ქართული ჟარგონის ლექსიკონის ავტორის უთავგადასავლო ბავშვობა და კრიტიკული წერილი - გზაპრესი

ქართული ჟარგონის ლექსიკონის ავტორის უთავგადასავლო ბავშვობა და კრიტიკული წერილი

კრიტიკოსის, მეცნიერისა და ჟურნალისტის - ლევან ბრეგაძის კალამს 450-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის, მათ შორისაა ათეულობით წიგნი. ის გახლავთ არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი. მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სისტემატურად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში.

- თქვენ ტყიბულში დაიბადეთ. რა მოგონებები გაქვთ ამ ქალაქზე, დღესაც ჩადიხართ იქ?

- სადაც ცხოვრების პირველ 18 წელს გაატარებ, სულ იქაური ხარ, რამდენი ხანიც უნდა დაჰყო მერე სხვაგან. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ დღემდე ტყიბულელად ვრჩები.

ერთობ უთავგადასავლო ბავშვობა მქონდა, წყნარი, ორ მძიმე შემთხვევას თუ არ ჩავთვლით: როცა ნიკორწმინდიდან ტყიბულისკენ სატვირთო მანქანით მომავალნი, ნაქერალას უღელტეხილთან მძღოლის დაუდევრობით ხევში გადავიჩეხეთ (ოთხი წლის ვიყავი მაშინ) და ტყიბულის ბინაში ჩემი დაუდევრობით გაჩენილ ხანძარს, კინაღამ რომ ემსხვერპლა მამაჩემის უნიკალური ბიბლიოთეკა (თუმცა ამ დროს, უკვე ბავშვი აღარ მეთქმოდა, სტუდენტი ვიყავი). ორივე ამ ხათაბალიდან მინიმალური ზარალით გამოვძვერით.

ტყიბულში დაბადებულ-გაზრდილი ამ ქალაქიდან თანაბრად, ოცდახუთ-ოცდახუთი კილომეტრით დაცილებულ ორ სამოთხისებურ სოფელში ვატარებდი ზაფხულს: ტეშენიტის (გრანიტს შეცდომით ეძახიან) საბადოთი განთქმულ კურსებში, გელათის გვერდით რომ მდებარეობს და ნიკორწმინდაში. კურსები მამაჩემის მშობლიური სოფელია, ნიკორწმინდა - დედულეთი. ნიკორწმინდაში ერთი თვით გვიან დგება ზაფხული, ამიტომ ივნისი კურსებისა იყო, ივლისი და აგვისტო - ნიკორწმინდისა. კურსებში ანამაისა ბებო და მათიკო მამიდა ცხოვრობდნენ, ნიკორწმინდის სახლში კი იმ დროს უკვე აღარავინ იდგა - ედესი ბებო ტყიბულიდან ჩვენთან ერთად მოემგზავრებოდა რაჭას და იქ ჩვენზე დიდხანს, ნოემბრამდე (კაკლის დაბერტყვამდე) რჩებოდა. მოკლედ, გელათის მონასტერსა და ნიკორწმინდის ტაძარს შორის მიმოვიქცეოდი მთელი ბავშვობისა და ყრმობის განმავლობაში. რა გინდა მეტი! დღეს ამ სამი მშობლიური ადგილიდან მარტო ნიკორწმინდაში ჩამესვლება, მიზეზთა და მიზეზთა გამო, რაზეც არ მსურს ლაპარაკი.

- ლიტერატურის მიმართ სიყვარული ოჯახის დამსახურებაა თუ ქართული ენის პედაგოგის?

- ეს ჯერ ოჯახის დამსახურებაა, მამაჩემის - ტყიბულელი გეოლოგის ბიბლიოთეკა ზემოთ უკვე ვახსენე და მერე ქართული ლიტერატურის უბრწყინვალესი მასწავლებლის, ბატონ დავით ჭანტურიძისა.

- ვინ იყვნენ თქვენი ჯგუფელები, თქვენსავით მათაც გამოიჩინეს თავი?

- არა, ჩემი თანაჯგუფელები ჩემზე გონიერნი აღმოჩნდნენ - მშვიდი ცხოვრება ირჩიეს. არ გეგონოთ, ამას ყასიდად ვამბობდე. ერთგან მიწერია და ახლა აქ გავიმეორებ: სახელგანთქმულობა პირდაპირპროპორციულია ხილული თუ გარეშეთათვის უხილავი ტანჯვა-წამებისა. საზოგადოდ, თუ გვგონია, რომ ვიღაცას ჩვენზე მეტად გაუმართლა, ეს ილუზიაა. ამ მხრივ ყველაფერი დაბალანსებულია - ერთგან მოიგებ, სხვაგან წააგებ და პირიქით. არ არის ქვეყნად ადამიანი, რომელიც სხვისი შურის ღირსი იყოს. ეს არცთუ თვალსაჩინო ჭეშმარიტება ადამიანთა უმეტესობისთვის მიუგნებელი რჩება.

- თქვენი ჟურნალისტური საქმიანობიდან, რომელიმე ინტერვიუ გაიხსენეთ.

- 1997 წლის სექტემბერია. წინა დღით დავბრუნდი რაჭიდან, სადაც ორი კვირა დავყავი და ბესიკ ხარანაული მირეკავს: სადა ხარ, გეძებ, ჰანს მაგნუს ენცენსბერგერია ჩამოსული თბილისში, რამდენიმე დღით, ინკოგნიტოდ. ზეგ ბრუნდება გერმანიაში, ხვალ გოეთეს ინსტიტუტში ლექციას წაუკითხავს გერმანული სკოლის მოსწავლეებს. იქ უნდა დავადგეთ თავზე და ინტერვიუ ავიღოთ, შენ - შენი შეკითხვები მოიფიქრე, მე და ვახტანგ როდონაია ჩვენსას მოვამზადებთ, ამ შანსს ხელიდან ნუ გავუშვებთო. ბესიკი მაშინ გაზეთ "კვირის ფოსტას" რედაქტორობდა, ცოტა ხანში მეც იქ დავიწყე მუშაობა, მის მოადგილედ. "ვაა, მეთქი, რა მაგარია, თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოჩენილ პოეტთან ინტერვიუ! საღოლ, ლევან, თავის დროზე გერმანული რომ ისწავლე და არა სხვა უცხო ენა!" - ასე შევაქე ჩემი თავი გუნებაში. მეორე დღეს ავედით "გოეთეში". ბესიკს ვიღაცისგან ნანათხოვრები დიქტოფონი წამოეღო, ფოტოაპარატი კი ვერ ეშოვა. დღეს ეს დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ იმ შავბნელ 90-იანებში რედაქციებშიც ისეთივე სიდუხჭირე სუფევდა, როგორიც უმეტესობის ოჯახებში. კოშმარული სიზმარივით მახსოვს ის დრო. მე ჩემი ვაჟი გიორგიც გავიყოლე, რომელმაც უკვე კარგად იცოდა გერმანული, ხოლო ტექნიკაში (დიქტოფონი მაქვს მხედველობაში) ჩემზე უკეთ ერკვეოდა. ჩავწერეთ საუბარი და დიქტოფონი შინ წამოვიღეთ. ჩანაწერი გიორგის დახმარებით გავშიფრე და ვთარგმნე, საბეჭდ მანქანაზე გადავბეჭდე (ყოველივე ამას ლამის გათენებამდე მოვუნდით) და დილით ინტერვიუს გაშანშალებული ტექსტი ბესიკს მივართვი რედაქციაში. კარგი გამოვიდა. "კვირის ფოსტიდან" ცოტა ხანში "ლიტერატურულმა საქართველომაც" გადაბეჭდა. დღემდე მიხარია, რომ დიდი პოეტის საქართველოში ყოფნამ კერძო ვიზიტით, თანაც ინკოგნიტოდ, ჩვენი გარჯის წყალობით უკვალოდ არ ჩაიარა (სხვა ცნობა ენცენსბერგერის ამ ვიზიტის შესახებ, ჩვენს პრესაში არ გამოჩენილა).

- პირველი კრიტიკული წერილი რას ეხებოდა, სად დაიბეჭდა და რა გამოხმაურება მოჰყვა?

- ჩემი პირველი კრიტიკული წერილი მწერალთა კავშირის ალმანახ "კრიტიკაში" დაიბეჭდა 1974 წელს და ვითომ გერმანულიდან, სინამდვილეში კი რუსულიდან თარგმნილ ერთ რომანს შეეხება - "ერთი თარგმანის კურიოზები" ჰქვია. გამოხმაურება პრესაში არ მოჰყოლია. პირად საუბარში კი ბევრმა მითხრა, არ გვეგონა, რუსულ თარგმანში ამდენი შეცდომა თუ იქნებოდაო. საქმე ის გახლავთ, რომ რუსული თარგმანის უხეში შეცდომები "კეთილსინდისიერად" არის გადმოტანილი ქართულშიც.

- ძველი კლასიკოსებიდან ვის იცნობდით? ვის გაიხსენებდით?

- კლასიკოსებიდან? მეტ-ნაკლებად ახლო ურთიერთობა მქონდა ნოდარ დუმბაძესთან, მუხრან მაჭავარიანთან, რეზო ინანიშვილთან, ახლახან ჩვენგან წასულ დავით წერედიანთან. ამათთან ურთიერთობის ეპიზოდები მოთხრობილი მაქვს ჩემი ჩანაწერების წიგნში, რომელსაც "მარგინალიები" ჰქვია.

- გვიამბეთ რომელიმე ლიტერატურულ თავყრილობაზე თქვენს ან ვინმეს მნიშვნელოვან გამოსვლაზე, რომელიც არ გავიწყდებათ.

- 1976 წელს მონაწილეობა მივიღე გოეთეს ლირიკის ქართული თარგმანის გახმაურებულ საჯარო განხილვაში, რამაც ერთბაშად გამითქვა სახელი ლიტერატურულ წრეებში, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიმსახურებდი (მოულოდნელობის ეფექტმა ითამაშა თავისი როლი). ამის გამო იყო, რომ ალმანახ "კრიტიკის" პასუხისმგებელი მდივნობა შემომთავაზეს, რისთვისაც, გოეთესთან ერთად, დიდად მადლიერი ვარ "კრიტიკის" მაშინდელი რედაქტორის გიორგი მერკვილაძის. პირველ შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი, ერთი წლის შემდეგ კი სიხარულით დავთანხმდი. ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირების წევრობაც, რაც იმ დროს კალმის მსახურისთვის დიდი პატივი იყო და ძნელად მისაღწევიც გახლდათ, "კრიტიკაში" სამსახურის დაწყების შემდეგ თავისთავად მოვიდა. ასე რომ, ის ჩემი გამოსვლა ზემოხსენებულ დისკუსიაში ჩემთვის დაუვიწყარია. ასევე დაუვიწყარია, ნოდარ წულეისკირის გამოსვლა მწერალთა კავშირში გამართულ თავყრილობაზე 1978 წლის აპრილში სსრკ კონსტიტუციაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად.

- დღეს, ყველაზე მეტად, ჟარგონის რა ფორმებია დამკვიდრებული, რაც არ მოგწონთ.

- ჟარგონის ლექსიკონის შემდგენელს მეკითხებით მაგას?! თავის ადგილას და ზომიერად გამოყენებული ჟარგონული სიტყვები და გამოთქმები ყოველთვის მომწონს. ჟარგონს, ისევე, როგორც არქაიზმს, დიალექტიზმს, კანცელარიზმს და ა.შ., თავისი ფუნქცია აქვს ენაში, ის ერთ-ერთი ფერია მწერლის პალიტრაზე და ერთობ აცოცხლებს ფრაზას.

ამას წინათ გამოქვეყნებულ სტატიაში ასეთი რამ მიწერია: "კინოვარსკვლავობის მწვავე სურვილს შეეპყრო, მაგრამ ვერ "გაქაჩა". აქ კარგად ჩაჯდა ჟარგონული "გაქაჩა". დააკვირდით, რაოდენ გამომსახველია ის! მის ნაცვლად "ვერ შეძლო" რომ დამეწერა, არ გამოჩნდებოდა, რა მიზეზით ვერ შეძლო. "ვერ გაქაჩა" კი მიგვანიშნებს, რომ წარუმატებლობის მიზეზი პიროვნული ხასიათის იყო: ან ნიჭი არ ეყო, ან ნებისყოფა, ან შრომისმოყვარეობა.

GzaPress

- სწორედ თქვენგან, ქართული ჟარგონის ლექსიკონის ავტორისგან მაინტერესებს, მაგალითად სიტყვას "მაგარია", ასე ხშირად რომ ვიყენებთ, ეს რამდენად სწორია?

- ჰო, მეც გამოვიყენე ზემოთ! ეგ უნდა იყოს ძველისძველი ქართული ჟარგონი. მაგაზე გამოკვლევა მაქვს დაწერილი და აქ მოკლედ ვიტყვი: "მაგარმა" სასაუბრო ენაში ჩაანაცვლა ყველა დადებითი ეპითეტი: "კარგად მღერის" კი არა - "მაგრად მღერის", "მშვენიერი დილაა" კი არა - "მაგარი დილაა"... და ასე უსასრულოდ! ჩემი აზრით, "მაგარის" ეს უცნაური პოლისემია ლინგვისტური ეკონომიის კანონის მოქმედებას უნდა მიეწეროს და ვფიქრობ, ამის გამო სასაუბრო მეტყველებაში მის წინააღმდეგ ბრძოლა შედეგს ვერ გამოიღებს, წერისას კი მაქსიმალურად უნდა ითქვას მასზე უარი.

- ბოლო დროს, ვისი ახალი ნაწარმოები წაიკითხეთ, რომელიც მოგეწონათ.

- ვახტანგ ჯავახაძის "გალაკტიონის გარეშე. ნაწერები და ჩანაწერები". ეს ჟანრი - ჩანაწერები, მიყვარს ძალიან.

- ახლა რაზე მუშაობთ?

- რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ ერთდროულად. ერთ მათგანში ინტერვიუებიც შევა, ჩვენი ამ ინტერვიუს ჩათვლით.

- რას გვირჩევთ ჟურნალისტებს?

- ჟურნალისტიკა პოლიტიკური მწერლობაა, მაგრამ პოლიტიკა არ არის. ჟურნალისტებს ვურჩევდი, ნუ შეხედავენ ჟურნალისტიკას, როგორც პოლიტიკაში გადასახტომ ტრამპლინს. პრესისა და მეტადრე ტელევიზიის ბევრი თანამშრომელი ასე ფიქრობს: "იმ ჟურნალისტს რა ვუთხარი, რომელიც დეპუტატობაზე არ ოცნებობს". ვერც წარმომიდგენია ამის მსგავსი რამ გაევლოთ გულში ჟურნალისტიკის კლასიკოსებს (ყოველ შემთხვევაში, მანამდე მაინც, ვიდრე ნახევარი ცხოვრების გზას გალევდნენ!): ნიკო ნიკოლაძეს, ეგონ ერვინ კიშს, მიხაილ კოლცოვს, გიუნთერ ვალრაფს, არტ ბუხვალდს... ესენი მაგარი ხალხია (ისევ ეს "მაგარი"!). ამათ უნდა მიჰბაძო კალმის (კლავიატურის, მიკროფონის...) მსახურმა და არა... ნუ დამამთავრებინებთ!..

ნანული ზოტიკიშვილი