დიდი მასწავლებელი
font-large font-small
დიდი მასწავლებელი
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"

მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მთავარი ისაა, რა ღირებულებებს შესძენს ბავშვს სკოლა. შეიძლება თუ არა, ერთმა პედაგოგმაც კი შეცვალოს უკეთესობისკენ მოსწავლე? - შესაძლოა. მინდა, ამის დასტურად გაგაცნოთ ახალგაზრდა, რომელსაც მასწავლებელმა რუსუდან კანდელაკმა სკოლიდან მხოლოდ ცოდნა კი არ გაატანა, არამედ კარგი ადამიანობისკენ მუდმივი სწრაფვის სურვილიც.


ზურა კალაძე სამტრედიელია. უბრალო ახალგაზრდაა, თითქოს არაფრით გამოირჩევა თანატოლებისგან. წელს სწავლა ფრანგული ენისა და ლიტერატურის ბაკალავრის აკადემიური ხარისხით დაასრულა, ამავე მიმართულებით მაგისტრანტიც გახდა და პარალელურად - არქეოლოგიის ფაკულტეტზეც ჩააბარა საუკეთესო შედეგებით. ემზადება იმისთვის, რომ ჩააბაროს ქართული ენისა და ლიტერატურის, ფრანგულის, ისტორიისა და მათემატიკის მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდები, რათა სკოლაში მაძიებლის სტატუსით შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაუბედავი და საკმაოდ მოკრძალებულია, ფიქრობს, ამ საგნების ჩაბარებასაც შეძლებს და სწავლებასაც. ამ რწმენას უმტკიცებს სკოლიდან წამოღებული ოქროს მედალი, უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტიც იყო და საფრანგეთში გაცვლითი სასწავლო ექვსთვიანი კურსიც გაიარა. მის შესახებ ფრანგულმა პრესამ დაწერა, თუმცა, საქართველოში ხშირად გვავიწყდება წარმატებული ახალგაზრდების საინფორმაციო მხარდაჭერა.

ზურა კალაძე:
- მინდა მოგიყვეთ წარსულში მომხდარი ამბები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არც ისე ძლიერ ოჯახში ვიზრდებოდი, არასდროს დამიკარავს სურვილი, კარგად მესწავლა და წარმატებით დამესრულებინა ცხოვრების პირველი ეტაპი - სკოლა, რომელმაც მომცა მოტივაცია, ვიყო სამაგალითო ადამიანი.
მოგეხსენებათ, წინათ ბევრ სკოლაში, ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება ღუმელი იყო. ჩემს სკოლაშიც სიცივეს "ფეჩით" ვებრძოდით. ყველაზე ცივი სეზონის დადგომისას, კლასმა დამრიგებლის დახმარებით გადავწყვიტეთ, შეგვეძინა ღუმელი. საჭირო თანხის აგროვების შემდეგ, დამრიგებელმა მითხრა, რომ საყიდლად მასთან ერთად მეც უნდა წავსულიყავი. სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ქალაქში მითხრა, - პირველად ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდეთ, ძმისშვილისთვის რაღაცის ყიდვა მსურსო. მაღაზიაში შევედით და, - რომელი ქურთუკი და სვიტერი მოგწონსო? თავიდან გამიკვირდა, რატომ მეკითხებოდა. როდესაც ტანსაცმელი ავარჩიე, მთხოვა ჩამეცვა, - ჩემი ძმისშვილი შენი ტოლია და შენ თუ მოგერგება, მასაც კარგად ექნებაო. მოვირგე, თან წარმოვიდგინე, როგორი ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემთან დარჩენილიყო ის ქურთუკი, რომელიც იმ მომენტში მეცვა. ბოლოს მასწავლებელმა მითხრა, - გეცვას, შენთვის ვიყიდეო. გავწითლდი და ბედნიერებით სავსემ მხოლოდ მადლობის თქმა შევძელი. მაშინ ორი გრძნობა - ბედნიერება და გაკვირვება ერთად დამეუფლა. მიხაროდა, რომ სუსხიან დღეს თბილად მეცვა და მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა, მასწავლებელს ეყიდა მოსწავლისთვის რამე, მით უმეტეს, ასეთი ძვირად ღირებული საჩუქარი. მის შემდეგ დამჩემდა ჩემ მიმართ ყოველი ყურადღების გამოჩენისას გაწითლება და ყოველთვის მახსენდება მასწავლებლის უანგარო ხელის გამოწოდება!
გაზაფხულზე, როდესაც ბუნებამ ნელ-ნელა გაღვიძება დაიწყო და დათბა, კლასელებმა გადაწყვიტეს, წასულიყვნენ ექსკურსიაზე, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სოფელთან ახლოს იყო ეს მუზეუმი, არ ვიყავი ნამყოფი. დედაჩემს ვუთხარი, რომ კლასელები ექსკურსიაზე მიდიოდნენ და თუ შეიძლებოდა, მეც წავიდოდი მათთან ერთად. ამისთვის მხოლოდ 5 ლარი იყო საჭირო. დედამ მითხრა, რომ თანხა არ ჰქონდა და მომცა პირობა, ერთ დღეს აუცილებლად წაგიყვანო... დედა ხშირად ავადმყოფობს და ამიტომ, მას სამსახური არ აქვს, ეს მე კარგად ვიცოდი. რა თქმა უნდა, დამწყდა გული, არ მინდოდა, კლასელებს გამოვკლებოდი, თან მრცხვენოდა ასეთი მიზერული თანხის გამო უარის თქმის. დადგა დღე, როდესაც კლასელები უნდა წასულიყვნენ ექსკურსიაზე. გადაწყვიტეს, ეს გაკვეთილების შემდეგ მომხდარიყო. სწრაფად გაირბინა ხუთმა გაკვეთილმა, დაირეკა ზარი, კლასელებმა ჟრიამულით გაიარეს დერეფანი და გაიქცნენ ეზოში, მიკროავტობუსი უკვე სკოლის წინ ჩამომდგარიყო. გულდაწყვეტილი მოვდიოდი სახლში. როდესაც დერეფანი გამოვიარე, დამრიგებელმა დამიძახა, - ხომ მოდიხარ ექსკურსიაზეო? დარცხვენილმა ვუპასუხე, - სამწუხაროდ, დედაჩემი ავად არის და ვერ წამოვალ, თან დამავიწყდა თანხის წამოღება-მეთქი. მაშინ ცხოვრებაში პირველად ვთქვი ტყუილი. თუმცა ლოგიკური ახსნა ჰქონდა ჩემგან სიცრუის თქმას - არ მინდოდა მეთქვა რეალური მიზეზი, რის გამოც ვერ მივდიოდი მათთან ერთად. არ არის იოლი, თქვა, რომ დედა ავადაა, რომ 5 ლარი არ აქვს ოჯახს... დამრიგებელმა ამოიღო თანხა, ჩემთვის ის შეუფასებლად დიდი თანხა - 5 ლარი, გამომიწოდა და მთხოვა, ამეღო და მათთან ერთად წავსულიყავი ექსკურსიაზე ან არც მე წავალო. შემრცხვა, თუმცა სხვა გზა არ იყო, გამოვართვი თანხა...
GzaPressერთხელ კლასელს დაეკარგა ნივთი, დავიწყეთ ძებნა. ბოლოს დამრიგებელმა გადაწყვიტა, მოეცა ბოლო შანსი ჩვენთვის, დაგვეხუჭა თვალები, ის ყველასთან სათითაოდ მივიდოდა და ვისაც ექნებოდა აღებული, მისთვის უნდა მიეცა (მსგავსი რამ ებრაელ მასწავლებელზეც გავრცელდა). ჩამოვლის შემდეგ დამრიგებელს ხელში ეჭირა "ნაპოვნი". ცხადია, ქურდი ჩვენ შორის იყო, თუმცა ვინაობა არ ვიცოდით.
გავიდა დრო, გადავედი მე-9 კლასში. ვიცოდი, საბაზო საფეხურის საუკეთესო შეფასებით დასრულების შემთხვევაში, სახელმწიფო ლეპტოპს მაჩუქებდა, რომელიც იმ დროისთვის ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, ერთი საგნის გამო მინიმალური ქულა დამაკლდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ კომპიუტერს ვერ მივიღებდი. ეს ფაქტი ჩემთვის რთულად გადასატანი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე არ ვიყავი ორიენტირებული, მსურდა, ჩემს მუშაობას შედეგი გამოეღო. ერთი ქულის დაკლების გამო, მივხვდი, რომ ჩემში მოტივაცია იკლებდა. ვფიქრობდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი ვყოფილიყავი წარმატებული, თუ "პატრონი" მეყოლებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ არავინ მყავდა თანამდგომი, თითქოს არაფრის გაკეთებას აღარ ჰქონდა აზრი. ეს ყველაფერი მალე აისახა ჩემს სწავლაზე. დამრიგებელი მიხვდა მიზეზს, გაკვეთილის შემდეგ დამტოვა და მითხრა, რომ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება არსებობს, რომლის დროსაც ფეხზე უნდა წამოვდგეთ და ვიბრძოლოთ წარმატების მისაღწევად. მან მომცა პირობა, რომ დარჩენილ 3 წელიწადში იმდენს შევძლებდით, რომ სკოლას ოქროს მედალზე დავასრულებდი. ამიტომ არ ღირდა ახლა ფარ-ხმლის დაყრა. ამ სიტყვებმა დიდი ძალა და სურვილი მომცა, გამეგრძელებინა სწავლა ადრინდელივით წარმატებულად. როდესაც მე-11 კლასში ვიყავი, შემომთავაზა, მასთან მევლო და მომამზადებდა უნარებში. მთელი წელი სრულიად უფასოდ მეხმარებოდა. მხოლოდ ამით არ დასრულდა ყველაფერი, სხვა საგნის მასწავლებლებსაც სთხოვა, ინდივიდუალურად ემუშავათ ჩემთან. საბოლოოდ, მიზანს მივაღწიეთ და მე-12 კლასი ოქროს მედალზე დავხურე.
