12 წლიდან უცხო ცის ქვეშ - გზაპრესი

12 წლიდან უცხო ცის ქვეშ

ემიგრანტი თორმეტი წლის ასაკში გახდა. 18 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ქართულად კარგად საუბრობს. როგორც თავად ამბობს, სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ აიძულა ენის შენარჩუნება. გიორგი ქართველი ესპანეთში ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბლოგერია. ხშირად მისი ვიდეოები ბულინგს ჰგავს. გვეუბნება, რომ უფრო კრიტიკოსია და არავის აბულინგებს.

- ესპანეთში ბევრი საინტერესო ბლოგერია. ხშირად ვუყურებდი მათ ვიდეოებს, განსაკუთრებით ორი ბლოგერი გახდა ჩემი შთაგონების წყარო - ერთი ესპანელი ბიჭი, რომელიც სატირას აკეთებდა და მეორე მექსიკელი, რომელიც მოგზაურობდა და ასე წერდა ვიდეოებს. ჩემი პირველი ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ემიგრაციის თემაზე იყო. ვცდილობ, ვიდეოები ჩავწერო იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ენა ჯერ კარგად არ იცის და დახმარება სჭირდება.

- საკმაოდ ბევრი "გამომწერი" გყავთ. როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ სხვა ბლოგერებისგან?

- ხარისხი, ეს ჩემი მთავარი იარაღია, რადგან მსოფლიო ბაზარზე მართლა ბევრი ბლოგერია. ყოველთვის ვცდილობ, ხარისხიანი ვიდეოები მივაწოდო "გამომწერებს". ამისთვის დროსა და ენერგიას არ ვზოგავ. ათწუთიანი ვიდეოს დასამონტაჟებლად შეიძლება, ექვსი-შვიდი საათიც კი დამჭირდეს.

- ხართ თუ არა საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული?

- ძალიან კრიტიკული ვარ არა მხოლოდ ბლოგერობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ყოველთვის იმაზე მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, ვიდრე გამომდის.

- ხართ თუ არა მზად კრიტიკისთვის და როგორ იღებთ მას?

- თავიდან განვიცდიდი, ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა - აღარ. სწორ, ადეკვატურ კრიტიკას ვიღებ და ვითვალისწინებ კიდეც, მაგრამ უაზროს - არა. ვთვლი, რომ ჩემი ვიდეოები საზოგადოების უმეტესობას მოსწონს; ვცდილობ, მათი სათქმელი ვთქვა... ქართველი სოციუმი არ არის მზად კრიტიკას მოუსმინოს, მშვიდად მიიღოს და გამოსწორებას შეეცადოს.

- ვიდეო, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელია?

- ეს იყო ვიდეო, სადაც ვხსნიდი, რატომ არ უნდა ჩამოვიდნენ ესპანეთში. ყველას უნდა იმის მოსმენა, "ჩამოდით, ბევრი სამსახურია და არაფერი გაგიჭირდებათ", მაგრამ ეს არარეალურია. ესპანეთში ცხოვრება რთულია და ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მეკითხებოდნენ, თუ ცუდია, შენ რატომ წახვედიო?! მე არჩევანის საშუალება არ მქონდა, 12 წლის ვიყავი და დედა ემიგრანტი მყავდა. რაც ხდებოდა თვრამეტი წლის წინ, ის არ ხდება ახლა. ვცდილობ, ვიდეოებში არ ვთქვა ყველაფერი, რასაც რეალურად ვფიქრობ, თუმცაღა, ზოგჯერ მაინც მკაცრი ვარ. ეს კი უსიამოვნებას იწვევს საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც უშუალოდ ეხება. ქართველებს ხომ არ გვიყვარს სიმართლის მოსმენა.

GzaPress

- ხშირად საზოგადოებისა და კონკრეტული კუთხეების ბულინგს ჰგავს თქვენი ვიდეოები...

- სიტყვა "ბულინგი" არ მიყვარს. არავის ვაბულინგებ, თუმცა ის საზოგადოება, საქართველოში ელიტას რომ უწოდებს საკუთარ თავს, მართლაც მაღიზიანებს. ვთვლი, რომ საქართველოს ელიტა არ ჰყავს, ისინი დაბალი ფენის გლეხები არიან (მაპატიოს ყველამ).

- რამდენი წლის შემდეგ ჩახვედით საქართველოში და როგორ განასხვავებთ საქართველოსა და ესპანეთის სოციუმს?

