ქიმიკოსის იების თაიგული - გზაპრესი

ქიმიკოსის იების თაიგული

საგანმანათლებლო პოლიტიკას ნებისმიერი ქვეყნისთვის განუსაზღვრელად დიდი მნიშვნელობა აქვს. საგანმანათლებლო პოლიტიკის ერთ-ერთი მხარეა ადამიანური რესურსების სწორად შერჩევა. ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ ქიმიკოსს, ქალბატონ თეა მათითაიშვილს, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებში ცნობილი ადამიანია. ის მოგვითხრობს საკუთარ წარმატებებზე, რომელზეც გავლენა არა მარტო ოჯახმა და პიროვნულმა მიზანსწრაფულობამ მოახდინა, არამედ მისმა პედაგოგებმაც...

- როდესაც სკოლაში დავიწყე სიარული, დედამ სამსახურს თავი დაანება და მას შემდეგ აღარც უმუშავია, მთელი ცხოვრება ოჯახზე ზრუნვაში გაატარა. მამა ერთგულად ემსახურებოდა თავის პროფესიას, მუშაობდა მარნეულის რაიონის როგორც აზერბაიჯანულ, ასევე სომხურ სოფლებში და დღემდე აქვს ურთიერთობა მათთან. ხშირად მინახავს და მსმენია, თუ როგორი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებს იქაური სოფლების მოსახლეობა იმ წლებს.

იყალთოს გორაზე დავდიოდი საბავშვო ბაღში. ძალზე აქტიური და კომუნიკაბელური ვიყავი. ყველასთან ვმეგობრობდი და არ მახსოვს, დედას ოდესმე გავტირებოდი. აქტიურად ვმონაწილეობდი კონცერტებსა თუ პატარა წარმოდგენებში. ერთადერთი, რაზეც აღმზრდელები მიბრაზდებოდნენ, კვება და შუადღის ძილი იყო. ისე დავასრულე ბაღში სიარული, არასდროს მიჭამია ბაღის წვნიანი და მანანის ფაფა, რომელშიც უზარმაზარ კარაქის ნაჭერს გვიგდებდნენ. არანაკლები იყო შუადღის ძილის საკითხი ჩემთვის. საბჭოთა პერიოდის ბაღში დავდიოდი და რა თქმა უნდა, შუადღისას აუცილებლად მაწვენდნენ, მაგრამ არ ვიძინებდი და მუდმივად ვფიქრობდი, როგორ დამეხსნა თავი ამ სატანჯველისგან. გამოსავალიც ვიპოვე, არავის ვაძინებდი ირგვლივ, საბნის ქვეშ თავს ჩავყოფდი და ისეთ სასაცილო ამბებს ვიგონებდი, ჩაძინებულ ბავშვებსაც კი ეღვიძებოდათ. აღმზრდელები ბოლოს მიხვდნენ, რომ ჩემზე ძალადობა არ გაჭრიდა. ამის მერე ნება დამრთეს, აღარ დავწოლილიყავი.

GzaPress

5 წლის ვიყავი, ბაღის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია მომცა, რომ მზად ვიყავი სკოლისთვის. ასე წავედი 5 წლის თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში. ამბობენ, სკოლის პერიოდი ყველაზე ტკბილი მოგონებაა ადამიანის ცხოვრებაშიო, ჩემს შემთხვევაში კი ამ ნათქვამს ნაწილობრივ ვეთანხმები. მთელი 11 წელი დატვირთული იყო უამრავი დადებითი და უარყოფითი ემოციით. სკოლაშიც ძალიან აქტიური ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბავშვი, რომელიც სკოლიდან არ გაპარულა და კლასში დარჩენილა ამბის მიმტანად. ვმეგობრობდი ყველა კლასელთან, თუმცა მყავდა გამორჩეული მეგობრები, რომლებიც დღესაც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.

