რატომ გამოუცხადა ვარშავის პოლიციის უფროსმა ქართველ ნუკრი დავითაშვილს მადლობა - გზაპრესი

რატომ გამოუცხადა ვარშავის პოლიციის უფროსმა ქართველ ნუკრი დავითაშვილს მადლობა

ნუკრი დავითაშვილი უკვე რამდენიმე წელია, პოლონეთში ცხოვრობს და მუშაობს. რამდენიმე კვირის წინ ვარშავის პოლიციის უფროსმა, პაველ დობროჯეიმ მას მადლობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ნუკრიმ უპრეცედენტო სიმამაცე გამოიჩინა და ბოროტმოქმედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა პოლონეთში საქართველოს ელჩმა, ილია დარჩიაშვილმაც და გაბედული მოქალაქეობრივი საქციელისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა თანამემამულეს. ჩვენ პოლონეთში დავუკავშირდით ნუკრის და მომხდარის შესახებ უფრო დაწვრილებით ვკითხეთ.

- წარმოშობით ბაღდათიდან ვარ, მაგრამ მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და მეც იქ ვიზრდებოდი 11 წლამდე. მერე ჩამოვედით საქართველოში, დაახლოებით 3-4 წელი ვიცხოვრეთ მანდ და კვლავ საზღვარგარეთ წავედით. თითქმის 3 წელია, რაც პოლონეთში ვცხოვრობ, ჩემს ძმას სამშენებლო ფირმა აქვს და მასთან ჩამოვედი სამუშაოდ.

- მომიყევით, რა მოხდა იმ დღეს? ეტყობა, ქართული ხასიათი მოჭარბებულად გაქვთ იმის მიუხედავად, რომ აქ დიდხანს არ გიცხოვრიათ.

- ასეთია ქართული სისხლი, როცა უსამართლობას ხედავ, როცა ათი კაცი ერთს ურტყამს, ვერ ისვენებ. იმ დღეს ჩემს ძმასთან მივდიოდით მე და ჩემი მეუღლე. ჩიხიდან გავდიოდით და ამ დროს დაინახა, როგორ სცემდა ორი ადამიანი ერთ ბიჭს. - ნუკრი, მგონი, პატარა ბიჭს ურტყამენო, მითხრა. მაშინვე გავაჩერე მანქანა, ერთი ზევიდან იყო მოქცეული და სახეში წიხლებს ურტყამდა. რას შვრებით, თავი დაანებეთ-მეთქი, - ვიყვირე. ერთი მაშინვე ჩემკენ წამოვიდა. უსიტყვოდ მომიახლოვდა, ხელის დარტყმა უნდოდა. ვისაც სცემდნენ, ასე, 20 წლის იქნებოდა, ყური ნახევრამდე მოჭრილი ჰქონდა მაკრატლით, მეორე თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული, აყაჩაღებდნენ. ჩანთა უკვე წაერთმიათ და ფეხსაცმელებიც გახდილი ჰქონდა, ეტყობა, იმასაც ართმევდნენ.

- არ შეგეშინდათ?

- არა, ცხოვრებაში არ შემშინებია, პატარაობიდან მივყვებოდი სპორტს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე 9 წელი დავდიოდი. რუსეთში საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც გავხდი ჭაბუკებში. მერე ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ვარჯიში შემეწყვიტა. უბრალოდ, იმის უფრო შემეშინდა, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედაა, მერვე თვეში და ვიფიქრე, არ განერვიულებულიყო.

- პოლიციამ საიდან გაიგო თქვენ შესახებ?

- საბუთები ამომვარდნია ჯიბიდან, თან კამერებსაც გადაუღია მომხდარი. ჩემი წასვლისთანავე პოლიცია მისულა და ორივე თავდამსხმელი დაუკავებია. დამიკავშირდნენ და მითხრეს, მივსულიყავი. ვერ მივხვდი, რატომ დამიბარეს და როცა მიზეზი გავიგე, მესიამოვნა.

GzaPress

- ქართულ-პოლონურ ოჯახზეც მიამბეთ...

- მე და ჩემი ძმა თავის ცოლთან ერთად, სასეირნოდ ვიყავით და იქ გავიცანით ერთმანეთი შემთხვევით, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, ერთ კვირაში შევხვდით. ჩემი მეუღლე პოლონელია, ვიოლეტა ჰქვია, დაახლოებით ერთ თვეში ბავშვს ველოდებით.

- რას ამბობს, მაინც რითი მოხიბლეთ?

- ვკითხავ ახლავე. მეუბნება, ნუკრი ძალიან ჭკვიანი, მომხიბვლელი და უშიშარიაო (იცინის).

- საქართველოს შესახებ თუ იცოდა რამე?

- ჩვენი ქვეყნის შესახებ მე ვუყვები, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ახლა ვგეგმავდით ჩამოსვლას, მაგრამ კორონავირუსმა შეგვიშალა ხელი. მშობლები მანდ ცხოვრობენ, სოფელ როხში. ჩაივლის ეს პანდემია და აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი. სამშობლოდან შორს ყოფნა რთულია, თუმცა ეჩვევი. საბოლოოდ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩამოვიდე და მანდ ვიცხოვრო, ასე ვფიქრობ...

ნინო ჯავახიშვილი