"გაცვლით ურთიერთობებსა და სითბოს მოკლებული არიან ჩვენი აქ გაზრდილი ბავშვები" - გზაპრესი

"გაცვლით ურთიერთობებსა და სითბოს მოკლებული არიან ჩვენი აქ გაზრდილი ბავშვები"

ჟურნალისტი დიანა ჭანკოტაძე წლებია, ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, წერს წიგნებს, ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და ფილმიც გადაიღო ქართველ ემიგრანტ ბავშვებზე, ამჯერად მეორე ფილმზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრებს მიღმა შეძლო თავის დამკვიდრება და მისი მეუღლეც საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს, მაინც გადაწყვიტეს, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ფესვებს დაუბრუნდნენ... რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, როგორ ცდილობდნენ წლების მანძილზე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას საზღვრებს მიღმა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე დიანამ ჩვენთან გულახდილად ისაუბრა.

- უკვე გამოვეცი "გასეირნება საქართველოში". წიგნი ჩემი ოჯახის მოგზაურობაზეა სამშობლოში. მე, ჩემი მეუღლე და შვილები საქართველოში არდადეგებზე ჩავდიოდით, ყველა რეგიონისა და ისტორიულ-კულტურული ადგილების მონახულების შემდეგ სხვადასხვა ლეგენდასაც ვისმენდით - აი, ეს ყველაფერია გადმოცემული წიგნში, რომელიც 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებზეა გათვლილი. ფაქტობრივად, ასე ვაცნობთ მთელ საქართველოს ფრანგ ან საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ მოზარდებს.

ეს წიგნი, პირველ რიგში, დედებისთვის აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი და ბევრი აქ მყოფი ქართველი მწერს: როგორც იქნა, ამ წიგნის დახმარებით ვახერხებ, შვილებს მოვუყვე საქართველოზე, ვუამბო საინტერესო ისტორიები, ვასწავლო ვინ იყო მაია წყნეთელი, ინგილო ქალი, როგორ დაარსდა თბილისი, ჩვენს ტრადიციებზე... ასეთი წერილები მახარებს. ახლა მომდის გერმანიაში მყოფი დედებისგან მესიჯი, იქნება გერმანულადაც ითარგმნოს წიგნიო. დედების აქტიურობამ კიდევ ერთხელ გამიცოცხლა ის განცდა და წუხილი, მათი შვილები სამშობლოს რომ შორდებიან.

ახლა ვამზადებ წიგნს, რომელიც ეძღვნება ქართულ ჟურნალისტიკას - მასზე მუშაობა ბორდოს უნივერსიტეტმა შემომთავაზა. თავის დროზე იქ მიმიწვიეს სემინარზე და მთხოვეს, ქართულ ჟურნალისტიკაზე მესაუბრა. ამ გამოსვლის შემდეგ შემომთავაზეს, წიგნი ერთად გამოგვეცა. მარტო ვერ შევეჭიდებოდი ამ საქმეს და გადავწყვიტე, ცნობილ ჟურნალისტებს თვითონ მოეყოლათ ქართული მედიის შესახებ, ეამბათ საკუთარი ისტორიები, რა გამოიარეს. ასე მოგროვდა 25 სხვადასხვა თაობის ჟურნალისტის ჩანაწერი. ფაქტობრივად, ეს ჟურნალისტების თვალით დანახული საქართველოს ისტორიაა. წიგნი დაიბეჭდება საქართველოში და პრეზენტაცია 2021 წელს გაიმართება, შემდეგ კი გამოიცემა საფრანგეთში.

GzaPress

- ფრანგები რატომ უნდა დაინტერესდნენ ამით?

- ჩვენი ჟურნალისტები ისეთ ამბებს ჰყვებიან, რაც თანამედროვე ფრანგებს არ გამოუვლიათ. არ იციან, როგორ უნდა იმუშაო შენსავე ქვეყანაში, საკუთარ ომში და დარჩე ჟურნალისტად. ფრანგი გამომცემელი ისე დაინტერესდა ამ ამბებით, რომ უკვე მთხოვს, რამდენიმე გვერდი მაინც ვუთარგმნოთ.

- შენს ფილმებზე რას გვეტყვი?

- გადავიღე ფილმი ემიგრაციაში გაზრდილ ბავშვებზე, ახალგაზრდებზე. ახლა ვიღებ ფილმს ასევე ქართველებზე, ოღონდ ამ შემთხვევაში - ემიგრანტ ქალებზე. საინტერესო გამოდის. მასში საფრანგეთში პოპულარული, წარმატებული ქალები მონაწილეობენ.

საერთოდ, აქ საქართველო ძირითადად მოჩანს ნეგატივებით და ომებით. არასდროს კარგი არაფერი იწერება, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ფილმები პოზიტიური იყოს და არ მსურს ვისაუბრო ზოგიერთი ქართული ტრადიციის სიმახინჯეზე, რაზეც ქართველი რეჟისორები ხშირად მიდიან, რადგან იციან, ეს ფრანგებს ძალიან გააოცებს. მსურს ძალიან მაღალი კულტურის, ისტორიის მქონე, ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების მქონე ადამიანებად აღგვიქვან და არა ისეთ ველურ ტომად, სადაც ისეთი რაღაცები ხდება, ფრანგებს რომ ვერ წარმოუდგენიათ...

- ვინ არიან ის ქალბატონები, რომლებსაც შენი ფილმით გაგვაცნობ?

- უკვე ზუსტად ვიცი, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებს პარიზში ძალიან ცნობილი, ფრანგული კაბარეს მომღერალი; მეორე გახლავთ ეთერ ფაღავა, პირველი თაობის ემიგრაციის დროს ჩამოსული ბალერინა, ძალიან ცნობილი ფრანგი მოცეკვავე ქართული ფესვებით. ის ახლა 80 წელზე მეტის არის და კიდევ მუშაობს; მესამე - მეცნიერი ქალია, რომელმაც ეპილეფსიის კვლევაში დიდი როლი ითამაშა - თამარ პაზიაშვილი, რომელიც შემდეგ ამერიკაში წავიდა და იქ მას მისივე სახელობის მეცნიერული ლაბორატორია შეუქმნეს. ქალბატონი თამარი პარიზში ძალიან პატარა ასაკში ჩამოვიდა, გაიზარდა და მარიკურეს უნივერსიტეტი დაამთავრა. მეოთხე ქალბატონი მუსიკოსია, მაგრამ ჯერ არ ვიცი, დამთანხმდება თუ არა ფილმში მონაწილეობაზე და ამიტომ მისი დასახელებისგან თავს შევიკავებ.

ამ ქალბატონების გარდა, კიდევ ბევრი პოპულარული ქართველია საფრანგეთში: საოპერო მომღერალი ნონა ჯავახაძე, ძალიან ცნობილი ახალგაზრდა იურისტი ქალები, ეკონომისტები, პროფესორი, რომელიც, თუ არ ვცდები, ვერსალის უნივერსიტეტში კითხულობს ფრანგულ ლიტერატურას და ა.შ. ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი ქალია, რომელიც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს პირველ რიგში, საფრანგეთისთვის და შემდეგ, საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ზრუნავენ.

GzaPress

- ქართველი სტუდენტები შენი დახმარებით ჩადიოდნენ საფრანგეთში და იქ აგრძელებდნენ სწავლას...

