შრომაზე შეყვარებული ჭიკაანელი - გზაპრესი

შრომაზე შეყვარებული ჭიკაანელი

სოფელი ჭიკაანი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზეა გაშლილი. სოფლიდან ჩრდილოეთით კავკასიონის ულამაზესი მთები მოჩანს, რომელთაგან განსაკუთრებით ლამაზია მთების - ზურგიძვალას და დიდგორას კომპლექსი. ჭიკაანი დაახლოებით XIX საუკუნის 70-80-იან წლებში შექმნილა, თუმცა რამდენიმე საუკუნით ადრე აშენებული, ნახევრად მოშლილი ციხე-გალავანი და რამდენიმე ციხე-კოშკი გვხვდება, რაც სავარაუდოდ, დასახლების უფრო ადრეულ პერიოდში არსებობას მოწმობს.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. გვხვდება რამდენიმე ათეული ოსური და კანტიკუნტად სხვა ეთნიკური შემადგენლობის ოჯახებიც. სოფელში ღვთისმშობლის სახელობის მცირე ზომის ცნობილი ბაზილიკური ეკლესია და წმინდა თომას სახელობის ჯვრის ტიპის ახალი ეკლესიაა, XVII-XVIII საუკუნეების, იქვე კი ამავე სახელობის ეკლესიის ნაშთებია.

სოფელში 900 კომლი ცხოვრობს, თუმცა მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. ეთნიკური ქართველებიდან მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ კახელების და ასევე, იმერეთიდან გადმოსახლებულების შთამომავლები. შენარჩუნებულია კახური კილო, შედარებით ნაკლებად - იმერული.

ერთი დღით ჩასულს, თენგიზ და ნანა დათუნაშვილების ოჯახმა ისე გულიანად და თბილად მიმასპინძლა, სიმართლე გითხრათ, წამოსვლა დამენანა. გზაში, ემოციებით სავსემ, ვინ იცის, რამდენჯერ ვინატრე, - ნეტავ, ასეთი მშრომელი, წესიერი, დოვლათითა და სიკეთით სავსე ოჯახები ბევრი გვყავდეს-მეთქი. ბატონი თენგიზი ახლა უკვე ვაჟთან ერთად, ჰექტარობით ვენახს ამუშავებს. შრომაც უყვარს და მეგობრებთან ერთად მოლხენაც. ამაზე იქ მისულ სტუმარს ბუხართან დაწყობილი ნაირნაირი სასმისებიც მიანიშნებს. ცალკე სიამოვნებაა დათუნაშვილების ულამაზეს ეზოში ყვავილებისა და მცენარეების სილამაზით ტკბობა, რაც ქალბატონი ნანას დამსახურება ყოფილა. თურმე რამდენიმე ათეული წელია, რაც ყვავილების მოშენება დაიწყო და დღეს უკვე 300-ზე მეტ მცენარეს ითვლის. ყვავილების მოვლაში დიასახლისს ოჯახის დანარჩენი წევრებიც აქტიურად ეხმარებიან - უფროსებიც და უმცროსებიც.

GzaPress

- ამ სოფლის არსებობის შესახებ ბევრმა ალბათ, ცნობილი ქართული ფილმიდან იცის ("სიყვარულის ყველას უნდა"). "ნაზუქივით გოგოების" გარდა, კიდევ რით არის ჭიკაანი ცნობილი?

- (იცინის) ამბობენ, რომ სოფელი XVI საუკუნეში შეიქმნა, რაზედაც სასაფლაოს ქვების წარწერებიც მიანიშნებს. წმინდა თომას სახელობის ეკლესიაც 1630 წელს არის აშენებული. რაც შეეხება სოფლის სახელწოდებას, ზუსტად არავინ იცის, რატომ ეწოდა ჭიკაანი. ვითომ ბალახი იყო გავრცელებული, სახელად ჭიკანი, მაგრამ ასეთი სახელწოდების ბალახზე არაფერი მსმენია. იმასაც ამბობენ, ბევრი ჭინკები ყოფილან და ამიტომო.

აქ დავიბადე და გავიზარდე, პაპა გურჯაანის რაიონიდან წამოსულა და აქ დასახლებულა. იმერლები, მეგრელები, ოსები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები, სომხებიც ცხოვრობენ, მაგრამ მაინც კახური სოფელია. მშრომელი, ყოჩაღი ხალხი ცხოვრობს აქ, ძირითადად, მევენახეობა-მეცხოველეობით ვართ დაკავებული. სეზონზე კახეთში პირველად ჩვენთან მოდის საზამთრო და ნესვი.

