16 წლის ასაკში მოტაცებული ქალი და ორჯერ დანგრეული ოჯახი - გზაპრესი

16 წლის ასაკში მოტაცებული ქალი და ორჯერ დანგრეული ოჯახი

"გამარჯობა. მინდა, მეც გიამბოთ ჩემ შესახებ. მძიმე ცხოვრება გამოვიარე. 15 წლის ვიყავი, როცა მომიტაცეს. პირველი ქმრის გვერდით 5 უმძიმესი წელიწადი გავატარე. მეორე ქმარიც დესპოტი შემხვდა... და კიდევ ერთ საიდუმლოს გაგანდობთ: ცოტა ხნის წინ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ისე შემაყვარა თავი, ისე შემოიპარა ჩემს გულში, ვერც გავიგე. დილა მასზე ფიქრით იწყება და ღამეც მასზე ფიქრით მთავრდება. ოცნებებში მასთან ერთად არაერთხელ შემიქმნია ოჯახი, მაგრამ ვიცი, ამას არასდროს გავაკეთებ. პირიქით, მის გვერდით მყოფს ხშირად, სინდისი მქენჯნის. თუმცა, მაინც ბედნიერი ვარ... გთხოვთ, დამიკავშირდით, ძალიან მჭირდება აუდიტორია, რომელიც მომისმენს. თუ დამირეკავთ, ჩათვალეთ, რომ ერთ უბედურ ადამიანს ცხოვრება გაუხანგრძლივეთ. მეც მინდა, ადამიანად ვიგრძნო თავი და ერთი დღით მაინც გავხდე პოპულარული..."

ქალბატონს, რომელმაც პირობითად ნანა დაირქვა, ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდი. მისი ცხოვრების მიხედვით რომანიც თავისუფლად დაიწერება, მაგრამ ნანას ბედის გაზიარებას არც ერთ ქალს არ ვუსურვებ.

- დავიბადე აღმოსავლეთ საქართველოში. ძალიან მიყვარს მთა და იქაურობას არაფერი მირჩევნია, მაგრამ მთაში დავკარგე ყველაფერი ის, რაც ძალიან მიყვარდა და ამიტომაც, ახლა მშობლიური რაიონისკენ გახედვასაც ვერიდები, არათუ ჩასვლას. ჩვეულებრივ, გლეხების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობაში განსაკუთრებული ამბები არ გადამხდენია, მაგრამ ძალიან ბედნიერი კი ვიყავი თურმე... 10 წლისას მყავდა პირველი შეყვარებული და ის ბიჭი ძალიან დიდხანს მიყვარდა. მასაც მოვწონდი, მაგრამ ვინ დაგვაცალა ერთად ყოფნა? 16 წლის ვიყავი, როცა 8 წლით უფროსმა, გაღმა სოფლელმა მომიტაცა. მას ფაქტობრივად, არ ვიცნობდი. თურმე, ქორწილში მნახა, გულში ჩავუვარდი და მას მერე მოსვენება დაუკარგავს. ბოლოს, მეგობრებს შეუგულიანებიათ, - მოვიტაცოთო და მეგობრის მანქანით მამიდის სახლში წამიყვანა.

- მათ მანქანაში როგორ აღმოჩნდით?

- მეგობართან მივდიოდი. სახლიდან რომ გამოვედი, დავინახე მანქანა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ავტომობილის გარშემო შეკრებილ ბიჭებთაგან არავინ მეცნო. მერე გავიგონე, მანქანის კარები ლამის ერთდროულად რომ მოაჯახუნეს და ავტომობილი დაიძრა. როცა მომიახლოვდნენ, ვიგრძენი, ვიღაცამ ხელი ჩამჭიდა, პირზე ხელი ამაფარა და სალონში შემაგდო. კივილი მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მომავალი მეუღლის მეგობარმა ლამის გამგუდა, ისე მიჭერდა ცხვირ-პირზე ხელს. როცა სოფელს გავცდით, გამიშვა. ავკივლდი, მაგრამ აზრიც აღარ ჰქონდა არაფერს. მერე მომავალმა მეუღლემ მითხრა: ნანა, ნუ კივი, მაინც ვეღარავინ გიშველის და საშველიც არაფერია, კარგ ამბავში მიდიხარ. დღეიდან ჩემი ცოლი ხარო და გულში ჩამიკრა. ცხადია, მისგან თავის დაძრომას ვცდილობდი და კარგადაც დავკაწრე. მაშინ არც ვიცოდი, რას ნიშნავს ადამიანის ცოლობა.

