თბილისში "თოვლის ბაბუს დესპანები" გამოჩნდნენ - გზაპრესი

თბილისში "თოვლის ბაბუს დესპანები" გამოჩნდნენ

"მთავარი დესპანები" - მშვენიერი ქალბატონები: თამთა დემურიშვილი და თინათინ მაღალაშვილი თითოეული წერილის ავტორზე ზრუნავენ. ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში თოვლის პაპას თავად გაუწევენ მეგზურობას, რათა გზად საჩუქრები არ აერიოს...

GzaPress"წერილები თოვლის პაპას" - ასეთი აქცია იაშვილის კლინიკაში მყოფი, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პირველად თამთა დემურიშვილმა მოაწყო. ჯადოსნურ მოხუცს პატარები წერილებს სწერდნენ და მერე, საზოგადოების დახმარებით, მათი სურვილები ხდებოდა. მოგვიანებით, ამ აქციაში ჩართეს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, ბერი ანდრიას ფონდიდან, წელს კი ქველმოქმედმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს, საახალწლო სურვილები სოციალურად დაუცველებს, მოხუცებს, მსჯავრდადებულ ქალებსა და მოზარდებსაც აუხდინონ.

უამრავ გულისამაჩუყებელ წერილს შორის რამდენიმე შევარჩიე (სტილი დაცულია):

"საყვარელო თოვლის ბაბუ, გამარჯობა. როგორ ხარ? მე ძალიან მინდა მქონდეს ფოტოაპარატი, მაგრამ ვიცი, რომ ბევრ ბავშვს არ აქვს სახლი და ტანსაცმელი. ძალიან გთხოვ, ჩემს დედიკოს მიეცი ბევრი ფული, რომ ამ ბავშვებს დაეხმაროს. გეხვეწები, ეს წერილი სულ პირველად წაიკითხო, რადგან ახალ წლამდე ცოტა დრო დარჩა და ჩემს ახალ მეგობრებს: ტასოს, თინას, მარის, თაკოს, რეზოს და რამაზის საჭმელი არ აქვთ. მე ვარ მართა თოდუა, 6 წლის. ნატო მასწავლებელს მოუტანე ჯადოსნური ჯოხი, რომ მშვიდობა მოიტანოს".

"გამარჯობა. მე ვარ შავშიშვილი მარიამი, 17 წლის. დიდი ხანია, თოვლის ბაბუის აღარ მჯერა, თუმცა, კეთილი ადამიანების მწამს და ღმერთმა ნუ მომიშალოს ეს რწმენა. მე დავამარცხე ლეიკემია! 6 თვის წინ დავამთავრე მკურნალობა და გადავლახე ყველაზე მძიმე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მე გავიმარჯვე! ლეიკემია იკურნება და მე, მიუხედავად ყველაფრისა, ფეხზე ვდგავარ, მომავლის იმედით. სწავლა გავაგრძელე. მე-12 კლასში ვარ, აბიტურიენტი და თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ჩემი ასაკის ადამიანს როგორ სჭირდება ლეპტოპი და მეც, რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მქონდეს. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახს არ აქვს მისი ყიდვის შესაძლებლობა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ეს წერილი დამეწერა. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესოს. მჯერა, ახალ წელს სასწაულები ხდება და მეც ამისრულდება ეს ნატვრა.

წინასწარ დიდი მადლობა და ბოდიში".

წერილი თოვლის ბაბუას

"გამარჯობა. მე ვარ ილია მაისურაძე, 11 წლის. დედა ავად მყავს. ექიმმა ოპერაცია გაუკეთა და ქიმიის გადასხმები დაუნიშნა. როცა დედას ტკივილები აქვს, მე სულ მასთან ვარ, მარტოს არ ვტოვებ. მინდა, თოვლის ბაბუს დედის გამოჯანმრთელება და საჩუქრად ტაბი ვთხოვო. სურვილი მაქვს, საახალწლოდ დედა კარგად გახდეს და თოვლის ბაბუმ გამახაროს.

ილია მაისურაძე".

"ვარ მარტოხელა მოხუცი პენსიონერი, 68 წლის. ყოფილი რუსული ენის მასწავლებელი. გადატანილი მაქვს მკერდის ოპერაცია. ამასთან ერთად, დამემართა ნეიროპათია. ვერ დავდივარ ჯოხის გარეშე. გათბობა არ მაქვს და მიჭირს ზამთარში.

თოვლის ბაბუას ვთხოვ, გამითბოს სახლი, რომ ზამთარი გადავიტანო.

დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ. ზ. კალანდარიშვილი"

თინათინ მაღალაშვილი:

- ორგანიზაცია "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის", რომლის დამფუძნებლები მე და თამთა ვართ, გაჭირვებულ ადამიანებს ხშირად ეხმარება. სამწუხაროდ, ჩვენს ორგანიზაციას აქვს ძალიან მწირი ბიუჯეტი, რადგან შემოწირულებების ხარჯზე ვარსებობთ და ცხადია, ყველას დახმარებას ვერ შევძლებთ. რაც შეეხება იდეას - "თოვლის ბაბუს დესპანები", ასე დავარქვით თავდაპირველად იმ ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ლამაზ, საკარნავალო კოსტიუმებში გამოწყობილები დგანან და სხვების დასახმარებლად ფულს აგროვებენ, ასე გვეხმარებიან. გვინდა, ახალ წელს თოვლის ბაბუ მანქანით, ფიფქიებთან ერთად, პროდუქტებით დატვირთული ხურჯინებით მივიყვანოთ იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებსაც მატერიალურად ძალიან უჭირთ. საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ამ კეთილ საქმეში და ამ მარხვაში ალბათ, ადამიანების დაპურებაზე უკეთესს ვერც ვერაფერს გააკეთებდნენ.

წერილები კი მოგვაწერეს არა მარტო ბავშვებმა, არამედ მოხუცებმაც. ზუსტად იციან, რომ თოვლის პაპა არ არსებობს, მაგრამ მას მაინც სთხოვენ საჩუქრებს. ეს ერთგვარი თამაშივით არის, რომელშიც ლამის მთელი საქართველო ჩაერთო. დამამახსოვრდა გოგონას წერილი, რომელმაც ჯერ სასურველ ნივთზე მოგვწერა, მერე მიაწერა, მოდელობა მინდა და როცა გავიზრდები, მეც თქვენსავით, თოვლის პაპა გავხდებიო. წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერება იქნება იმ პატარებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სათამაშოები, ენატრებათ კანფეტი, სასურველ ნივთს ან ტბილეულს ვიღაც კი არა, თავად თოვლის პაპა რომ მიუტანს. ბავშვს არ შეიძლება მოუკლა იმედი, დაუმსხვრიო ოცნებები. სხვათა შორის, ჩვენამდე მოსული წერილის ავტორების უმეტესობისთვის უკვე შეაგროვა თეთრწვერა მოხუცმა საჩუქრები.

- იმ გოგონას, რომელმაც მოდელობა ისურვა, თუ აუსრულდება ოცნება?

- რა თქმა უნდა, აუსრულდება! კიკალას უკვე ვესაუბრე. ის ახლა ალბანეთშია და როგორც კი ჩამოვა, ფოტოსესიაზე მიიწვევს. ასევე, ველაპარაკე რამდენიმე სააგენტოს, რომ ამ ბავშვს მიხედონ. ამ გოგოს უკვე ვუთხარი, რომ თოვლის პაპა ნატვრას შეუსრულებს. სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა. ის ლამის ყოველ საღამოს მწერს: მე თქვენთვის ვლოცულობ ეკლესიაშიო. ჰოდა მითხარით, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა უყოს?

- ამას წინათ თქვენს "ფეისბუკ"-გვერდზე გაავრცელეთ გულისამაჩუყებელი პოსტი 14 წლის ბიჭზე, რომელიც სანთელს ყიდის. მასზე მიამბეთ.