სოფლის დღესასწაულია "კვირაცხოვლობა". აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირას იმართება. ამ დღეს წმინდა თომას სახელობის ეკლესიაში ლოცვასთან ერთად იმართება გარევაჭრობა და ტრადიციული, ცნობილი შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში. კვირაცხოვლობა ჩვენთვის დიდი დღესასწაულია. ასე იყო ჯერ კიდევ კომუნისტების დროსაც, როდესაც ეკლესია შხამ-ქიმიკატების საწყობად ჰქონდათ გადაქცეული. იყო მცდელობა, რომ ამ დღესასწაულისთვის სახელი გადაერქვათ. გადაარქვეს კიდეც - "სპორტული ზეიმი" უწოდეს, მაგრამ ხალხში ვერ დამკვიდრდა. მახსოვს, ერთხელ სკოლის დირექტორმა გაგვგზავნა მე და რამდენიმე მეგობარი ეკლესიაში. წითელი სამკლავურები მოგვცა და გვითხრა, იქ მისული სკოლის მოსწავლეები აღრიცხეთო. ბავშვობაში ვჭიდაობდი, ახლაც ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა და მოჭიდავეების დანახვაზე სადღა მახსოვდა დავალება? სამკლავურიც მოვიხსენი და მეორე დღეს რომ მკითხა დირექტორმა, - აბა, რამდენი ბავშვი იყოო? - ვერავინ დავინახე, შოთა მასწავლებელო-მეთქი. - როგორ ვერ დაინახე, მე ისიც დავინახე, ვინ იყო და ისიც, სამკლავური რომ არ გეკეთაო. ხალხს ეს ჩვეულება ვერ მოაშლევინეს. ამ დღეობას დღესაც უამრავი ადამიანი ესწრება - ინათლებიან, ჭიდაობენ, ისმის დოლ-გარმონის ხმა, ქეიფობს ხალხი. ყველა ოჯახი ემზადება ამ დღესასწაულისთვის, ვეპატიჟებით ნათესავებსაც.

- ბატონო თენგიზ, მევენახეობის, მიწის სიყვარული ვინ გასწავლათ?

- მშობლებმა. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე. 18 წლისამ კოლმეურნეობაში ბრიგადირად დავიწყე მუშაობა, მერე განყოფილების გამგედ გადამიყვანეს, ერთხანს მთავარ აგრონომადაც ვიმუშავე. ამასობაში დავოჯახდი, 3 შვილი გვეყოლა და ნელ-ნელა, შრომით შევქმენით ყველაფერი, რაც გვაქვს. ჯერ ერთი ჰექტარი ვენახი ვიყიდეთ, მერე მეორე, მესამე და ახლა უკვე 14 ჰექტარი გვაქვს. ფიზიკურად ადრეც ვმუშაობდი და ახლაც, როცა საჭიროა - მიყვარს შრომა. როცა პატარა მეურნეობა გვქონდა, მარტო ჩვენი ოჯახიც აუდიოდა საქმეს, მაგრამ ახლა მუშებს ვიხმართ.

GzaPress

- ამდენი წლის განმავლობაში უვლით ვენახს. ვაზთან "ურთიერთობისას" ყველაზე მთავარი რა არის?

- ერთმანეთის სიყვარული! თუ დამიჯერებთ, ისე მიყვარს ჩემი მამულები და ვენახი, როგორც შვილები და შვილიშვილები. 1-2 დღე რომ არ ვნახო, მომენატრება ხოლმე, ვწუხდები. ახალ წელს ჩავსულვარ და ტკბილეული გადამიყრია, - ჩემო ვენახო, ახალ წელს გილოცავ-მეთქი. მეგობრებს გასცინებიათ ჩემს საქციელზე, - რა უცნაური კაცი ხარ, რას აკეთებო? დამიჯერეთ, ვაზი გრძნობს ამ სიყვარულს და ამის სანაცვლოდ, მთელ ცხოვრებას გაძლევს. კახური ნათქვამია, შეხვალ ვენახში, შემოგყვება, გამოხვალ და გამოგყვებაო. როგორც კი დააგვიანებ მისვლას, გრძნობს, რომ პატრონმა უყურადღებოდ დატოვა. ამიტომ სულ მის გარშემო უნდა იტრიალო. ვენახი ცოცხალი ორგანიზმია და გაფაციცებით შემოგყურებს, გელაპარაკება, გეუბნება, რა უნდა, რა სჭირდება. ღიღინი უყვარს ვაზს - მახსოვს, მამა-პაპის თაობის ხალხი ვენახში რომ შედიოდა, ღიღინებდა. ვაზის სიყვარულზე ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა. ერთი კაცი ცხოვრობდა სოფელში, ბუტულაანთ გოგიას ეძახდნენ, ვენახი და ყურძენი უყვარდა ძალიან, რა თქმა უნდა, შრომაც, სულ ვენახში იყო. ვიღაცა ყოფილა გავაზელი, იმასაც ჰყვარებია ყურძენი და ხალხს უთქვამს, - მოდი, ესენი ყურძნის ჭამაში დავაჯიბროთო. გავაზელს უთქვამს, გამაიტანე ფუთიანი ვედრო, ყურძენი იმით დავიდგათო. ბუტულაანთ გოგიას გასცინებია, რას ამბობ, ჯო, მაიტა პირდაპირ პლან-პლან დავიწყოთო, - იქვე დამარცხდა თურმე ის გავაზელი, სიტყვაშიც აჯობა გოგიამ.

