"საქართველო, სამწუხაროდ, სამყაროში უკვე დაგროვილ ცოდნას იმეორებს"
font-large font-small
"საქართველო, სამწუხაროდ, სამყაროში უკვე დაგროვილ ცოდნას იმეორებს"
"ახალგაზრდების მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი"


რამდენიმე დღის წინ დისერტაცია დაიცვა თემაზე - რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში. ამ თემის შერჩევით ბადრი ბელქანიამ თითქოს თავისი მთავარი პროფესიული ინტერესების - კონფლიქტების, საერთაშორისო უსაფრთხოების, რუსეთის საგარეო პოლიტიკის და ახლო აღმოსავლეთის - ნაზავი შექმნა.


"სირიის სამოქალაქო ომი, რომელიც თავისი შედეგებით და მასშტაბებით საერთაშორისო დონის კონფლიქტად იქცა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, საინტერესო მოვლენაა. მას ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებული "არაბული გაზაფხულის" პროცესებიდან ვადევნებდი თვალყურს და ამ საკითხების როგორც ჩამოყალიბებული ანალიტიკური მოსაზრებების, სიღრმისეულად გამოკვლევის ინტერესიც მქონდა. ამ თემაზე მუშაობისას მრავალი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის, რუსეთის, როგორც აგრესორი ქვეყნის საგარეო სამხედრო და პოლიტიკური ქმედებები თუნდაც ახლო აღმოსავლეთში აუცილებლად სათანადოდ შესასწავლი და დასაკვირვებელია, რადგან მსგავსი ქვეყნები ხშირად იმეორებენ იმ მეთოდებს, რომლებიც სხვა ადგილას ერთხელ უკვე გამოიყენეს", - გვეუბნება მიზანმიმართული და წარმატებული ბადრი. ის 26 წლის არის და მისი ასაკისთვის ვფიქრობ, უკვე ბევრს მიაღწია.
- გულწრფელად გეტყვით, არ მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით რაიმე განსაკუთრებულს მივაღწიე. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში მიიჩნევა, რომ ცოდნის მიღება თავისთავადი ფასეულობაა. ამ აზრს ვიზიარებ, თუმცა ცოტა რუსთაველისკენაც ვიხრები, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ არ იმოქმედებ, ცოდნა არას გარგებს. ვნახოთ, როგორ შევძლებ პრაქტიკული მიმართულებით განვითარებას და მიღწევებზე შემდეგ ვილაპარაკებ.
- სკოლა ოქროს მედალზე გაქვთ დამთავრებული, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტშიც 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხეთ, შემდეგ კი ბრიტანეთში, გლაზგოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის და ცხოვრების სრული დაფინანსებით მოხვდით. ეს მხოლოდ თქვენი ნიჭის შედეგია თუ შრომაც გიყვართ?
- არნახული შრომისმოყვარეობით არასოდეს გამოვირჩეოდი, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაძლევდა საშუალებას, რაც გასაკეთებელი იყო, გვერდზე გადამედო. მნიშვნელოვანი თვისება აკადემიური წინსვლისთვის ისიც არის, რომ რასაც ხელს მოჰკიდებ, ხარისხიანად უნდა გააკეთო, თუნდაც გარკვეული პერიოდი ეს უძილო ღამეებად დაგიჯდეს. ასეთი ღამე ბევრი მქონია, მაგრამ მათ დადებითი შედეგიც გამოიღეს.
- ნებისმიერი ადამიანის ბიოგრაფია სადღაც იწყება. თქვენ წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში დაიბადეთ, თუმცა თქვენი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია...
- დედაც და მამაც ორივე აფხაზეთიდან დევნილია. დედა სოხუმელია, მამა კოჩარელი (ოჩამჩირის რაიონი). აფხაზეთის თემა ჩემთვის ყველაზე ახლობელი და ამავდროულად, მტკივნეულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ მე 1994 წელს დავიბადე სამეგრელოში, მაშინ როდესაც აფხაზეთში უკვე ყველაფერი დაკარგული გვქონდა, ჩემი ოჯახის წევრებმა თავისი შთაგონებითა და მუდმივი მოგონებებით ისეთი განცდა ჩამომიყალიბეს, თითქოს აფხაზეთის შესახებ არათუ გადმოცემით ვიცი, არამედ ვიცხოვრე კიდეც იქ. სამწუხაროდ, მე ეს ვერ მოვასწარი, თუმცა ყველაფერი წინ არის და ესეც ერთ დღეს აუცილებლად მოხდება. ამ საკითხების მიმართ პიროვნულმა ინტერესმა ერთგვარად ჩემი პროფესიაც განაპირობა და ალბათ, პოლიტოლოგიას და კონფლიქტოლოგიას გარკვეულწილად ამიტომაც გავყევი.
