ცეცხლისა და ფოლადის დამმორჩილებელი ხელოვანი
სტუმრად მისულს თავდაპირველად სახელოსნო დამათვალიერებინა. ნახშირისა და გაზის ღუმლით დაწყებული, თანამიმდევრულად ყველაფერს საგულდაგულოდ მაცნობდა - ხსნარებს, გრავირებისა და სხვა ხელსაწყო-იარაღებს, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნამუშევრებს, ლოსისა თუ ირმის რქებს, ბაწარაულის ხმლის ამბებს, მისი ჭედვისას ფოლადი რამდენჯერმე რომ იგრიხება ბაწარივით, ზოგადად ლითონისა და ხის ბუნებას და მათზე მუშაობის ძველებურ თუ ახალ, ქართულ, დამასკურ და კიდევ სხვა მეთოდებსაც. ბოლოს ღიმილით მითხრა, - მუშაობის პროცესი აზარტულია, გიტაცებს, ერთი სული გაქვს, ვიდრე შედეგს მიაღწევ. ეს ჩემი სამყაროა, მთელ დროს სახელოსნოში ვატარებ და ლითონის დამორჩილების მთელი ჯადოქრობაც სწორედ აქ ხდებაო. მერე სახელოსნოდან სახლში გადავინაცვლეთ, ჯადოქრობის შედეგი უნდა მენახა - გრდემლსა და ადამიანის ხელგამოვლილი ნამუშევრები. სახლი საუცხოო ნივთებით იყო მორთული, მართლაც ოქროს ხელებით შექმნილი. ექსკურსია ოთახებში გაგრძელდა. პირველად თვალში გვერდიგვერდ დაწყობილი რამდენიმე ულამაზესი დანა მომხვდა, თითოეული კარგად შევათვალიერე და ჩემს ახალციხელ მასპინძელს, ხელოვან ბორის თათეშვილს სწორედ ამ დანებზე ვკითხე.
- ეს დანა (ერთ-ერთს მიჩვენებს. - ავტ.) უძველესი მეთოდითაა შექმნილი - ხეში ფერადი ლითონის ჩაჭედვით. აქვე მაქვს იმავე მეთოდით - ხეში სხვა ხის ჩასმით ნამუშევარი დანაც. გრავირების ხელსაწყო რომ გაჩვენეთ, ეს გრავირებები სწორედ იმით გავუკეთე ამ დანების ვადებს. სხვათა შორის, გრავირებას დანის პირებზეც ვაკეთებ. ეს დანა ვერცხლითაა შესრულებული - ვადაჯვარიც ვერცხლია, დაბოლოებაც; ტარი, ძირითადად, კაკალია. საინტერესოა ტარიანად ერთი მთლიანი ფოლადისგან გამოჭედილი დანა, ყოველგვარი გადაბმის გარეშე. სხვათა შორის, ფოლადი, რითაც ეს დანა დავამზადე, ერთ დროს მანქანის ზამბარა იყო. სამუშაო მასალა ხშირად ჯართიდან მომაქვს. ეს დანა დაძველების მეთოდით დამასკური სტილითაა შესრულებული. ნახატების სიწვრილე მიუთითებს, რომ აქ გაცილებით მეტი ფოლადის ფენაა გაკეთებული, ვიდრე უფრო მსხვილი მოხატულობის შემთხვევაში. ბევრი ამზადებს დანას და ამგვარ მოხატულობას ჩვეულებრივად, ზემოდან ახატავს, მაგრამ მაინც მოჭედილობად ასაღებს. ვიღაც შეიძლება მოტყუვდეს, თუმცა საკმარისია, იმ დანას "შკურკა" ან რაიმე მსგავსი, ხაოიანი გადაუსვა და ნახატი მაშინვე წაიშლება. გამოჭედილ დანას კი, რაც მეტად "გაშკურკავ", მით უფრო მეტი ახალი ფენა და ნახატი გამოჩნდება. ეს პატარა დანა ჩვეულებრივი რკინისაა, მაგრამ განსხვავებული ფორმა აქვს. მისი ქარქაში ხისაა - ჯერ არ დამისრულებია, უნდა მოვხატო. ალბათ ფერსაც შევუცვლი. გარდა ამისა, თავსა და ბოლოში თითბერიც უნდა გავუკეთო.
- ამ ოთახში ხმლებსაც ვხედავ, რკინისა და ხის სხვადასხვა ნამუშევარს...
