"ხელისუფლება იძულებული იქნება ბევრი რამ გააკეთოს ხალხისთვის" - გზაპრესი

"ხელისუფლება იძულებული იქნება ბევრი რამ გააკეთოს ხალხისთვის"

ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოს ერთი უხილავი მტერი ჰყავს - კორონავირუსი. სამწუხაროდ, "კოვიდ 19"-ს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უამრავი ადამიანი შეეწირა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად მზარდია, მათ შორის საქართველოში. ასტროლოგ

დავით ბუტიკაშვილს მიმდინარე მოვლენებისა და მსოფლიოში არსებული ვითარების შეფასება ვთხოვეთ.

- 2020 წლის დასაწყისიდან, მსოფლიო მოწყობის რადიკალური ცვლილება დაიწყო და ამ ნგრევით პროცესებს პროვოცირება კორონავირუსმა გაუკეთა. ეს ახლაც გრძელდება. 22 ოქტომბრამდე შავი მთვარე მოძრაობდა ვერძის ზოდიაქოში, ისევე როგორც მარსი ვერძის ზოდიაქოშია - ომებისა და აგრესიების პლანეტა, ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე პერიოდში დაიწყო ომი ყარაბაღში - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ასევე ყირგიზეთში, ანუ ბიშკეთშიც არეულობაა. 22 ოქტომბრის შემდეგ მოსალოდნელია აგრესიის შედარებით ჩაცხრომა, მაგრამ როცა შავი მთვარე გადავა კუროს ზოდიაქოში და იქ 9 თვე იმოძრავებს, ამ პერიოდში იქნება ღრმა ეკონომიკური კრიზისი. კორონავისუსის გამო გაჩერებულ მსოფლიოში, ეკონომიკური კრიზისი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და 9 თვის განმავლობაში კულმინაციას მიაღწევს. ეს არა მხოლოდ საქართველოში მოხდება, არამედ ბევრ ძალიან განვითარებულ და ძლიერ ქვეყანაში. ეკონომიკური კრიზისის მარწუხები პროვოცირებას გაუკეთებს სოციალურ აჯანყებებსა და აფეთქებებს. 2020 წლის 20-21 დეკემბერი მნიშვნელოვანი თარიღები იქნება. ამ ორი დღის განმავლობაში მოხდება იუპიტერისა და სატურნის შეერთება მერწყულში. ეს უკანასკნელი კი რევოლუციების ზოდიაქოა. რევოლუცია კი თავისთავად არ არის ცუდი, მას საზოგადოების განვითარება და პროგრესი მოჰყვება. შეიძლება ამ დღეებში რაღაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოხდეს, თუმცა, ამ მოვლენებს აუცილებლად ექნება ზვავის ეფექტი. ეს იქნება მსოფლიო მოწყობის სისტემაში უმნიშვნელოვანესი დასაწყისის პირველი ფაზა. ბუნებრივია, ცვლილება 1-2 დღეში არ მოხდება, ამას დასჭირდება მინიმუმ 14-15 წელი. მიზანი იქნება ერთი, რომ კაცობრიობა გადავიდეს მსოფლიო მოწყობის ახალ და უკეთეს სისტემაზე. კორონავირუსმა დაგვანახვა, რომ ძველი სისტემა დაბერდა, ელემენტარულ ვირუსს ვერ ებრძვიან და მეტიც, მის შესახებ არაფერი იციან. და თან ეს იმდენად თვალში საცემია, რომ ექიმები ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჯერ ამბობდნენ, რომ ვირუსი საგნებიდან გადადისო, შემდეგ გერმანელმა მეცნიერებმა ამის საწინააღმდეგო მოსაზრება დაამტკიცეს, ანუ გამოდის, რომ საგნებიდან არ გადადის. ჩვენმა ერთმა ეპიდემიოლოგმა, რომელიც ტელეეკრანზე ხშირად ჩანს, განაცხადა, რომ ვირუსი უცნაურად იქცევა: შეიძლება ადამიანები ერთმანეთს კოცნიდნენ, მათ შორის ერთ-ერთს "კოვიდი" ჰქონდეს, მაგრამ მეორეს დაინფიცირება არ მოხდეს, მაგრამ შეიძლება ინფიცირებულისგან შორს მყოფს, ანუ დისტანცირებულ ადამიანს გადაედოს.

GzaPress

- ეს ალბათ იმუნიტეტზეა დამოკიდებული, თან, ვირუსი ახალია და ჯერ შეუსწავლელია მისი არსი. სწორედ ამიტომ ვისმენთ სხვადასხვა მოსაზრებას, რაც ვფიქრობ, ბუნებრივია...

- თუკი ვირუსს კარგად არ იცნობენ, შესაბამისად, ტესტებიც არ არის სრულყოფილი. აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება ტესტირებების სისწორეში. ეს კიდევ სხვა თემაა და ამას გელაპარაკებით ადამიანი, რომელიც ტელევიზორს უყურებს. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, როგორც ასტროლოგის, გეტყვით, რომ ვირუსმა დაგვანახვა, რომ მსოფლიო მოითხოვს რეფორმირებას, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ძირეულად. მომავალი წლიდან გამოჩნდება გზა და ტენდენციები, თუ საით მიდის კაცობრიობა. 2021 წლიდან ბევრი სერიოზული მეცნიერული აღმოჩენა მოხდება. 2020 წელს ნობელის პრემია გადაეცა ორ ქალბატონს, რომლებმაც უსერიოზულესი აღმოჩენა გააკეთეს. მათი აღმოჩენის მიხედვით, თუ ადამიანს არა აქვს მიდრეკილება რაიმე გენეტიკური დაავადებისადმი, მათი მეთოდის საშუალებით, შეუძლიათ ისინი გათიშონ, ანუ ამოჭრან და ეს იმას ნიშნავს, რომ გენეტიკური დაავადებები აღარ იარსებებს და ადამიანი შეიძლება გახდეს სრულიად ჯანმრთელი. მომავალი წლიდან წარმატებები იქნება არა მხოლოდ სამედიცინო კუთხით, არამედ ყველა სფეროში. 2021 წელი დასაბამს უდებს საზოგადოების განვითარების ახალ 12-წლიან პერიოდს, რომელის დროსაც წინა პლანზე გადმოდის მედიცინა და მეცნიერება.

(2020 წლის ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭა ფრანგ და ამერიკელ ქალბატონებს ემანუელ შარპანტიესა და ჯენიფერ დუდნას. მათ შეიმუშავეს მეთოდი სახელწოდებით "მაკრატელი", რითაც შესაძლებელი გახდება გენომის რედაქტირება. გენეტიკური მაკრატლით შესაძლებელი იქნება გრძელი, სპირალისებურად დახვეული გენის ჯაჭვიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა. ეს ცარიელი ადგილი შეივსება სხვა ფრაგმენტით ან მიღებული ორი ნაწილი ერთმანეთზე გადაიბმება. ეს მეთოდი მეცნიერებს საშუალებას მისცემს ამოჭრან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენიდან დეფექტური ფრაგმენტი, რითაც შეიცვლება გენეტიკური კოდი. - ავტ.).

- რაც შეეხება საქართველოს ეპიდვითარებას, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. როგორია თქვენი პროგნოზი ამ კუთხით?

- გასაგებია, რომ არსებული ვითარებისა და ინფიცირებულთა ზრდის მიხედვით, დაძაბულობაა, მაგრამ როცა კარანტინში გამოგვკეტეს, შეიძლება მაშინაც დიდი ციფრი იყო, უბრალოდ, იმ დროს ასეთი მასობრივი ტესტირება არ ტარდებოდა. დარწმუნებული ვარ, მაშინაც მრავალი შემთხვევა იყო, უბრალოდ სახელმწოფოს არ ჰქონდა იმდენი ტესტი, რამდენიც ახლა აქვს. არც ახლანდელი ტესტრებაა 100%-იანი და ეჭვებს იწვევს. უკვე ვთქვი, რომ თავად ვირუსის შესახებ არაფერი იციან და როგორ შეიძლება ის აღმოაჩინო, რის შესახებაც სრულყოფილი ცოდნა არ გაქვს?! ერთი შემიძლია გითხრათ, რომ საქართველომ გაიარა კრიზისული პერიოდი. ალბათ თქვენ დაგებადებათ კითხვა, - აბა, ახლა ამდენი ინფიცირებული და გარდაცვლილია, ეს სერიოზული შედეგი არ არის?

