"მასწავლებელს მოსწავლეების თვალებსა და სულში ჩახედვა უნდა შეეძლოს" - გზაპრესი

"მასწავლებელს მოსწავლეების თვალებსა და სულში ჩახედვა უნდა შეეძლოს"

13 წელი საქართველოში და 11 წელი ესპანეთში ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაზე, ბევრი მისი აღსაზრდელი გახდა სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული. "დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვებთან მუშაობა, ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა ემიგრანტ მოზარდებზე ზრუნვა. ბავშვს პედაგოგმა სულში უნდა ჩახედოს და მის თვალებში ამოიკითხოს, რა სურს", - მეუბნება მარინა წიქორიძე, ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძართან არსებული წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის პედაგოგი.

- ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ემიგრაციის. ვამბობდი, რომ არაფრის გამო არ შეიძლებოდა, ადამიანი სამშობლოსგან შორს წასულიყო და იქ აღეზარდა შვილები; ყოველთვის ვთვლიდი, რომ ის თაობები სამშობლოსთვის დაკარგულები იყვნენ. ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს მიმოფანტული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ისინი რომ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და საქმიანობა აქ გაეგრძელებინათ, ქვეყანა ფეხზე დადგებოდა. სამწუხარო რეალობამ გამომაფხიზლა, როდესაც მეც მომიწია, ჩემოდანი ამეღო და ქმარ-შვილთან ერთად ემიგრაციაში წამოვსულიყავი - ჩემი და ჩემი მეუღლის ჯანმრთელობის პრობლემა იქცა ამის მიზეზად. საქართველოში მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდებოდა, რისი საშუალებაც არ გვქონდა, ჩემი მეუღლის ოჯახი აქ, ესპანეთში ცხოვრობდა და მათგან ვიცოდით, რომ მკურნალობა უფასო იყო.

- საქართველოში რას საქმიანობდით?

- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, დაწყებითების პედაგოგი ვარ. გამიმართლა და ჩემი პროფესიით, თორმეტი წელი ქუთაისის პირველ სკოლაში ვიმუშავე, შემდეგ გაერთიანდა პირველი და მეჩვიდმეტე სკოლები და ერთი წელი იქ ვმუშაობდი, წამოსვლამდე.

- ჩამოხვედით და თქვენს მძიმე სამუშაოს პროფესიით მუშაობაც შეუთავსეთ...

- არ ვიცოდი, რომ ბარსელონაში ქართული ეკლესია და მასთან არსებული საკვირაო სკოლა იყო. როდესაც ამის შესახებ გავიგე, გამიხარდა, რომ უცხო მიწაზე ქართული სული და გენი ცოცხლობდა, მივედი ტაძარში და ერთ-ერთი აღსარების დროს მამა ლუკას (ფალავანდიშვილს) ვუთხარი, რომ სკოლაში მუშაობის სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, სიხარულით მიმიღო. რომ არა ეს სკოლა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ემიგრანტობა. ეს საქმე ძალას მაძლევს. სულ იმაზე ვფიქრობ და ვმუშაობ, ახალი რა ვასწავლო ბავშვებს. ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა, ესპანეთში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვს სამშობლო შევაყვარო. რთულია, მაგრამ სასიხარულოა და საამაყო.

- თქვენი შვილიც აქ დაიბადა და ჯერ საქართველოში ნამყოფი არ არის...

- დიახ, უფროსი ძალიან პატარა ჩამოვიყვანეთ. უმცროსი - ბარბარე ახლა რვა წლის ხდება, ჯერ საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ ქართულად ორივე ლაპარაკობს, ქართულ სკოლაში დადიან. წელს 20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში, მათ შორის ჩემი შვილებიც იყვნენ. ბავშვები იცხოვრებდნენ ქუთაისის მეჩვიდმეტე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისწავლიდნენ ამ სკოლაში, მაგრამ პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა.

- ბევრი პროექტის გამარჯვებული ხართ...

- გავიმარჯვე პროექტში "სხვა საქართველო". საგარეო საქმეთა სამინისტროსგან გამოიყო გრანტი 15.000 ლარის ოდენობით. პროექტში "ჩვენ დავბრუნდებით" ჩემი სამი მოსწავლე დაასახელეს საუკეთესოებად. ასევე გავიმარჯვე "კალიგრაფიის კონკურსში", თვითნასწავლი კალიგრაფი ვარ, თუმცა ამ საქმის უკეთ შესასწავლად დავით მაისურაძეს დავუკავშირდი. არის კიდევ სხვა პროექტები, რომლებშიც გავიმარჯვე, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- ალბათ რთულია უყურო თაობებს, რომლებისთვისაც სამშობლოდ ესპანეთი გადაიქცა და საქართველო მეორეხარისხოვანი გახდა.

