უნივერსალური კაცი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაული - გზაპრესი

უნივერსალური კაცი და წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაული

ეს საოცრად ნიჭიერი ადამიანი წლების წინ გავიცანი ზუგდიდში, როგორც მომღერალი და ანსამბლ "ოდოიას" ხელმძღვანელი; თბილისში, ფოლკლორის ცენტრში ხეზე შესრულებული მისი რამდენიმე ნამუშევარიც ვნახე, ახლა კი მისი მეგობრის - გიორგი ქორთუას მარნის კეთებისას მივუსწარი, მარნის მთლიან სივრცეს აკეთებდა. ქვევრების ოთახი ნაწილობრივ დაესრულებინა და ულამაზესი იყო, იმწუთას კი მეორე ოთახში აგურებით კედელი ამოჰყავდა. მითხრა, ამ სამუშაოს დამოუკიდებლად პირველად ვასრულებო. გაოცებული ვათვალიერებდი - ადამიანის შესაძლებლობებს ალბათ მართლაც არა აქვს საზღვარი. ვეღარ გავერკვიე, მაინც ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი, ორესტი სიჭინავა - მომღერალი, ქვის მკვეთელი თუ ხეზე მჭრელი, ინტერიერის დიზაინერი თუ... უბრალოდ, ყოვლისშემძლე, უნივერსალური ადამიანი?! - ასე კი მეძახიან, მაგრამ... სინამდვილეში ორესტი ვარო, - ღიმილით მეუბნება. სახელიც რომ უცნაური ჰქვია?!

GzaPress

- ახლა სამესტიც გავხდი (იცინის). თვითონაც მიკვირს, ამდენ რამეს როგორ ვწვდები - სოფელშიც ვცხოვრობ და ზუგდიდშიც. იქით - ვენახი, ფუტკარი, აქეთ - ხეზე ჭრა, ქვაზე მუშაობა და ასე შემდეგ. ფუტკართან ურთიერთობა საოცრებაა. მეღვინეც ვარ - საკუთარი ღვინო მაქვს, თვითონ ვაყენებ. ასე რომ, გეთანხმებით - ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინედან ვარ, სპეციალობით ეკონომისტი, ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მერე, 1998 წელს, ზუგდიდის ერთ-ერთ ეკლესიაში მგალობლად მოვხვდი (დღეს უკვე იმ ეკლესიის რეგენტი ვარ) და იქ შევხვდი მამა დოროთეს. მაშინ ერისკაცი იყო დიმიტრი ყურაშვილი, რომელიც ხატებს წერდა და ხეზე მუშაობდა. ზუგდიდის მაცხოვრის და ჩხოროწყუს წმინდა ბარბარეს ტაძრებში ფრესკებზე მამუშავებდა და შავ სამუშაოს მაკეთებინებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი მითხრა, დროა, დამოუკიდებლად მუშაობა დაიწყოო... საერთოდ, ყველაფრის საწყისი სიმღერა იყო, რადგან ბავშვობიდანვე ოცნებად მქონდა, მეგალობა. მასწავლებელიც მყავდა, ოღონდ ონლაინმასწავლებელი - ლოტბარი თემურ ქევხიშვილი. კვირაობით ტელევიზიის პირველ არხზე მას ქართული სიმღერის გაკვეთილები ჰქონდა და სულ ვუსმენდი. ასე, ნელ-ნელა დავიწყე სიმღერა. პარალელურად, კრეატიული იდეებიც მუდამ მომდიოდა, სულ ვჩხირკედელაობდი. მამა ინჟინერ-გამომგონებელი მყავს და ალბათ მისგანაც გამომყვა შემოქმედებითი უნარი. სახლში სამჭედლო აქვს დაზგა-დანადგარებით და მეც ბავშვობიდან "ვმეგობრობდი" რკინასთან, მის წრთობასა და შედუღებასთან. მამასთან ერთად, ადრეული ასაკიდანვე ვაკეთებდი ხანჯლებს, სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საგანს, იარაღს, ვამუშავებდით ხეს, გუთნებს, საფარცხებს... გარდა ამისა, ოჯახებში რემონტსაც ვაკეთებდით - პარკეტის ჩათვლით. ხელიც კი დავიზიანე ჩარხზე. ფაქტობრივად, მამის დამსახურებაა, რომ ბავშვობიდანვე მივეჩვიე შრომას. დღემდე ისე მაქვს განაწილებული დრო, რომ დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ - შინ და გარეთ. მხოლოდ ძილისთვის ვიტოვებ დროს, თუმცა დაძინებისას ისეთი იდეები მომდის, გამოდის, მაშინაც ვმუშაობ. განტვირთვა-გართობისთვის არც მცალია... კვლავ ტაძარსა და ხატწერას დავუბრუნდები - მამა დოროთეს კურთხევით ხეზე დამოუკიდებლად მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და პირველი გამოფენა, საკმაოდ წარმატებული, მიუნხენში მქონდა. გამოფენა-გაყიდვა იყო და ჰონორარიც სოლიდური მომცეს. საერთოდაც, უნდოდათ, იქ დავრჩენილიყავი, ცოლ-შვილით გადმოდი საცხოვრებლადო, მაგრამ ვერ დამიყოლიეს, რა თქმა უნდა, სამშობლოში გავაგრძელე მუშაობა. განმუხურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღსავლის კარები და სამეუფეო კარი, ჯვრები, პანაღიები, საბეჭურები, ლახვარი და ბევრი საეკლესიო ატრიბუტი, რუხის ტაძარში - ანალოღია გავაკეთე... რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, რასაც ვერ ველევი. ახლახან ილორის წმინდა გიორგის ხატი დავამზადე ხეში - ეს ნამუშევარი პატრიარქისთვისაა. სხვათა შორის, ჩემი ნამუშევრებისთვის პატრიარქმა მანქანით დამასაჩუქრა...

სასულიერო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი ვიყავი და იქ ბევრი რამ შევისწავლე, მერე ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიაში თავადაც ვასწავლიდი. სხვა სამსახურებშიც ვიყავი და ახლაც ბევრს ვმუშაობ. სხვათა შორის, ვქარგავ კიდეც. ფრესკებზე მუშაობამ ფერები სულ სხვაგვარად აღმაქმევინა, მათი სინთეზის უნარი შევიძინე. ზუგდიდში მქარგველების საუკეთესო სკოლა გვაქვს, შესანიშნავი ხელით მქარგველები არიან მონაზვნები - სიდონია და საბიანე, ოჭანეს დედათა მონასტერში არის დედა დოროთე და ხელით ქარგვის ტექნიკაც მათგან შევისწავლე.

GzaPress

- ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოქარგეთ?

- წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი. სასწაულებიც კი მოახდინა ამ ხატმა. გიორგი ანდრიაძესთან ვმეგობრობ, ის პატრიარქის გაზრდილია! ერთხანს რომ გამიჭირდა, მას შევჩივლე. გიორგიმ თავისი მაგალითი მომიყვანა - ერთხელ, ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემი პრობლემები პატრიარქს გავანდე, მან კი მირჩია, - რასაც მე მეუბნები, სიონში რომ წმინდა სპირიდონის ხატია, მას მოუყევი და დახმარება შესთხოვე, აუცილებლად შეგეწევაო. მართლაც ასე მომხდარა. გიორგიმ მითხრა, ის ხატი სვეტიცხოველშია გადაბრძანებული (დღესაც იქ არის, მარცხენა მხარეს) და შენც მას შესთხოვეო. მეც წავედი და ვთხოვე. მას შემდეგ გამიჩნდა ქალ-ვაჟი (ცხრა წელი არ გვყავდა), სამსახურიც და ყველაფერი. წმინდა სპირიდონის ხატი კი მისდამი მადლიერების ნიშნად მოვქარგე - ანსამბლი "ოდოია" თურქეთში ვიყავით გასტროლზე და გზაში ვქარგავდი. ეს წმინდანი ბევრს უყვარს და ჩემი მეგობრების მეუღლეებიც მონაწილეობდნენ მის მოქარგვაში და ჩემი მეუღლეც, რაღაც დეტალი ყველამ შესძინა. თერჯოლაში მეგობარი მოძღვარი მყავს - მამა სპირიდონი და მან წმინდა სპირიდონის ფაჩუჩის ნაწილები ჩამოიტანა. მერე, თერჯოლაში წმინდანის ნაწილიც ჩამობრძანდა და მეგობრებმა ჩვენი ხატიც წავაბრძანეთ. წმინდა ნაწილთან წმინდა სპირიდონის ხატი არ ედოთ. ისე მოხდა, რომ ჩემი ძმაკაცი ჩვენი ნაქარგი ხატით, რომელიც ჯერ ნაკურთხიც არ იყო, იმ წმინდა ნაწილთან ახლოს იდგა და მომლოცველი, ვინც კი შემოვიდა, ყველა ემთხვია ჩვენს ხატსაც. საოცარი რამ მოხდა - ამ ხატმა თავად დაიდო პატივი. მოკლედ, სამეგობროს ხატია, ყველა მეგობრის ოჯახში მოგზაურობს. ახლა ჩემს სახლში ბრძანდება. ჩხოროწყუში, ჩემს სოფელში შენდება მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძარი. მისთვის ხელთუქმნელ ხატს მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ვწერთ - მათაც ვასწავლე ხატწერა. ახლახან ზუგდიდის სოფელ ნარაზენის მოსახლეობისთვის ქვაზე ჯვარცმა შემიკვეთეს. სხვათა შორის, ქვაზე უფრო იოლია მუშაობა, ვიდრე ხეზე. სენაკში ძველი, 80-90 წლის წინანდელი ხის სახლისა და მისი ავეჯის რესტავრაციაზეც მიმუშავია. კომუნისტების პერიოდში, რომ არ დაეშალათ, პატრონებს თურმე, მთლიანად გადაუღებავთ და ამ საღებავის ჩამოხსნა ურთულესი აღმოჩნდა. სამუშაოს 6 თვე მოვანდომე და ბევრი რამ შევისწავლე. ვფიქრობ, რაღაც რომ არ იცი, სირცხვილი სულაც არ არის, მაგრამ რატომ არ იცი - ეს არის ცუდი, ამიტომ უნდა იკითხო და ისწავლო. მე ბევრ რამეში მამა მყავდა მასწავლებლად, მაგრამ წლების განმავლობაში მუშაობის საკუთარი ტექნოლოგიაც კი შევიმუშავე...

USAID-ის ზუგდიდის ოფისმა გააკეთა გზამკვლევი - "ქართული ხალხური რეწვის ოსტატები" და მეც მასში აღმოვჩნდი. ტრენინგებიც ჩაგვიტარეს და ტურისტებსაც ვემსახურებოდი გიდად, თითქმის მთელი საქართველო შემოვლილი მაქვს. ის ხალხი ჩემთანაც მიმყავდა და საკუთარი ღვინით, თაფლითა და სამზარეულოთი ვუმასპინძლდებოდი. ამასთან, ხეზე ჭრისა და ქვაზე მუშაობის მასტერკლასებსაც ვუტარებდი. ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და საქართველო მართლა გამორჩეულია, მსგავსი არ არსებობს - ამ პატარა სივრცეში ერთადაა თავმოყრილი მთა, ზღვა, უდაბნო, ვაზი, ქვევრის ღვინო, ათასგვარი ნიჭი, უნარი და კიდევ - რა აღარ! მთავარია, ის პატარ-პატარა ნაკლოვანებები, როგორიცაა თუნდაც ქუჩაში ნაგვის დაყრა და სხვა უკუღმართობები, მოვაცილოთ.

ირმა ხარშილაძე