როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე - გზაპრესი

როგორ დავიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე

ექიმ-დიეტოლოგ მარიამ იოსებაშვილს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იცნობენ. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა და ცხოვრების ხალისი.

- რამდენი წელია, რაც ექიმი-დიეტოლოგი ხართ?

- 10 წელია, რაც დიეტოლოგიამ გამიტაცა. უამრავ მასალას გავეცანი, ვიდრე დიეტოლოგობას გადავწყვეტდი.

- დღედაღამ გიწევთ მუშაობა, რომ ბევრ პაციენტს გაუწიოთ დახმარება.

- ნამდვილად ასეა, ბევრს ვმუშაობ, რაც შეიძლება მეტ პაციენტს რომ მოვემსახურო. მე ხომ მარტო ისრაელში არ მყავს პაციენტები, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არიან და მოგეხსენებათ, როდესაც ისრაელში დღეა, არის ქვეყნები, სადაც ღამეა ან პირიქით - ამიტომ ხანდახან 24-საათიანი რეჟიმით მუშაობა მიწევს.

- პაციენტებს როგორ კვებას ურჩევთ?

- ჩემს რეჟიმს ლამაზი კვება დაარქვეს რიგაში ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც მოვიპოვეთ პირველი ადგილი. მთავარი ის არის, რომ არასოდეს არ უნდა გვშიოდეს.

- ხშირად ამბობენ, რომ სხვა, უფრო დიდ ბიზნესს უშლით ხელს და გასახდომ პროდუქციას ანტიპიარს უკეთებთ...

- ამას თავიდან ძალიან განვიცდიდი, ახლა კი შევეჩვიე. ვამბობ და გავიმეორებ, არანაირი დანამატი არ არის დაშვებული და გამართლებული ადამიანის ორგანიზმისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღ კვებას მივესალმები.

- სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს არასწორმა დიეტებმა?

- არასწორი კვება და დიეტები არის გზა უამრავი დაავადებისკენ, რაც მთავარია, ორგანიზმში გამოიწვევს ცხიმის მასის მატებას. არასწორმა დიეტამ შეიძლება ისეთი დაავადებები გამოიწვიოს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესაც კი.

- რა არის ანორექსია და რა იწვევს მას?

- ანორექსიას იწვევს არასწორი დიეტები და შიმშილი. გოგონების დიდ ნაწილს სიტყვა "დიეტის" მნიშვნელობა არ ესმით და იმის ნაცვლად, რომ რაციონი შეამცირონ, ზედმეტ კილოგრამებს ჯანსაღი პროდუქტებით ებრძოლონ, მთელი დღე შიმშილობენ, ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ. სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ცხოვრობს ბევრი ანორექსიით დაავადებული. ანორექსია არც მანიაა და არც ცუდი ჩვევა - ის ფსიქიკური დაავადებაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია; ეს უფრო რთულია, ვიდრე დეპრესიისა ან პანიკის შეტევის მკურნალობა.

- არის თუ არა რეკომენდებული მივიღოთ ეს გაურკვეველი ჩაი ან საკვები წონაში კლებისთვის, რითაც დღეს ბაზარია გაჯერებული?

- მოდი, ასე ვიტყვი, მე არ ვცნობ დანამატ პროდუქტებს - ჩაი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა დანამატი, არ ვთვლი ამას ჯანსაღი ცხოვრების ნაწილად. რატომ უნდა მივიღოთ ასეთი საშუალებები, როცა შეგვიძლია არ დაისტრესოს ორგანიზმი და გემრიელად, მხიარულად დავიკლოთ წონაში?..

- როგორ უნდა იკვებოს ადამიანი და რა არის წონაში კლების საუკეთესო საშუალება?

- ადამიანი უნდა იკვებოს ისე, რომ დისკომფორტი არ შეექმნას, რათა ყოველი მომდევნო ულუფა - სადილი იქნება ეს თუ ვახშამი, უხაროდეს; ისე უნდა იკვებოს, რომ ორგანიზმი არ განიცდიდეს საჭირო ნივთიერებათა დეფიციტს. წონაში კლების საუკეთესო საშუალება კვებაა, სწორი კვება და არა შიმშილი.

