"მითებს სჯობს, სინამდვილე იცოდე" - გზაპრესი

"მითებს სჯობს, სინამდვილე იცოდე"

ჩვენი შეხვედრის საბაბი დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" გახდა. დავით ბრაგვაძე ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი გახლავთ. ვფიქრობ, საინტერესოა მისი მოსაზრებები საქართველოს ისტორიის სწავლასთან და საერთოდ, ამ მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით.

- სკოლაში საქართველოს ისტორიას შაბლონურად - მშრალად და ანალიზის გარეშე გვასწავლიდნენ. ისტორია ხშირად იმიტომ სძულთ ადამიანებს, რომ ძირითადად, ფაქტებისა და თარიღების დაზეპირებასთან ასოცირდება. მარტო თარიღების ცოდნით, თუ დროის კონტექსტი არ გესმის, თუ იმ ეპოქის ადამიანის თვალით არ შეხედე ყველაფერს, ბევრს ვერაფერს გაიგებ. იგივე პრობლემა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, რამდენიმე გამორჩეულ ლექტორს თუ არ ჩავთვლით. ისტორია ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა, მაგრამ მოხდა შემთხვევითობაც. იმ წელს პირველი ეროვნული გამოცდები ტარდებოდა და საგამოცდო ბარათში პირველი ჩავწერე იურიდიული, მერე - ისტორიული. მეორე დღეს ბარათი ავიღე და ვნახე, რომ ჩემი გვარი შეცდომით ეწერა. თავიდან მომიწია საგამოცდო ბარათის შევსებამ: ჯერ ისტორიული ჩავწერე, შემდეგ უკვე იურიდიული. ასე მოვხვდი ისტორიის ფაკულტეტზე.

- ვინ იყვნენ გამორჩეული ლექტორები?

- ბევრი კარგი ისტორიკოსი მასწავლიდა, მაგალითად, - სლავების და რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე საქართველოში, გიორგი ჟუჟუნაშვილი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. მასწავლიდნენ: მარიამ ლორთქიფანიძე, ბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, თემო პაპასკირი, რომლის მიმართულებას გავყევი - ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია. პირველი ლექცია ჩაგვიტარა ბუბა კუდავამ. ის იყო ჩვენთვის საქართველოს ისტორიის პირველი ლექტორი. ცდილობდა, სტერეოტიპული მიდგომები შეეცვალა. იმდენად მოგვხიბლა თავისი ლექციებით, მიუხედავად იმისა, რომ საოცრად დაბალ ნიშნებს გვიწერდა (მე პირადად, ისეთი დაბალი ნიშანი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არ მიმიღია), მეორე სემესტრში განცხადება დავწერეთ, ისევ ბუბამ გვასწავლოსო. მის ნაცვლად, მარიამ ლორთქიფანიძეს უნდა გაეგრძელებინა ლექციები. სტუდენტების ნაწილმა ქალბატონ მარიამთან გადაინაცვლა, ჩვენ ბუბასთან დავრჩით. შედეგი შესაბამისი იყო - ისევ დაბალი ნიშანი მივიღე, მაგრამ ის წვალება მერჩივნა... ერთხელ საგამოცდო ტესტში კითხვას პასუხი ვერ გავეცი, მთელი ტექსტი თავიდან წავიკითხე და ისევ ვერ მივაგენი პასუხს. ბუბას ვუთხარი, რომ ტექსტს რაღაც აკლდა. თურმე სქოლიოში ეწერა ის, რაც საჭირო იყო. მაშინ მივხვდი, რომ სქოლიოებიც უნდა წაიკითხო, ისიც მნიშვნელოვანია.

- არასწორად შეფასებულ ისტორიულ ფაქტებზე ხშირად კამათობთ? ეს უფრო როდის ხდება და ამ დროს როგორ იქცევით?