- დიახ, ნამდვილად, ყოველდღიურად მზარდი ციფრები და ვირუსის გავრცელების მასშტაბურობა ხომ საპიროსპიროზე მეტყველებს...

- მე, როგორც ასტროლოგი, ვამბობ, რომ კრიზისული პერიოდი უკვე გავიარეთ. ვირუსისაგან კატასტროფა მოსალოდნელი არ არის. თუმცა იქნება სერიოზული სოციალური მღელვარება.

- საქართველოში მოახლოებული არჩევნებიც ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებებს?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ესეც იქნება. როგორც ყოველთვის, რაც უნდა უიმედო სიტუაციაში იყვნენ, წაგებული პარტიები მაინც აყვირდებიან. ვერც ერთი არჩევნების დროს ვერ დამტკიცდა, რომ ხმები გაყალბდა და ვერც ახლა დამტკიცდება რამე, მაგრამ მასობრივი გამოსვლების მოტივი ეს არ იქნება. ადამიანები გამოვლენ ქუჩაში უმუშევრობისა და ეკონომიკური კრიზისის გამო. თუ აქამდე საქართველოში ასე თუ ისე საშუალო ბიზნესს გარკვეული წინსვლა ჰქონდა, ახლა ყველაზე ცუდ დღეში სწორედ ეს სფეროა. ხელისუფლება იძულებული იქნება მათ ხელშესაწყობად გაატაროს რადიკალური რეფორმები, რომ საშუალო ბიზნესს ყველანაირად შეუწყოს ხელი. თუ ხელისუფლება ასე არ მოიქცევა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ის აუცილებლად შეიცვლება. პროცესები სწრაფად განვითარდება და თუ ამას მეორე კუთხიდან შევხედავთ, დადებითსაც დავინახავთ - ხალხი ზღვრამდეა მისული და თავისი მოთხოვნების წამოყენებას დაიწყებს, შეიძლება აგრესიული ფორმითაც კი, მაგრამ ხელისუფლება იძულებული იქნება ბევრი რამ გააკეთოს მათთვის. მათ საკეთილდღეოდ ყველაფერს გააკეთებს და მოიქცევა ისე, როგორც აქამდე არც ერთი მთავრობა არ მოქცეულა. აქედან გამომდინარე სერიოზულ დაპირისპირებებს ან სისხლის ღვრას ვერ ვხედავ, ცუდი არაფერი მოხდება.

- ჩვენს სამეზობლოში ომია, ჩაქრება თუ არა ცეცხლი და იქონიებს თუ არ ეს ომი გარკვეულ გავლენას ჩვენს ქვეყანაზე?

- ამ ომში უპირატესობა არც ერთ მხარეს არ აქვს, სომხეთს იარაღით რუსეთი ამარაგებს, აზერბაიჯანს - თურქეთი, ისინი არ დაიღლებიან საბრძოლო მასალის მიწოდებით და, თუ თავად ხალხმა არ გადაწყვიტა შეჩერება, ტყუილად დაიღვება სისხლი, ბრძოლა უშედეგო იქნება და ამ ომში ორივე მხარე წაგებული დარჩება. ჩემი პროგნოზით, 22 ოქტომბრის შემდეგ, ვითარება აქაც სიმშვიდისკენ წავა. უცბად არ დასტაბილურდება, მაგრამ შეთანხმების მონახაზი გაჩნდება.

- 2021 წლიდან სერიოზული მეცნიერული აღმოჩენები დაიწყებაო, - თქვით და ამაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენაც იგულისხმება?

- დიახ. მეტსაც გეტყვით, ვაქცინა შეიძლება არსებობს კიდეც. რადგან ვირუსი ჩინეთში გაჩნდა, ალბათ ყველაზე ეფექტურ ვაქცინასაც სწორედ ეს ქვეყანა შეიმუშავებს. მათ ძალიან სწრაფად დაამარცხეს ვირუსი, აპრილში უკვე ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვაქცინა ჰქონდეთ. თუმცა, სოციალისტური სახელმწიფოა, მასზე გავლენას მთელი მსოფლიო ვერ ახდენს და რთულია გაარკვიო, რა ხდება სინამდვილეში. ვფიქრობ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მაინც სწორედ ჩინეთიდან უნდა ველოდოთ.

ანა კალანდაძე