მხატვარი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ბიბლიოთეკაში "ბინადრობს" - გზაპრესი

მხატვარი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ბიბლიოთეკაში "ბინადრობს"

ალბათ წარმოუდგენელია საქართველოში იპოვო ოჯახი, რომლის ბიბლიოთეკაშიც ოთარ ჯიშკარიანის მიერ გაფორმებული სულ მცირე, ერთი წიგნი არ მოიძებნებოდეს. თუმცა, მხატვრის შემოქმედება მხოლოდ წიგნის გაფორმებით არ შემოიფარგლება. ქმნიდა დაზგურ გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევრებს, პლაკატებს და შრიფტის გარნიტურებს, მაგრამ ეს კიდევ არ არის სრული სურათი...

ოთარ ჯიშკარიანი მე-20 საუკუნის 50-იანთა თაობის წარმომადგენელია, რომელმაც საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიული გზა განვლო. მხატვრის 90 წლის იუბილეს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრისა და ხელოვნებათმცოდნე მარიამ გაჩეჩილაძის ინიციატივით საიუბილეო ალბომი მიეძღვნა - რომლის კონცეფცია და დიზაინი მხატვრის ქალიშვილს, ნინოს ეკუთვნის. ხოლო წელს, შემოდგომის პირველ დღეებში, ოთარ ჯიშკარიანის ნამუშევრები ამავე დაწესებულების საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. ექსპოზიციაზე მხატვრის შემოქმედებიდან სხვადასხვა დროსა და თემაზე შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ოთარ ჯიშკარიანის შესახებ საუბარი მის ქალიშვილს, ასევე მხატვარ ნინო ჯიშკარიანს ვთხოვე.

- მამაჩემი 1929 წელს 29 აგვისტოს, იმერეთში დაიბადა. დაასრულა დიდი ჯიხაიშის საშუალო სკოლა. ოჯახში 5 დედმამიშვილი იყვნენ - 4 ძმა და 1 და, რომელთაგან მხოლოდ ერთი ძმაა ახლა ცოცხალი. სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებამდე, მამამ სასოფლო ტექნიკუმი დაამთავრა. გარდა მხატვრობისა, ძალიან უყვარდა მას ბუნება და როგორც კი საშუალება მიეცემოდა, ცდილობდა დრო მთაში ან სადმე ქალაქგარეთ გაეტარებინა. სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული. ასე გააშენა ვაზი ვაკეში (მაშინ ჩვენ კავსაძის ქუჩის "მხატვრების" სახლში ვცხოვრობდით) და შემდეგ ვაკე-საბურთალოს კვეთაზე "მხატვრების სახლში". ჩვენთან, მეოთხე სართულზე თეთრი და შავი ყურძენი დღესაც ხარობს. კონკასთან, "ბავშვთა სურათების გალერეასთან" არსებული ვაზის ხეივანიც მამას გაშენებული იყო. მოგეხსენებათ, "ბავშვთა გალერეის" გახსნის იდეის სათავეებთან, სხვებთან ერთად, მამაც იდგა. მისი გარდაცვალების შემდეგ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ვაზის გასხვლა ვისწავლე, ყოველი წლის თებერვლის თვეში, როცა ამ პროცესს ვიწყებ, სულ ვფიქრობ, - ნეტა, მამას ცალი თვალით მაინც დაანახვა ჩემი თავი სეკატორით, ვაზს რომ ვსხლავ-მეთქი (იღიმის).

- წინაპრები მხატვრები ჰყავდა?

- როგორც ვიცი, არა. მიუხედავად იმისა, რომ ხელი არავის შეუწყვია და თან, იმ დროს სამხატვრო აკადემიაში სულ სხვა მოთხოვნები და დიდი კონკურსი იყო, 1949 წელს მამა სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მისი ლექტორები იყვნენ: იოსებ შარლემანი, სერგო ქობულაძე, სამსონ ნადარეიშვილი, ვლადიმერ გრიგოლია. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში მთავარ მხატვრად, სადაც მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება ბევრი ახალი ინიციატივა. მაგალითად, გამომცემლობა "საბლიტგამში", რომელსაც შემდეგ სახელი შეეცვალა და დაერქვა "ნაკადული", მისი მუშაობის დროს გამოიცა უამრავი ფერადი საბავშვო წიგნი. შემდეგ იყო მთავარი მხატვრის თანამდებობა ქართველი მწერლების გამომცემლობა "მერანში". სწორედ მისი დამსახურებაა, რომ იმ პერიოდში გამოიკვეთა გამომცემლობის სახე ქართულ საგამომცემლო სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა ახალგაზრდა, დამწყები ავტორების წიგნებს.

