"აუხდენელი ოცნება არ არსებობს, უბრალოდ, უნდა იბრძოლო" - გზაპრესი

"აუხდენელი ოცნება არ არსებობს, უბრალოდ, უნდა იბრძოლო"

ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში 18 სექტემბერს გაიმართა გამოფენა, რომელშიც ქართველი თვითნასწავლი მხატვარი ეკატერინე სიხარულიძე (ჯიბუტი) მონაწილეობდა. მის სურათს - "გარიყული" დიდი მოწონება და გამოხმაურება ხვდა წილად. "ვერასოდეს ვიოცნებებდი, რომ 65 გამოფენის მონაწილე გავხდებოდი, მით უმეტეს, არასოდეს მიოცნებია პერსონალურ გამოფენაზე, ასე რომ, თუ მიზანს დაისახავ, შეუძლებელი არაფერია", - აღნიშნა ჩემთან საუბრისას მხატვარმა, რომელიც ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ხატვის შესწავლაში ეხმარება.

- ხატვა ბავშვობიდან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. არასოდეს მივლია ხატვის წრეზე ან კერძო მასწავლებელთან, ყველაფრის შესწავლა თავად მოვახერხე. მიზანი იყო, გავმხდარიყავი წარმატებული მხატვარი, მიზეზი კი - მხოლოდ ხატვის სიყვარული. 2015 წლიდან დღემდე, 65 გამოფენაში ვმონაწილეობდი, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აშშ-ში - ნიუ-იორკსა და მაიამიში. აქედან ერთი პერსონალური გამოფენა იყო, ორი - ჩემი მოსწავლეების და დანარჩენი - კოლექტიური.

- თქვენი ბოლო გამოფენის შესახებ რომ მოგვიყვეთ, ვინ მიიღო მონაწილეობა?

- ეს იყო კოლექტიური გამოფენა, ინტერნაციონალური, სადაც ჩემი ნახატი "გარიყული" გამოიფინა. ესწრებოდა სამი საუკეთესო კურატორი, რომლებთანაც მქონდა მოლაპარაკება სხვა გამოფენების მოწყობასთან დაკავშირებით. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს გამონაკლისი იყო, სადაც ხალხმრავლობა დაუშვეს.

- ბევრი მხატვრის ოცნებაა ბარსელონაში გამოფენის გამართვა. როგორი შეგრძნებაა?

- სიმართლე გითხრათ, არასოდეს მიოცნებია გამოფენებზე. არ ვიცოდი, საერთოდ ხატვას გავაგრძელებდი თუ არა, მაგრამ ჩემი მეუღლის სიტყვებმა, - მე შენში დიდი ნიჭი აღმოვაჩინე და ხატვა უნდა გააგრძელოო, - ამისკენ მიბიძგა. მისგან ყოველთვის დიდ ხელშეწყობასა და მხარდაჭერას ვგრძნობ.

- უცხო ქვეყანაში საკუთარი თავის დამკვიდრება რთული არ არის? მით უფრო, ხელოვანი ადამიანისთვის?

- ბარსელონა ცნობილია ხელოვანი ადამიანების სიმრავლით და მათ შორის, ემიგრანტმა, უცხო ქვეყნის შვილმა შენი ადგილი რომ იპოვო, მართლაც ძალზე რთულია. ალბათ დიდი ნიჭია საჭირო, რომ ეს შეძლო. როდესაც საუკეთესო მხატვრებთან ერთად გიწევს ნახატების გამოფენა, ეს მესიჯია, რომ საწადელს მიაღწიე. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია რთული დღეები, განსაკუთრებით კი - ემიგრანტის. უფლის წყალობით, ყველაფერი დავძლიე და დღეს ფეხზე მყარად ვდგავარ.

- რაზე ოცნებობთ?

- ჩემი ოცნება არც ისე არარეალურია: ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად მინდა ვიცხოვრო და მათით დავტკბე.

- ვინ არის ადამიანი, რომლის თანადგომასაც ყოველთვის გრძნობთ და რომელიც ყველა თქვენს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს?

- ჩემს ცხოვრებაში პირველი ადამიანი, რომლის თანადგომასაც, მანძილის მიუხედავად, ყოველთვის ვგრძნობ, დედაა, და კიდევ - ჩემი მეუღლე, რომელიც ყველა ჩემს გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.

GzaPress

- რას ეტყოდით ახლა ახალბედა მხატვრებს, რომლებიც იმ გზას გადიან, თქვენ რომ უკვე გამოიარეთ?

- ისევე, როგორც სხვა სფეროში, აქაც აუცილებელია, გიყვარდეს შენი საქმე და ბედნიერებას განიჭებდეს ის, რასაც აკეთებ. ბევრი ადამიანი შუა გზაზე ტოვებს დაწყებულ საქმეს, დაბრკოლებების გამო უარს ამბობს თავის ოცნებებზე. რადგან წინაღობა ხვდებათ, თვლიან, რომ მათი ოცნებები მიუღწეველია და ბრძოლას წყვეტენ. ასე არ არის. აუხდენელი ოცნება არ არსებობს, უბრალოდ, უნდა იბრძოლო და არასდროს დანებდე.

- რას გეგმავთ ახლო მომავალში?

- ბოლო გამოფენაზე მქონდა მოლაპარაკებები. მინდა გამოფენა მოვაწყო ჩემს მოსწავლეებთან, ესპანელ ბავშვებთან ერთად. ველოდები შეზღუდვების მოხსნას. წინ ბევრი სხვა გეგმაც მაქვს.

- რას ნიშნავს თქვენთვის იმ ემიგრანტ ბავშვებთან მუშაობა, რომლებსაც თავიანთი სამშობლო არც კი უნახავთ?

- ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და ჩემს კოლეგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ ბავშვებში სამშობლოს სიყვარული გავაღვივო.

ფიქრია რობაქიძე