კონექტიკუტის შტატის ამომავალი ვარსკვლავი თამარ ბახბავა - გზაპრესი

კონექტიკუტის შტატის ამომავალი ვარსკვლავი თამარ ბახბავა

თამარ ბახბავა 17 წელია, ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში ცხოვრობს და ძალზე წარმატებული იურისტია. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში კონექტიკუტის შტატის "ამომავალ ვარსკვლავად" ირჩევდნენ, უკვე არაერთ ლიდერულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოასწრო მუშაობა. მისი მეუღლეც იურისტია, საქართველოსა და ქართველებზე შეყვარებული, წარმოშობით იტალიელი მეთიუ დივიტო.

- ბავშვობა ფოთში გავატარე. დედა ქართული ენის მასწავლებელია, 25 წლისა დაქვრივდა, 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო დარჩა და მთლიანად ჩვენ მოგვიძღვნა ცხოვრება. ყოველთვის გვეუბნებოდა, ოღონდ კარგად ისწავლეთ და ყველაფერს გავაკეთებ თქვენს ხელშესაწყობადო. დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. შემდეგ ჩემი დის, მაკას დამსახურებით მიმიწვია ამერიკულმა ოჯახმა - გერი ჰავიმ და პატრიშა სკოტმა, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი მომავალი. ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე, მაკა ამერიკაში სასწავლებლად 40 ბავშვთან ერთად წავიდა - იმ წლებში ფოთში კონკურსი ტარდებოდა ინგლისურ ენაში, გამარჯვებულს ფოთის მერიისა და ნავსადგურის ხელმძღვანელობა ერთი წლით ამერიკაში სასწავლებლად გზავნიდა. სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი და საქართველოში დაბრუნდა, მისი მასპინძელი ცოლ-ქმარი კი სულ ეპატიჟებოდა, ჩამოდი და შენი დაც ჩამოიყვანეო. მინდოდა, ჯერ უნივერსიტეტი დამემთავრებინა და მერე გამეგრძელებინა საზღვარგარეთ სწავლა. ასეც მოხდა. ბაკალავრის ხარისხად ჩამითვალეს ჩემი იურიდიული განათლება და მიმიღეს სკოლაში, რომელსაც ეწოდება University of Virginia School of Law და რომელიც საუკეთესო ათეულშია მთელ ქვეყანაში, ჰარვარდისა და იეილის უნივერსიტეტების გვერდით. სწავლის საფასურს სტუდენტური სესხით ვიხდიდი. ერთ ზაფხულს, საქართველოში ჩამოსულმა, ქართულ-ბრიტანულ ფირმაში დავიწყე მუშაობა და კარგი გამოცდილებაც მივიღე. სიმართლე გითხრათ, სწავლის დასრულების შემდეგ ვაპირებდი საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას, მაგრამ დავოჯახდი და გეგმები შემეცვალა.

- ალბათ რთულია კარიერის აწყობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხომ?

- თავიდან იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი. შარშან დავანებე თავი კერძო პრაქტიკას. ახლა კონექტიკუტის გენერალური იურისტის ოფისში ვმუშაობ სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში. ჩვენ ვიცავთ კონექტიკუტის შტატს, ყველა მის სააგენტოს, დეპარტამენტს, სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს, შტატის უნივერსიტეტებს და კოლეჯებს, ასევე, ოფიციალურ პირებსა და მუშაკებს შტატის სასამართლოებსა და ფედერალურ სასამართლოში. ისევე, როგორც კონექტიკუტში, ლიცენზირებული ვარ ნიუ-იორკშიც და ფედერალურ სასამართლოში. New England Super Lawyers - ეს ჟურნალი ყოველწლიურად აქვეყნებს შერჩეულ იურისტებს კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის, როდ-აილენდის, ვერმონტის, ნიუ-ჰემშაირისა და მეინის შტატებიდან. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ამირჩიეს კონექტიკუტის "ამომავალ ვარსკვლავად". არაერთი ასოციაციისა და ორგანიზაციის წევრი თუ ხელმძღვანელი ვყოფილვარ, ამირჩიეს კონექტიკუტის შტატის ადვოკატთა ასოციაციის დეპუტატთა პალატის წევრად, სადაც ერთ-ერთ საარჩევნო ოლქს წარმოვადგენ.

სამწუხაროდ, საქართველოში ვერასდროს მივაღწევდი იმას, რაც ამერიკაში შევძელი - ქვეყანაში, სადაც არავინ მყავდა. აქ არავის აინტერესებს, ვინ არიან შენი მშობლები ან ნათესავები. ამიტომაც ეძახიან ამერიკას ოცნებების ქვეყანას. ის მართლაც გაძლევს წარმატების შესაძლებლობას, თუ ბევრს იშრომებ. ამ წლების განმავლობაში დასასვენებლად მხოლოდ ერთხელ მოვახერხე ჩამოსვლა საქართველოში.

