ტელევიზიაზე, მშობლებზე, მსახიობებზე... - გზაპრესი

ტელევიზიაზე, მშობლებზე, მსახიობებზე...

"ინტერვიუებზე უარს ვამბობ, იმიტომ, რომ ზოგჯერ ჟურნალისტები არასწორად წერენ, მერე ერთსა და იმავეს ვიმეორებ... ახალი არაფერი ხდება. ერთადერთი, ხდება ის, რომ ჩვენგან მიდიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება ვიმუშავე და ვემსახურე ტელევიზიას, რომელიც შვილივით მიყვარს", - ამბობს პირველი ტელედიქტორი ლია მიქაძე. და მაინც, ჩვენი საუბარი შედგა, რადგან ახალმა თაობებმაც უნდა იცოდნენ და ის ღვაწლი დააფასონ, რაც ქალბატონ ლიას მიუძღვის ქართული ტელევიზიის შექმნაში.

ტელევიზიის პირველი წლები

- თავიდან ტელევიზიაში 27 კაცი ვმუშაობდით, დირექტორიდან დაწყებული - დამლაგებლის ჩათვლით. ერთი კამერა იდგა 45 კვმ ფართობიან ოთახში, სადაც აუტანელი სიცხე იდგა... რასაც ჩვენ გავუძელით, ბევრი ვერ აიტანდა. 11 წელი დილიდან საღამომდე ფუნიკულიორზე ვიყავით, მშივრები და გაძვალტყავებულები (იღიმის), მაგრამ ეს ჩვენი სამსახური იყო. თუმცა, არა ჩემ მიერ არჩეული: თეატრალური ინსტიტუტის პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა ბატონმა მიშა თუმანიშვილმა ძალით გამაგდო ტელევიზიის დიქტორების შესარჩევ კონკურსზე... ის იყო ადამიანი, რომელიც პირადად არაფერს გეტყოდა, არც ცუდს და არც კარგს, ყოველთვის გაბრაზებული და უკმაყოფილო იყო - ეს ასე არაა, ის ისე არაა... მერე გადის წლები და ხედავ, მას რა გაუკეთებია, რა საოცარი სპექტაკლები დაუდგამს, რამდენი არაჩვეულებრივი მსახიობი აღუზრდია... მიშა თუმანიშვილს და მის მეუღლეს ბავშვობიდან ვიცნობდი, ორივე ძალიან მიყვარდა. როცა თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წავიდა, ერთხანს სამსახურის გარეშე დარჩა. რეზო ჩხეიძემ (ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი იყო) და ტელევიზიის მესვეურებმა ბატონი მიშა ტელევიზიაში მთავარ რეჟისორად მოიყვანეს. პირველმა მან განახორციელა სატელევიზიო დადგმა. იმ დროს ჯერ ისევ თეატრში მუშაობდა. ეს "დარისპანის გასაჭირი" იყო, სადაც კაროჟნას ვთამაშობდი. მხოლოდ ერთი კამერა იყო, რომელიც ერთი ოთახიდან მეორეში გადაჰქონდათ და აი, ასე გაუშვა ბატონმა მიშამ ეთერში პირველი სატელევიზიო სპექტაკლი. მაშინ ვიდეოჩამწერი აპარატურა არ გვქონდა, ამიტომ სპექტაკლის კადრები არ არსებობს. ის კამერა ძალიან ძველი იყო და მავნე გამოსხივება ჰქონდა. მოგვიანებით გავიგეთ ეს. თან კამერას არ ჰქონდა ორი ადამიანის გამოჩენის საშუალება, ამიტომ სტუდიაში შევიდოდით, გამოვაცხადებდით და გავდიოდით, მერე მოდიოდა შემდეგი. ასე დავიწყეთ... ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცა. მერე დაიწყო ფერადი გადაცემები, რომლებიც მე გავხსენი და ქართული ტელევიზია ფერადი გახდა.

