გერსამიების 6-შვილიანი ოჯახი და ადამიანთან ურთიერთობის ყველაზე ამაღლებული ფორმა - გზაპრესი

გერსამიების 6-შვილიანი ოჯახი და ადამიანთან ურთიერთობის ყველაზე ამაღლებული ფორმა

"ნიჭიერში" გერსამიების ოჯახის გამოსვლას ჟიურიც აღფრთოვანებით შეხვდა და მაყურებელიც, ყველა ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს. ოჯახის უფროსი, ლევან გერსამია 32 წლისაა, ქუთაისში ქართულ სიმღერას, გალობას და საკრავებს ასწავლის ბავშვებსაც და სტუდენტებსაც. მისი მეუღლე, მარიამ ვაშაკიძე ვოკალისტია. ლევანს და მარიამს 6 შვილი - 3 ვაჟი და 3 გოგონა ჰყავთ.

- უკვე რამდენი წელია, ქუთაისსა და ბაღდათის სალოტბარო სკოლაში სხვადასხვა ასაკის ბავშვებს საგალობლებსა და ქართულ ფოლკლორს ვასწავლი. გარდა ამისა, ვგალობ ტაძარში, ვარ ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის წევრი. ჩემს ოჯახში სიმღერას ყველა ახერხებდა - მამაც, დედაც, ჩემი ძმაც გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ბავშვობიდან. პატარაობისას მუსიკალურ სასწავლებელში შემიყვანეს და აქედან დაიწყო სიმღერის სიყვარული, რამაც საბოლოოდ პროფესიის არჩევაც განაპირობა. თავიდან მუსიკის ხან ერთი ჟანრი მომწონდა, ხან მეორე. ტაძარში რომ მივედი, 14-15 წლის ვიყავი და საბოლოოდ მივხვდი, რა მინდოდა. დავიწყე ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მისვლის შემდეგ კი ძველი ჩანაწერების აღდგენა. აუარებელი მასალაა ფონდში, ამოუწურავი, თაობები სჭირდება ამის კვლევას და აღდგენას. შემდეგ უკვე ფოლკლორის ცენტრში დავიწყე მუშაობა პედაგოგად. როდესაც ცენტრი დაიხურა, გავხსენი წრე და ახლა 40-50-მდე ბავშვს ვასწავლი, მყავს სტუდენტების ანსამბლიც.

- "ნიჭიერში" მონაწილეობის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ბავშვებსა და მეუღლეს უნდოდათ და მეგობრებიც დიდი ხანია მეუბნებოდნენ, გამოვსულიყავი, მაგრამ თავს ვიკავებდი. საერთოდ, თავის გამოჩენა არ მიყვარს. ასეთ პროექტში მონაწილეობით თითქოს ხაზს გავუსვამდი, რომ აი, შეხედეთ, რა ნიჭიერი ვარ-მეთქი, თუმცა, რაკი ამ გადაცემას უამრავი ადამიანი უყურებს, მინდოდა, წარმოგვეჩინა, როგორი კარგია, როცა ოჯახი მღერის. მინდა, სურვილი გაუჩნდეს სხვებსაც და ოჯახებს დაუბრუნდეს სიმღერა, ამისთვის ვასწავლი კიდეც, ეს პატარები მერე მშობლებს აყვარებენ სიმღერას, ფოლკლორს. ბევრს სმენაც არ აქვს, მაგრამ შვილები ასწავლიან სწორად სიმღერას, რაც ძალიან მახარებს. ჩემი სურვილია, ყველა ქართველი მღეროდეს, ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს. მე ხალხური სიმღერის გარეშე არ შემიძლია, ეს არის ადამიანთან ურთიერთობის ყველაზე ამაღლებული ფორმა და საშუალება.

GzaPress

- ელოდით ამხელა ოვაციებს?

- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი და ვნერვიულობდი, მაყურებელი და ჟიური როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს, როგორ შეგვაფასებდნენ, მოვეწონებოდით თუ არა, მაგრამ არაფრით ველოდით ასეთ ოვაციებს. ბავშვები ძალიან ბედნიერები იყვნენ, სიხარულით გაგიჟდნენ, მეორე ტურშიც რომ გადავედით.

- ოჯახზე მომიყევით. გაგვაცანით თქვენი მეუღლე და შვილები.

- ჩემი მეუღლე, მარიამ ვაშაკიძე ვოკალისტია, მაგრამ ამჟამად არსად მუშაობს. ახლა შვილებს ამღერებს და ამეცადინებს, რადგან მე სახლში იშვიათად ვარ. 2008 წლის 9 ნოემბერს დავქორწინდით. ზუსტ რაოდენობაზე წინასწარ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ვიცოდით, რომ ცოტა შვილი არ გვეყოლებოდა. პირველი სამი სცენაზე უკვე იხილეთ - უფროსი 11 წლისაა, ყველაზე პატარა - 2-ის. მეოთხეს, ქეთევანის გამოყვანას ვაპირებთ შემდეგ ტურში. სცენაზე არასდროს მდგარა, ჯერ მხოლოდ 5 წლისაა.

- დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა ამდენი შვილი...

- პირველ რიგში, ეს ამბავი გვაფხიზლებს და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, არც სულიერად, არც ფიზიკურად. შვილთა სიმრავლე მეტად კრავს ოჯახს, ცოლ-ქმარს მეტად გვაყვარებს ერთმანეთს. ბავშვებიც სხვანაირები იზრდებიან - უფრო მეტად გულისხმიერები, ერთობას სწავლობენ, თავგანწირვას, ერთმანეთზე ზრუნვასა და დამოუკიდებლობას.

- კაფიებზეც უნდა გკითხოთ, ვიცი, რომ გეხერხებათ თქმა.

- ზოგჯერ ვერთობი, სერიოზული არაფერი. ერთ-ერთ ბოლოდროინდელს გეტყვით, ჯგუფში ბევრი გამომეპასუხა ამ კაფიაზე: "პროცენტებმა დააჭირა,/ პაპანაქებაა სიცხე./ შემოსავლის ნახევარი/ უკვე ბანკში გადავრიცხე./ მევალეებიც ბევრი მყავს,/ ყველას ვაძლევ, თავს არ ვირცხვენ./ ცოტა ხანი დამაცადეთ,/ რამდენი ხართ, ვერ აღვრიცხე./ ათასი გასავალი მაქვს,/ ყველას ძმობის ზეთი ვიცხე,/ დღე-ღამ ვირივით ვმუშაობ,/ დასვენება გამოვრიცხე./ ექვსი შვილის პატრონი ვარ,/ თვალი ძილით ვერ გავიძღე,/ ზოგი კი ლაღად მომძახის:/ "ლეო! არ გაჩერდე, მისცხე..."/ "აბა, ძმაო, რა გეგონა?"/ გამოხტება ჭკუით ვინცხე./ ან შრომაში, ან ბოვშებში/ დემეწიე, რო გამკიცხე?"

- წარმატებებს გისურვებთ შემდეგ ტურში!

ნინო ჯავახიშვილი