"ბებია წერდა იმ დროს, როცა ცუდ ხასიათზე ან გაბრაზებული იყო..." - გზაპრესი

"ბებია წერდა იმ დროს, როცა ცუდ ხასიათზე ან გაბრაზებული იყო..."

რამდენიმე შტრიხი ერთი ქალბატონის პორტრეტისთვის - მარიკა თანიაშვილი პედაგოგი გახლდათ, რომელიც წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებსა და სცენარებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა. დიდი აუდიტორია ჰყავდა პიონერთა სასახლეში, სადაც იწვევდნენ როგორც ავტორს და ხშირად, ჟიურის წევრობასაც ითავსებდა. ერთი რეცენზენტი წერდა: "მარიკა თანიაშვილს ვიცნობ, როგორც ჩუმ და უანგარო შემოქმედს. მისი ლექსები გამორჩეულია თავისებური პოეტური ხედვით. განსაკუთრებით მომეწონა ძალზე მოქნილად, გონებამახვილური მიგნებით დამთავრებული რამდენიმე ლექსი: "ძუნძულა დათვი", "ერთი ციდა", "პაპა ბესია" და სხვა. ბებიას იხსენებს შვილიშვილი ეკა საზანდარიშვილი.

- ქალბატონ მარიკას ბევრი ლექსი სოფელზეა, სადაც აღწერილი აქვს სოფლის ცხოვრება. სად გაიზარდა იგი?

- დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის სოფელ თანიაანთკარში, 9 დედმამიშვილი იყვნენ. მარიკა ბებიას გარდა, მოვესწარი ელენე ბებიას და ნაბოლარა - გურამი პაპას. ბებიაჩემი და-ძმას შორის, ბოლოდან მეორე იყო. დიდი ბებიაც მახსოვს, მარიკას დედა - მართა, რომელიც ასი წლისა გარდაიცვალა, ბოლომდე ჯანმრთელად იყო. მარიკას მამას, დიმიტრის არ მოვსწრებივარ. ბებიამ დუშეთის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. მერე თბილისში, პედაგოგიურზე ჩააბარა, გათხოვდა და ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა. ორი შვილი გაზარდა: დედაჩემი და ბიძაჩემი, რომელიც სამწუხაროდ, 36 წლისა დაიღუპა.

- პირველი შვილიშვილი ხართ? ლექსი "ბეჯითი ეკა" თქვენ მოგიძღვნათ?

- სამი შვილიშვილიდან ყველაზე პატარა ვარ. ბიძაშვილი ხატია და ჩემი ძმა ჯენერი, უფროსები არიან. ბებიას განსაკუთრებით მე ვუყვარდი. "ბეჯითი ეკა" ბავშვობაში დამიწერა, ხატიაზეც აქვს ლექსი. მეუბნებოდა ხოლმე, - შენ ჩემი შვილი ხარო... უზომოდ მზრუნველი ბებია, ჩემთვის ყველაფერი იყო, ყველაზე მეტად მიყვარდა. დაკავებული გახლდათ და დრო არ ჰქონდა, მაგრამ ჩემს სკოლაში ხშირად მოდიოდა. მე და ბებია ჩავდიოდით თანიაანთკარში, დავდიოდით ტყეში. სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა და ჩაის დაყენება უყვარდა მცენარეებისგან.

GzaPress- როგორც ვიცი, ბებიას ნაწერები თქვენთან ინახება.

- მინდოდა, ყველაფერი მე მქონოდა. ჩემთან არის მისი ჩანაწერები, ფოტოები და ჟურნალ-გაზეთები, სადაც იბეჭდებოდა ბებიას ნაწარმოებები. იყო რაიონული გაზეთები "კომუნიზმის გზა" და "მზის თვალი", ასევე თბილისის გამოცემები: გაზეთები - "თბილისი", "სახალხო განათლება", "სოფლის ცხოვრება"; ჟურნალები: "ჯეჯილი", "დილა", "პიონერი", "საქართველოს ქალი". უცნაურად მეჩვენებოდა, ბებია ცუდ ხასიათზე რომ იყო ან გაბრაზებული, მაშინ წერდა. მუზა მაშინ მოდისო, - ასე ამბობდა (იცინის). ყოველთვის დავყავდი პიონერთა სასახლეში, სადაც მისი ნაწარმოებების მიხედვით წარმოდგენები იდგმებოდა. მეც გამოვსულვარ სცენაზე და ბებიას ლექსები წამიკითხავს.