1989 წლის 9 აპრილს მე-7 კლასში ვიყავი - ამ პერიოდში პირველად შევეჯახე მძიმე რეალობას, თითქოს აქ დამთავრდა ლაღი ბავშვობა. ამას მოჰყვა თბილისის ომი, როდესაც მე ვიყავი დამამთავრებელ კლასში. უკვე მოშლილი იყო სასკოლო ცხოვრება. არასდროს დამავიწყდება კადრი, როდესაც საკლასო ოთახის ფანჯრიდან გავიხედე და სკოლის წინ ამაყად მდგარი ტანკი დავინახე, ეს კიდევ უფრო მძიმე, კიდევ უფრო მტკივნეული იყო ჩემთვის. ცალკე თემაა ჩემი მეგობრები, უბნელები, კლასელები, რომელთა უმეტესობაც ამ მძიმე და საშინელ წლებს შეეწირა, ფიზიკურად და სულიერად განადგურდნენ. ასეთ სიტუაციაში მომიწია სკოლის დამთავრებამ და მიუხედავად ასეთი რეალობისა, ბოლო ზარიც მქონდა, ბანკეტიც და ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ არცთუ ისე ურიგო.

***

- მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. წინასწარ ვიცოდი, რომ იქ ვერ მოვხვდებოდი, რადგან ჩემს ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ჩემთვის ერთი საგანი მაინც "ჩაეწყოთ". მაინც გავედი და დღემდე მომყვება ის უსამართლობის შეგრძნება, რაც მაშინ განვიცადე. რა თქმა უნდა, დავრჩი უნივერსიტეტს მიღმა. დავიწყე ფიქრი, სად წავიდე, რა ვაკეთო ცხოვრებაში და ქიმიკოსობა გადავწყვიტე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პირველ პედაგოგებს, ბატონ არჩილ გონგლიაშვილს და თინათინ დადიანიძე-რუსიეშვილს. ბატონი არჩილი ჩემი მეზობელი იყო და უანგაროდ, უსასყიდლოდ მეხმარებოდა ქიმიის სწავლასა და სირთულეების დაძლევაში. ქიმიის უბადლო მცოდნე და შესანაშნიავი ადამიანი, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარაა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თინათინს, რომელიც უსაშველოდ მკაცრი, მაგრამ იმავდროულად შესანიშნავი ქიმიკოსი და უძლიერესი პედაგოგი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანალიზური ქიმიის ლექტორია. მასთან ერთად გავიარე ქიმიის სრული კურსი, რაც იმ დროს მისაღებ გამოცდებზე ბარდებოდა. მისგან მიღებულმა ცოდნამ განაპირობა ჩემი შემდგომი არჩევანი - ჩამებარებინა ქიმიურ ფაკულტეტზე. ასე მოვხვდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის საშენი მასალების, კერამიკისა და მინის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, სად გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაში, ვინაიდან, მაგისტრატურა მაშინ თავისი არსებობის მეორე წელს ითვლიდა და ჩემს სპეციალობას იგი არ ჰქონდა. იყო მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი ბატონ გოგი ჭირაქაძესთან, თუმცა მასთან ჩაბარებას ყველა ერიდებოდა, ვინაიდან განთქმული იყო თავისი სიმკაცრითა და პრინციპულობით. სხვა გამოსავალი აღარ მქონდა, საბუთები შევიტანე და მორჩილად დაველოდე გამოცდას, რომელიც ბატონ გოგი ჭირაქაძესთან უნდა ჩამებარებინა. თქვენ წარმოიდგინეთ, მან გამოცდა 8 მარტს დამინიშნა. გამოცდაზე წასვლის იმდენად მეშინოდა, რომ მამა იძულებული გახდა, გამომყოლოდა. ვდგავართ უნივერსიტეტის მესამე სართულის დერეფანში, ბატონი გოგის კაბინეტის წინ. გაყინულია ყველაფერი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული ფანჯრიდან უმოწყალოდ უბერავს ქარი და ჩემს ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ერთმა თანამშრომელმა დამიძახა, პროფესორი გეძახითო. გული მეწურებოდა შიშისგან და ფეხები უკან მრჩებოდა, ძლივს შევედი კაბინეტში და სკამის კიდეზე ჩამოვჯექი. ველოდები, როდის დაიწყებს გამოკითხვას. დრო გადის და ბატონი გოგი დუმს, არაფერს მეკითხება, მხოლოდ მიყურებს და ფიქრობს. უცებ, თავისი რიხიანი ხმით მეუბნება, რა ნიშანი გაქვს მიღებული ჩემთან, ორგანული ქიმიის გამოცდაზეო? დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით და ვფიქრობ, ნეტა ეს რაში აინტერესებს-მეთქი, თუმცა ამაყად ვეუბნები, ორივე სემესტრში 5 პლუსით დამიწერეთ-მეთქი. მაჩვენე მატრიკულიო (ანუ ჩათვლის წიგნაკი), მეც გავუწოდე. გადაათვალიერა ჩემი ნიშნები, ცოტა ხანს მიყურა, უცებ ადგა, მაგიდიდან იების ულამაზესი თაიგული აიღო, გამომიწოდა და მითხრა: "გილოცავ დღევანდელ დღეს და მაგისტრატურაში ჩაბარებას". ისე დავიბენი, კარგა ხანს არ ვართმევდი თაიგულს და ასე გაშეშებული ვუყურებდი ამ ბუმბერაზ ადამიანს. როცა მეორედ გამიმეორა იგივე, მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, მორცხვად გამოვართვი თაიგული და ოთახიდან კი არ გამოვედი, გამოვფრინდი. ასე გავხდი მაგისტრატურის სტუდენტი.