- შრომის პროცესი უფრო სასიამოვნოა თუ შედეგი?

- მეურნის მთელი წლის ნაშრომის დაგვირგვინება არის კარგი ღვინო. მე, როგორც მევენახე კაცს, კარგი ღვინო უნდა მქონდეს. სტუმარი რომ მომდის და სასმელს შემიქებს, მიხარია და სიხალისეს მმატებს. ქართულ ღვინოსა და ვაზს აქვს პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, კახეთში რამდენიმე წელიწადში სულ სხვა ცხოვრება იქნება. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც და იმედი მაქვს, მოგვარდება.

- უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ ამ პრობლემების შესახებ?

- ღვინის ფალსიფიკაციაა ქვეყანაში - ეს აუცილებლად სათქმელია. იყოს ფალსიფიცირებულიც, მაგრამ ეწეროს და თავად მყიდველმა გადაწყვიტოს, რომელს იყიდის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთანაც მქონდა საუბარი. ფიქრობენ, რომ ქვეყანაში რქაწითელის ჭარბი პროდუქციაა, არავითარ შემთხვევაში, ასე არ არის. საქართველოში რაც ყურძენია, იმისგან რომ დამზადდეს ღვინო, მარტო ქართველებს დაგვჭირდება. ბაზარზე ძირითადად დასპირტული ღვინო იყიდება, გახედავ, კრიალებს, მაგრამ სპირტწყალია.

GzaPress

- რა ჯიშები გაქვთ?

- ხიხვი, რქაწითელი და საფერავი. წელს უნდა გავაშენო კახური მცვივანი და ქისი, ძველი ქართული ჯიშები. კახური მცვივანი ადრე იწევა, საღვინე ჯიშია და ძალიან არომატული ღვინო აქვს. კახეთში იშვიათს აქვს და ამიტომ კვირტის შოვნა ძნელია. მე და ჩემს ვაჟს გვინდა, რამდენიმე სახის ღვინო დავაყენოთ და ჩვენი მარანი გვქონდეს. მიხარია, რომ შვილსაც შევაყვარე მეურნეობა და შრომა. ამით ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ. თბილისში სამსახურს თავი დაანება, ჩამოვიდა და ახალსოფელში 5 ჰექტარი ვენახი გააშენა. გარდა ამისა, ბოსტნეულიც მოჰყავს - ოჯახისთვის სამყოფიც და გასაყიდიც.

- წელს ყურძნის როგორ მოსავალს ელოდებით?

- მოსავალი კარგია, ამ დღეებში უკვე აქტიურად დაიწყება კრეფა, შაქრიანობის მომატებას ველოდებით. კარგი იქნება, მევენახეობა და მეღვინეობა რომ გაერთიანდეს, კანონი არეგულირებდეს, რამდენს გადაგვიხდიან ხარისხიან თუ უხარისხო ყურძენში. 2014 წელს 3 ლარი და 10 თეთრი მოგვცეს კილოში და შეეტყო კიდეც გლეხის ცხოვრებას. ახლა იმდენს ვიღებთ, რომ ვენახის მოვლაში დახარჯული თანხა გავისტუმროთ. მე ვიცი, როგორ მოვიყვანო ხარისხიანი ყურძენი, მაგრამ უნდა ღირდეს, დღეს კი ორივეს ერთი ფასი აქვს, რაც სწორი არ არის.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ქართველებს, როგორ დალოცავდით?

- ქართველ ხალხს ქართულ ღვინოს, ვაზს და მადლიან შრომას დავულოცავ, დავლოცავ ჩემს ქვეყანას თავისი 520 აბორიგენული ჯიშით...

ნინო ჯავახიშვილი