ამ ყველაფერს მივაღწიე იმიტომ, რომ მყავს არაჩვეულებრივი დედა და და, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა და მხარში მედგა. ასევე, ჩემი ამერიკული ოჯახი, ვინც მომცა ეს შესაძლებლობა ცხოვრებაში. უაღრესად მადლიერი ვარ მათი და კიდევ, ჩემი პირველი სკოლისა და მისი არაჩვეულებრივი მასწავლებლების, რომლებმაც ამ მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. ჩემი საკუთარი გამოცდილებით ვიტყვი, რომ განათლება არის ყველაფერი, ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. მინდა, საქართველოშიც შეიცვალოს სიტუაცია და დააფასონ არა ოჯახისშვილობა და ფული, არამედ ნიჭი და განათლება.

GzaPress

- თქვენი ოჯახის შესახებ მომიყევით. გაგვაცანით მეუღლე.

- იურიდიულ ფირმაში გავიცანი მომავალი მეუღლე. ის სისხლის სამართალზე მუშაობდა, მე - სამოქალაქოზე. ჩვენი ოფისები სხვადასხვა ადგილას იყო და ერთხელ, სამსახურში შეხვედრისას, უამრავი რამ მითხრა საქართველოს მეფეების, ომების შესახებ. მოკლედ, კარგად იცოდა ისტორია, არადა, რომ ვიტყოდი, საქართველოდან ვარ-მეთქი, მეკითხებოდნენ, ჯორჯიას შტატიდანო?.. კიდევ, რუსი ვეგონე უმეტესობას. მეც ვუხსნიდი, სად მდებარეობს და როგორი ქვეყანაა საქართველო... მეთიუმ ისიც კი მითხრა, თამარ მეფის სახელი გქვიაო. მესიამოვნა, ამდენი რამ რომ იცოდა ჩემს სამშობლოზე. თურმე, ნუ იტყვით და, მე რომ გამიცნო, მერე დაუწყია საქართველოზე ინფორმაციის მოძიება, ჩემთვის თავის მოსაწონებლად... მალე ჩვენმა ფირმამ საშობაო წვეულება მოაწყო; შეგეძლო, იქ ახლობელი ან შეყვარებულიც მიგეყვანა. მე ჩემი და წავიყვანე. მაკას ძალიან მოეწონა მეთიუ, - რა კარგი ბიჭია, რამდენი რამ სცოდნია საქართველოზე, არ მოგწონს? კარგი ადამიანი ჩანსო. თქმით არაფერს მეუბნებოდა და ვერ ვხვდებოდი, რომ მოვწონდი. ერთხელაც სადილზე დამპატიჟა და ასე დაიწყო ჩვენი რომანი (იცინის). მერე დედას სთხოვა ჩემი ხელი. დიდი ქორწილი გვქონდა. ამჟამად მეთიუ სახალხო დამცველად მუშაობს. არაჩვეულებრივი ადამიანია, კარგი მამა და მეუღლე, ჩემი საუკეთესო მეგობარი. მეთიუ კი ჰქვია, მაგრამ ყველა მათეს ვეძახით. მამა იტალიელი ჰყავს წარმოშობით, დედა - ბერძენი. ქართველებსა და საქართველოზე შეყვარებულია. ქართულის სწავლაც კი დაიწყო და არცთუ უშედეგოდ. გვყავს ორი ქალიშვილი - 6 წლის ნათია და წლინახევრის სოფია.

- მისმა ოჯახმა როგორ მიგიღოთ?

- მშობლები და ერთი და ჰყავს, ყველამ თბილად მიმიღო. ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ და ძალიან გვეხმარებიან ბავშვების მოვლაში. მეთიუმ ახლაც მათთან წაიყვანა ორივე, თორემ შინ რომ ყოფილიყვნენ, საუბარს ვერ შევძლებდით, ისეთი აურზაური იქნებოდა... მამის მხრიდან დიდი სანათესავო ჰყავს, 2 წელიწადში ერთხელ იკრიბებიან, 100-150 კაცი გროვდება - ბებიის დები, იმათი შვილები, შვილიშვილები, ყველას სახელებს ვერც ვიმახსოვრებ. ხშირად ვერ ხვდებიან, მაგრამ ძალიან უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს.

- თამარ, საინტერესოა, ქართულ-ამერიკულ ოჯახში რა ხდება, წამყვანი ფიგურა ვინ არის მანდ?