GzaPress

***

- ბატონ გოგისთან ურთიერთობა იყო ცხოვრების მთელი აკადემია არა მარტო პროფესიული, არამედ ადამიანური ურთიერთობების თვალსაზრისითაც... დღესაც, რამეს რომ ვაკეთებ, სულ ვფიქრობ, ნეტავ, ბატონი გოგი რას მეტყოდა, რას მომიწონებდა ან რაზე მომცემდა შენიშვნას? ასპირანტურის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გარდაიცვალა. დავრჩი ასე, ისევ გაურკვეველ სიტუაციაში და კვლავ საგონებელში - როგორ გამეგრძელებინა პროფესიული წინსვლა. ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა ადამიანი, რომლის წვლილიც ძალიან დიდია კარიერულ წინსვლაში. ეს გახლავთ ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბატონი გოგის მოსწავლე და აღზრდილი, რომელმაც ჩემი პროფესიული კარიერის ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან მომენტში დახმარების ხელი გამომიწოდა. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა 22 წელია გრძელდება. ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ბატონი ელიზბარი (ჩემთვის კი ელიოზი) გახლავთ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორი, ქიმიის ოლიმპიური ნაკრების ლიდერი და მენტორი. მინდა ვუთხრა მას, რომ ჩემს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში ლომის წილი უდევს.

***

- ამჟამად ვარ ქიმიის დოქტორი (ორგანიკოსი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ამავდროულად, ვმუშაობ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის ქიმიის პრეპარატული ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად, ვარ სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების და დანერგვის ექსპერტი ქიმიის საგნობრივი მიმართულებით. მიყვარს ჩემი საქმე. ვერც კი წარმომიდგენია, რა უნდა მეკეთებინა სხვა. ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები თითოეული ლექციის, სემინარის თუ ლაბორატორიული მეცადინეობის ჩასატარებლად. მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი სიახლე გავაცნო სტუდენტებს და ვიყო მათთვის საინტერესო.

ქიმია არ არის მარტივი საგანი, თუმცა იმდენად საინტერესოა, იმდენად ცხოვრებისეულია, რომ მის მიმართ დაინტერესება და მისი სწავლის სურვილი ყველა ბავშვს უნდა გაუჩნდეს. სულ ვფიქრობ, რატომ არის, რომ ბავშვებს ეძნელებათ, ეშინიათ ქიმიის სწავლის? ალბათ პრობლემა კომპლექსურია. გაგიზიარებთ ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან ერთს, რომ საჭიროა მეტი ექსპერიმენტული საგაკვეთილო პროცესი, საჭიროა "კეთებით" სწავლა, რომ მეტად დავაინტერესოთ მოსწავლეები და რეალურად დავანახვოთ ის საოცარი სამყარო, რასაც ქიმია ჰქვია. სხვა თუ არაფერი, მის გარეშე ვერ გვექნებოდა სამკურნალო პრეპარატები, სინთეზური და პოლიმერული მასალები, საკვები, საწვავი, ენერგომატარებლები...

***

- ტელესკოლა ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის. თუმცა, როდესაც შემომთავაზეს, წამეყვანა დამამთავრებელი კლასების ქიმიის გაკვეთილები, დავთანხმდი. სამუშაო პროცესი მეტად დატვირთული და ძალზე საინტერესო იყო. ტელესკოლის გუნდი, მე და დემეტრე ნარსია, რომელიც ასევე გახლავთ ტელესკოლის ქიმიის პედაგოგი, ერთად ვგეგმავდით ყველა გაკვეთილს, ვუზიარებდით ერთმანეთს აზრს, ვმსჯელობდით, რა იქნებოდა უფრო საინტერესო მოსწავლეებისთვის. თითოეული გაკვეთილის ჩაწერამდე და ჩაწერის დროს მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, რომ მარტივად და გასაგებად მიმეწოდებინა ქიმიის ის ძირითადი ტერმინები და კანონები, რის გარეშეც ქიმიის, როგორც საგნის შესწავლა უბრალოდ წარმოუდგენელია. რამდენად წარმატებულად გავართვი თავი დასახულ ამოცანას, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა სიხარულით გეტყვით, რომ მომდის უამრავი სამადლობელი შეტყობინება არა მარტო მოსწავლეებისაგან, არამედ სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგანაც. გამორჩეულად დიდი ჯილდოა თუნდაც ერთი მოსწავლის მიერ ნანახი ან გაზიარებული ჩემი გაკვეთილი. მადლობას ვუცხადებ ტელესკოლის გუნდსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, რომლებმაც უანგაროდ დაგვითმეს უნივერსიტეტის ლაბორატორია საჭირო რესურსით.

ჩემი, როგორც ლექტორის თუ პედაგოგის გამარჯვებად მივიჩნევ თუნდაც ერთ წარმატებულ სტუდენტს ან მოსწავლეს. ვამაყობ ჩემი ყოფილი სტუდენტით, დემეტრე ნარსიათი. ჩვენი ურთიერთობა პირველი კურსიდან დაიწყო, როდესაც ლაბორატორიაში შემოვიდა და მითხრა, რომ ჩემი სტუდენტი იყო. ამ დღიდან წარმატებულად ვთანამშრომლობთ. ასევე, მინდა აღვნიშნო ჩვენი ოლიმპიელები, ქიმიის ოლიმპიური ნაკრების წევრები, საოცარი ბავშვები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და სამი წლის განმავლობაში მედლების გარეშე არ დაბრუნებულან. მათთან მუშაობის ბედნიერება მქონდა და ვთვლი, რომ ეს იყო ჩემი პროფესიული მოღვაწეობის ერთ-ერთი საუკეთესო წლები.

***

- ბედნიერი დედა და მეუღლე ვარ. მეუღლე, ვახტანგ კურცხალია ფიზიკური ქიმიის სპეციალისტი და ქიმიის დოქტორია. მუშაობს როგორც საგანმანათლებლო, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში. არის ქიმიის ოლიმპიური ნაკრების მენტორი და 199-ე საჯარო სკოლის ქიმიის ნაკრების ხელმძღვანელი. ლიზი 17 წლისაა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია. ჩემი ვაჟი - ნიკოლოზი 15 წლისაა და კომაროველი, XI კლასის მოსწავლეა. ფიზიკოსობა უნდა, დიდი გეგმები აქვს. ზოგჯერ ვამბობ, რომ სახლში პატარა ონლაინუნივერსიტეტი მაქვს. ყველა ოთახი დაკავებულია, ბავშვები სწავლობენ, მე და ჩემი მეუღლე ვასწავლით. ბავშვებს ლექციები და გაკვეთილები აქვთ, მე ლექციებსა და სემინარებს ვუტარებ სტუდენტებს, პედაგოგებს, ასეთივე რეჟიმი აქვს ჩემს მეუღლესაც. დღის ბოლოს ვცდილობთ, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ, თუმცა რომ გითხრათ, ყოველთვის ვახერხებთ ამას, მოგატყუებთ. საკმაოდ რთული და დატვირთული დღის რეჟიმი გვაქვს, თუმცა ძალზე საინტერესო და შემოქმედებითი...

როლანდ ხოჯანაშვილი