GzaPress

- რა უნდა შედიოდეს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად?

- მნიშვნელოვანია ყოველდღიური კვების რაციონი სწორად იყოს დაბალანსებული, ჯანსაღი პროდუქტების მოხმარების საშუალებით. ნახშირწყლებთან და ცილებთან ერთად, ვიტამინები ის მთავარი კომპონენტებია, რომლებსაც საკვები შეიცავს. ყველაზე საჭირო კი გახლავთ: A, b, c, d ვიტამინები და მაგნიუმი. თუ თქვენი კვების რაციონის შედგენისას ამ ვიტამინების შემცველობას გაითვალისწინებთ, თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ვერც ვირუსები, ვერც სხვა დაავადებები ვეღარ მოგერევათ.

- ხშირად აწყობთ საქველმოქმედო აქციას. ქართველებმა ამის გამო გაგაკრიტიკეს კიდეც.

- კრიტიკა არ მაღიზიანებს, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ სიკეთე მომაქვს ადამიანებისთვის. მე მიყვარს ადამიანები, თუმცა ვფიქრობ, კრიტიკა სწორად მიმართული უნდა იყოს. უკვე იმდენი ჭორი მსმენია საკუთარ თავზე, ზოგჯერ საინტერესოც კია (იცინის). მუქარაც ბევრნაირია - ზარები თუ მონაწერი. ძირითადად მწერენ, რომ არ უნდა მყავდეს პაციენტები საქართველოდან! მე ყველა პაციენტი მიყვარს, ჩემი მოვალეობაა მათი დახმარება და არა იმის გარკვევა, რომელი ქვეყნიდანაა. მუქარის მიზეზი ნათელია... მე არაფერ შუაში ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ სწორად.

- იმას, რაშიც სხვა დიეტოლოგები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ბევრჯერ სრულიად უანგაროდ აკეთებთ...

- მინდა გითხრათ, რომ ათასობით უფასო პაციენტი მყავს. ეს ჩემი ცხოვრებაა, რაც მაბედნიერებს, მოვალედ ვთვლი თავს, რამდენსაც გავწვდები, დავეხმარო, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს. მათ საკუთარი ბიუჯეტიდანაც კი ვურიცხავ თანხას, რომ შეძლონ პროდუქტის მომარაგება, ასევე მძიმე ავადმყოფებს, ვისთვისაც აუცილებელია წონაში დაკლება. შედეგებიც არ აყოვნებს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ საქმეში სულსა და გულს ვდებ, ყველა პაციენტი მიყვარს. როდესაც შედეგს ვდებ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ვხედავ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უაზროდ არ მიცხოვრია. მათი ბედნიერი თვალები არასდროს გავიწყდება ექიმს, ეს ენით გადმოუცემელი ბედნიერებაა.

- თქვენი სილამაზის ფორმულა რა არის, ესეც გვითხარით...

- ისევ და ისევ სწორი კვება, ვარჯიში და სახლის პირობებში დამზადებული ნიღბები, რომლებიც ძალიან მომწონს.

- რას ურჩევდით ქალბატონებს?

- ადამიანებს ვურჩევ, მხოლოდ ფიზიკურ მხარეს კი არა, პირველ რიგში, ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. ქალს უნდა ჰქონდეს ის წონა, რომელიც თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ვინც თვლის, რომ ზედმეტი სიგამხდრე სილამაზეა, მინდა ვუთხრა: ზომაზე მეტად სიგამხდრე სილამაზე კი არა, ანორექსიის პოტენციური კანდიდატობაა, რამაც შეიძლება, სერიოზული პრობლემები შექმნას.

ჩემი პაციენტი ჩემი გულია, ჩემი ნაწილია და ჩემი სინათლეა, რომელიც მოდის ჩემთან და იმედის თვალით მიყურებს; პაციენტი ჩემთვის გულია, სხვისთვის კი იმედი, რომ თვითონაც დაამარცხებს ჭარბწონას, რომელიც უამრავი დაავადების საწყისია. სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს უღრუბლო ზეცას, სიძლიერესა და რაც მთავარია, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ფიქრია რობაქიძე