კარადაში რაღაც "კაბელი" შედიოდა, კარი გამოაღო და ამხელა გველი რომ დაინახა, რამდენიმე წუთს გაშეშებული იდგა, შოკში იყო და ხმას ვეღარ იღებდა. დედაჩემი კარგა ხანს მეხვეწებოდა, ეს პითონი აქედან სადმე წაიყვანეო... მეზობლებთანაც დიდი პრობლემები მქონდა. როცა გაიგეს, შინ ამხელა გველი მყავდა, ძალიან შეშფოთდნენ, მით უმეტეს, ვაშლიჯვარში, კორპუსში ვცხოვრობ. ყველამ გაიგო, რომ ბინაში პითონი მყავდა. მეც "ჩავკიდე ხელი" ამ ჩემს პითონს და დღისით, მზისით, ყველას დასანახავად, ქუჩაში გავიყვანე. ყველამ დაინახა და ამ აზრს ყველა თანდათან შეეგუა. ახლაც, აივანზე ფუტკრები მყავს, მეხუთე სართულია, მაგრამ სკები მაინც მიდგას.
- ალბათ ბევრი კურიოზი გახსენდებათ თქვენს გველებთან დაკავშირებით...
- რა თქმა უნდა. როცა შინ ვარ, რომელიმე ცხოველი ჩემს ოთახში გამომყავს. ერთხელ, დაღლილი მივედი, დივანში ჩავჯექი, თანაც, ჩემი ტარანტული მყავდა გამოყვანილი. ჩამძინებია და დედაჩემი რომ შემოვიდა, ეს უზარმაზარი ტარანტული კისერზე მეჯდა. ძალიან შევაშინე: თურმე ეგონა, რომ დამგესლა და ლამის გული წაუვიდა. ერთხელ, პითონი ტერარიუმიდან გამოყვანილი მყავდა და იატაკზე იწვა. ამ დროს მეზობელი შემოვიდა. ეს რა შლანგი გაქვთ იატაკზეო? - გაუკვირდა, გადააბიჯა და მერე, რომ დაინახა, გველი იყო, კინაღამ გადაირია. ერთხელაც, ჩემი პითონი ტაქსით მომყავდა. ტომარაში მყავდა ჩასმული, რომელსაც თავი ჰქონდა მოკრული. ტაქსის მძღოლი ჯერ ეჭვის თვალით უყურებდა და მეკითხებოდა - ეს რა გყავს ტომარაშიო? რომ გააჩერა და ჯიბიდან ფული ამოვიღე, მხოლოდ მაშინ ვუთხარი, რომ გველი იყო. გაფითრებული მეხვეწებოდა, არ მინდა შენი ფული, ოღონდ ეს გველი აქედან მომაშორეო.
- სკოლის პერიოდში სად შოულობდით ამ ცხოველებს?
- როდესაც ეს საქმე გაინტერესებს, ძალაუნებურად, ყველასთან კონტაქტი გაქვს. მეც, საქართველოში ვისაც ქვეწარმავლები აინტერესებდა, ყველას ვიცნობდი და არც მათი მოძიება მიჭირდა. პატარა ვიყავი, როცა ცხოველების ბაზარზე დავდიოდი, ხან რა მომყავდა სახლში და ხან - რა. ჩემს მშობლებს თავიდან ეგონათ, რომ გატაცება სწავლაში ხელს მიშლიდა და წაიყვანეო, მთხოვდნენ. თავიდან პითონი რომ დაინახეს ან ჩვენ, ან - პითონიო, კატეგორიულად გამომიცხადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ახლა უკვე შეეჩვივნენ, ცხოველებთან შედიან და ათვალიერებენ. ეს ჩვენთან უკვირთ ქვეწარმავლების სახლში გაჩერება, თორემ ძალიან ბევრ ქვეყანაში ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ. ბევრ ოჯახში ჰყავთ და ბავშვები მათთან ისე თამაშობენ, როგორც ძაღლთან ან კატასთან. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ბავშვს ფრინველის ბუმბულსა და ბეწვზე ალერგია აქვს; გველს არც ბეწვი სცვივა, არც სუნი აქვს და არც ალერგიას იწვევს. ძალიან სუფთა ცხოველია და მოსავლელადაც საკმაოდ იოლია, ამის გამო მსოფლიოში ბევრი მოყვარული და თაყვანისმცემელი ჰყავს. მე თვითონ, შინ 20-მდე გველი მყავს, აკვარიუმებიც მაქვს და ტერარიუმებიც, სადაც ისინი ცხოვრობენ. ცალკე ოთახში არიან. უკვე ვთქვი, რომ დედ-მამა შეგუებულია ამ ყველაფერს. რამდენიმე გველი ჩვენს ზოოპარკშიც მოვიყვანე.
- აქ თითქმის ყველა ქვეწარმავალი მშვიდად არის, თითქოს სძინავთო... რაღაც პრეპარატებს ხომ არ უკეთებთ, რომ არ იაქტიურონ?
- საერთოდ, არანაირ პრეპარატს არ ვუკეთებთ, გარდა ვიტამინებისა და იმ პროცედურებისა, რაც სჭირდებათ. გასაკვირი არ არის, ასე მშვიდად რომ წვანან, რადგან ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ბუნებაშიც გველი მხოლოდ საკვების მოპოვებისას აქტიურობს, თორემ როცა უკვე დანაყრებულია, თავისთვის სითბოში წევს და მშვიდადაა, თითქოს თვლემს, მაგრამ სინამდვილეში, ეს მონელების პროცესია.