- გარემოს გააჩნია: მაგალითად, სუფრასთან ყოფნისას, როცა მთვრალი ადამიანი რაღაცას გიმტკიცებს, კამათს აზრი არა აქვს, მაინც ვერაფერს დაიმახსოვრებს. თუმცა, ისტორიულ საკითხებზე ღვინის სმის დროსაც ბევრს ვკამათობ. ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ძირითადად, ისეთ თემებზე ვკამათობ, რაზეც განსხვავებული პოზიციები გვაქვს. ხანდახან ვცდილობ, კონკრეტული თემით დაინტერესებული ადამიანი დავაკავშირო უფრო კვალიფიციურ პიროვნებასთან, რადგან არ მიმაჩნია თავი იმ საკითხის ღრმა მცოდნედ. ქართველ ისტორიკოსებს ერთი მძიმე სენი აქვთ - ჰგონიათ, ყველაფერი იციან, არა მარტო საქართველოს მთელი ისტორია, არამედ მსოფლიოს ისტორიაც. არადა, თითოეულ პერიოდს, თითოეულ ქვეყანას კომპლექსური ცოდნა სჭირდება. საქართველოს ისტორიის ზოგადი კურსი შეიძლება ყველამ წაიკითხოს, მაგრამ კონკრეტული საკითხების სიღრმეში ვერ შევიდეს.

- კონკრეტულად რაზე შეიძლება გედავებოდნენ?

- დღემდე ვასწავლი ხან ერთ უნივერსიტეტში, ხან - მეორეში, სკოლასა და პროფესიულ კოლეჯშიც ვასწავლიდი და ყოველთვის ვცდილობ ავუხსნა ყველას, რომ ისტორია ბევრად საინტერესოა, ვიდრე მშრალი ფაქტების წყობა. ვცდილობ დავანახვო კონკრეტული ეპოქის მაგალითზე იმ ეპოქის ადამიანის მოტივაცია, თუ რატომ იქცეოდა ისე. მაგალითად, ყველას ჰგონია, რომ ბაღვაშები (ცნობილი საგვარეულო სახლი) საქართველოს მტრები იყვნენ. ბაღვაშები სამშობლოს არ ღალატობდნენ, ეს იყო ერთი საგვარეულო სახლის მეორესთან დაპირისპირება, რომელსაც არ უნდა მივუდგეთ თანამედროვე გაგებით. ხშირად ასლან აბაშიძეს ლიპარიტ ბაღვაშს ადარებდნენ, რაც არასწორი პარალელია. ძალიან ბევრია მსგავსი რაღაც.

არსებობს უამრავი მითი და ლეგენდა იმაზე, რომ ჩვენი წინაპრები უნაკლოები იყვნენ. სინამდვილეში, ისეთივე ცოდვილები იყვნენ, როგორებიც ალბათ ჩვენ ვართ და ისეთსავე შეცდომებს უშვებდნენ. ან დავუშვათ, მითი ქართველების მიერ გადახდილ ბრძოლებზე - რომ აუცილებლად, ჩვენზე 10-ჯერ ან 20-ჯერ მეტი მტერი უნდა ყოფილიყო, თუ ვმარცხდებოდით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოდით და ა.შ., ხოლო თუ ვიმარჯვებდით - მტერს კუდით ქვას ვასროლინებდით... არც ერთი ბრძოლა ისე არ აღვწერეთ, რომ მტერი დავაფასოთ. არსად დაგვიწერია, რომ მტერი ღირსეულად დამარცხდა, ამით ჩვენი წინაპრების დამსახურებასაც ვაკნინებთ. ისე გამოდის, რომ ისინი მაგარი მეომრები არ იყვნენ, რადგან ყველა "კუდით ქვას ისროდა". არასწორად გვესმის ბევრი რამ. საბჭოთა იდეოლოგიურმა მიდგომებმა ისტორიის მიმართ ქართველი კაცის აღქმები ამ კუთხით ძალიან დაამახინჯა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელოვანი და ფანტასტიკური მასშტაბის ისტორიკოსი გვყავდა იმ პერიოდში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იდეოლოგიური წნეხისგან გავთავისუფლდით და გადავედით "ურაპატრიოტიზმში", რის შედეგსაც დღეს ვიმკით. მე მგონია, ისტორიკოსთა არაერთი თაობა დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის სწორ გააზრებამდე მივიდეთ.