- კი, მქონდა ასოციაცია "სტუდენტი", ჩამომყავდა ფრანგული ენის მცოდნე ბავშვები საქართველოდან, რომლებსაც აქ უნდოდათ სწავლა და ვეხმარებოდი სხვადასხვა უნივერსიტეტში რომ ჩაებარებინათ, მაგრამ ძირითადად, რეიმსის უნივერსიტეტს ვუწევდი რეკომენდაციას, სადაც იყო ძალიან კარგი - ევროპული სამეზობლო ურთიერთობის ფაკულტეტი. იქ დეკანები ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელები იყვნენ და მათი მეშვეობით ამ ფაკულტეტზე ხუთი ბავშვისთვის შევძელი ხელშეწყობა. ხუთივემ დიპლომი აიღო, მერე ორი მათგანი აქ გათხოვდა, სამი კი სამშობლოში დაბრუნდა. ვფიქრობ, კარგი საქმე იყო. მაგრამ ახლა, ვინაიდან სტრასბურგში გადმოვედი, ამ საქმის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ. თუმცა, აქაც არის დიდი საუნივერსიტეტო სივრცე და მომავალში შეიძლება მოვახერხო და დავეხმარო ქართველ სტუდენტებს...

უკვე ვთქვით, რომ გადავიღე ემიგრანტ ბავშვებზე ფილმი "დაკარგული" - ის ინტერნეტის მეშვეობით უნახავს სტრასბურგში მცხოვრებ მარიამს, რომელიც სარეჟისოროზე სწავლობს, აქ გაზრდილი ქართველი გოგოა აფხაზეთიდან. მან მომწერა გულის ამაჩუყებელი წერილი, რომ ნახა ჩემი ფილმი და აფხაზეთიდან დევნილ ერთ პერსონაჟთან გააიგივა თავი. დაგეგმილი მაქვს ამ გოგონასთან შეხვედრა, მას ჩემს ახალ ფილმზე ასისტენტობა უნდა შევთავაზო - მინდა მას რაიმეში მაინც დავეხმარო და ეს იქნება მისთვის ფილმზე მუშაობის პირველი გამოცდილება. სულ ვეძებ ქართველ მიზანდასახულ ახალგაზრდებს და შესაძლებლობების ფარგლებში მათ დახმარებას.

- როგორც ვიცი, შენი მეუღლე - დავით სებისკვერაძე მეცნიერია. გვიამბე მასზე...

- ჩემი მეუღლე არის ბიოფიზიკოსი, მეცნიერი. დაამთავრა დოქტურანტურა. მუშაობდა სამეცნიერო ლაბორატორიაში, სიმსივნის კვლევაზე. ჰქონდა წარმატებული პროექტები, კონფერენციები მთელ მსოფლიოში. ახლა გადმოვიდა სტრასბურგში, კერძო კომპანიაში, ცოტა შეიცვალა პროფილი, მაგრამ ძალიან ძლიერ კომპანიაშია დასაქმებული, წინ წავიდა კარიერულად, ცხადია მეტსაც უხდიან... მიუხედავად აწყობილი კარიერისა, მასაც, ისევე როგორ მე, ძალიან უნდა საქართველოში დაბრუნდეს და ცდილობს საამისოდ გამოძებნოს გზები, კავშირები, მიაწვდინოს ხმა ამა თუ იმ ადამიანს. იმედს არ ვკარგავთ, რომ სამშობლოში ჩასულებს ისევ უკან არ მოგვიწევს წამოსვლა. გვსურს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება სამშობლოში გამოვიყენოთ.

- რამ გადაგაწყვეტინათ სამშობლოში დაბრუნება? ასე იშვიათად იქცევიან ის ადამიანები, რომლებიც სხვა ქვეყანაში იკიდებენ ფეხს... მით უმეტეს, რომ იცით მაგალითები, როცა სამშობლოში დაბრუნებულებს ისევ საზღვარგარეთ მოუხდათ წასვლა...

- დაბრუნებას ნამდვილად ვაპირებთ, მაგრამ ზამთარს აქ გავატარებთ, რადგან ვირუსი გვაშინებს... რა თქმა უნდა, რისკია საქართველოში დაბრუნება და ამაზე ბევრი ვიფიქრეთ მე და ჩემმა მეუღლემ, მაგრამ... იცით, წლებია აქ ვართ და არასდროს გვქონია სურვილი, საბოლოოდ საფრანგეთში დავფუძნებულიყავით. ყოველთვის ვიცოდით, რომ დადგებოდა დრო, როცა დავბრუნდებოდით. ეს მომენტი ახლა იმიტომ დადგა, რომ უფრო მყარად ვდგავართ პროფესიულად ფეხზე, მეორეც ბავშვები ჯერ პატარები არიან და სიხარულით მოდიან საქართველოში. მათთვის საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უყვართ, ყველაფერს ურჩევნიათ, მიუხედავად იმისა, რომ აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. აი, უკვე თინეიჯერობის ასაკში შინ დაბრუნება აღარ მოუნდებათ - ეს გააზრებული გვაქვს და არ გვინდა, მომავალში ჩვენი და ჩვენი შვილების სურვილები გაიყოს.

