ხელნაკეთ საპნებში დამალული საინტერესო ამბები - გზაპრესი

ხელნაკეთ საპნებში დამალული საინტერესო ამბები

ნაილი ვახანია ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონკურსის შემოქმედებითი იდეების კატეგორიის გამარჯვებული და "ქვეყნის ჩემპიონის" წოდების მფლობელი გახლავთ. მისი ხელნაკეთი საპნები განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ და არ სჭირდებათ უფროსებისგან ძალდატანება, ხელები ხშირად რომ დაიბანონ. ახლა, ამ პანდემიის პირობებში ხომ ეს განსაკუთრებით აქტუალურია.

- პროფესიით ტექსტილის დიზაინერი ვარ, ამჟამად როგორც ვიზუალური ხელოვანი, სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ, იქნება ეს ვიდეოს შექმნა, წიგნი თუ სხვა ნამუშევარი. 4 წლიდან ვხატავდი და მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა. თავდაპირველად, მოდა მაინტერესებდა, მაგრამ შემდეგ ტექსტილის დიზაინი აღმოვაჩინე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენთან ნაკლებად პერსპექტიული დარგია. სხვადასხვა სფეროში გამოვცადე თავი, დავიწყე ხელნაკეთი ნივთების შექმნა - სამკაულების, სარკეების, სანათების, შემდეგ თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ვსწავლობდი. იქ ასწავლიან, რომ ყველას შეუძლია დამოუკიდებლად წამოიწყოს საქმე, რასაც განავითარებს და ის იქნება მისთვის საარსებო წყარო. მეც ყოველთვის მინდოდა შემექნა რაიმე ჩემი, რაც სიახლე იქნებოდა. ამ ყველაფრის ნაწილია ჩემი სტარტაპიც, საპნებს ვგულისხმობ. ვცდილობ, მაქსიმალურად ქართული პროდუქტი შევქმნა.

- როგორ გაჩნდა საპნების შექმნის ასეთი საინტერესო იდეა?

- ერთხანს გერმანიაში ვცხოვრობდი და პირველად იქ ვნახე ხელნაკეთი საპნები, ვიზუალურადაც მომეწონა და იმის გამოც, რომ შემეძლო შემექმნა ნატურალური საპონი, თანაც ისეთი ფორმის, როგორიც მინდოდა. ჩემს მამიდაშვილთან ერთად გადავწყვიტე, მეც მეცადა. გვინდოდა, ყოფილიყო განსხვავებული და არა სტანდარტული ოთხკუთხედი საპონი. დავიწყეთ ფიქრი კონცეფციაზე - უნდა ყოფილიყო საინტერესო, რომ ბავშვებს შეჰყვარებოდათ და დაძალების გარეშე გასჩენოდათ ხელის დაბანის სურვილი. შევქმენით ცხოველების ფორმის საპნები, რომლებსაც ექნებოდა თავიანთი ზღაპრები, ბოლო გვერდი კი დავმალეთ საპონში - ასე მოტივაცია უჩნდებათ და ხელების დაბანის პროცესი მათთვის საყვარელი საქმიანობა ხდება. ყველა ზღაპრის ბოლო ფურცელზე აღმოაჩენენ, რომ ის გრძელდება. საპნის ოპერასავით არის და სხვა გმირები შემოდიან. პირველად ჰიპოპოტამი გავაკეთეთ. მე ვძერწავ კიდეც და შესაბამისად, ფიგურებსაც თვითონ ვამზადებ, ყალიბებში ვასხამ. ამ ეტაპზე დამხმარე არ მყავს.

- ზღაპრებს ვინმე იგონებს თუ უკვე ცნობილებს იყენებთ?

- ზღაპრებსაც თვითონ ვიგონებ. მსუქანი და საყვარელი ჰიპოს გარდა, გვყავს ჟირაფი აფი, ძაღლი ამუ, თაგვი თაგუ, ვირი ჩოჩო და მელა სახელად კუდა. ნელ-ნელა ვამატებ ცხოველებს.

- წიგნები რა ფორმისაა და საინტერესოა, ისინიც ხელნაკეთია?