- ლითონზე მუშაობით ძალიან დიდი ხნის წინ დავინტერესდი, ალბათ მეოთხე-მეხუთე კლასში ყოფნისას. პაპაჩემს ჰქონდა დასაკეცი დანა და ერთი სული მქონდა, როდის მათხოვებდა, "დანასობია" რომ მეთამაშა - მიწაში სხვადასხვა სტილით ვარჭობდი დანებს და ამით ვირთობდი თავს. ნელ-ნელა ოჯახის სამზარეულოს დანების ჩემებურად გადაკეთებაც დავიწყე. ხელსაწყოებიდან კი პირველად, სალესი დანადგარი, ე.წ. ტაჩილა შევიძინე. მერე უფრო ინტენსიურად დავიწყე დანებზე მუშაობა, ოღონდ, რომ იტყვიან, კომბლესავით ვაკეთებდი და სხვენში ვაწყობდი ან ვინმეს ვჩუქნიდი (იცინის). ახალციხეში უნივერსიტეტი რომ გაიხსნა და ლექტორებიც ჩამოვიდნენ, ჩემი გაკეთებული დანა პირველად მათ შეიძინეს. აქ გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტიც გაიხსნა და მისმა ხელმძღვანელმა რამაზ კორშიამ დამაკვალიანა, თავის კურსელთან - ზარნაძესთან გამიშვა, უკეთ რომ გავრკვეულიყავი ლითონზე მუშაობის ტექნოლოგიაში. თავად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული, სახელოვნებო კურსებიც კი არ მქონდა გავლილი, ჩემით შევისწავლე, რა როგორ გამეკეთებინა, ბაწარაულიც მქონდა გაკეთებული და დამასკურიც. თბილისში, ზარნაძესთან რომ მივედი, ჩემი ნამუშევრები წავუღე და მომიწონა. რაღაცები მან მასწავლა, რაღაცები ახალციხელი ხელოსნისგან ავითვისე: ხან ერთ სამჭედლოს მივაკითხავდი, ხან მეორეს და ასე, მარცვალ-მარცვალ ავკრიფე ცოდნა. შედუღების პროცესი საკმაოდ რთულია და ძალიან გავწვალდი - 5-10 გრადუსის ცდომილებასაც კი უნდა მიხვდე, თანაც თვალით, თორემ 1 გრადუსითაც თუ გადააჭარბე, ერთი კვირის ნამუშევარი ჩაგეყრება წყალში და ვერც აღადგენ. თუ გრადუსი დააკელი, აღდგენის მცირე შანსი გრჩება. წარმოიდგინეთ, 7-8 სახის მეტალი უნდა შეადუღო, არადა, თითოეულს სხვადასხვა ტემპერატურა სჭირდება საამისოდ, ამიტომ საერთო უნდა მოუძებნო, ანუ ფაქტობრივად, ფოლადიც უნდა დაიმორჩილო და ცეცხლიც. ეს უკანასკნელი შენს ჭკუაზე უნდა ენთოს და ვერ გაჯობოს.
- რას ფიქრობთ, ფოლადისა და ცეცხლის მორჯულება უფრო იოლია თუ - ქალის?
- ოო, ფოლადს ან ცეცხლს უმალ მოუხერხებ რამეს, ვიდრე ქალს მოარჯულებ ან დაიმორჩილებ (იცინის).
- და მაინც, რამდენჯერ გაგიცრუათ იმედი საკუთარმა გუმანმა ან ტექნოლოგიამ?
- დასაწყისში ბევრჯერ, მაგრამ ხელი არასდროს ჩამიქნევია. იცით, რატომ? ბოლოს ერთი ნამუშევარი რომ გამოგივიდეს, ყველაფერს აანაზღაურებს. ბოლოს დანის პირზე ერთ ნახატსაც რომ მიიღებ, ყველაფერი გავიწყდება - სამჭედლოში გატარებული ერთი კვირა, ოფლის ღვრა, გამურული ხელები თუ სახე და ა.შ. იცით, დაახლოებით როგორ არის? სამშობიაროში ბავშვს რომ ელოდები, მაგრამ არ იცი, ბიჭი იქნება თუ გოგო. როდესაც გაიგებ, ხომ უსაზღვროდ გიხარია? სწორედ ამგვარი შეგრძნება გიჩნდება ნამუშევრის სრულყოფილ, დასრულებულ სახეს რომ ხედავ.
- დათვლილი გაქვთ, რამდენი დანა დაამზადეთ?
- არასდროს დამითვლია. საერთოდ, დიდი განსხვავებაა დამასკურს, ბაწარაულსა და ჩვეულებრივ რკინით დამზადებულს შორის. ნამზადი, რაღაც ფორმამდე მიყვანილი, დღის ბოლოს შეიძლება 5-10 ნამუშევარიც გქონდეს, მაგრამ ტექნიკურად თითქმის ერთნაირად დასამუშავებელი დამასკური და ბაწარაული მეთოდებით ძალიან ბევრს ვერ გააკეთებ, გაცილებით ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება.
- შეგირდები გყავთ?
- რამდენიმე შეგირდი მყავდა, ახალციხის ზრდასრულთა ცენტრმა მიმიწვია პედაგოგად, იქვე ვასწავლიდი და ჩემს სამჭედლოშიც დადიოდნენ, მაგრამ... მეხუთე თუ მეექვსე გაკვეთილის შემდეგ ყველანი გაქრნენ. არ ვიცი, რა ეგონათ - ალბათ ფიქრობდნენ, რომ სამჭედლოში ერთი შესვლით რამდენიმე დანას წამოაყოლებდნენ ან დილით რომ გაიღვიძებდნენ, ბალიშის ქვეშ გამზადებული დახვდებოდათ?.. არადა, ერთი დანის დამზადებას ვერ წარმოიდგენთ, რამდენი შრომა უნდა, რამდენი გამურვა-გამჭვარტვლა, თუნდაც ლითონთან და ცეცხლთან ჭიდილს რა სულიერი გამძლეობა სჭირდება! სამაგიეროდ, შედეგია საოცარი - შენს ნახელავს რომ ხედავ და სხვაც გიფასებს, - აუ, რა კარგიაო! - გულზე გეფონება და ყველაფერი გავიწყდება.
ირმა ხარშილაძე