ემიგრაციაში მყოფები შინ რომ დაბრუნდნენ, ამისთვის სამი გზა არსებობს. პირველი - ეს არის გზა, როცა კარგი ნაცნობი გყავს და ვიღაც პირდაპირ რაღაც ადგილს გაგიმზადებს, სიტყვას წაგაშველებს, რომ ჩასვლისთანავე დაიწყო მუშაობა, უკან გაბრუნებაზე ფიქრმა რომ აღარ მოგიწიოს - მე მსგავსი არაფერი მელოდება; მეორე გზა - ეს არის ფინანსური, როცა საზღვარგარეთ ფულს მოაგროვებ და სამშობლოში წამოიწყებ რაღაც საქმეს, მით უმეტეს, დღეს საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობებია, თუმცა, მე ამას ვერ შევძლებ - საამისო არც თანხა მაქვს და არც ნიჭი; და მესამე ის გზაა, რომელსაც დავადექი: რადგან ვიცი, იქ წითელ ხალიჩას არავინ დამიფენს და არ მეტყვის, ოღონდ შენ ჩამოდი და სამსახური აუცილებლად გექნებაო, მე თვითონ, აქედანვე ვცდილობ, დავიმკვიდრო რაღაც სახელი, რომ თუნდაც ჩემს სფეროში, ჟურნალისტიკაში ნულიდან არ მომიხდეს ყველაფრის დაწყება.

თუმცა, უკან დასაბრუნებლად გზას ცხადია, ვიტოვებთ და პირველ რიგში, იმიტომ არ გვეშინია, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა გვაქვს და ვიცით, ნებისმიერ დროს შეგვიძლია აქ ჩამოვიდეთ. მეორეც - ამ ქვეყანაში სოციალური სამსახურები ისე კარგად მუშაობს, რომ ზუსტად ვიცით, ქუჩაში არ დავრჩებით, თავშესაფარს მოგვცემენ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არაფერში დაგვჭირდება.

GzaPress

- როგორ ფიქრობ, შენი შვილები საქართველოში თავს უკეთ იგრძნობენ?

- ყველაზე მეტად, რაც მინდა რომ შეიგრძნონ, ოჯახური ტრადიციები, მშობლების პატივისცემა, ბებია-ბაბუების, ნათესავების სიყვარულია. გაცვლით ურთიერთობებსა და სითბოს მოკლებული არიან ჩვენი აქ გაზრდილი ბავშვები. გარდა ამისა, საკუთარი კერის, მიწის სიყვარული უნდა იცოდნენ. ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე სულ ვამბობთ, რომ ქართველები არ ვართ მომთაბარე ტომები, ამიტომაც სულ უკან გვექაჩება ჩვენი ფესვები, კერა. ფრანგი ნებისმიერ ადგილას წავა, დაფუძნდება და შეიძლება არასდროს მოენატროს სამშობლო, თავს არ იზღუდავენ ზედმეტი ნოსტალგიებით. მე მინდა, რომ ის გრძნობა, რაც ჩვენ გვაქვს სამშობლოს მიმართ, ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ, ეს არის მთავარი. სამშობლოს მიმართ მიჯაჭვულობა, სიყვარული მინდა ადგილზე გავაცნო და ჩავუნერგო მათ. აქედან, ძალიან შორიდან ამ ყველაფრის სწავლება რთულია, ასე შესაძლოა ბავშვები დავზაფრო: სახლში რაღაცებს კი ვუჩიჩინებ, მაგრამ გარეთ სულ სხვა გარემო ხვდებათ. ამიტომაც, ჩემს შეგონებებს ყოველდღიური სახე არა აქვს, ისევე, როგორც არ ვაძალებ მათ, რომ შინ ყოველთვის ქართულად ილაპარაკონ. უბრალოდ, მათ ვთავაზობ, ასე ხომ არ მოვიქცეთ-მეთქი? მაგალითად, კარანტინის პერიოდში, 9 წლის მათეს ვუთხარი, - მოდი, ეს ცუდი პერიოდი ჩვენ კარგი საქმისთვის გამოვიყენოთ, ვისწავლოთ ქართულად წერა-კითხვა-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეზარებოდა, ისწავლა და ახლა კითხულობს პატარ-პატარა ტექსტებს, წერს მშვენივრად და უხარია, - რა მაგარია, ჩვენ ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც სხვებს შეიძლება აზრადაც არ მოსვლიათო.

ძალიან მინდა, ჩემმა შვილებმა ქართული წიგნები, ჩვენი დიდი მწერლები და პოეტები იკითხონ, რათა უფრო გამდიდრდეს მათი მსოფლმხედველობა. მინდა შეიყვარონ ქვეყანა, ნათესაობა, მინდა ოჯახური ტრადიციები გაითავისონ. ახლა კი ვერც ხვდებიან, რა საჭიროა ამდენი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. უკვირთ, რატომ გვყავს ამდენი ნათესავიო?

ემიგრაციაში მყოფი ყველა დედის მთავარი სადარდებელი ის არის, რომ ვხედავთ, როგორ შორდებიან ჩვენი შვილები საქართველოს და ისინი პირველ რიგში, ფრანგები არიან და შემდეგ უკვე - ქართველები. მერწმუნეთ, ეს ყველა დედას სტკივა. თუმცა, მერე ზოგი ამას ეგუება. მე არ მინდა ამასთან შეგუება, მსურს ეს პრობლემა დროულად მოვაგვარო და ამიტომაც მაქვს მათი ფესვებთან დაბრუნების მცდელობა - ვნახოთ, შემდეგ რა იქნება...

- დაბოლოს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში რა საქმეს მოჰკიდებ ხელს?

- ერთ ჩემს წამოწყებას გაგანდობთ, რომელზეც ჯერ არსად არაფერი მითქვამს. ჩემი დისერტაციის ორ ფრანგ პროფესორთან ერთად ვმუშაობ მაგისტრატურის შექმნაზე საქართველოში. კერძოდ, ქართულ უნივერსიტეტებთან მაქვს მოლაპარაკებები, რომ შევქმნათ ევროპული ჟურნალისტიკის მაგისტრატურა საქართველოში, სრულიად ფრანგულ სწავლებაზე, გამოცდილებაზე დაყრდნობით. თავის დროზე ამ ორმა ადამიანმა რეიმსის უნივერსიტეტში დააარსა სწორედ ეს მაგისტრატურა. ისინი იყვნენ შემქმნელები, დეკანები, ხელმძღვანელები. მეც იქ ვსწავლობდი და 12 წელია უკვე თითქმის, ამ ხალხის გვერდით ვმუშაობ, ვიცი, რა შეუძლიათ. ჰოდა, ახლა უნივერსიტეტებს ვთავაზობთ სრულიად ახალ, ინოვაციურ სწავლებას ქართველი ჟურნალისტების მოსამზადებლად. გვაქვს მოლაპარაკებები უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას. გვინდა შევქმნათ ევროპული სწავლების რეალური პრეცედენტი ქართულ ჟურნალისტიკაში, რათა ახალმა თაობამ ევროპული სტანდარტებით იმუშაოს. 2021 წელს, როდესაც ჩემი ოჯახი სამშობლოში დაბრუნდება, იმედია, ამ კარგი და საჭირო საქმით დავკავდები.

ლიკა ქაჯაია