- მშობლებმა როდის გაიგეს თქვენი მოტაცების ამბავი?

- მალევე გაუგიათ, მაგრამ დაიბნენ. ვერ მიხვდნენ, ვის შეიძლებოდა მოვეტაცე. ჰოდა, თურმე, პირველ რიგში ჩემი შეყვარებულის სახლში მიცვივდნენ. ის შინ არ ყოფილა, ამიტომ იფიქრეს, ნამდვილად ლევანმა მოიტაცაო და მისი მშობლები ააფორიაქეს. იმ ხალხს თურმე, პირი დაუღია: რას ამბობთ, ახლახან გავიდა, საშინაო ტანისამოსი ეცვა და ამას არ გააკეთებდა. ერთმანეთი უყვარდათ და თქვენი შვილი რატომ უნდა მოეტაცა, როცა ნებითაც გაჰყვებოდაო? ამტყდარა ერთი ვაი-უშველებელი. ამასობაში ლევანიც მისულა შინ. ჩემი მშობლები მისცვივდნენ თურმე, - ქალს სად მალავო? გაგიჟებულა: რა ქალი, რის ქალიო. როცა ჩემი მოტაცების ამბავი გაუგია, მოსასულიერებელი გამხდარა... მშობლებმა მეორე დღეს მომაგნეს.

- იმ დღეს, როცა მომავალმა მეუღლემ მამიდის სახლში ატირებული მიგიყვანათ, მის ნათესავებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- გაუხარდათ, ეს რა კარგი გოგო შემოგვივიდა ოჯახშიო. მამიდა და მისი ქალიშვილი თავს მევლებოდნენ. ისინი მართლაც, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და გული მწყდება, დღეს მათთან ურთიერთობა რომ არ შემიძლია. მამიდამ ვერაფრით მაპატია მისი ძმისშვილისგან წასვლა... მოკლედ, ახალ პატარძალს ყველა გულში მიკრავდა, მე კი ვტიროდი და ვტიროდი. გიზომ იმ დღესვე ჩამიწვინა ლოგინში. ტირილისგან დაოსებულს აღარც კივილ-წივილის თავი მქონდა და არც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღმომაჩნდა... მეორე დღეს მშობლების დანახვამ ძალიან გამახარა. მამამ გვერდით გამიხმო, - ნებით გამოჰყევი თუ არაო? მეგონა, მიშველიდა და სახეგაბადრულმა ვუთხარი: შენი ჭირიმე, მამიკო, აქ ნუ დამტოვებ, ძალით წამომიყვანა, ეს კაცი არ მიყვარს, მას არც ვიცნობდი-მეთქი. დამელოდეო და მანქანიდან ახლა დედა გადმოიყვანა, რომელსაც ნათესავი ქალი ძლივს აკავებდა. დედა მომვარდა და გამომკითხა წინა დღის ამბები. ვუთხარი, ყველაფერს მოგიყვები, ჯერ სახლში წავიდეთ-მეთქი. - ვერ წაგიყვან, ვიდრე ყველაფერს არ მომიყვებიო. რომ გაიგო, გიზოსთან უკვე ვიწექი, ზურგი მაქცია, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გულწასული დაეცა. მამა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და დედამ თვალები გაახილა თუ არა, მანქანაში ჩასვა და ისე მიმატოვეს, თითქოს მათთვის არც ვარსებობდი... ეს დიდი ტკივილი იყო ჩემთვის. ვერ მივხვდი, რას მერჩოდნენ, რატომ არ დამიხსნეს კაცისგან, რომელიც ჩემს ქმრად ასაღებდა თავს, მე კი მის მიმართ არანაირი გრძნობა არ მქონდა... მოკლედ, დამემართა ის, რასაც ახლა დეპრესიას ეძახიან. ერთადერთი, მამიდას მოფერება მანიჭებდა დიდ ბედნიერებას. მერე იმ სახლიდან წამოსვლა და დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება მომიხდა. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ცუდად მექცეოდნენ, მაგრამ როცა უკვე მოშინაურებულ ცოლს ქმარი საცემად მიმეტებდა, ხმას არ იღებდნენ ჩემს დასაცავად, თვალს მარიდებდნენ.

- მეუღლე რა მიზეზით გცემდათ?

- გაიგო, რომ შეყვარებული მყავდა და მის გარეშე ქუჩაში რამდენჯერაც გავედი, ეგონა, ლევანთან შესახვედრად მივდიოდი და ამის გამო მცემდა. დარწმუნებული იყო, მის ღალატს ვერ გავბედავდი, მაგრამ თავს იზღვევდა ასე - მომავალში არ მიღალატოსო (ყოფილმა დედამთილმა მითხრა, მომავალში ფეხი რომ არ დაგიცდეს, ამიტომ გცემსო).

- სინამდვილეში, მას მერე, რაც გათხოვდით, ლევანს შეხვდით თუ არა?

- ცხადია, რამდენჯერმე შემთხვევით შევხვდი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი სოფლები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ერთსა და იმავე ბაზარში დავდიოდით და როცა მშობლებთან მივდიოდი, ზოგჯერ გზაში ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ რომელ ღალატზეა ლაპარაკი, ერთმანეთს არც კი ვესალმებოდით... როგორც ვიცი, ძალიან იდარდა ჩემი გათხოვება. მამისთვის უთქვამს: იმ კაცს ცოლი უნდა მოვტაცო, ნანას გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიაო. მამამისი მკაცრი კაცი იყო და ლამის გადარეულა; მერე შვილს ფიზიკურადაც შეეხო თურმე, - სხვისი ნაცოლარი რად გინდა? რომც მოიყვანო, შინ არ შემოვუშვებო. მერე ლევანს დაუქადნია: კარგი, თუ ასე გინდა, ასე იყოს! იცოდე, ცოლს არასდროს შევირთავ, შვილიშვილებს ჩემგან ნუ მოითხოვო... უცოლოდ შეაბერდებოდა კიდეც ალბათ ამ ქვეყანას, მე რომ არ დავშორებოდი ქმარს. ჩვენი ურთიერთობის დანგრევაში კი დიდი წვლილი უშვილობის პრობლემას მიუძღვის. მასთან შვილი არა და არ მეყოლა. ჰოდა, ისიც არ მაკლებდა გინებას: ჩემი მოხუცი მშობლები ვერ გააბედნიერე, მე კი სულ დამღუპე და დამაქციეო. მერე მეზობლის ქალმა ჭკუა დამარიგა და საღამოს მეუღლეს ვუთხარი: ექიმთან წადი, იქნებ პრობლემა შენშია-მეთქი. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისთვის - როგორ თუ გავბედე და მის მამაკაცურ ღირსებას შევეხე? ჰოდა, იმ დღეს ისე მცემა, ძლივს გამომტაცეს სიკვდილს ხელიდან. ასე ნაცემ-ნაბეგვი რომ მნახა მამამ, მაშინ კი შევეცოდე და იკადრა ჩემი სახლში წაყვანა, სიძეს კი ჩემკენ გამოხედვაც აუკრძალა. თქვენ წამოიდგინეთ, ისიც შემეშვა და მალე მოიყვანა კიდეც ახალი ცოლი, რომელთანაც, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, შვილი შეეძინა...

- რატომ უნდა გამიკვირდეს?

- იმიტომ, რომ უშვილო არც მე ვარ - ვაჟი მყავს ანუ საერთო შვილი არ გვეყოლა, თორემ უუნარო არც ერთი არ ვყოფილვართ.

- მშობლები გათხოვებიდან რამდენ ხანში შეგირიგდნენ?

- რამდენიმე თვეში, როცა უკვე ქორწილი გადავიხადეთ, იკადრეს და მოვიდნენ ხელის მოწერის ცერემონიაზე დასასწრებად. მათზე უკვე გული გატეხილი მქონდა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. იმ დღეს, როცა იმ კაცთან დამტოვეს, რომელთან ცხოვრებაც არ მინდოდა, ისინი ჩემთვის მტრებად იქცნენ თითქოს... მერე ურთიერთობა დალაგდა. დედამ იცოდა, ქმარი ეჭვიანობის გამო რომ მცემდა, მაგრამ მირჩევდა, ყველაფერი ამეტანა. ამბობდა: ნუ გეშინია, თავიდან ყველა წყვილს ეძაბება ურთიერთობა. როცა გაგიცნობს, მიხვდება, რომ შენი ნდობა შეიძლება და მერე კონფლიქტი აღარ გექნებათო. მაგრამ წლები რომ იწელებოდა და ეჭვიანობას არ შეეშვა, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა და მამას გაუმხილა ჩემ პრობლემები. მამამ, - აბა, უცხო კაცს რომ ჩაუგორდა, რა ეგონა გათხოვება? ახლა მისგან ცემაც უნდა აიტანოს და მოფერებაცო.... მერე, როცა ლამის მომკლა, იკადრეს და სიძეს გამოსტაცეს ჩემი თავი.