- მიჭირს ამის ყურება, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მე და ჩვენი სკოლის სხვა პედაგოგები, მამა ლუკასთან ერთად, რომ ამ ბავშვებმა საქართველოს სიყვარული არ დაკარგონ. არ ვიცით, ისინი მოისურვებენ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ ჩვენ არჩევნის საშუალება, იმის საფუძველი უნდა მივცეთ, რომ საქართველოშიც დაკარგულებად არ იქცნენ. ჩვენ ხომ მათ მაგივრად მივიღეთ გადაწყვეტილება და ახლა საჭიროა, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა და ამ ბავშვებს არჩევნის საშუალება დავუტოვოთ, დარჩებიან თუ არა ემიგრანტებად. ბევრი ჩემი მოსწავლე დაბრუნდა საქართველოში, ოჯახთან ერთად, მაგრამ ისევ უკან, ესპანეთში მოუწიათ დაბრუნებამ, რადგან ვერ მოერგნენ იქაურ ცხოვრებასა და სკოლას.

- 115 მოსწავლეა თქვენს სკოლაში, გიჭირთ ბევრი ბავშვის მიღება ფართობის სიმცირის გამო...

- დიახ, პატარა ფართობი გვაქვს, თუმცა მამა ლუკამ ისე შეადგინა დღის გრაფიკი, რომ კლასები ერთმანეთს ენაცვლებიან და ბავშვები დისკომფორტს არ განიცდიან. სექტემბრიდან ისევ ონლაინსწავლებაზე ვართ. ჩვენი სურვილია, არც ერთი ბავშვი ქართული სკოლის გარეშე არ დარჩეს. ამისთვის მაქსიმუმს გააკეთებს მამა ლუკა და ჩვენც, პედაგოგებიც თავს არ დავზოგავთ.

- რას გვეტყვით ონლაინსწავლებაზე, რამდენად მისაღებია თქვენთვის?

- სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად შეგვაშინა ამ ტიპის სწავლებამ. გვეშინოდა, რომ ბავშვებს გაუჭირდებოდათ "გადაწყობა". მე არ მომწონს სწავლის ეს მეთოდი. მასწავლებელს უშუალო შეხება უნდა ჰქონდეს მოსწავლეებთან, მათთვის თვალებსა და სულში ჩახედვა უნდა შეეძლოს. ეკრანს მიღმა დარჩენილი ბავშვის თვალებში ჩახედვა კი რთულია. ვერ ხვდები, ნამდვილად გაიგო ის, რასაც ეუბნები, თუ უბრალოდ გეთანხმება.

- არ ფიქრობთ, რომ ბავშვს, რომელიც წელს პირველად იწყებს ქართულის სწავლას, ონლაინათვისება გაუჭირდება?

- ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება. გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგი - ინგა ჩიგოგიძე, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ბავშვებს სწავლის პროცესი გაუმარტივოს. ამ ბავშვებს ვერ ვასწავლით იმავე პროგრამით, რითიც საქართველოში ასწავლიან; ვერ მოვთხოვთ იმავეს, რასაც საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს, მათ სხვანაირი მიდგომა და გამარტივებული სახელმძღვანელოები სჭირდებათ.

- კიდევ რა კეთდება ბარსელონის საკვირაო სკოლაში ემიგრანტი ბავშვებისთვის?

- გვაქვს ხალხური საკრავების, ქართული ცეკვის, ხალხური სიმღერების, გალობის, ხელსაქმის (ქარგვა, კერვა, ქსოვა) წრეები, ვაწყობთ ღონისძიებებს, რათა ესპანელებსაც გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ბავშვებს კი მეტი ხალისი და მონდომება გავუღვივოთ. ჩვენს ქვეყანას დასაკარგი შვილები არ ჰყავს. მშობლებს ვთხოვ, ნუ დაუკარგავენ ბავშვებს სამშობლოს! სირცხვილია, ქართველმა ქართულად წერა-კითხვა არ იცოდეს, სამწუხაროდ, ასეთი ბევრია... ყველას ვუსურვებ წარმატებას და ერთიან, გაბრწყინებულ საქართველოში დაბრუნებას.

ფიქრია რობაქიძე

"გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან