ქალი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ბალეტს მიუძღვნა - გზაპრესი

ქალი, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ბალეტს მიუძღვნა

სიფრიფანა, ჰაეროვანი, ფერია, ჰარმონიული... - მარადიულად ამგვარი ეპითეტებით აფასებდნენ ქალს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ბალეტს მიუძღვნა. მას ვახტანგ ჭაბუკიანის "დეზდემონასაც" უწოდებდნენ. ვერა წიგნაძე ის ბალერინა იყო, რომლის ბრწყინვალე ფუეტეს, მსუბუქ ნახტომს, საოცარ პლასტიკასა და გარდასახვის უნარს, არაერთხელ მიეძღვნა ბრწყინვალე რეცენზიები.

საბალეტო ხელოვნების შესწავლა ბაქოში დაიწყო. ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდია. სწორედ იმ დროს, ჭაბუკიანი თავის იმდროინდელ პეტერბურგელ სასცენო პარტნიორ პრიმა ბალერინა მარინა სიმიონოვასთან ერთად ბაქოში გასტროლზე ჩადის. ვერას პედაგოგმა ვახტანგის სახელზე წერილი დაწერა, სადაც ვერას უბადლო ნიჭზე საუბრობდა და ხელშეწყობას სთხოვდა. ბარათი თავად ვერას გაატანა, მაგრამ გოგონამ ვერ გაბედა ვახტანგთან მისვლა, წერილი მარინა სიმიონოვას გადასცა და მისი ხელით აღმოჩნდა მასთან. ვახტანგს წერილი წაუკითხავს, მაგრამ მხოლოდ ღიმილით შემოფარგლულა და ფურცელი ჯიბეში ჩაუდვია.

ვერას, როგორც ქართველის ოცნება იყო არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება, არამედ ვახტანგთან ერთად ცეკვა, მაგრამ... ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვერა წიგნაძე ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხვდა. 16 წლისას ბალეტში "რაიმონდი" მთავარი პარტია ანდეს.

მორიგი რეპეტიციაა. ვერას დეპეშას აწვდიან. ჭაბუკიანია, მაესტრო ვერას სწერს სასწრაფოდ ჩავიდეს თბილისში. წამში გაბედნიერდა და არც დაფიქრებულა, ისე ჩაალაგა ბარგი. 1946 წლიდან ვერა წიგნაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა დებიუტანტი მოცეკვავე არა კორდებალეტში, არამედ თავიდანვე მთავარი პარტიების შემსრულებლად დააწინაურეს. ამ დროიდან იწყება ვერას აღმავლობა, როგორც მოცეკვავის, ისე ვახტანგის პარტნიორის და ქალი ჭაბუკიანის მიერ განხორციელებული ყველა რეფორმის თანამონაწილეც ხდება...

GzaPress

24 სექტემბერი ვერა წიგნაძის დაბადების დღეა. წელს მას 96 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ დღეს გაიხსნა ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ვერა წიგნაძის შემოქმედების ამსახველი გამოფენა: "ბალეტის ვარსკვლავი". მუზეუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვერა წიგნაძის შემოქმედებითი გზის ამსახველ ფოტოებთან ერთად, ის კლიპიც ენახათ, რომელიც ბალერინას ძმისშვილმა ანა წიგნაძემ მოამზადა.

"ვერა წიგნაძე იყო ის ბალერინა, რომელიც დრომ ვერ წაშალა. ფაქტობრივად, მისი ცეკვა დღევანდელი კლასიკური საბალეტო ხელოვნებისთვისაც კი მისაღები, ნოვატორი და თანამედროვეა. მას არა მხოლოდ საოცარი ჰარმონია და პლასტიკა ჰქონდა, არამედ დრამატული მსახიობის ნიჭის მატარებელიც გახლდათ. ფოტოებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ ის თითოეულ როლში იყო განსხვავებული, ქამელეონივით იცვლიდა ვიზუალს თავისი შინაგანი მდიდარი სამყაროს წყალობით", - აღნიშნავს თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების, სტრუქტურული ერთეულის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმის კურატორი თამარ ცაგარელი, რომელმაც ბალერინაზე მესაუბრა და მუზეუმში გიდობა გამიწია.

GzaPress

ვერა წიგნაძე თბილისის ოპერის თეატრში 1970 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი გახდა და არაერთი მოსწავლე აღზარდა. ისინი დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საბალეტო სამყაროში პოპულარობით სარგებლობენ. მიუხედავად ასაკისა, თითქმის სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მოსწავლეებთან.

იმხანად და დღესაც, მისი და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი თითქმის ყოველთვის ერთად ისმის - უცვლელი პარტნიორები სცენაზე, კარგი მეგობრები იყვნენ "რეალურ სამყაროშიც". ჭაბუკიანი აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის მოედნის ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდა, იმავე ქუჩაზე მოპირდაპირედ კი - ვერა წიგნაძე. გარდა იმისა, რომ მოცეკვავეებს თავიანთი შემოქმედების გამო ერთად დიდი დროის გატარება უწევდათ, ვერა ხშირად ყოფილა მეზობლის სტუმარი შინაც. განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ, მაგრამ ალბათ, სწორედ ეს აბალანსებდა და იდეალურს ხდიდა მათ ურთიერთობას.

ფართო საზოგადოება მათ მხოლოდ შემოქმედებით, შესრულებული როლებითა და საოცარი ტექნიკის წყალობით იცნობდა, რადგან არც ერთს არ უყვარდა საჯარო ცხოვრება და ინტერვიუები. არც ჩანაწერებს აკეთებდა რომელიმე, არც შთამომავლობა დარჩენიათ, უცვლელ პარტნიორებსა და ახლო მეგობრებს არც თავზე და არც ერთმანეთზე უსაუბრიათ ბევრი. დღეს მხოლოდ ფოტოები და ჩანაწერები "ყვებიან", თუ რა საშემსრულებო სიმაღლეზე იდგა ეს ორი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი.

ანა კალანდაძე