- აქ ასეთი გამოთქმაა: ცოლი თუ არის ბედნიერი, ცხოვრებაც ბედნიერი გექნებაო. ჩვენ ვართ თანასწორნი ემოციურადაც, ფინანსურადაც, გადაწყვეტილებების მიღების დროსაც. ზოგჯერ ვეტყვი ხოლმე, ოჯახის ლიდერი შენ ხარ-მეთქი და ეცინება, კარგად ვიცით, ლიდერი ვინ არის, კარგი იყო ძველი დრო, როდესაც მამაკაცი უფროსობდაო... იცის, საქართველოში როგორი ტრადიციები იყო, რომ ქალი მამაკაცის მორჩილი უნდა ყოფილიყო და ხუმრობით მეუბნება, მომწონს ეგ ძველი ადათ-წესები, უნდა დამემორჩილოო. საერთოდ, ამერიკა კონსერვატიული ქვეყანაა. თუ დაქორწინებული ხარ და მეუღლეს არ ღალატობ, დიდ პატივს გცემენ. მეთიუს მშობლებმა კოლეჯში გაიცნეს ერთმანეთი, დაქორწინდნენ და უკვე 30 წელია, ერთად არიან. როგორც ფილმებშია, ასე არავინ იცვლის პარტნიორს. განქორწინება დიდი ტრავმაა. კერძო ფირმაში რომ ვმუშაობდი, მქონდა შეხება ამ თემასთან. არის შტატები, სადაც მიზეზის დასახელება არ სჭირდება განქორწინებას, ნებისმიერი მიზეზის გამო თუ საერთოდ უმიზეზოდ შეგიძლია დაშორება. ხშირად შორდებიან ფიზიკური ან ემოციური ძალადობის გამო. სამწუხაროდ, ძალადობა აქაც არ არის უცხო და იშვიათი.

- მეთიუ საქართველოს თუ სტუმრობდა და როგორი იყო მისი შთაბეჭდილებები?

- 2013-ში ვიყავით საქართველოში და ძალიან მოეწონა. ამბობს, უფრო კარგად ვისწავლი ქართულს და რომ ჩავალ, ნათესავებს თვითონ დაველაპარაკებიო. გაგიჟდა ქალაქებზე, ეკლესიებზე, ქართულ კერძებზე, ღვინოზე... განსაკუთრებით კახეთით მოიხიბლა - სუფრის ტრადიციებით, ერთად ყოფნით, მოლხენით, სიმღერით, სადღეგრძელოებით. ერთი კვირა დავყავით იქ და თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახეთ. ამბობს, კახეთში ვიყიდოთ სახლიო.

GzaPress

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა მდგომარეობაა თქვენს შტატში კორონავირუსთან დაკავშირებით? მითხარით, უფროსი შვილი წელს პირველკლასელიაო. თქვენთანაც ონლაინ დაიწყო სწავლა?

- დიახ, წელს სკოლაში შევიდა. ჩვენ არჩევანის საშუალება გვქონდა - ონლაინსწავლებას ავირჩევდით თუ სკოლაში ვატარებდით. გადავწყვიტეთ, წასულიყო, რადგან ვთვლით, რომ ბავშვს სჭირდება ცოცხალი ურთიერთობა თანატოლებთანაც და მასწავლებლებთანაც. სკოლის შენობაში მაქსიმალურად დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას ატარებენ. ნათიას კლასში 20 ბავშვია, უმეტესობამ მაინც მისვლა არჩია. ჩვენს შტატში გუბერნატორმა თავიდანვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. 7-8 სექტემბერს ვადა გასდიოდა, მაგრამ 5 თვით კვლავ გააგრძელა, რაკი ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობდა. რესტორანში, სალონში - ყველგან წესები უნდა დაიცვა; ოფისში რომ მივდივარ, ჩემს დეპარტამენტს წინასწარ ვატყობინებ, რომ ბევრმა ადამიანმა არ მოიყაროს თავი. კონექტიკუტის გუბერნატორის წყალობით, ეს შტატი კარგად არის კონტროლირებული. ძნელია რეგულაციების შესრულება, მაგრამ როცა სხვა გზა არ გაქვს, უნდა დაიცვა მოხუცები, ბავშვები, რისკის მქონე ადამიანები. ბუნებრივია, აქაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, აიგნორებენ რეგულაციებს, ჩივიან, სახელმწიფო რატომ მკარნახობს, რა უნდა გავაკეთო, როგორც მინდა, ისე მოვიქცევიო. გაღიზიანებულია ხალხი, ბევრმა დაკარგა სამსახური, ზოგსაც ხელფასი შეუმცირეს... რთულია, მესმის, მაგრამ როცა სხვა გამოსავალი არ არის, რას ვიზამთ?

- სამომავლოდ, საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას თუ გეგმავთ?

- საქართველო ულამაზესი, არაჩვეულებრივი ქვეყანაა და ძალიან მენატრება. გამორჩეული ისტორიისა და კულტურის მქონე ხალხი ვართ. თვითონ უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი, ახალ თაობას, განათლებულ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება, შეცვალონ ძველი პოლიტიკოსები, მენტალიტეტი და დაწერონ ქვეყნის ახალი ისტორია. სხვათა შორის, ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას და ცხოვრებას. როგორც უკვე გითხარით, მეუღლე მეუბნება, კახეთში ვიყიდოთ სახლიო. როდესაც ბავშვები სტუდენტები იქნებიან, ვფიქრობთ, მიწის ნაკვეთი ვიყიდოთ და ვენახი გავაშენოთ. ეს არის ჩემი ოცნება.

ნინო ჯავახიშვილი