GzaPress

- თქვენი ინტერესის სფერო რომელი თემა თუ ეპოქაა?

- "ცივი ომი" და ამ ომის მთავარი მოთამაშეები - საბჭოთა კავშირის და ამერიკის ურთიერთობა რეიგანის და გორბაჩოვის პერიოდში, "ცივი ომის" დასასრულს. ბოლო 5 წლის მოვლენებზე ვმუშაობდი, სამაგისტრო ნაშრომი ამ თემაზე დავიცავი. ეს არის ჩემი სადოქტორო დისერტაციის თემაც, რაც ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ მივიყვანე.

- დიპლომატიური წარმატების რომელიმე მაგალითი გაიხსენეთ, გნებავთ, საქართველოს, გნებავთ, მსოფლიოს ისტორიიდან.

- პირველი რაც მახსენდება, არის ქართლის მეფე ფარსმან მეორე და მისი ურთიერთობები რომის იმპერიასთან. ახალი წელთ აღრიცხვით მეორე საუკუნის დასაწყისია, წარმოიდგინეთ მასშტაბი - ქართლის სამეფო და რომის იმპერია, რა ძალთა ბალანსია მათ შორის. როგორ მოახერხა ერთი პატარა სამეფოს მეფემ, რომის ოთხი იმპერატორის პირობებში, მათთან ღირსეული მეტოქეობა და საბოლოოდ, ისეთი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომ სიცოცხლეშივე, რომის ცენტრში, მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგეს, როგორც გამორჩეულ პოლიტიკოსს. ის დღემდე ერთადერთ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწედ რჩება, რომლის ძეგლიც არის საზღვარგარეთ და მსგავსი დამსახურებისთვის არავის მიუღწევია არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის შემდეგ. ქართულ პოლიტიკურ წრეებში ბევრი პროფესიონალია, მაგრამ ზოგადად ვისურვებდი, რომ ფართოდ ჰქონდეს ყველას გააზრებული იმ ქვეყნის ისტორია, რომლის სამსახურშიც არიან.

- დოკუმენტური ფილმის - "ცხინვალი 1920" შექმნის იდეა როგორ დაიბადა?

- დიდი ხანია, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით დავინტერესდი და უშიშროების საბჭოს აპარატში ვმუშაობდი მის დაშლამდე. მერეც ამ მიმართულებით გავაგრძელე საქმიანობა სამოქალაქო სექტორიდან. ვაკვირდები მოვლენებს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. რუსული და ოსური სეპარატისტული ოფიციოზის მტკიცებამ, რომ 1920 წელს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოსი ხალხის გენოციდი მოაწყო, მიმიყვანა ჩემს მეგობრებამდე, რომლებიც საქართველოს ისტორიის იმ პერიოდს იკვლევენ. გადავწყვიტეთ ამ საკითხის კვლევა და ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც საზოგადოებაში ცნობადობას გაზრდიდა. არა მხოლოდ ისტორიკოსებთან, არამედ მივედი ძალიან კარგ კინოდოკუმენტალისტთან, მიშა ბასილაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა ამ თემაზე.