- ზოოპარკში შხამიანი, საშიში გველებიც გყავთ?
- ამ სექციაში რასაც უყურებთ, ყველა უშხამოა. რამდენიმე შხამიანი გვყავს, მაგრამ იმათ ერთი ადამიანი ვერ აჭმევს, თუმცა, ტერარიუმიდან ისინიც ჩვეულებრივად გამოგვყავს. შხამიან გველებთან ერთი ადამიანის შესვლა აკრძალულია, ასევე ყველა იმ გველთან, რომელიც 4 მეტრზე დიდია: ასეთი გველი ადამიანს რომ შემოეხვიოს, მოკლავს. მათი წონა ზოგჯერ 70-80 კილოგრამს აღწევს, ამიტომ, სულ ცოტა, ორი ადამიანი უნდა უვლიდეს. საერთოდ, გველი ინსტინქტებით ცხოვრობს და როცა კარს ვხსნით, სუნით ხვდება, რომ უნდა გამოვკვებოთ. ჩვენთან სუნამოს დასხმაც აკრძალულია, რადგან გველს ძალიან მგრძნობიარე ყნოსვა აქვს, მძაფრმა სუნმა შეიძლება შეაშინოს და რამდენიმე დღე არ ჭამოს.
- რა შემთხვევაში ჰკბენს ქვეწარმავალი ადამიანს?
- მთავარია, ადამიანი ძალიან არ მიუახლოვდეს, თუ ფეხს დააბიჯებს, უკბენს. ასეთი ფაქტები ხდება იქ, სადაც გიურზაა გავრცელებული, მაგრამ ძირითადი ნაკბენები ხელზეა - გიურზაც კი იმათ ჰკბენს, ვინც მის დაჭერას ცდილობს. მისი კბილი ტყავის ფეხსაცმელშიც შედის, ისეთი ბასრია. კბენით ადამიანს ნებისმიერმა გველმა შეიძლება უკბინოს. მართალია, ზოგიერთი შხამიანი არ არის, მაგრამ მათი კბენა საკმაოდ მტკივნეულია. თუ კბილი სხეულში ჩატყდება, შეიძლება, ანთებითი პროცესი დაიწყოს და გართულებებიც გამოიწვიოს. უშხამო გველს ჩემთვისაც უკბენია, რადგან აჩქარებისას შეიძლება, მომვლელმაც უნებლიე შეცდომა დაუშვას და შეაშინოს.
- როგორ ეგუება ქვეწარმავლებს თქვენი მეუღლე?
- მეუღლე და ოჯახი არ მყავს. ზოგს გველის პანიკური შიში აქვს და თუ ჩემი მეუღლეც ასე იქნება განწყობილი, მაშინ ჩემს საქმეს უნდა შევეშვა. ამიტომ, ცხოველები და ქვეწარმავლები მასაც უნდა უყვარდეს. ჩემი ფირმაც ჩამოვაყალიბე, რომელიც აკვარიუმებითა და ტერარიუმებითაა დაკავებული. ყველა დაინტერესებულ ადამიანს კონსულტაციას ვუწევთ. ყველა ცხოველი სპეციფიკურია, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს და გამოცდილი ადამიანის დახმარებაც აუცილებელია.
- დაბოლოს, ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი გველი უშხამოსგან?
- საერთოდ არ უნდა დაიწყოთ ამის გარჩევა. თუ არ გინდათ, თქვენს ეზოში გველი გაჩნდეს, იქ მიყრილი საგნები არ უნდა იყოს, ეზოს უნდა მოუაროთ. ყველაზე მარტივი გზა კატის მოყვანაა, რადგან იქ, სადაც კატაა, გველი არ ჩერდება. კატა მას კლავს და ჭამს. ზოგჯერ იქ, სადაც უშხამო გველები ბინადრობენ, ადამიანები მათ დაუნდობლად ხოცავენ. მათ ნაცვლად იმ ადგილას შეიძლება, შხამიანმა გველმა დაისადგუროს, ამიტომ გველის მოკვლა გამართლებული არ არის. გველებს ბუნებაში ბევრი მტერი ჰყავთ, მაგრამ ყველაზე საშიში მათ შორის, ადამიანია: ქვეწარმავალს რომ დაინახავენ, შეიძლება, 200-მა კაცმა ჩაქოლოს - ეს დაუშვებელია, რადგან გველი ძალიან სასარგებლო არსებაა. სოფლის მეურნეობისთვის მეორე ასეთი სასარგებლო ცხოველი არ არსებობს, რადგან მღრღნელებს ანადგურებს. როცა გველს კლავენ, იმ ადგილას თაგვები მრავლდებიან და დროთა განმავლობაში, უფრო მეტი გველი ჩნდება, რადგან უამრავი საკვებია მათთვის. ბოლოს კი ვიტყვი, რომ საქართველოში ცხოველების სიყვარული ნაკლებად იგრძნობა. სხვა ქვეყნებში, თუნდაც რუსეთში, თითქმის ყველას ჰყავს ზაზუნა, ხვლიკი, თუთიყუში ან - სხვა ცხოველები. ჩვენში ასეთი ხალხი ცოტაა, უბანში შეიძლება, მხოლოდ ერთი ცხოვრობდეს, ვისაც ცხოველები ჰყავს მოშინაურებული, ქვეწარმავლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ხათუნა ჩიგოგიძე