დადგა ფაკულტეტის არჩევის დრო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში სწავლა ჩემი ოცნება იყო, გადავწყვიტე ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე ჩამებარებინა. პირველსავე წელს ჩავირიცხე სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე. გავიაზრე, რომ წინ რთული გზა მელოდა და ისეთივე მონდომებით უნდა გამეგრძელებინა მიზნისკენ სწრაფვა, როგორც აქამდე. საბედნიეროდ, უნივერსიტეტში ისეთივე მზრუნველი ლექტორები დამხვდნენ, როგორიც სკოლაში ჩემი დამრიგებელი იყო. მათი დახმარებითა და ჩემი მონდომებით, ოთხი წელი ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიატი და დასახულ მიზანსაც მივაღწიე. გაცვლითი პროგრამით 6 თვე ვისწავლე ჩემთვის საოცნებო ქვეყანაში - საფრანგეთში. ახლა კი მაგისტრატურასა (ფრანგული ენა და ლიტერატურა) და საბაკალავრო პროგრამაზე (არქეოლოგია) ერთდროულად მოვეწყვე...
ცხოვრება ყოველთვის გვიმზადებს წინააღმდეგობებს, თუმცა მთავარია, არ დავეცეთ და გზიდან არ გადავუხვიოთ. შესაძლოა, ნებისმიერის ცხოვრებაშიც გამოჩნდეს ისეთი გმირი ადამიანი, როგორიც ჩემს შემთხვევაში იყო ჩემი დამრიგებელი. ასეთი ადამიანები უფრო მარტივს ხდიან მიზნისკენ სწრაფვას. სწორედ დამრიგებელი გახდა ჩემთვის მოტივატორი, რომელმაც ზემოთ აღნიშნული ქმედებით მასწავლა და მომცა მაგალითი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მასწავლებელი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე დიდი მისია აკისრია.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე ასეთი ამბავი: კენიელ მორბენალ აბელ მუტაის რამდენიმე მეტრი აშორებდა ფინიშის ხაზამდე, როდესაც მაყურებლის ოვაციებმა დააბნია და გაჩერდა, რადგან რბოლა დასრულებული ეგონა. ესპანელი სპორტსმენი ივან ფერნანდესი, ამ დროს ზუსტად მის უკან მირბოდა. გააანალიზა, რაც ხდებოდა, ყვირილი დაიწყო, აბელს მოუწოდებდა, სირბილი გაეგრძელებინა, მაგრამ რადგან კენიელმა ესპანური არ იცოდა, ვერაფერი გაიგო. როცა ფერნანდესი დაეწია, უკნიდან უბიძგა და გამარჯვების ხაზი გადააკვეთინა.
მოგვიანებით ჟურნალისტმა ივანს ჰკითხა, "რატომ გააკეთეთ ეს?" პასუხი ასეთი იყო: "ჩემი ოცნებაა, ერთ დღეს ისეთი საზოგადოება გვქონდეს, სადაც ერთმანეთს დავეხმარებით და ვუბიძგებთ გამარჯვებისკენ". ჟურნალისტი მაინც არ ცხრებოდა: "მაგრამ რატომ დაუთმეთ გამარჯვება კენიელს?" ივანმა უპასუხა: "მე არ დამითმია, ის მან მოიგო... რა ღირებულება ექნებოდა ჩემს გამარჯვებას? რა რეაქცია ექნებოდა ამაზე დედაჩემს? ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას". ამიტომ დასაფიქრებელია, რა ღირებულებებზე ვზრდით ახალგაზრდებს. ნუ ვასწავლით ბავშვებს ყველაფრის ფასად გამარჯვებას. ვასწავლოთ დასახმარებლად გაწვდილი ხელის სილამაზე და ჰუმანურობა, რადგან გულწრფელობა და ადამიანურობა იმარჯვებს!
GzaPress
მარიამობას ხობში შევხვდი. იქ მონაზონი ანა გავიცანი, რომელიც იღუმენიაა. პირველივე შეხედვისთანავე გავიფიქრე, რომ ძალიან ჰგავდა ჩემს დამრიგებელს და მქონდა ბედნიერება, მის გვერდით ვყოფილიყავი რამდენიმე დღე. დედა ანას ყურადღებით რამდენჯერმე გავწითლდი. როცა მონასტრიდან მოვდიოდი, ზუსტად იგივე განწყობა მქონდა, რაც საფრანგეთის დატოვებისას...
ხობიდან წამოსვლისას ყვავილის ნერგები გამომატანეს. აუცილებლად გავახარებ მათ და ერთს, ყველაზე გამორჩეულს აუცილებლად მივუტან სკოლაში ჩემს დამრიგებელს. მინდა, საჯაროდ მადლობაც ვუთხრა მას, მივულოცო ახალი სასკოლო წლის დაწყება და იმასაც ვიტყვი, რომ რუსუდან კანდელაკზე დიდი მასწავლებელი არ მეგულება დედამიწაზე...
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც"
"კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება"
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი