მარტოხელა მგლის თავგადასავალი - გზაპრესი

მარტოხელა მგლის თავგადასავალი

ბექასთან საუბრით, მგონი, დაიმსხვრა კიდეც მითი იმის შესახებ, რომ ეს მტაცებელი არ თვინიერდება. "არ თვინიერდება, მაგრამ შინაურდება და ამაზე ახლა მოგიყვებით", - ამბობს ჩემი რესპონდენტი.

- მონასტერში, სადაც ხშირად მიწევს მისვლა, ჩემი ახლობლები არიან, იქაა ჩემი მოძღვარიც. იმ ტაძრის მშენებლობაში თავიდანვე ჩართული ვიყავი, 15-16 წლიდან დავდიდი და ვეხმარებოდი. ჰოდა, დღეს სოფელ დავათის ახლოს, არის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი (დავათის სტელა). იმ ადგილს ადგილობრივები ხატს ეძახიან, რომელთანაც მგელი მეგობრობს. ძირითადად, ტყეშია ხოლმე, მაგრამ საკვებისთვის მონასტერს აკითხავს. მოკლედ, მოძღვარი კვებავს. მისთვის საკვები ჩვენც მიგვაქვს.

- სულ მონასტერში რომ იყოს, ასე არ შეიძლება?

- ტყეში შორს კი არ მიდის, იქვე, მონასტრის შემოგარენში ტრიალებს, მონასტრის ტერიტორიაზეც ვუშვებთ, სატრაპეზოში შესვლის უფლებაც აქვს.

- მოკლედ, ამსხვრევთ ყველანაირ მითსა და ლეგენდას იმის შესახებ, რომ მგელი არ თვინიერდება... საშიში არ არის მასთან ასეთი სიახლოვე?

- მე და ჩემს მეგობრებს, ვინც "მავნესთან" ვურთიერთობთ (აქვე მისი სახელიც გაგიმხილეთ), სულაც არ გვეშინია. ის ხომ პატარაობიდანვე ჩვენთან არის, ლამის ჩვენს ხელში გაიზარდა. ერთი თვის იყო, როცა ჩემმა ძმაკაცმა კახეთიდან მოიყვანა და მონასტერში დატოვა. აკითხავს ხოლმე. მოკლედ, არ გვეშინია. ერთი თვის წინ ბატონ ზურა გურიელიძეს, ზოოპარკის დირექტორს ველაპარაკე, 2 წლამდე არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს და მერე ვნახოთო. ეს მგელი ზოოპარკში რომ მივიყვანოთ, ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ, ის არც სოფლისთვის წარმოადგენს საშიშროებას. მონასტერში სოფლიდან ხალხი რომ ამოდის, არც მათ მიმართაა აგრესიული. ისე, ხვადია და ამბობენ, რომ შეიძლება, გაავდეს... მოკლედ, თუ რაიმე დააშავა, მერე ზოოპარკში აუცილებლად მივიყვანთ.

- "სანამ ურემი გადაბრუნდება", მანამდე რომ იფიქროთ უსაფრთხოებაზე?

GzaPress- საამისოდ არანაირ საფუძველს არ გვაქვს, თან, ზოოპარკში ახლა არც იმის საშუალებაა, რომ მიიღონ. მგლების სხვადასხვა ოჯახი ჰყავთ, მათთან არ შეიძლება მისი მიყვანა. მგლები დაჩაგრავენ ან მოკლავენ.

- გამოდის, რომ მარტოხელა მგელია?

- კი, ასეა, "მოფასასთან" ერთად დაძუნძულებს. "მოფასა" კანიკორსოს (კატა-კურდღელი) ჯიშის ძაღლია. საკმაოდ ძლიერია და თვისებით მგელს არ ჩამოუვარდება. არაფერის ეშინია, მას ტყეში სხვა მგლებთანაც აქვს შეხება და ვერაფერს უშავებენ.

- მოდი, "მავნეს" დავუბრუნდეთ.

- ეს სახელი იმიტომ შევარქვით, რომ სულ პატარაც რომ იყო, იმ ასაკში, როცა ძაღლებიც კი არაფერს აფუჭებენ, ის ყველაფერს ანადგურებდა, ხრავდა და მუდმივად გაფუჭებისკენ ჰქონდა თვალი. ახლა დაწყნარდა...

- აცრილია?

- კი, სამჯერ ავცერით. ექიმიც აგვყავს ხოლმე და ამოწმებს, რადგანაც მგელი მაინც ცოფის ვირუსის მატარებელია. ამიტომ თავს ვიზღვევთ.

- სასულიერო პირები რას ამბობენ?

- ისინი ზრდიან, მოძღვარმა გაზარდა და მასთან განსაკუთრებულად მეგობრობს. მას ყველაფერს უჯერებს, მაგრამ როგორც კი თვალს მოვეფარებით, მომართულია, რომ რაღაც გააფუჭოს. ორი კვირის წინ, მონასტერში სოფლიდან ქათმები მოიყვანეს და ეზოში გაუშვეს. როცა ყველანი იქ ვიყავით, არ ერჩოდა, როგორც კი თავლს მოვეფარეთ, დასაჭერად გამოედევნა. "მავნეს" ჩვეულებრივად, ხორცს ვაჭმევთ, არ შია ისე, რომ სოფელში ჩავიდეს და რამე გააფუჭოს. მოკლედ, ხომ ვამბობ, არ არის აგრესიული, კეთილია. მასზე დაკვირების შედეგად დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ მგელს კისერი გაშეშებული აქვს. მოკლედ, ძალიან კარგი ჯიშის მგელია, ქართული. უბრალოდ, კახეთიდან მთიულეთში დაბინავდა (იცინის) და ეგ არის.

- ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მასში ჭეშმარიტი მტაცებელი როდის გაიღვიძებს, მგლის თვისებებს როდის გამოამჟღავნებს?

- შეიძლება არც გაიღვიძოს და იმედი მაქვს, რომ დიდხანს იქნება ჩვენ გვერდით. ხვადი რომ არის, ამბობენ, უფრო აგრესიული იქნებაო, ვნახოთ. ისე, ტანითაც საკმაოდ დიდია. ზრდასრული ავჩარკის სიმაღლისაა, ცოტა მეტიც.

ლალი ფაცია