ამირან ბიძია - კაცი, რომელიც მუდამ სკოლაში ან სკოლასთან იყო... - გზაპრესი

ამირან ბიძია - კაცი, რომელიც მუდამ სკოლაში ან სკოლასთან იყო...

ხშირად სადღაც შორს ვეძებთ გამორჩეულ ადამიანებს. სინამდვილეში, შესაძლოა, ის შენ თვალწინ იყოს და ვერ ამჩნევდე. ბავშვობისას, მდინარის ხეობაში დავინახე ტრაქტორი მისაბმელით. გაფართოებული თვალებით ვუყურებდი, როგორ ტვირთავდნენ კაცები უზარმაზარ მორებს ასანთის ღერებივით. "აბა, ამირან!" - დაიძახებდნენ და მორიგი მორი მისაბმელზე ისე იყო დასმული, როგორც მზრუნველი დედის კალთაში ჩვილი. ამირანზე მოდიოდა ტვირთის სიმძიმის ნახევარი მაინც. მოხუცი კაცი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ მორების მესაკუთრე იყო, ზედიზედ ამბობდა, - ამირანს სოფლად რა უნდა, რინგზე უნდა იყოსო.

მაშინ პირველად შევამჩნიე ეს ახალგაზრდა კაცი და მომინდა, მეც მის მსგავსად, დიდი კუნთები და ძალა მქონოდა, თუნდაც იმის გამო, რომ ვინმეს შევექე. შინ დაბრუნებულმა ვიკითხე, ვინ იყო ეს კაცი, რომელიც ბამბასავით მსუბუქად იტაცებდა ხელში მერქანს. ამიხსნეს: მოშორებით ცხოვრობს, სხვა უბნელია, სოფლად იშვიათად არის და შენ საიდან გეცოდინებაო.

იმ წელს სკოლაში მივედი. ყველაზე გალეული და, ბარემ ვიტყვი, რომ ცეროდენა ვიყავი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეშვიდე წელში გადასულს ოქროსფერი, კვერცხის გულზე უფრო ყვითელი თმა გამიშავდა, ცისფერი თვალები გამიმწვანდა, რაც ერთობ მადარდებდა - სრულიად განსხვავებული ბავშვი თითქმის ყველას მსგავსი შავტუხა გავხდი! მომკიდეს ზურგზე მოზრდილი ჩანთა, როგორც ფუნქციონერის (მამა თანამდებობის პირი იყო და "ფუნქციონერად" იწოდებოდა ზურგს უკან) შვილს, პატივი დამდეს, მოსკოვიდან ჩამოტანილი უხეში, მუქი ლურჯი კოსტიუმი ჩამაცვეს და არა თბილისში შეკერილი. მკერდზე ნორჩი ლენინელის "მენდალი" მიმამაგრეს და გაოცებული ვუყურებდი კარგა ხანს კოლოფივით შენობას, რომელსაც უცნაური სახელი "სკოლა" ერქვა (წინასწარ მაშინებდნენ, იქ მოგივლიან მასწავლებლები, ყურუმსაღოო!); არც სქელი ქსოვილის ფორმა მსიამოვნებდა და კიდევ უფრო მეტად ვერ ვხვდებოდი, სამკერდე ნიშანზე ძია ლენინი როგორ იყო ასეთი ქორფა, ხუჭუჭა და საყვარელი ბავშვი, როცა მის გამოსახულებას ბანერებსა და პრესაში ყოველთვის მელოტსა და უსიამოვნო გარეგნობისას წარმოგვიდგენდნენ...

ეს ზუსტად 38 წლის წინ მოხდა და ბუნებრივია, მთავარი მოვლენა არ ყოფილა არც სოფლის სკოლის და არც თავად სოფლის ისტორიაში. სკოლაში გორის პედინსტიტუტიდან განაწილებული მასწავლებელი მოვიდა. ახალგაზრდა ქალის უცხო სოფელში სამუშაოდ მოსვლა იყო მთავარი მოვლენა და კიდევ უფრო მეტ მოვლენად ის აღიარა სოფელმა, როცა 17 სექტემბერს გაჰყვა ცოლად ზუსტად იმ ახალგაზრდა კაცს, მე რომ მინდოდა, დიდი კუნთებით დავმსგავსებოდი. პატარა ვიყავი და ყურადღება არ მიმიქცევია იმ ფაქტისთვის, რომ მოკლე ხანში გათხოვდა მათემატიკის მასწავლებელი, უფრო ის მახსოვდა, რომ სკოლაში მისულს, დაბნეულსა და სადღაც ჩრდილში მდგომს მომაქცია ყურადღება, გამომელაპარაკა და გაამაყებული აქეთ-იქით ვიცქირებოდი, ეგებ ვინმემ დამინახოს, ყველაზე ლამაზი და ახალგაზრდა მასწავლებელი მელაპარაკება-მეთქი...

რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, იზო მასწავლებლის მათემატიკას (საგანს ვგულისხმობ) გულმოდგინედ ვსწავლობდი და არ ვაქცევდი ყურადღებას, როგორ წუხდა წვიმის იარები სკოლის ფანჯრის მინებზე გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე, როგორ გვაციებდა ბავშვებს მენდელსონის მარშივით წამოსული თოვლის ფიფქები, არც ცამდე მაღალი მთები გვხიბლავდა, ვერ ვაფასებდით სითბოს მოყოლილ მერცხლების ჭიკჭიკს, ნორჩი ფოთლების ლორთქო სიმწვანეს. მაშინაც სკოლაში მთავარი ამინდის შემქმნელი მასწავლებელი იყო...

მერე მოვიდა ბნელი 90-იანი წლები - ოცნების პანაშვიდების დრო. თითქმის ყველა ბავშვურ ოცნებას სიკვდილის ცელი მისწვდა და უმიზნოდ დავიწყეთ ხეტიალი ცხოვრებაში, რომელიც გადღაბნილი აკვარელის ფერებით სასიხარულოს არაფერს გვიქადდა.

GzaPress

ორი შვილი გაზარდეს იზომ და ამირანმა იმ დროში, ხალხი წიწილას რომ ვერ ზრდიდა წესიერად და სრულფასოვნად. მახსოვს, სამსახურის შემდეგ როგორ მიდიოდნენ ფერდელა ყანებში, სადაც ყველა დანარჩენი გლეხებივით თესავდნენ სიმინდსა და ლობიოს. მერე დრო მოკეთდა, შვილებმა ოჯახები მოიწყვეს და საქმე მაინც არ გამოილია: იზოს ისევ სკოლაში სიარული უწევდა და ამირანსაც - სკოლაში, ოღონდ დარაჯად... ამირანი დილიდან საღამომდე, საღამოდან დილამდე მუდამ სკოლაში ან სკოლასთან იყო. მორალურ პოლიციად ექცა ბავშვებს და დიდებსაც. საიდან, არ ვიცი, მაგრამ ყველასთვის ჰქონდა დღეში ორი წუთი მაინც დასამოძღვრავად. არც ის იცის ვინმემ, რატომ მაინცდამაინც ამირანი უნდა გადასწყდომოდა ღვინით გალეშილ მოხუცს ან ახალგაზრდას, სახლამდე რომ მიეყვანა და პატრონისთვის მიებარებინა. როცა ვინმე პირუტყვს დაკარგავდა, მოივლიდა გორებს, ჭალის ტყეებს და პატრონს მიუყვანდა "სამგლეს". ზოგჯერ ნამგლევსაც ნახულობდა და ტყუილად აღარ ეძებდა მერე პატრონი ხევში ჩაჩხატულ საქონელს... გადაქცეული ღობეებიც მის თვალს ხვდებოდა პირველად, ქამარში გარჭობილ ცულს მოიღერებდა და სასწრაფოდ გაასწორებდა. ქორწილში თუ ვინმე აურევდა, სააკვანე ბავშვივით ხელში ატატებულს გაიყვანდა დასაწყნარებლად და თუ ტკბილი სიტყვით ვერ შეაკავებდა, ბრაზიანი მუქარით შეაჩერებდა, ქელეხების სიმძიმესაც იტვირთავდა, ეს საქმეები მართლა კარგად გამოსდიოდა...

სკოლის ეზოს შესასვლელში ოციოდე ვარდის ნერგი დარგეს გასული წლის გაზაფხულზე. საშინელი გვალვები დაიჭირა და რა გაახარებს, რა გაახარებსო? - ყველა იძახდა. ამირანმა, მე გავახარებო და დილა-საღამოს წყაროს წყალს უსხამდა მოღვენთილ მცენარეებს. იძალა სიცოცხლემ და აჯობა სიკვდილს. ვარდების ნაწილი ალისფერი გამოდგა, ნაწილიც - მუქი წითელი და რამდენიმე ბუჩქმა ზუსტად იმ ფერად დაიწყო ყვავილობა, როგორიც ამირანის თმა იყო. ჰო, ამირანი ცეცხლფარეშიც იყო ადრე და ბავშვებს სულ უხაროდათ მისი მორიგეობის დრო. არც ისე დიდი ხნის წინ, შეშის ღუმელები ათბობდა კლასებს, ყველა ბავშვს ყველა კლასში, გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე, აგუზგუზებული ცეცხლი ხვდებოდა და პატარა, სიცივისგან დამზრალ თითებს ნებიერად უშვერდნენ შეცივებული, დამფრთხალთვალიანი ბავშვები და ნეტარებდნენ, ამირან ბიძიამ დაგვინთოო... ჰო, კიდევ, ბიძიას ეძახდნენ შვილიშვილების ტოლი ბავშვები, ეს ერთგვარ ტრადიციად იყო ქცეული და ასი წელიც რომ ეცოცხლა, მაინც ამირან ბიძია იქნებოდა!

ახლა ამბობენ სოფლად ახალგაზრდები, როგორ უშლიდა პატარაობისას ამირანი სიგარეტის მოწევას, ღვინის უსაზმოო სმას, როგორ წაადგებოდა თავზე მანამდე, ვიდრე ცოდვაში ფეხს ჩადგამდნენ...

უცნაურია და იმ გასაჭირის, მგლური გარემოს მიუხედავად, გული არ უბოროტდებოდა და სტკიოდა კი, როცა მორიგ უმსგავსობას გაიგებდა. ბავშვობიდან ბევრი გადაიტანა, ჯერ იყო და ძმა დაუპატიმრეს იმის გამო, რომ მეზობელთან ჩურჩხელა და რაღაც ნუგბარი აიღო და შეჭამა... კომუნისტური მორალის კარნახით, ბოლშევიკური სულისკვეთების პარტმუშაკებმა სასწრაფოდ და უმკაცრესად დასჯა მოითხოვეს, რაც აღასრულეს კიდეც (ჩანს, კომუნისტებს ისევ ჰქონდათ შერჩენილი "ნულოვანი ტოლერანტობა" რევოლუციის დროიდან). მერე ფილტვები დაუავადდა და უდროოდ გარდაიცვალა. ამ მწარე გაკვეთილს ყველა ბავშვს უყვებოდა ამირანი - არ შეცდეთ, არ გაწიროთ თავი, თორემ ვიღაც აღმოჩნდება ამ ქვეყანაზე, რომელსაც არ შეებრალებით, ციხის კარისკენ გაგაქანებენ, მიწის გემოდ მოგაჩვენებენ თაფლსა და შაქარს, საპატიმროში ისე მოგენატრებათ საკუთარი საწოლი, როგორც თბილ ქვეყანაში გადაფრენილ მერცხლებს ბუდეები, იქ გატარებულ დღეებს კიდევ, საცრით წყლის ზიდვა გერჩიოთ, გულითა და სულით გაგაღებინებენ ხარკსო.

წელს, ზამთარში, საშობაოდ შვილიშვილებით გარშემორტყმულსა და ბედნიერს ზამთრის იშვიათ, ბდღვრიალა სხივების ქვეშ მოუგუნებებია გასვლა. ეზოში წამებში გათავებულა. თავზარდაცემულა ყველა, მაგრამ სიცოცხლე ვეღარც ცრემლმა დააბრუნა, ვერც მწუხარებამ და ვერც სურვილმა. დაკრძალვის დღეს უამრავი თეთრი ფიფქი მოდიოდა ციდან, ზუსტად ის ფერი, როგორიც ამირანის თმას ჰქონდა, მეორმოცე დღესაც უხვად წამოთოვა. ბუნებამ შეახსენა ყველას, რომ მასაც გული სტკიოდა "ამირან ბიძიაზე". ყველაფერი თეთრი ჩანდა გარშემო, თითქმის ყველაფერი და როგორც უმტვერო, თეთრ სუფრაზე დაღვრილი მელანი, ისე ჩანდა იზო მასწავლებელი თავისი აღუწერელი მწუხარებით, რადგან მან იცოდა ყველაზე მეტად, ვინ აღარ ჰყავდა გვერდით. ზოგჯერ ვწერ ხოლმე მონატრებას ჩემთვის და ნეტავ ეს ნორმალურიაო? - დამეკითხა ერთხელ. კი-მეთქი, - დავეთანხმე. ვუთხარი, რომ გამჟღავნებული და გაზიარებული სიხარული და მწუხარებაც უფრო ასულდგმულებს ადამიანს...

ეს წერილი ზუსტად იზოსა და ამირანის ქორწინების დღეს დავწერე. 17 სექტემბერი მათი 38-ე, ოღონდ შეუსრულებელი ქორწინების წლისთავია. ვერაფერი მოვახერხე სხვა და დავწერე ჩემი ბავშვობიდან დიდობამდე მოზღვავებული მოგონებათა მცირე ნაკადი. ჰო, კიდევ, წელს გახარებული ბზის ორ პატარა ნერგს ავუტან იზო მასწავლებელს, რომ მოამძლავროს და მერე საფლავზე დარგოს. ზოგადად, უხდება საფლავის მდუმარე ტრაგედიას ბზის ხასხასა რტოები... მოუხდება იმ საფლავსაც, რომელიც ამირან ბიძიას ეკუთვნის...

როლანდ ხოჯანაშვილი