GzaPress
- ე.ი. პროფესიული არჩევანი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით პოლიტიკისადმი ინტერესმა განსაზღვრა. არაბული ენის (ახლო აღმოსავლეთის) სწავლა რატომ გადაწყვიტეთ?
- ბავშვობიდან ჩართული ვიყავი და ვეცნობოდი საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. იზრდებოდე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც უამრავი შიდა და გარე სახელმწიფოებრივი დაბრკოლება გამოიარა და არ ინტერესდებოდე პოლიტიკით, ისეთი ფუფუნებაა, რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია... რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს და არაბულ ენას, ჩვენი უნივერსიტეტი საშუალებას იძლეოდა, გარდა ევროპული ენებისა, რომელთა სწავლაც შედარებით უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია, ახლო ან შორეული აღმოსავლეთის მიმართულება აგვერჩია შესაბამისი ენით. ახლო აღმოსავლეთი და არაბული სამყარო თავისი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ასპექტებით ყოველთვის მიზიდავდა და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახლო აღმოსავლეთს ჩვენს ქვეყანაზე ისტორიულადაც დიდი გავლენა ჰქონდა და დღესდღეობით მსოფლიო პოლიტიკაშიც ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში.
- ბაკალავრიატის პერიოდში, ეგვიპტის განათლების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არაბული ენის ასათვისებლად, ერთი წელი კაიროშიც გაატარეთ. სიღრმისეულად რატომ დაინტერესდით ამ ენით და რა აქვს მას ისეთი, რაც სხვა ენებისგან გამოარჩევს?
- არაბული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ენად ითვლება, რაც საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია დავადასტურო. შესაბამისად, მისი სრულფასოვნად ათვისება არაბულ ქვეყანაში პრაქტიკის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. სწორედ ამან და არაბული კულტურის პირადად გაცნობის სურვილმა მიბიძგა ეგვიპტეში წავსულიყავი, სადაც უაღრესად საინტერესო და შედეგიანი ერთი აკადემიური წელი გავატარე.
- ამ ყველაფერთან ერთად, ხუთი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტში ისწავლეთ. გარდა ამისა, მონაწილეობა გაქვთ მიღებული არაერთ სხვა ქვეყანაში ჩატარებულ კონფერენციასა თუ ე.წ. ვორქშოფში...
- ეს გამოცდილება, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობით დავაგროვე, იზომება არა ქვეყნების, დიპლომების და სერტიფიკატების რაოდენობით, არამედ იმ ხელშესახები ცოდნით, რომელიც თითოეული მათგანიდან წამოვიღე. ხელოვნური იქნებოდა, რომ ეს უბრალოდ ქვეყნების, ქალაქებისა და პროგრამების სია იყოს და მის უკან არაფერი იდგეს, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი, ეს სასწავლო პროგრამები მაქსიმალურად ნაყოფიერი გამეხადა ჩემთვის და ასევე, გამეტანა ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიციები, ინტერესები ფართო ასპარეზზე.
- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
- ჩემი დღევანდელი საქმიანობა ორ მიმართულებას უკავშირდება. ერთი მხრივ, ახლახან დავიწყე მუშაობა საქართველოს გაეროს ასოციაციაში, რომელიც თავისი კვლევითი და საინფორმაციო საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს ისახავს. მეც ძირითადად, ამ მიმართულებით ვმუშაობ კომპეტენტურ გუნდთან ერთად.
მეორე მხრივ, ვცდილობ, არ ჩამოვშორდე აკადემიურ საქმიანობას და ამ მიმართულებითაც ვაქტიურობ. კოლეგებთან ერთად შეტანილი მაქვს განაცხადი სხვადასხვა საინტერესო და საქართველოსთვის რელევანტურ კვლევაზე; ასევე, ვამზადებთ სალექციო კურსს, რომელსაც ქართულ უნივერსიტეტებში წავიკითხავთ.
- ბევრი ახალგაზრდისგან მსმენია, რომ საქართველოში არაფერს აქვს აზრი, რადგან აქ წარმატებას ვერ მიაღწევ. რას ეტყოდით მათ საკუთარი გამოცდილებიდან?