ეპიზოდები ბავშვობიდან

GzaPress- ჩემი დეიდაშვილის - ნათელა ურუშაძის მშობლები დააპატიმრეს და მამაჩემიც მალევე მიაყოლეს. დედაჩემი იჯდა და კანკალებდა, ყოველდღე ელოდა, რომ წაიყვანდნენ. საბედნიეროდ, გადარჩა. ბაბუამ გადაწყვიტა, ნათელას ასე ვერ დავტოვებო, მოჰკიდა ხელი და ჩვენთან მოიყვანა. ნათელა ასაკით უფროსი იყო. თითქმის ერთად გავიზარდეთ, ძალიან მიყვარდა. მამას დაპატიმრების დროს ერთი წლისაც არ ვიყავი, მაგრამ ადრე დამიწყია ლაპარაკიც და სიარულიც, რადგან მისი სურვილი იყო, ნაადრევად მესწავლა ყველაფერი. ჩემი გამზრდელის მონაყოლით ვიცი, ერთხელ მამას ჩემთვის უთქვამს, - წადი, იქ პაპიროსი დევს და მომიტანეო. მივსულვარ მასთან და თამაში დამიწყია: გავუწვდი პაპიროსს, ხელს უკან გამოვწევ, ისევ გავუწვდი და უკან წავიღებ - ვაწვალებდი. მამა გაბრაზდა, ადგა და უკან მსუბუქად წამომარტყა. თურმე სწორედ იმ დღეს წაიყვანეს მამაჩემი, წავიდა და აღარც დაბრუნებულა...

ჩემი გამზრდელი რუსი ქალი იყო, შესანიშნავი ადამიანი. საინტერესოა, როგორ მოხვდა ჩვენს ოჯახში. მამაჩემს, რომელიც "გოფილექტის" დირექტორის მოადგილე იყო, მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები გაუცილებია რკინიგზის სადგურზე და იქ ორი ახალგაზრდა გოგო დაუნახავს. ისინი ერთმანეთზე მიკრული ისხდნენ და ტიროდნენ. მამა დაინტერესდა, რაში იყო საქმე. გოგონებს უპასუხიათ: ჩვენთან რუსეთში შიმშილია, ბილეთები გვიყიდეს, მატარებელში ჩაგვსხეს და გვითხრეს, - საქართველოში წადით, ეგებ იქ ვინმე დაგეხმაროთო. ალალბედზე ჩამოსული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ჩვენს ოჯახში მოხვდა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ. ანა ერქვა, მე ბუბას ვეძახდი. ისე მიყვარდა, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, შენ ბუბა ყველას გირჩევნიაო. საკუთარი ოჯახი ჩემ გამო არ შექმნა. პროფესორის ვაჟს უნდოდა მისი ცოლად მოყვანა და ბუბამ, იცით, რა უთხრა ბებიას? ამ ბავშვს თუ გამატანთ, მაშინ გავთხოვდებიო!.. სკოლაში მაგას დავყავდი. ყოველ ორშაბათს კინოთეატრ "ოქტომბერში" ახალი ფილმი გადიოდა. იქ მოლარედ ჩვენი მეზობელი ქალი მუშაობდა და რამდენიმე ბილეთს შეგვინახავდა ხოლმე. ბუბა შეგვიყვანდა მე და ჩემს კლასელებს კინოში და ფილმის დამთავრების შემდეგ, ყველას სახლებში დაარიგებდა. ასევე, თეატრში თუ სტუმრად, ყველგან ბუბასთან ერთად ვიყავი, მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომედგინა. ის მონაწილეობდა ჩემი შვილისა და შვილიშვილის გაზრდაშიც.

"ვერიკო ანჯაფარიძე - ჩემი მეგობარი, ჟორა შავგულიძე - ჩემი ახლობელი"

- მარჯანიშვილის თეატრში ხშირად დავდიოდით. იქ ერთიმეორეზე უკეთესი მსახიობები თამაშობდნენ. პირველად სპექტაკლზე 6 წლისა წამიყვანეს. ნათელამ და დედამ გადაწყვიტეს, "ქალი კამელიებით" მენახა. დავსხედით დირექციის ლოჟაში. ვერიკოს გმირი რომ მოკვდა სცენაზე, ყვირილი ავტეხე და ცრემლები ღვარ-ღვარად მომდიოდა. ნათელა მიხსნის, რომ არ მომკვდარა, მაგრამ არ ვიჯერებ. დაიხურა ფარდა და მსახიობთან საგრიმიოროში შემიყვანეს. რომ მახსენდება, მეცინება - ვერიკოს ისე ჩავეხუტე, ძლივს ამაგლიჯეს. მან მითხრა: შენ ჩემი მეგობარი იქნები, როდისაა შენი დაბადების დღე? - 3 მაისს, ვუთხარი. - ჰოდა, ამ დღეს შენთან, ყოველ წელს მოვალო... ვერიკომ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით: "ჩემს დიდ მეგობარს - უმშვენიერეს პატარა ლიიჩკას, ვერიკო ანჯაფარიძისგან". არაჩვეულებრივი მსახიობი და საოცარი ადამიანი იყო. ჩვენ ბოლომდე ვმეგობრობდით.

ჟორა შავგულიძე ოჯახის ახლობელი გახლდათ. უყვარდა ჩვენთან მოსვლა, მოსწონდა ბებიაჩემის მომზადებული სადილები და ყოველთვის მიირთმევდა. ჟორა ისადილებდა და ბებიას ეტყოდა: ახლა დავიძინებ და მერე თეატრში წავალო. ზოგჯერ ბებია ეკითხებოდა: ხომ არ ეშმაკობ, სახლში რატომ არ მიდიხარო? - თქვენთან მირჩევნია, სახლში შეიძლება ვერ დავიძინოო. ეს ბებია, დედის დედა, შესანიშნავი დიასახლისი იყო. მეორე ბებიას, ასევე არაჩვეულებრივ და განათლებულ ქალს, საოცარი მეტყველება და გადმოცემის უნარი ჰქონდა, მაგას ეძახდნენ - "შალვა ნუცუბიძე ვ იუბკე (ქვედაკაბაში)".

"აქეთ - დედა და ექიმები, იქით - ნათელა და მსახიობები"

- სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება, დედაჩემი საკმაოდ კარგი ექიმი იყო. დედას ექიმი მეგობრების ამალამ თქვა, არავითარ შემთხვევაშიო. პეტრე სარაჯიშვილმა კი გამომიცხადა: მე გამოცდებზე ვიქნები და იცოდე, ჩაგჭრიო. ვუპასუხე, ვერ ჩამჭრით-მეთქი. გამიბრაზდა: რად გინდა, მთელი ცხოვრება სხვის დაავადებებს უყურებდეო?! დედასაც არ უნდოდა, ექიმი გავმხდარიყავი. ბავშვობიდან ასე მოვდიოდი, აქეთ - დედა და ექიმები, იქით - ნათელა და მსახიობები. დედამ მითხრა, არქიტექტურულზე ჩააბარეო, მაგრამ ხატვა არ მეხერხებოდა. ჩემი მამიდაშვილი, არქიტექტორი გივი მელქაძე არაჩვეულებრივად ხატავდა. დაურეკავდა დედა და სთხოვდა, ჩემთვის რამე დაეხატა. გივი ეკითხებოდა, რა გინდა დაგიხატოო? შენ რაც გინდაო და ასე "იქმნებოდა" ჩემი ნახატები, რომლებიც სკოლაში მიმქონდა.

საბოლოოდ, დედას ვუთხარი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი. გიორგი ტოვსტონოგოვს ჩვენს სახლში არაერთხელ ჩაუტარებია ლექცია-საუბრები. მაშინ პატარა ვიყავი, მაგიდის ქვეშ ვძვრებოდი და ისე ვუსმენდი. მის თხოვნაზე, სკამზე დაჯექიო, - არა, აქ მირჩევნია-მეთქი, - ვეუბნებოდი. თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე რომ შევედი, თავი სახლში მეგონა: ყველას ვიცნობდი. დავიწყე სწავლა, ჩემს ჯგუფში იყვნენ სოსო ლაღიძე, ქეთინო კიკნაძე... სულ ათი მსახიობი და ოთხი რეჟისორი. რობიკო იყო ჩვენთან ერთად, მას ტატოშას ვეძახდი. აპროტესტებდა, მაგრამ დღესაც ასე მივმართავ, - რაც დაგარქვი, ისა ხარ-მეთქი (იცინის)... საოცარი პედაგოგები გვყავდა: მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, მალიკო მრევლიშვილი, ბაბულია ნიკოლაიშვილი... მესამე კურსზე ბატონმა მიშამ დადგა "მეექვსე სართული", რომელმაც ისეთი ფურორი მოახდინა, რომ თეატრალურ საზოგადოებაში ყველა ამბობდა - დიდი ხანია ამისთანა სპექტაკლი არ გვინახავსო.

GzaPress

"თავი საიქიოში მეგონა..."

- 30 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა საშინლად ავად გავხდი. დიაგნოზი ვერ დამისვეს. ცნობილი ექიმები დაიბნენ, არადა, მათ ხელში გავიზარდე. მოსკოვიდან პროფესორი გამოგზავნეს, რომელმაც მნახა და თქვა, - ამის აქ გაჩერება არ შეიძლებაო. თურმე ნახევარი თბილისი მე-9 საავადმყოფოს ეზოში იყო, ჩემი ამბავი აინტერესებდათ. ზურგის ტვინის პრობლემები მქონდა, ხერხემალთან დაკავშირებული. არც ვიცი, ზუსტად რა იყო. მოსკოვში რომ ჩამიყვანეს, გონზე არ ვიყავი. თვალები გავახილე და მეგონა, საიქიოში ვარ - ყველაფერი თეთრია და ჩემთან ახლოს, ვიღაც თეთრებში ჩაცმული ქალი ზის. - სადა ვარ? - ვიკითხე. - ოი, გაიღვიძაო, თქვა და წავიდა. შემოიყვანა კაცი, რომელმაც ამიხსნა, რომ საავადმყოფოში ვიწექი, - ყველაფერი კარგად იქნება, მალე მე და შენ ციგურებზე ვისრიალებთო. - მე რომ არ ვიცი ციგურებზე სრიალი-მეთქი? - არა უშავს, გასწავლიო. ამ კაცმა, არაჩვეულებრივმა პროფესორმა სერგეი ნიკალაევიჩმა ერთ ქალს დაავალა ჩემთვის ზურგის ტვინიდან სითხის ამოღება და პალატიდან გავიდა. ქალმა ისე გამაწვალა, ვერაფრით ამოიღო. ჩემი მკურნალი ექიმი დაბრუნდა, ნახა, რა გასაჭირში ვიყავი და თვითონ ამოიღო სითხე ერთი ჩხვლეტით. დედაჩემი იყო საქართველოში ერთადერთი, რომელიც ასევე ერთი ცდით აკეთებდა იმავეს, მაგრამ ჩემზე ვერ შეძლებდა... ანალიზებმა უჩვენა, რომ ოპერაცია არ დამჭირდებოდა. ორი თვე ვმკურნალობდი. საავადმყოფოდან გამომწერეს, მაგრამ მაშინვე არ გამომიშვეს თბილისში.

ისევ ტელევიზიის შესახებ...

- ტელევიზიაში მუშაობა რომ დავიწყეთ, მეტყველებაში კონსულტაციებისთვის თეატრალური ინსტიტუტიდან ბაბულია ნიკოლაიშვილი მოიწვიეს. ვისაც მისი კურსი გვქონდა გავლილი, არ გვჭირდებოდა ვარჯიში, მაგრამ მაინც დავდიოდით. სწორედ ისინი არ დადიოდნენ, ვისაც მეტყველება უჭირდა. ქალბატონი ბაბულია გვეუბნებოდა, - ხალხო, არ მოგბეზრდათ სწავლაო?.. სხვათა შორის, როცა ის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, სარა ბერნარს ადარებდნენ, მაგრამ რუსთაველის თეატრის დიდმა სცენამ "ჩაყლაპა". მეტყველების კათედრის დამაარსებელმა მალიკო მრევლიშვილმა უთხრა ბაბულიას: გული არ დაგწყდეს, შენ ისეთი სამეტყველო აპარატი გაქვს, არაჩვეულებრივ მსახიობებს გაზრდიო და მართლაც, ასე მოხდა.

ქართულ და რუსულ ენებს სრულყოფილად ვფლობ და წლების მანძილზე, თვეში ერთხელ სოჭში ქართულ-რუსულად მიმყავდა გადაცემები. უნდა გენახათ, რამდენი და როგორი სიყვარულით სავსე წერილები მოდიოდა... ასევე, ძალიან ხშირად ფუნიკულიორზე გვიტოვებდა ხალხი წერილებსა და სუვენირებს, დაცვას აძლევდნენ ჩვენთვის გადმოსაცემად. ბოლო წლებში ტელევიზიაში გადაცემებს მსახიობებზე ვაკეთებდი. სესილიას (თაყაიშვილს) სახელს არ ვეძახდი: - რა არის სე-სი-ლი-ა? სესიკოს დაგიძახებ-მეთქი. - უჰ, შე მაიმუნო, პატარა ბავშვი ვარო?!. - ძალიან მიყვარხარ-მეთქი, - და ჩავეხუტებოდი. მე და სესილია კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. სესიკო ჩემი მულის მეზობელი იყო, მაგრამ მანამდე გამაცნო ვერიკომ, ისინი მეგობრობდნენ. სესილია და ვერიკო, ორივე ეწეოდა და სოფიკო ამის გამო საყვედურობდა მათ. სოფიკო (ჭიაურელი) არ ეწეოდა, არც კოტე (მახარაძე). სესიკოს დიაბეტი ჰქონდა და მოწევა არ შეიძლებოდა. სულ ვჩხუბობდით. წაიღებდა თუ არა ხელს სიგარეტისკენ, დავარტყამდი ხელზე... ლია ელიავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, სიკეთით სავსე, კარგად ვიცნობდი. უამრავ მსახიობთან ვიყავი, მაგრამ ზინა კვერენჩხილაძე ვერ დავითანხმე გადაცემის ჩაწერაზე. აღფრთოვანებული დავრჩი მისი როლით და საერთოდ სპექტაკლით - "მოხუცი ჯამბაზები", ამის შესახებ ვუთხარი კიდეც და დიდი მადლობა გადავუხადე. სერგო ზაქარიაძეზე მინდოდა გადაცემის მომზადება, ჩემი პედაგოგი იყო, მაგრამ ვერ მოვასწარი.

GzaPress

დღევანდელი განწყობა

- წლების წინ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენ, ტელევიზიის პირველ მუშაკებს, საახალწლო გადაცემებზე გვიწვევდა. კარგა ხანია, ეს აღარ მომხდარა. ძველ თანამშრომლებთან ურთიერთობა მაქვს, ვურეკავთ და ვნახულობთ ერთმანეთს. როცა დათო სოკოლოვი მოხუცთა თავშესაფარში აღმოჩნდა მეუღლესთან ერთად, მე და მანანა კვირტია მივედით სანახავად. გამიხარდა, ისეთი კარგი სიტუაცია დამხვდა და ვიხუმრე: დათუნია, რა კარგად ხარ, მეც სიამოვნებით მოვალ აქ და ერთად ვიქნებით-მეთქი...

დღეს ჟურნალისტებს რომ ვუყურებ, გული მწყდება, - არ არიან სათანადო სიმაღლეზე. პირველ რიგში, ჯერ თავად უნდა იყო მოკრძალებული და აუცილებლად მაყურებელი გიყვარდეს. ვფიქრობ, რასაც აკეთებენ, ამით კეკლუცობენ, ეს კი დაუშვებელია. ეს აღარ არის ტელევიზია, ამიტომ ქართულ არხებს ვერ ვუყურებ. გონებით არ არიან ქართულად მოაზროვნეები, რატომღაც ინგლისური უკეთესად იციან. ქართული ენა მიყვარს და შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, ენას რუდუნებით უნდა მოექცე. დღევანდელ განწყობაზე რა გითხრათ. ძალიან მინდა იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. ადამიანებმა არ უნდა "ჭამონ" ერთმანეთი. უფალი აუცილებლად, ყველას თავისას მიუზღავს.

ნანული ზოტიკიშვილი