რისი ცოდნა გადაარჩენდა ტკივილს 17 წლის ბიჭს? - გზაპრესი

რისი ცოდნა გადაარჩენდა ტკივილს 17 წლის ბიჭს?

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თანატოლებმა ფული აუკრიბეს და დაბადების დღისთვის, მათი აზრით, მეტად დროული და დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთეს - იცოდნენ, სადაც იკრიბებოდნენ ფულის საშოვნელად გამოსული მეძავები და ერთ-ერთი "დაუქირავეს"...

ეს ბიჭისთვის პირველი სექსუალური გამოცდილება იყო და რადგან მისთვის არავის უსწავლებია, აზრად არ მოსვლია თავის დაცვაზე ფიქრი. ჰოდა, როცა რამდენიმე დღეში დაავადების პირველი სიმპტომები აღმოაჩნდა, ვიდრე შეეძლო ითმენდა ქავილსაც, წვასაც... მოგვიანებით, ტკივილს მაღალი ტემპერატურაც რომ დაერთო, მერეღა გაუმხილა მშობლებს რაც აწუხებდა. თუმცა, როცა ექიმთან მიჰყავდათ, მაშინაც კი ვერ თქვა დარცხვენილმა, რომ იაფფასიან მეძავთან შემთხვევითი კავშირი ჰქონდა. გამოკვლევებმა და ანალიზებმა უჩვენა სწრაფად განვითარებული დაავადების მიზეზიც და მოსალოდნელი საშიშროებაც...

არ ჩამოვთვლი იმ დაავადებებს, რაც ანზორიკოს განუვითარდა და ერთთვიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ, სახლში გამოწერილსაც კარგა ხანს მოუწევს ძვირად ღირებული წამლების მიღება.

ის მეძავი, რომელმაც არასრულწლოვანი დაასნებოვნა, იმ უბანში, სადაც დაქალებთან ერთად "მუშაობდა", აღარ უნახავთ. ეტყობა, ვიღაცამ გააფრთხილა მომხდარის შესახებ და ვიდრე პასუხს მოსთხოვდნენ, "ლოკაციის ადგილი" შეიცვალა. ბიჭებს მხოლოდ სახელი ახსოვთ მისი - ნათია (რომელიც შეიძლება, სულაც არ იყოს ნამდვილი) და დაახლოებით 30-35 წლის არის.

ექიმების თქმით, ქუჩაში "მომუშავე" ყველა მეძავი ინფექციის წყაროს წარმოადგენს. სამწუხაროდ, საქართველოში ისეთ დაბალ ნიშნულზეა სექსუალური განათლების დონე, ზრდასრულ მოსახლეობასაც კი არა აქვთ გათვითცნობიერებული, შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ რა განაჩენს უმზადებენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ახლობლების, პირველ რიგში, მეუღლის ჯანმრთელობას...

ქუჩაში გამოსულ "პეპლებს" (რომლებიც ღამის დადგომასაც აღარ ელოდებიან) კლიენტი არ აკლიათ. აი, ნამუსის დეფიციტს კი ნამდვილად განიცდიან და თუ ფულს გადაუხდიან, არც ბავშვებს ეუბნებიან უარს მომსახურებაზე. შეუძლებელია, ამის შესახებ არ იცოდნენ სამართალდამცველმა ორგანოებმა...

სხვათა შორის, ანონიმურმა წყარომ ისიც მითხრა, რომ ორიოდე წლის წინ, კაცმა, რომელსაც შიდსი აჰკიდა მეძავმა, ისე სცემა ამ უკანასკნელს, საავადმყოფოში მიყვანილი გარდაიცვალა. მამაკაცების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაამართლა მკვლელის "ვაჟკაცური საქციელი"... ალბათ დადგა დრო, როცა ყველამ ერთად რაღაც გზა გამოვნახოთ მომავალი თაობის დასაცავად მაინც და თუ სხვა გამოსავალი არ არის, მართლაც, გახსნან ის ავადსახსენებელი ბორდელები, სადაც ექიმი გააკონტროლებს და შეაჩერებს ყველანაირი დაავადების გავრცელებას. ჩვენს შვილებს კი აუცილებლად უნდა მივცეთ ცოდნა და ძალიან გთხოვთ, ნუ შემეკამათებით - სექსის სწავლა არ გაგვიგონია და გარყვნილებას ნუ ქადაგებო...

სექსს მართლა არ სჭირდება სწავლა და ეს ის ინსტინქტია, რომელსაც ყველა ბრმად ემორჩილება. ჩვენ ის უნდა ვასწავლოთ მოზარდებს, როგორ მართონ თავიანთი ინსტინქტები და სურვილები, რომ ანზორიკოს დღეში არ ჩაცვივდნენ, რომელსაც ელემენტარული უცოდინარობა შეიძლება, ძალიან ძვირი დაუჯდეს...

ინგა ჯაყელი