როგორ გრძნობდა თავს თინა ჭიჭინაძე ქვეყნის პირველ ლედად - გზაპრესი

როგორ გრძნობდა თავს თინა ჭიჭინაძე ქვეყნის პირველ ლედად

გერმანისტი თინა ჭიჭინაძე წლების მანძილზე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის ხელმძღვანელი გახლდათ. მას, თანაცხოვრების 55 წელი აკავშირებს ჯუმბერ პატიაშვილთან (ცეკას პირველი მდივანი 1985-89 წლებში). ოჯახმა აღზარდა ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და ახლა, შვილთაშვილს - პატარა ქეთოს ელოლიავებიან, რომელზეც ქალბატონი თინა ამბობს - ერთია, მაგრამ ათს უდრისო. მას ვთხოვე გაეხსენებინა სტუდენტობის წლები, მომავალი მეუღლის გაცნობა, რა სირთულეები გაიარა ოჯახმა, როგორ გრძნობდა თავს ქვეყნის პირველ ლედად... ჭიჭინაძეების გვარის ფუძეზეც ვისაუბრეთ.

- თქვენი სტუდენტობის პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- არ დამავიწყდება უცხო ენების ინსტიტუტის არაჩვეულებრივი რექტორი, ბატონი ვახტანგ ქოჩორაძე. ის იყო საოცარი ადამიანი, რომელიც სტუდენტის ცხოვრებით ცხოვრობდა. რექტორს გამორჩეული ვყავდით მე და ჩემი მეგობარი მადონა ბურჭულაძე (ის ინგლისურზე სწავლობდა) და სტუდენტობის შემდეგ ინსტიტუტში დაგვტოვა. შესანიშნავი ლექტორები იყვნენ: მედეა დუმბაძე, კოტე ლომინაძე, მარია ფიოდოროვა - გერმანული ენის კათედრის გამგე, ფრაუ ზიგრიდი. როცა თავად დავიწყე სტუდენტებთან მუშაობა, მეც მათი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ეს დამოკიდებულება ბატონი ვახტანგისგან და ქალბატონი მედეასგან შევითვისე. დღესაც ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ჩემს ყოფილ სტუდენტებთან.

ჩვენი დროის სტუდენტობას დღევანდელს ვერც შევადარებ. მაშინ საოცარი ურთიერთობები გვქონდა, რასაც დღეს ნაკლებად ვხედავ. მადარდებს ახალგაზრდების ძირითადი მასის ამბავი - დედა საშოვარზეა წასული და მშობლის შვილთან ურთიერთობა დაკარგულია. რაც უნდა კარგი მამა იყოს, დედისა და შვილის ურთიერთობას ვერაფერი შეცვლის.

- ქალბატონო თინა, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- მე ვიყავი ჩემი ინსტიტუტის კომკავშირის მდივნის მოდგილე, ის - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში იყო მდივანი. კომკავშირის ხაზით, ერთობლივი სემინარები ტარდებოდა. სწორედ იმ წელს, ზამთარში ბაკურიანში ვიყავით და იქიდან იწყება ჩვენი ამბავი. ჯუმბერმა, ასე ვთქვათ, შეტევა დაიწყო თავის მეგობრებთან ერთად (იღიმის) და მალე, შეიქმნა ოჯახიც... 55 წელია ერთად ვართ, წელს მარტში შესრულდა ეს თარიღი. პანდემიის გამო ვერ აღვნიშნეთ, მხოლოდ ვიწრო წრე შევიკრიბეთ წეროვანში. 50 წლისთავი კი ფართოდ გადავიხადეთ.

- თქვენი მეუღლე, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, სულ მოუცლელი იყო. როგორ ართმევდით თავს ოჯახის სირთულეებს, შვილების გაზრდას?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული ვიყავი სამეცნიერო თუ პარტიული მუშაობით, მე ჯუმბერის გვერდით დავდექი. მინდოდა, მას ნაკლებად ეფიქრა ოჯახზე, ზურგი ჰქონოდა მშვიდი და ასეც გამოვიდა. ოჯახში დედა მეხმარებოდა, მამაჩემი კლდესავით გვედგა. უცხო ენების ინსტიტუტში ისე შევარჩიე ლექციების გრაფიკი, რომ ბავშვები დილით სკოლაში წამეყვანა და მათ მოსვლამდე დავბრუნებულიყავი. მქონდა გამონაკლისი დატვირთული დღეებიც, მაგრამ დამხმარე გვყავდა. კაზაჩკა ქალბატონს, ჩემს შვილებზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. უმცროს ბიჭს, როცა პატარა იყო, ისე უყვარდა, ჯერ მასთან შეწვებოდა ლოგინში და მერე გადაგვყავდა თავის საწოლში.

ძალიან რთული პერიოდი გვქონდა 9 აპრილის დროს. ბავშვებმა იმდენი ტკივილი მიიღეს ჩვენგან დამოუკიდებლად და მაინც ჩვენი მიზეზით, რომ დღემდე თვალს ვერ ვუსწორებ. მაშინ უფროსი ბიჭი 14 წლის იყო, უმცროსი - 9-ის. მადლობა ღმერთს, არ გაბოროტდნენ ან გზას არ ასცდნენ და წესიერი ადამიანები არიან. ბიჭები 9 აპრილის შემდეგ, ერთ კვირაში გავუშვით სკოლაში. მირეკავდნენ და კითხულობდნენ, - როგორ გარისკეთო? უფროსს ისეთი მეგობრები ჰყავდა, დღემდე ერთად არიან. სკოლის გაკვეთილები დამთავრდებოდა თუ არა, ოთხივე გიგას გვერდით მოდიოდა. მერე გავიგე, თურმე მთელი კლასი ამათ მოჰყვებოდა რაღაც მანძილის მოშორებით. უმცროსი შვილი - პაატა კი სულ კაბაზე ხელმოკიდებული მყავდა, ეშინოდა დედა არ დაეკარგა...

GzaPress

- ალბათ, თქვენ გვერდითაც იყვნენ მეგობრები.

- რასაკვირველია, ისეთი მეგობრები მყავს, დღესაც ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. ესენი არიან: გულიკო კარიაული, თინა კოტეტიშვილი, აზა ანთელავა, მერი ფოფხაძე - თავის დროზე ცეკაში მუშაობდა, ნუნუ ცხოვრებაძე, ნატა მღებრიშვილი - ყველას გვპატრონობდა ინსტიტუტში სწავლის დროს, ლია ხვითარია, დონარა სალაძე, როზა ძოწენიძე.

ჩემი მეგობარი იყო კაგებეს თავმჯდომარე, მკაცრი და მომთხოვნი ალექსი ინაური, რომელიც ძალიან მიყვარდა. ჯუმბერი უყვარდა ინაურს, ამიტომ მეც მაფასებდა და ვუყვარდი. ძალიან ვმეგობრობდით ცეკას ბიუროს წევრების ცოლები. ინაურის ცოლი ჩემზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ როგორც ტოლი ტოლთან, ისე ვიყავით. ის ხშირად იწვა "ლეჩკომბინატში", რაღაცები აწუხებდა. ამ ქალბატონს ყველა გაურბოდა, ეშინოდათ და როცა ვერ ახერხებდნენ რამეზე დათანხმებას, მე მირეკავდნენ, - ქალბატონო თინა, იქნებ თქვენ მოგვეხმაროთო. ძალიან კარგი ქალი იყო. კარგი ადამიანები იყვნენ გურამ ენუქიძის მეუღლე - ლია მაჩაბელი, ზურაბ ჩხეიძის ცოლი - დოდო საყვარელიძე... არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ნანული შევარდნაძესთან. იცით, რა იცოდა? ზოგჯერ დამირეკავდა: ჩამოდი თინა, ერთი წუთითო! ჩავიდოდი, გავივლიდით, ნაყინს მანქანაში მივირთმევდით, თან ვისაუბრებდით. ძალიან მიყვარდა, ისეთი რამ შემეძლო მისთვის მომეყოლა, რასაც სხვას ვერ ვეტყოდი. ისიც გულახდილად მესაუბრებოდა.

- საკავშირო ცეკას წევრების ცოლებსაც ახლოს იცნობდით?

- რაისა გორბაჩოვა ჩამოდიოდა მეუღლესთან ერთად. მაშინ ჯუმბერი ბიუროს რიგითი მდივანი იყო, გორბაჩოვთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. გორბაჩოვები ყოველ წელს ლიძავაში ისვენებდნენ. ჩვენ აეროპორტში ვხვდებოდით მათ და ერთად მივდიოდით აგარაკზე. რაისა ჭკვიანი ქალი იყო. როცა ჯუმბერი საუბრობდა და მიხეილ გორბაჩოვი შეკითხვას დააპირებდა, ასე ეტყოდა: ჯერ დავამთავრებინოთ და კითხვები მერე დავუსვათო. ლიძავაში ერთად ვსეირნობდით მე და რაისა - წინ ჩვენ მივდიოდით, უკან მოგვყვებოდნენ ჯუმბერი და მიხეილი. მარტო ამათთან კი არა, პოლიტბიუროს ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად ცოლებთან ერთად ჩამოდიოდნენ. ერთხელ ალექსანდრე იაკოვლევმა ჯუმბერის შესახებ, პირადად მითხრა: თინა გიორგიევნა, ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს, ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, ძალიან კმაყოფილი ვარო.