- თქვენს ყოფილ შეყვარებულზე ამბობდით, ქმარს რომ გავშორდი, ცოლი ამიტომაც მოიყვანაო...

- ჰო, როცა გაიგო, ქმარს დაშორდაო, თურმე, ძალიან გაუხარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ შემხვდა კიდეც, ვითომ შემთხვევით. მითხრა: რატომ მიღალატე, იმ კაცთან რატომ დარჩიო? - ამაზე ლაპარაკს ახლა რა აზრი აქვს-მეთქი? - უბრალოდ, მაინტერესებსო. ყველაფერი ვუამბე. ცრემლი გადმოუგორდა. - რა ვქნა, ცოლად მაინც ვერ მოგიყვანო და წავიდა. მას მერე ვგრძნობდი, გამირბოდა. მე რომ დამინახავდა, ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა ან სხვა მხარეს იბრუნებდა პირს, ან სადმე შენობაში შედიოდა... მეც ვცდილობდი, არ გამომეწვია. 5-6 თვის დაშორებული ვიყავი ქმარს, როცა გავიგე, ლევანს ვიღაცას ურიგებენ და ისიც თანახმაა, რომ ის ქალი ცოლად შეირთოსო. გულწრფელად გეუბნებით, გამიხარდა! ვიფიქრე, ალბათ ჩემს მერე ის გოგო შეუყვარდა-მეთქი და უფალს მისი ბედნიერება შევთხოვე. მამისა და დების დაჟინებული თხოვნით, ქორწილშიც წავედი. სიძე მთელი ქორწილის განმავლობაში ისე მიყურებდა, როგორც დასაკლავად განწირული ხარი. ჰოდა, მივხვდი, ასე იმის გამო მოიქცა, რომ ჩემგან, განათხოვარი ქალისგან დაეღწია თავი. ხომ იცით, რასაც ნიშნავს ქართველი კაცისთვის სხვისი ნაცოლარის მოყვანა და თავი რომ არ მოსჭროდა, იჩქარა; ის შეირთო, ვისაც თურმე, არც კი იცნობდა... სამაგიეროდ, ახლა ალბათ ბედნიერია, რადგან სამი შვილი ჰყავს. მიხარია, რომ კარგად არის და თავისი პატარა ბუდე აქვს...

- გული სულ არ დაგწყდათ მის ქორწილში მყოფს?

- გული ცხადია, დამწყდა, მის გვერდით სხვა რომ იდგა, მაგრამ ბოღმიან ფიქრებს წამითაც არ შევუწუხებივარ. ეტყობა, ისე ძალიან აღარ მიყვარდა... ვინაიდან ბოროტი არ ვარ, ალბათ ამიტომაც, ბედმა კიდევ ერთხელ გამომიგზავნა საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ოჯახს არასდროს შევქმნი, მაგრამ მასთან ურთიერთობით ძალიან ბედნიერი ვარ.

- როგორც მომწერეთ, მეორე ოჯახიც დაგენგრათ. ასეა?