- ეს ბიჭი ჩვენთან მოდიოდა და სანთლებს ყიდდა. ერთხელ ვკითხე, სოციალურად დაუცველის სტატუსი თუ აქვს შენს ოჯახს-მეთქი, - კიო. - მოდი, თოვლის პაპას დაუწერე წერილი-მეთქი. გაეცინა, - მე უკვე დიდი ვარო. - დედმამიშვილი ხომ გყავს-მეთქი? - კი, დაიკო მყავს და სჯერა კიდეც თოვლის პაპას არსებობის, მაგრამ ისეთი რაღაც უნდა, თქვენ ვერ უყიდითო. - ასეთი რა სურვილი აქვს-მეთქი? - ფეხსაცმელსა და კაბებზე ოცნებობსო. ლამის ცუდად გავხდი... ვთხოვე, ახლა შინ წადი და შენს დაიკოს წერილის დაწერაში დაეხმარე-მეთქი. სხვათა შორის, ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ერთხელ გამიმხილა, - წიგნების კითხვა მიყვარსო და ისეთი ავტორები დამისახელა, გაოცებისგან პირი დავაღე. ფილოსოფოსების წიგნებს კითხულობს. მას რომ მოუსმინოთ, შოკში ჩავარდებით, იმდენად სუფთა გულის პატრონი და განათლებულია... დათქმულ დროს რომ არ გამოჩნდა, ძალიან მეწყინა. ყველაფერზე მეტად იმან გამანერვიულა, რომ მივხვდი, არ დაიჯერა ჩემი სიტყვები. ჰოდა, რომ არ ვიცოდი, როგორ მეპოვა, საქმეში ჩავრთეთ პოლიცია. მათი დახმარებით ვიპოვეთ კიდეც ეს სერგი. როცა პოლიციამ დედამისს დაურეკა, იმ ქალბატონს ლამის გული გაუსკდა; იფიქრა, ალბათ ჩემმა შვილმა რაღაც დააშავაო. მერე მე შევეხმიანე და ყველაფერი ვუამბე. ვუთხარი, წერილი უნდა მოეტანა და პირობა არ შეასრულა-მეთქი. გაოცებულმა ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. ერთია, როცა თავად ეძებ ადამიანს, რომელიც დახმარების ხელს გამოგიწვდის და სულ სხვა, როცა თავად გეძებენ იმისთვის, რომ ოცნების ახდენაში დაგეხმარონ (იღიმის). მერე მითხრა, ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ სერგის მოერიდა, ამიტომ არ მოვიდაო. - არ ვიცი, როგორმე დააწერინეთ ბავშვებს წერილი-მეთქი. დავიჟინე იმიტომ, რომ მსურდა, ეს ბავშვები დამეჯერებინა იმაში, რომ ამქვეყნად სამართალიც არსებობს და კეთილი ადამიანებიც. რამდენიმე დღის შემდეგ სერგი მოვიდა და მკითხა: როგორ მიპოვეთო? მერე თავისი დაიკოს წერილი მომაწოდა. - შენ რა გინდა, თოვლის პაპამ რომ მოგიტანოს-მეთქი? - არაფერიო. ჩავეძიე და გამომიტყდა: ძალიან მინდა, "ნოუთბუკი" მქონდეს; იმასაც გეტყვით რისთვის მჭირდება. მუსიკას ვქმნი. ჰოდა, კლუბებში დასაკრავად რომ მივდივარ, კომპიუტერს არ მაკარებენ. მეუბნებიან, შენი უნდა გქონდესო. ჰოდა, ლეპტოპი თუ მექნება, მერე შევძლებ კლუბებში რაღაცის დაკვრას და ამ საქმიდანაც მექნება გარკვეული შემოსავალი, რომ ოჯახს დავეხმაროო. ამ ბავშვის აზროვნებამ გამაგიჟა, დამშოკა და კიდევ უფრო მეტად გამაკვირვა, როცა მოდის ჩვენებების გარჩევა დაიწყო...

- ყველაზე მეტად, რომელი წერილი დაგამახსოვრდათ?