- ქვეყნის პირველი ლედის რანგში ყოფნა რაიმე საზოგადოებრივ დატვირთვას გულისხმობდა? დაცვა დაგყვებოდათ?

- მაშინ ე.წ. პირველი ლედის ინსტიტუტი აქტუალური არ იყო. დაცვის ბიჭები, ორივე კარგი ადამიანი, ოჯახის წევრებივით გვყავდა. თუმცა არ მიყვარდა, როცა სადმე დაცვასთან ერთად მივდიოდი. არ ვთვლიდი, რომ დაცვა მჭირდებოდა. ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო: 9 აპრილის დღეს ჯუმბერი რომ გადადგა, მალევე ხალხმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომ ის პოსტზე დაბრუნებულიყო. ის ხელმოწერები ჩვენთან მოჰქონდათ. ჯუმბერმა, რასაკვირველია, უარი თქვა. მხარდამჭერები მარტო საქართველოში არ ჰყავდა, რუსეთიდან უამრავი წერილი მოდიოდა. ერთი დეპეშა შორეული აღმოსავლეთიდან ქალმა გამოაგზავნა, რომელიც ჯუმბერს სწერდა: 4 შვილი მყავს, ბოსტანი მაქვს და ყველაფერი მომყავს, ხილიც მაქვს. თუ გაგიჭირდათ, ცოლ-შვილი ჩვენთან გამოგზავნეთო. წარმოგიდგენიათ, ასეთი თანადგომა? კარგა ხანს ვინახავდი ამ დეპეშას, ბალიშის ქვეშ მქონდა ამოდებული.

GzaPress

- ჭიჭინაძეების ფუძე საიდან მოდის? დოდო ჭიჭინაძე თქვენი ნათესავი იყო?

- ნათესავები არ ვიყავით, სხვადასხვა შტოს წარმოვადგენთ. ეგენი რაჭიდან წამოვიდნენ და კახეთში, კერძოდ თელავში დასახლდნენ. ჩვენ ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმშიდან ვართ. თუმცა ვახლობლობდით, დოდო ჯუმბერს სიძეს ეძახდა, მისით ამაყობდა და გადაფოფრილი იყო. ბედნიერები ვიყავით დოდოსთან და მის ძმასთან, რეზოსთან ურთიერთობით. დოდო საინტერესოდ საუბრობდა, თბილად იხსენებდა ყველაფერს. მათთან ხშირად მივდიოდით სტუმრად, სუფრასთან ვისხედით ხოლმე: ჯუმბერი, მე, დოდო, რეზო, მისი მეუღლე ბაბო მიქელაძე და მათი შვილი გოგი. ეს შეხვედრები თბილად მახსენდება.

დოდოს თავისი გვარი უზომოდ უყვარდა, მეც ეს დამემართა ამ ბოლო დროს, ეტყობა ასაკის ბრალია (იცინის). ჩვენ დიდი ნათესაობა გვყავს, მამაჩემის დედმამიშვილები ათნი იყვნენ. იმათი შვილები 17 ვიყავით, 3 ქალი, დანარჩენი - ბიჭები. ერთმანეთთან დღესაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი უშუალო წინაპარი იყო ზაქარია ჭიჭინაძე (საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი. - ავტ.). გამორჩეული და ცნობილი პიროვნებები იყვნენ ქირურგი-გინეკოლოგი კონსტანტინე ჭიჭინაძე და აკადემიკოსი ვახტანგ ჭიჭინაძე. მე ერთი ძმა მყავს და სამი ძმისშვილი - გოგონები. ჭიჭინაძეებს კარგი შთამომავლობა ჰყავთ.

- გასახსენებელი ბევრი გექნებათ... გული რაზე გწყდებათ?

- ძირითადად, მაინც ამის ირგვლივ ვტრიალებთ - ჩვენი ოჯახის ცხოვრება 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ, ეს არის გამყოფი. ძალიან მტკივა გული - ჯუმბერი არ არის ის პიროვნება, ეს რომ დამართოდა... ის ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანია. მე მაგალითად, მიმაჩნია, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მარტო ის იყო უდიდესი საქმე, დმანისში სვანები რომ ჩამოასახლა 1987 წლის ტრაგედიის შემდეგ (სვანეთში ზვავი ჩამოწვა, ხალხი დაიღუპა). 7 ქართული სოფელი დაფუძნდა იმ მხარეში, სადაც ქართული სიტყვა არ ისმოდა. ყველას მადლობელი ვარ, ვისაც ახსოვს ჯუმბერის გაკეთებული კეთილი საქმეები და ვინც დღემდე გვერდში უდგას.

ნანული ზოტიკიშვილი