დავწერეთ სცენარი და ვფიქრობ, რომ ჯამში, ხარისხიანი, ძალიან ობიექტური, ემოციებისგან დაცლილი, სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული დოკუმენტური ფილმი მივიღეთ. მას არა აქვს არც ანტიოსური და არც ვინმეს მიმართ ანტიშინაარსი. ფილმი გვიჩვენებს 100 წლის წინ (ცოტა უფრო ადრეც) განვითარებულ მოვლენებს, დიდი პოლიტიკური თამაშის ერთ პატარა ნაწილს. ამ შემთხვევაში, ბოლშევიკური რუსეთის მიზანი იყო, მოეხდინა სამხრეთ კავკასიის სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოკუპირება, რისთვისაც ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ ოსებს იყენებდა. ამ ისტორიის მოყოლას დღეს სხვანაირად ცდილობენ. ფილმის ჩვენებაზე მოვიწვიეთ დარგის ექსპერტები, ისტორიკოსები, ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები, ამ მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო უწყებები. ჩვენება საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის და ვინერვიულე შეფასებების მოლოდინში, თუმცა ძირითადად, აბსოლუტურად პოზიტიური გამოსვლები მოვისმინეთ. ცოტა ხანში ფილმი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

- თქვენ უამრავი დოკუმენტი, მასალა, წიგნი წაგიკითხავთ საქართველოს ისტორიის შესახებ. თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ფაქტმა ძალიან გაგაკვირვათ?

- ერთ მშვენიერ დღეს ხელში ჩამივარდა ბატონი სოსო მარგიშვილის წიგნი, რომელიც ეხება საქართველოს ყველაზე დიდ სამხედრო გამარჯვებას - დიდგორის ბრძოლას. ის იყო პირველი კაცი, ვინც მოიფიქრა და თქვა: მოდი, გავალ დიდგორის ველზე, ვნახავ, იქ რა მოხდა, წყაროებს შევაჯერებ, რელიეფს შევხედავ, ფართობს გავზომავ და დასკვნებს გამოვიტანო. რა აღმოჩნდა? არა მხოლოდ წარმოუდგენელია მტრის ის რაოდენობა, რაც წერია, ჩვენი რაოდენობაც კი ერთობ გაბერილია. შეუძლებელი იყო, იმ ველის ფართობით, იმდროინდელი საგზაო კომუნიკაციებით და ა.შ. ეს რიცხვი - ასიათასობით თურქი-სელჩუკი და 56 500 ქართველი - რეალობას შეესაბამებოდეს. წარმოიდგინეთ, დიდგორში რომ იქნებოდა ილღაზის არმიის ავანგარდი, არიერგარდი უნდა ყოფილიყო სადღაც ახლო აღმოსავლეთში. ამ წიგნში ისე დასაბუთებულად ეწერა ყველაფერი, ცოტა შოკი მივიღე, რაღაცები ძალიან დამაჯერებელი იყო. მაშინ დავრწმუნდი, რომ მითებს სჯობს, სინამდვილე იცოდე.

კიდევ, მაგალითად, თამარ მეფის საფლავი რომ გელათშია, ყველა წყარო ამას გვეუბნება. უბრალოდ, ზუსტად რომელ კვადრატშია დაკრძალული, ეს არის საკამათო. ხალხს მაინც სჯერა მითი ცხრა კუბოს შესახებ და ა.შ. ეს ალბათ, მაინც საბჭოთა პერიოდის დროინდელი სტანდარტების გავლენაა, რაც დღემდე ვერ დავძლიეთ, თორემ საქართველოს ისტორიაში ბევრია ისეთი საკითხი, რომელიც საჭიროებს კეთილსინდისიერ, საფუძვლიან შრომას - მიხვალ, კომპლექსურად გამოიკვლევ და ასე დააზუსტებ ყველაფერს. ისტორიული წყაროები ხანდახან იტყუება, ზოგი ბერავს რაღაცას, ზოგი - აკლებს. ისიც მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, სოსო მარგიშვილის წიგნი სასტიკად გააკრიტიკეს, ეს როგორ გაბედაო?!. როგორც მისი თაობის ისტორიკოსები ჰყვებიან, ამის ნიადაგზე ავტორს ჯანმრთელობა საკმაოდ შეერყა და მალე გარდაიცვალა. პირველ რიგში, ეს უნდა შევცვალოთ. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ იმისა, რომ კეთილსინდისიერი სამეცნიერო კვლევები მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდება, მაშინ სულ მითებში ვიცხოვრებთ...

ნანული ზოტიკიშვილი