- ბევრია ისეთი წერილი, რომელსაც ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ. მაგალითად, ერთმა პატარამ მოგვწერა: ჩემს მეზობლად გადმოვიდა 4 ბავშვი. მე არაფერი მინდა, თოვლის პაპა, ოღონდ ამათ მოუტანე საჩუქარიო... კიდევ, ცხინვალის ომის დროს გარდაცვლილი ადამიანის შვილმა მოგვწერა: მამას ვერ ვთხოვ, სურვილი ამიხდინოს და ამიტომაც, შენ გწერო... მახსოვს, ლეიკემიით დაავადებული გოგონას წერილი რომ ვნახე, ცუდად გავხდი, თითქოს იმ წამში დაინგრა ჩემში ყველაფერი: მან დაწერა, რომ მხოლოდ პარიკი უნდოდა, სხვა - არაფერი. თმა რომ არ ჰქონდა, ეს იმდენად აწუხებდა, სხვა რაღაცებზე ოცნებაც კი ვერ შეძლო. მახსოვს, თიკო ერქვა.

თამთა დემურიშვილი:

GzaPress- 2012 წელს იაშვილის კლინიკაში დავიწყე მუშაობა. იმ პერიოდში გავრცელდა ლეიკემიით დაავადებული ბავშვის წერილი: მინდა, ბოლო ბავშვი ვიყო, რომელიც ამ ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო კვდებაო. ალბათ გახსოვთ, ამას მოჰყვა მთელი მოძრაობა ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად. 2013 წელი რომ დგებოდა, კლინიკაში მყოფ ბავშვებს შევთავაზე, თოვლის პაპასთვის წერილი მიეწერათ, ხოლო ვინც წერა არ იცოდა, მას დედიკო უნდა დახმარებოდა. სულ 35 წერილი იყო, მაგრამ თითოეული რომ წავიკითხე, ცოტა არ იყოს, შემეშინდა: ლამის ყველას მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და ა.შ. უნდოდა, ეს კი დიდ ხარჯთან იქნებოდა დაკავშირებული. ვიფიქრე, წერილებს დავასკანერებ, სოციალურ ქსელში "შევყრი" და იქნებ გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, ვისაც პატარების დახმარების სურვილი გაუჩნდება-მეთქი. ატვირთულ ფაილს დავარქვი "ლეიკემიით დაავადებული ბავშვების წერილები თოვლის ბაბუას". მეორე დღესვე გაჩნდა ასეთი კომენტარები: "აგისრულებ, პატარავ". "შენი წერილი მოუვიდა თოვლის პაპას" და ა.შ. მეორე წელს გარდა იმ ბავშვებისა, რომლებიც კლინიკაში იწვნენ, წერილები დაცვით თერაპიაზე მოსულ პატარებსაც დავაწერინეთ. იმავე პერიოდში გავიცანით "ბერი ანდრიას ფონდის" ბავშვებიც. მახსოვს, მაშინ ერთ-ერთმა სიმსივნით დაავადებულმა ბიჭმა, პაატა ბიწაძემ მე და თიკოს გვითხრა: ჩვენ არავის ვახსოვართ, ლეიკემიით დაავადებულების ჩრდილში ვართ. ვუყურებთ ხოლმე ტელევიზორში, მათთან ცნობილი ადამიანებიც რომ მიდიან და თოვლის ბაბუაც, რომელსაც მათთვის საჩუქრები მიაქვს, ჩვენ კი ტორტიც სანატრებელი გვქონდაო. მისმა სიტყვებმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა, გულასმოკვნილი ავტირდით. მერე ამ ბავშვებსაც დავაწერინეთ წერილები თოვლის პაპასთვის.

- წელს კი ამ აქციაში სოციალურად დაუცველი პატარები და მოხუცებიც ჩართეთ...

- მოხუცებს წერილები იცით, რატომ დავაწერინეთ? ალბათ გახსოვთ, ზურაბ ტყემალაძემ რომ თქვა, - 160 ლარი კი არ უნდა მეყოს მე, მე უნდა ვეყო 160 ლარსო. მის ამ სიტყვებს აჟიოტაჟი მოჰყვა და ამ თემას ტელეგადაცემაც მიუძღვნეს, სადაც ერთ-ერთ სტუმრად მეც ვიყავი მიწვეული. გადაცემის დასრულების შემდეგ, ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა დამირეკა და მთხოვა: ტყემალაძეს გადაეცით, რომ მოხუც ქალს 160 ლარი მეყოფა კი არა, საახალწლოდ კანფეტიც სანატრელი მექნება. უკვე ბევრი წელია, ჩემს ოჯახში გოზინაყი არ დამზადებულაო. მასთან საუბარი რომ დავასრულე, მომინდა, მასაც დაეწერა წერილი თოვლის პაპას სახელზე და ეს იდეა თიკოს გავანდე, რომელმაც მაშინვე ამიბა მხარი და იმ ქალბატონს წერილი დავაწერინეთ. მერე თბილისის მოხუცებულთა პანთეონის ბინადრებიც ჩავრთეთ აქციაში: ზოგს გამათბობელი უნდა, ზოგს თუთიყუში, ღვინო და შოკოლადი... ერთი ბებოს წერილმა ბევრს აუჩუყა გული. ამბობდა, გაყინულ სახლში ვცხოვრობ, ვერაფრით ვთბებიო. ჰოდა, ამ ქალბატონის ბინაში გამათბობელის მიტანაზე კონკურსი გაიმართა (იღიმის).

- ამ ქველმოქმედებაში ბიზნესმენები თუ ჩაერთნენ?

თინათინი:

- რომ არ დაგიმალოთ, ბიზნესმენებისგან ყველაზე ნაკლებად ვგრძნობთ მხარდაჭერას. მოქალაქეები უფრო მეტად გვეხმარებიან.

თამთა:

- მინდა, ხაზი გავუსვა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ქველმოქმედებას. ერთი ადამიანია, რომელმაც მალტადან მომწერა: გარკვეულ თანხას გიგზავნით და ბავშვებს მოახმარეთო. არის კიდევ ერთი გოგონა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ყოველ წელს ერთ ბავშვს ირჩევს, რათა მას სურვილი აუსრულოს. ამას წინათ ერთმა მოზარდმა საკუთარი, სულ ახალი "აიპადი" გამოუგზავნა თანატოლს. სხვათა შორის, დღეს თიკოს მეუღლეც წავიდა და სამი მობილური ტელეფონი მოიტანა ბავშვებისთვის...

თინათინი:

- ქვეყანაში, სადაც ამდენ ადამიანს აქვს უცხოების დახმარების სურვილი, ის ერი არ გადაგვარდება! ამას წინათ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა გამოგვიგზავნა 250 დოლარი, რათა თოვლის პაპამ პატარა ბიჭებს აუსრულოს ოცნება. ამ ბავშვებს თურმე, მამა ორი წელია, "პლანშენტს" ჰპირდება, მაგრამ დანაპირები ვერა და ვერ აუსრულა. ჰოდა, კეთილი ადამიანის წყალობით, ახალ წელს ისინიც გაბრწყინებული თვალებით შეეგებებიან. უნდა აღვნიშნო ქსოვილების გამყიდველმა ქალმა, რომელსაც თავად ჰყავს ცერემბრალური დამბლით დაავადებული შვილი, სხვების დახმარების სურვილი გამოთქვა და კიდევ ერთი შემთხვევა უნდა გავიხსენო: როცა "დიმიტრი ცინცაძის ფონდი" ფულს აგროვებდა, "ბერი ანდრიას ფონდიდან" ერთ-ერთმა ავადმყოფმა ბავშვმა მობილურიდან ფული გადაურიცხა სხვა დაავადებულს. ეს ხომ საოცრებაა... როცა გამოცდილი გაქვს ტკივილი, არ გინდა, ის სხვამაც გამოსცადოს.

თამთა:

- ეს არის სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი. ძალიან მინდა, ამ აქციაში მსჯავრდადებული ქალბატონებიც ჩავრთოთ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტს უკვე მივმართე თხოვნით, მათ წერილები დააწერინონ, მაგრამ თუ ეს წერილები ჩვენამდე არ მოვა, მაინც შევეცდებით მათთვის საჩუქრების შეძენას და ახალ წელს ციხეში შევუგზავნით. ალბათ არასრულწლოვანი პატიმრების გახარებასაც მოვახერხებთ, ცხადია, საზოგადოების მხარდაჭერით.

მოკლედ, დიდი ამბიციები გაგვიჩნდა და უკვე მხოლოდ ბავშვების გახარება აღარ გვაკმაყოფილებს. ირწმუნეთ, სასწაულები აუცილებად მოხდება!

ლიკა ქაჯაია