- დიდი განსხვავებაა. პირველად რომ ჩავედი, ეს მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად და ახლა, ამაში ყოველ ჩასვლაზე ვრწმუნდები. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: ყავის სმის კულტურაც კი განსხვავებული გვაქვს. ესპანეთში შეგიძლია ბარში დაღლილი შეხვიდე, მუშის ტანსაცმლით დალიო ყავა და სამსახურში დაბრუნდე. საქართველოში ამას ვერ იზამ, საღებავიანი ტანსაცმლით ვერ დაჯდები ბარში. ქართველს იმის მატერიალური საშუალებაც არ აქვს, რომ დღეში ორჯერ ყავა გარეთ დალიოს. არსებობენ მდიდრები და ღარიბები, საშუალო ფენა არ არის.

- როგორი ვიდეოები მოსწონს ქართველ მაყურებელს?

- მაყურებლის სამოცდაათ პროცენტს სპონტანური ვიდეოები მოსწონს. არის შემთხვევა, როდესაც სულსა და გულს ვდებ ვიდეოს მონტაჟსა და ჩაწერაში, მაგრამ არ აქვს იმდენი "ნახვა", რამდენიც სპონტანურად ჩაწერილ ორწუთიან ვიდეოს, მონტაჟის გარეშე.

- ხართ თუ არა ტრადიციული და მოგწონთ თუ არა ქართული ტრადიციები?

- ქართული იმიტომ ვიცი, რომ ჩემი ქვეყანაც ძალიან მიყვარს და ტრადიციებიც. ბევრი ქართული ფილმი მაქვს ნანახი, ბევრ ქართველ მწერალს გავეცანი, ჩემი პატარა, ქართული ბიბლიოთეკაც კი მაქვს სახლში. ბევრი ტრადიცია მომწონს, თუმცა ბევრსაც პატივს არ ვცემ: სუფრებზე გადათრობას, დაკრძალვებისა თუ დღესასწაულების ღრეობად ქცევას ვგულისხმობ. ჩემთვის ყანწის ტრიალი და ღორის ყურიდან ღვინის დალევა ტრადიცია არ არის. ბევრი რამ, რასაც ტრადიციებს ვაბრალებთ, მარაზმია და არაფერ შუაშია წეს-ჩვეულებებთან. ყველაფერი, რაც ქართული და ნამდვილია, რაც წინაპრებისგან გადმოგვეცემა, ის მომწონს...

- რაზე ოცნებობთ?

- მოგზაურობაზე. მინდა კამერა ავიღო და მსოფლოს გარშემო ბევრი ვიმოგზაურო. ვფიქრობ, ამ ოცნებას აუცილებლად ავისრულებ.

- რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად?

- იმაზე, რომ ქართველი უცხოეთში ქართველობას კარგავს, ბავშვები გაურკვეველ ენაზე საუბრობენ და იკარგებიან თავიანთი სამშობლოსთვის. საქართველოს კი დასაკარგი თაობები არ ჰყავს. ქართველი ბავშვების უმრავლესობამ არ იცის ქართულად წერა-კითხვა, არ იცნობს მშობლიურ პოეზიასა და ლიტერატურას, თუმცა ბავშვს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც აქ მყოფი მშობლების უმეტესობაც ასეთია. ახალ თაობას წიგნიერება აკლია. სამწუხაროდ, უაზრო დროის კარგვად მიიჩნევენ წიგნის კითხვას - აი, ეს მტკივა, ქართველს გალაკტიონისა და რუსთაველის ენა რომ არ ესმის.

- ქართულ ბაზარზე არის თუ არა ფინანსურად მომგებიანი ბლოგერობა და როგორი უნდა იყოს კარგი ბლოგერი?

- ქართულ ბაზარზე ბლოგერობით თავს ვერ შეინახავ, რადგან არ არის მაღალი ანაზღაურება. ესპანეთისა და ევროპის ქვეყნებში კი ძალიან მომგებიანია. მეც შემიძლია, ესპანურად ჩავწერო ვიდეოები, მაგრამ რაც ესპანეთის ბაზარზე მომგებიანია, მე ის არ მომწონს და არასოდეს გავაპიარებ. ბლოგერი თავისუფალი უნდა იყოს და არ უნდა ჩაჯდეს არანაირ ჩარჩოში, საკუთარი თავი არ უნდა დაკარგოს. ხალხს თამაში და სიყალბე არ მოსწონს, ბუნებრივი უნდა იყო და რაც მთავარია, კამერასთან ურთიერთობა უნდა გიყვარდეს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებთან. ჩემი გეგმები ისევ და ისევ ემიგრანტებსა და მათ მომავალს უკავშირდება.

ფიქრია რობაქიძე