ლიტერატურულ თუ მხატვრული კითხვის საღამოებზე ძალიან ხშირად, ჟიურის წევრად იწვევდნენ. მისგან ინტერვიუს ყოველთვის ჯულიეტა ვაშაყმაძე იღებდა და არაერთხელ მინახავს ბებია ტელევიზიით. სხვადასხვა სკოლაში ლიტერატურულ განხილვებსაც ესწრებოდა და მათ შესახებ წერილებსაც აქვეყნებდა.

ბებიაჩემი საკმაოდ აქტიური ქალი იყო და ბევრ ცნობილ ადამიანს ახლოს იცნობდა. ცხრა ქართულ ფილმში - ეპიზოდურ როლებსა და მასობრივ სცენებშია გადაღებული. ამ ფილმებს შორის არის "სინემა" (დეიდას როლში), "ბაკულას ღორები"... მახსოვს ისიც, რომ თქვა: ფილმში "ხარება და გოგია" გადამიღეს, მაგრამ ის კადრები აღარ დასჭირდათო.

- ბებიას დაწერილის მიხედვით განხორციელებულ დადგმებში მონაწილეობდით?

- კი, მის სცენარებს ჩემს სკოლაში საზეიმო დღეებში დგამდნენ. ერთ-ერთს ერქვა "ციყვუნები და თაგუნა", სადაც თაგუნას როლს ვასრულებდი. ჩემი შვილების (ორი ვაჟი მყავს) სკოლაშიც მივიტანე ერთი სცენარი, როცა პატარები იყვნენ და პედაგოგმა სცენაზე წარმოდგენა გამართა. ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს ზღაპარი "ლუწკენტელა", მოთხრობა "მადლობელი ვარ"...

ბებიამ 9 აპრილზე დაწერა არაჩვეულებრივი ლექსი. სკოლაში დაგვავალეს, 9 აპრილისადმი მიძღვნილი რაიმე ლექსი რომ გვესწავლა - ეს გაკვეთილის თემა იყო. მე ბებიას ლექსი წავიკითხე, მასწავლებელმა გაკვირვებით მკითხა, - ვისიაო?.. ძალიან მოეწონა და ხუთიანი დამიწერა.

შეიძლება ბანალურად ჟღერს, თუმცა მარიკას შემოქმედებას ასე აფასებდნენ: "ბავშვებში მისი ნაწარმოებები პატრიოტულ გრძნობებს აღძრავს, ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარს უვითარებს. მოზარდს ჩააგონებს, რომ სწავლა და შრომა უნდა უყვარდეს, მამულს და ბუნებას უნდა გაუფრთხილდეს".

- როგორი იყო ქალბატონი მარიკას ბოლო წლები და როდის გარდაიცვალა?

- ბებია ყოველთვის წერდა, ამის გარეშე არ შეეძლო. უბრალოდ, ღონისძიებებზე აღარ დადიოდა. 84 წლისა გარდაიცვალა, ცოტა ხანს იავადმყოფა. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში არ ვიყავი, საზღვარგარეთ ვმუშაობდი და ვერ ჩამოვედი. მისი ოცნება წიგნის გამოცემა იყო... მინდა, ბებიას სურვილი ავასრულო. მცირე ტირაჟით მაინც რომ შევძლო მისი ნაწარმოებების დაბეჭდვა, მარიკა თანიაშვილის შემოქმედება არ დაიკარგება და შვილთაშვილებს დარჩებათ, რომლებზეც გიჟდებოდა, ისე უყვარდა.

- დაბოლოს, საუბარი ლექსით დავამთავროთ.

- ეს ლექსია "მიწა, ერთი მუჭა":

"ქართლის დედის ცრემლით ნაბანს,/ რომ ვიხსენებთ კრძალვით,/ გმირთა სისხლით გადათქორილს,/ დიდგორსა და კრწანისს./ მის შვილთა, ტყვედ გაყიდულთა,/ მის აწმყოს და მერმისს,/ ურჯულოთგან დარბეულთა,/ ქართლს, კახეთს და ეგრისს./ იმ დაბუგულ ბალახსაც კი/ ჭმუნვით, მძიმე ბედით,/ სადაც ტერფი დაუდვია,/ შაჰს თუ ჯალალედინს./ დრომა სძლია, ამოხეთქა,/ მიწამ, ერთმა მუჭამ,/ იმ ნაფლეთი ფესვებიდან,/ გრიგალს რომ გადურჩა".

ნანული ზოტიკიშვილი