GzaPress

ოთარ ჯიშკარიანი თანამშრომლობდა თითქმის ყველა იმ ჟურნალთან, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 55-იან წლებში გამოდიოდა. ესენია: "ნიანგი", "დილა", "პიონერი", "ცისკარი", "დროშა", "პირიმზე", "საქართველოს ქალი"; მას ეკუთვნის გარეკანის შრიფტები ლიტერატურული ჟურნალებისა: "ცისკარი", "ლიახვი", "კრიტიკა". 1956 წლიდან, მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე, მუშაობდა წიგნის გრაფიკაში და ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან ოსტატად ითვლებოდა; სხვადასხვა წლებში გახლდათ გამომცემლობების: "ნაკადული", "მერანი" და "ხელოვნება" მთავარი მხატვარი. მხატვრის შემოქმედებაში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ქართული შრიფტის ალბომს "ანბანთქებას" უკავია.

მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 1970 წელს გამომცემლობა "მერანში" საგამოფენო დარბაზი დაარსდა, სადაც სისტემატურად ეწყობოდა მხატვრული გამოფენები; მისივე ინიციატივით გამოვიდა პირველი გაზეთი "მხატვარი", რომელიც 1971-1990 წლებში სხვადასხვა ინტერვალით იბეჭდებოდა და იმ წლების მხატვრული ცხოვრების ერთგვარი მატიანეც იყო.

- ქალბატონო ნინო, თქვენს ოჯახზეც მიამბეთ...

- დედა - ეთერ ჯიშკარიანი ჟურნალისტია. ჟურნალისტთა ჯილდოს "ოქროს ფრთის" დამაარსებელი. დედ-მამამ ერთმანეთი გამომცემლობა "ნაკადულში" გაიცნეს და დაოჯახდნენ. ჯერ მე გავჩნდი, მერე ჩემი და - მარინა. მართალია, ბოლო პერიოდში პროფესიული ხაზი შეიცვალა, მაგრამ ჩემი დაც მხატვარია... მამა ძალიან თბილი, მოსიყვარულე და ყურადღებიანი იყო ჩვენ მიმართ, ყველაფერს მას ვეკითხებოდით და მისი რჩევები დღემდე მენატრება.

- ვისთან მეგობრობდა?

- პირველი კურსიდან განუყრელად მეგობრობდა ნოდარ მალაზონიასა და დათო დუნდუასთან. ეს იყო განუყრელი სამეული და ამ მეგობრობას ახლა შვილები ვაგრძელებთ. ასევე: მერაბ ბერძენიშვილი, ზურაბ წერეთელი, თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა), ზურაბ ნიჟარაძე (პიკო), ზურაბ ლეჟავა, გიგლა ფირცხალავა, სპარტაკ ცინცაძე - მისი მეგობრები იყვნენ. მხატვრების პარალელურად, მეგობრობდა მწერლებთანაც: ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი, მურმან ლებანიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ტარიელ ჭანტურია....

- მითხარით, ბუნება უყვარდაო. თუ გქონდათ სადმე ნაკვეთი, სადაც ხეხილს უვლიდა?

- გულრიფში აგარაკი გვქონდა. იქ, სანაპირო ზოლში მხატვრებს და მწერლებს ჰქონდათ აგარაკები და ზაფხულსაც სულ მეგობრების წრეში ატარებდა. მამა იქაც და სხვაგანაც, სადაც კი მოხვდებოდა, ყველგან მცენარეებზე ზრუნავდა. როგორც ჩუბჩიკას გატაცება იყო მურაბების ხარშვა (სადმე კენკრას ან რამე სხვა ხილს თუ გადააწყდებოდა, მაშინვე მურაბას ამზადებდა), ისე მამა და მცენარეები განუყრელები იყვნენ. მთელი ბავშვობა, ყოველ შაბათს, გათენდებოდა თუ არა, ოჯახს გვეტყოდა: "აბა, წავედით!", რაზეც დედა სულ იცინოდა, ჯარიკაცის ცოლივით ვცხოვრობო. ასე მაქვს მთელი საქართველო მოვლილი. როცა წამოვიზარდეთ, ხშირად მეგობრებთან ერთად ბუნებაში დავყავდი სახატავად ან უბრალოდ, სხვადასხვა ადგილის დასათვალიერებლად.