- დასაკეცია, 6-გვერდიანია და რომ გაშლი, უკანა გვერდზე აწერია, რომ ბოლოს საპონში იპოვით. თავიდან თამაშობდნენ საპნით, მერე ზღაპარს რომ წაიკითხავდნენ, ხელის დასაბანად გარბოდნენ. იყო შემთხვევა, ბავშვი ტუალეტში ჩაიკეტა და საპონი წყალს შეუშვირა, რომ სწრაფად გალეულიყო. ვეღარ მოითმინა, ისე აინტერესებდა დასასრული.

GzaPress

- როგორც ვიცი, სხვა პროექტებიც გქონდათ...

- ოთხკუთხედი ფორმის საპნებს დავურთე ქართული ხალხური გამოცანები. საპნები შეფუთულია ქაღალდით, ნახატზე მინიშნებაა, ხოლო პასუხი დამალულია საპონში. ეს უკვე უფროსებისთვის არის. უფროსებისთვის დავამზადეთ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, შენობების ფორმის საპნებიც - იმ შენობების, რომლებიც უყურადღებობით ინგრევა და რესტავრაციას საჭიროებს. ამ პროექტს დავარქვით "ხელებიც დამიბანია". სახელმწიფო ზოგს უვლის, მაგრამ ყველას ვერა, სამწუხაროდ. ამ ეტაპზე 3 ასეთი სახლი მოვიძიე. ყველა საპონს მოჰყვება წიგნი, სადაც შენობების შესახებ მოკლე ცნობებია. ამ სახლების ისტორია კი მართლაც ძალზე საინტერესოა. მოკლედ მოგიყვებით მათ შესახებ: ცისფერმაქმანებიანი სახლი რუსთაველის 54-ში ცნობილი რუსი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით 1897 წელს აშენდა. დამკვეთი იყო საზოგადო მოღვაწე ვასილ გაბაშვილი. შენობის ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. მას თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი ამშვენებს: ალაყაფის ჭიშკარი, შადრევნიანი ეზო, მოხატული სადარბაზო, ხის ჭვირული აივანი. 1921 წლის რუსეთის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ გაბაშვილებს სახლის დიდი ნაწილი წაართვეს და რამდენიმე ოჯახი შეასახლეს. ლეგენდის თანახმად, ზემელის რეკონსტრუქციის დროს სახლის დანგრევა გადაწყდა. მისი გადარჩენა ვასილ გაბაშვილის სიძემ, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოახერხა. ის სტალინის პირადი ექიმი ყოფილა, ბელადისთვის სახლის ფოტოები უჩვენებია და მისი გადარჩენა უთხოვია. სტალინს შენობა მოსწონებია და მისი ბედიც გადაწყვეტილა. დღეს ამ სახლში კვლავ გაბაშვილები ცხოვრობენ.

მელიკ აზარიანცის სახლი, რუსთაველის 37-ში მდებარე თბილისური არქიტექტურის გამორჩეული ძეგლი, 1912-15 წლებში აშენდა რუსი არქიტექტორის ნიკოლაი ობოლოვსკის პროექტით. სახლი ეკუთვნოდა მეწარმესა და პირველი გილდიის ვაჭარს ალექსანდრე მელიქ აზარიანცს. მან ქალაქისთავს ხატისოვს ზემელზე ადგილის გამოყოფა სთხოვა. ხატისოვმა გრუნტის წყლებით გაჯერებული ნაგავსაყრელი შესთავაზა. აზარიანცმა ტერიტორიის მიმდებარედ განლაგებული ბარაკები გამოისყიდა, საძირკველი ფოლადისგან შეაკვრევინა და სპეციალურად გამომწვარი აგური გამოიყენა. სახლს მიწის ქვეშ 3-4 სართული და გვირაბების ქსელი აქვს. აზარიანცის ე.წ. შემოსავლიან სახლს ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება, ცენტრალური გათბობა, სატელეფონო სადგური, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნებით გაშენებული ეზო. კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა. გადმოცემით, მშენებლობისას ხატისოვმა აზარიანცს თურმე წყალი შეუწყვიტა. პასუხად აზარიანცს უფრო იაფად გლეხებისგან შეძენილი ღვინით დაუსრულებია მშენებლობა. 1921 წელს მას სახლი წაართვეს და კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი, სადაც უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა 1923 წელს. ის მეგობრებმა დაკრძალეს ვერის ძველ სასაფლაოზე.

ბოზარჯიანცის სახლსაც საინტერესო ისტორია აქვს: ჭონქაძის 12 ნომერში მდებარე თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი მშვენება "მადამ ბოზარჯიანცის სახლის" სახელით იყო ცნობილი. თამბაქოს მრეწველმა ვაჭარმა 1910-იან წლებში მისი აშენება ცნობილ თბილისელ არქიტექტორს, მიხეილ ოგაჯანოვს დაუკვეთა. ბოზარჯიანცი იყო პირველი თბილისელი, რომელსაც საკუთარი მანქანა ჰყავდა. მან მანქანა მძღოლთან ერთად, პარიზიდან გამოიწერა. 1915 წელს "ტფილისის საუკეთესო შენობების" კონკურსში სახლმა ვერცხლის მედალი მიიღო, თუმცა ოქრო საერთოდ არ გაცემულა და ამიტომ სპეციალური არქიტექტურული პრემიაც "საუკეთესო ფასადი" მიენიჭა. შენობა მოდერნის ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია რუხი ქვისგანაა აწყობილი. 1921 წელს პატრონს სახლის დიდი ნაწილი წაართვეს და რამდენიმე ოჯახი შეუსახლეს. თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სახლი კომუნალურ საცხოვრებლად იქცა, დროთა განმავლობაში ბევრი ცნობილი ბინადარი ჰყავდა, მაგრამ თითქმის ყველა ოჯახს ტრაგიკული ბედი ეწია. მადამ ბოზარჯიანცის სახლის კედლები ბევრ საიდუმლოს ინახავს... ამ სახლების ფორმის საპნების შექმნა მინდოდა ყოფილიყო მესიჯი, რომ ძველს უნდა გავუფრთხილდეთ, თორემ ჩამოინგრევა, გაქრება და აღარ გვექნება.

- საპნის დამზადება რამდენად შრომატევადია?

- ერთ ჯერზე ვამზადებ დაახლოებით 20 ცალს. საპონი მალევე ხმება და ყალიბებში ჩადება უნდა მოასწრო. ყალიბიდან რომ ამოვიღებ, მერე უნდა გამოვძერწო. გარდა ამისა, გამოშრობასაც ხომ სჭირდება დრო, წიგნიც უნდა დავამზადო. რაც უფრო მეტხანს გააჩერებ საპონს გამოსაშრობად, უფრო მეტხანს გაძლებს. საპნის დამზადების ცხელი და ცივი მეთოდი არსებობს. ცივი მეთოდით ერთ თვეშია მზად, მე უფრო ცხელ მეთოდს ვიყენებ. ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტიდან და წიგნებიდან. ვთვლი, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ, თუ მოინდომებ. მე პირველივე ცდაზე გამომივიდა. დღემდე მაქვს შენახული პირველი საპონი.

- შემადგენლობაზე მითხარით, რა პროდუქტს იყენებთ?

- ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და რა თქმა უნდა, ნატურალური პროდუქტისგან მზადდება. ქოქოსის, აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთს ვიყენებ. სურნელისთვის ლავანდის ეთერზეთს, უფროსებისთვის შეიძლება ფორთოხალი, ანანასიც დავამატო. ფერისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს - ნახშირს, ყვავილებს.

- მომიყევით იმ კონკურსის შესახებაც, რომელშიც გაიმარჯვეთ?

- მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ბრიტანეთის საბჭო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. ეს იყო შემოქმედებითი ნაპერწკლის კონკურსი Bიგ Iდეა ჩჰალლენგე და სამ კატეგორიას მოიცავდა: ციფრულ ტექნოლოგიებს, სოციალურ გავლენას და შემოქმედებით იდეებს. დასკვნით ღონისძიებაზე 9 ფინალური პროექტიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა, მათგან ერთი კი "ქვეყნის ჩემპიონად" დასახელდა და ის ერთი სწორედ ჩემი იდეა იყო. კონკურსისთვის 300-ზე მეტი პროექტი შეიქმნა, მათ შორის 53 საქართველოდან. 2 ეტაპად ჩატარდა - პირველი იყო საქართველოში, გამარჯვებასთან ერთად დაფინანსებაც მოვიპოვეთ და პატარა საწარმოს გაკეთებასაც ვაპირებთ, მეორე ეტაპი კი ლონდონში იყო და იქ გავხდით კრეატივის კატეგორიის გამარჯვებულები. აქამდე სახლში ვმუშაობდი, საწარმოს გახსნა ძალიან შემიწყობს ხელს მუშაობის პროცესში.

ნინო ჯავახიშვილი