- ნათესავებმა არ მომასვენეს. მათი დაჟინებული თხოვნითა და მშობლების დიდი მცდელობის შემდეგ, ოჯახი შევქმენი ადამიანთან, რომელსაც ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და მის შვილებს პატრონი ესაჭიროებოდათ. მასთან ვაჟი გამიჩნდა. შვილმა ძალიან შემცვალა, ბრძოლის უნარი მომცა და მივხვდი, აღარ უნდა მეცხოვრა კაცთან, რომელიც იყო ლოთი, რომელსაც შვილი არ უყვარდა და მით უმეტეს, ცოლი არაფერში სჭირდებოდა. გამუდმებით სვამდა, საკუთარ ლოთობას კი საყვარელი ცოლის გარდაცვალებით მიღებულ ტკივილს აბრალებდა. არადა, მეზობლებისგან ვიცოდი, რომ ალკოჰოლი ყოველთვის უყვარდა. ჰოდა, ცოლის მოვალეობის შესრულებაზე უარს რომ ვეუბნებოდი, გაბრაზებული ჩემს ცემას იწყებდა. მის შვილებს ისედაც არ მოვწონდი და როცა მცემდა, ბედნიერები ხითხითებდნენ ხოლმე. არადა, მათთვის თავს არ ვზოგავდი. როგორც საკუთარ შვილს, მათაც ისე ვუვლიდი, მაგრამ დედად ვერ მიმიღეს. ჰოდა, გადაწყვეტილება მივიღე, მისგან წამოვსულიყავი. გიზოსი არ იყოს, ჩემი დაკარგვა დიდად არც მას უდარდია. უფრო მეტიც, დაშორების შემდეგ შვილიც კი არ მოუკითხავს... მამამ არ მაპატია ოჯახიდან წამოსვლა და დღემდე არ მელაპარაკება, დედას კი ჩუმ-ჩუმად, წელიწადში ერთხელ ვხვდები ხოლმე, როცა თბილისში ჩემი დის სანახვად ჩამოდის.

- ახლა სად ან როგორ ცხოვრობთ?

- თავიდან მეგობრის სარდაფში ვცხოვრობდი შვილთან ერთად. მერე მუშაობა დავიწყე ჯერ ერთ რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად, მერე მეორე საქმეც შევითავსე და უკვე დასაქმებულს, ნორმალური ბინის დაქირავების საშუალება მომეცა. როცა ჩემი შვილი ბაღში იყო, თავისუფლად ვმუშაობდი, მაგრამ საღამოს, ჩაძინებულს რომ ვტოვებდი და სამსახურში გავრბოდი, გული მისკდებოდა ხოლმე, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. მეზობლები გაფრთხილებული მყავდა, ბავშვის ტირილს თუ გაიგონებთ, ბინაში შეიხედეთ და დამირეკეთ, რამდენიმე წუთში სახლში გავჩნდები-მეთქი. მერე ერთმა მადლიანმა ქალმა სამსახურის გამოცვლა შემომთავაზა. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, ფულიან ხალხს სახლს ვულაგებ და ნორმალური შემოსავალი მაქვს.

- ვინ არის ის კაცი, ვინც თქვენი გაბედნიერება შეძლო და რატომ არ შეგიძლიათ მის გვერდით ცხოვრება?

- ერთ-ერთ სახლში ბინის დასალაგებლად გამოგვიძახეს. მე წავედი. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი უძვირფასესი ადამიანი, რომელთან შეხვედრაც ჩემთვის საოცრების ტოლფასი იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, კაცს თუ შეეძლო ისეთი დიდი სიყვარულის და სითბოს გამომჟღავნება, როგორც ეს მას შეუძლია. მაგრამ ჩვენ შორის დიდი ბარიერია - მას ცოლ-შვილი ჰყავს, ოჯახიდან წამოსვლისკენ კი არასდროს ვუბიძგებ. ჩუმად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ცდილობს, მატერიალურად დამეხმაროს, მაგრამ ხშირად, ამაზე უარს ვეუბნები. ერთადერთი, რაშიც წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ის არის, რომ ბინა დამიგირავა. ახლა იმ ფულს, რასაც ბინის ქირაში ვიხდიდი, ძიძას ვაძლევ, რომელიც ჩემს პატარას ყურადღებას არ აკლებს. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, ჩემს უსაყვარლეს ძიძას და ჩემს უძალიანმაგრეს ადამიანს, რომლის სახელსაც ვერ გეტყვით, დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და იმ სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებენ... და კიდევ, მადლობა ჟურნალ "გზას", ასეთი კარგი რუბრიკისთვის და იმისთვის, რომ ადამიანებს საკუთარი აზრების დაფიქსირების საშუალებას აძლევთ. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს და ყველას უსასრულო ბედნიერებას გისურვებთ! და კიდევ ერთი: მინდა ლევანს მივმართო: თუ ამ წერილს წაიკითხავ, იცოდე, ცხოვრებას არ დაუჩოქო. შენც ისეთი ბედნიერი უნდა იყო, როგორიც მე ვარ დღეს. მიხარია, რომ ოდესღაც შენნაირ კარგ ადამიანს ვიცნობდი, შენთვის ცუდს არასდროს ვისურვებ, ეს იცოდე...

ლიკა ქაჯაია