GzaPress

- როგორი იყო შინ მუშაობისას?

- კავსაძეზე რომ ვცხოვრობდით, პატარა ბინა გვქონდა, სახელოსნო შორს იყო და ამიტომ, მამა ხშირად მუშაობდა მისაღებ ოთახში. გაშლიდა მაგიდაზე სამუშაო მასალას, რასაც დედა სულ აპროტესტებდა. ის უზომოდ მოწესრიგებულია და უყვარდა, როცა ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მაგრამ მერე საბურთალოს "მხატვრების სახლში" რომ გადავედით, მამას სამუშაო სივრცე, ანუ სახელოსნო ბინის გვერდით ჰქონდა და იქ უზარმაზარ მაგიდაზე ხატავდა. როცა სახელოსნოში მუშაობდა, იშვიათად შევდიოდით, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი არ გახლდათ, ის მაინც მისი სივრცე იყო. ძალიან შრომისმოყვარე და მოწესრიგებული იყო, თავის არქივიც ასე აქვს დატოვებული.

- მკაცრი ცენზურის პერიოდში მოუწია სწავლამაც და შემდეგ მუშაობამაც. რამე სახის პრობლემა თუ ჰქონია მაშინდელ ხელისუფლებასთან? თუნდაც "ნიანგის" რომელიმე ნახატის გამო?

- აკადემიაში სწავლის პერიოდში არა მგონია, მაგრამ შემდეგ წლებში, კი. წინააღმდეგობებს სულ აწყდებოდა, ხან თავისი გაჰქონდა, ხანაც ბუნებრივია, ამას ვერ ახერხებდა.

საერთოდ, მამას ბევრი იდეა ჰქონდა და არასოდეს ჩერდებოდა. სულ უნდოდა, რამე ისეთი საქმე ეკეთებინა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა. მაგალითად, მისი ინიციატივით გამოვიდა მხატვართა ალბომები, ასევე დაიბეჭდა წიგნები, რომელიც საქართველოს ქალაქებსა და ძეგლებს ეძღვნებოდა. ერთ-ერთი უსიამოვნება მაშინ მოუვიდა, როცა გამომცემლობა "ხელოვნებაში" მუშაობდა. მამას სურდა "შუშანიკის წამება", როგორც ჩვენი კულტურული მემკვდრეობის ძეგლი, განსხვავებული სახით გამოსულიყო და არა როგორც მანამდე არსებული ყველა სტანდარტული გამოცემა. წიგნს უნდა ჰქონოდა ხბოს ტყავი და დასურათდებოდა სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრით, ანუ პროექტში ჩართული ყველა მხატვარი, "თავის შუშანიკს" შექმნიდა. ეპოქალური პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მიზეზად ხბოს ტყავი, ბიუჯეტი და სხვა პრობლემები დასახელდა. ამის გამო, მამას დირექტორთან უსიამოვნება მოუვიდა და სამსახურიდან წამოვიდა. საბედნიეროდ, ეს წიგნი მაინც გაკეთდა, თუმცა, სამწუხაროდ, არა იმ სახით, როგორც მამას ჰქონდა ჩაფიქრებული.

GzaPress

- ემოციური ადამიანი იყო?

- ძალიან. ვფიქრობ, რომ ზუსტად ემოციების ბრალი იყო, რომ მისმა გულმა ვერ გაუძლო ქვეყანაში იმ დროინდელ სიტუაციას... ძალიან განიცდიდა არსებულ მდგომარეობას, "თბილისელებშიც" კი ჩაეწერა და ომში წასვლას აპირებდა, ამდენი ახალგაზრდა, ქართული გენი იკარგებაო.

- სიცოცხლის ბოლო წლებში რამდენად ახერხებდა მუშაობას?

- მამა სულ მუშაობდა. არ უავადმყოფია, უცბად, ახალგაზრდა გარდაიცვალა გულით - სულ რაღაც 64 წლის იყო. ყველას ძალიან დაგვაკლდა...

ანა კალანდაძე