- ეს ზედმეტად მძაფრად არის ნათქვამი და ცხადია, ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება. მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს, ჩვენს ეპოქაში, როდესაც სხვა საუკუნეებთან და თუნდაც გასულ ათწლეულებთან შედარებით, სტუდენტებისთვის შესაძლებლობები საგრძნობლად გაზრდილია. თუმცა, მე მესმის იმ ახალგაზრდებისაც, რომელთაც ეს გრძნობა უჩნდებათ, რადგანაც საქართველო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ სთავაზობს ახალგაზრდებს იმ პერსპექტივებს, რაც მათ სათანადო განათლების მისაღებად და შემდგომში ამ განათლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ყველას მოვუწოდებდი, თუ ამის ხელშეწყობა ოჯახიდან აქვთ, აუცილებლად მეტად მოინდომონ, მოიძიონ ინტერნეტში, ჰკითხონ იმ ახლობლებს და მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვთ სხვადასხვა საინტერესო პროგრამაში მონაწილეობის, გაგზავნონ აპლიკაციები და გამოიყენონ საქართველოს ის რესურსი, რომელიც არსებობს. თუ რომელიმე მათგანი წაიკითხავს ამ ინტერვიუს და დაინტერესდება, დამიკავშირდნენ სოციალურ ქსელში და მოხარული ვიქნები, თითოეულს ამ მიმართულებით პირადად გავუწიო კონსულტაციები, რადგან შესაბამისი ინფორმაციის ქონა ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
- ჩვენი განათლების სისტემაც რომ შეაფასოთ: თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით?
- ჩვენს განათლების სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, მთლიანობაში, სამწუხაროდ, მას უფრო მეტი ჩავარდნა და გამოწვევა აქვს, ვიდრე წარმატება. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სწავლისას, არასოდეს დამრჩენია განცდა, რომ პერიფერიული ქვეყნიდან ვიყავი ჩასული და ვინმეს რამეში ჩამოვრჩებოდი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ზოგად განათლებაზე მიდგებოდა. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებებიდან გამომდინარე, მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს განათლების სისტემას აქვს მეცნიერების და ზოგადად, აკადემიური კვლევის დაბალი ხარისხია. საქართველო, სამწუხაროდ, უბრალოდ იმეორებს სამყაროში უკვე დაგროვილ ცოდნას და არ აწარმოებს ახალს, რაც მეცნიერების მთავარი მიზანია. ქართული უნივერსიტეტებიც აკადემიურ კვლევით ინსტიტუციებზე მეტად, უბრალოდ სკოლებს ჰგვანან, სადაც, სკოლებისგან განსხვავებით, შედარებით სერიოზული საგნები ისწავლება. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სხვა შემთხვევაში, ისევ მეორეული ცოდნის კიდევ ერთხელ გადამამღერებელ სისტემად დავრჩებით.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პრობლემატური სოციალური ფონისა და უთანასწორობის გამო, ყველა მოსწავლეს თუ სტუდენტს თანაბრად არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე. მტკიცედ მწამს, რომ განათლება ყველასთვისაა, განურჩევლად იმისა, ვინ რომელი ქალაქიდან, სოფლიდან, ოჯახიდან და ზოგადად, სოციალური წრიდან მოდის. განათლების ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფომ ამ მიმართულებით აუცილებლად უფრო მეტი უნდა იმუშაოს.
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ის ხშირად იდგა ეზოში და ცას უყურებდა..."
"ციდან ბევრჯერ გამოვიქცევი, სიკეთე რომ გავაკეთო"
ჩემი ოცნება იყო, მეთამაშა დიდი ფეხბურთი
"ხან ფერმაში ვმუშაობდ, ხან ცხვათ ძროხის ჯერში ვიარიდ, იმაშ ერთ დღეს რო ძროხაში გამგზავნიდეს, 5 ლარს მიხდიდნენ"
"ძალიან მინდა, ჩემი ნახატები საკუთარი თვალით ვნახო"
რა საქმე გააკეთებინა ერეკლე მეფეს ხელმომჭირნე ხიზაბავრელმა
"ჯადოებით და ლოცვებით გამოჭერილი მამაკაცი საბოლოოდ მაინც გაგექცევათ"
ანუ სახლი, სადაც დავით სარაჯიშვილის სიცოცხლე დასრულდა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი