ადამიანი, რომელსაც უყვარს სიყვარული, ბავშვები, ხელოვნება და სამყარო - გზაპრესი

ადამიანი, რომელსაც უყვარს სიყვარული, ბავშვები, ხელოვნება და სამყარო

მდინარე რიონის ნაპირთან ახლოს, ისტორიული ქუთაისის თითქმის ცენტრში ერთი შენობა დგას - თოჯინების თეატრი. უმთავრესი ცალკე უნდა გამოვყო - აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ქმნიან ბავშვობის ყველაზე ლამაზ ეპოქას - თოჯინურს, რომელიც სიყვარულის ბავშვურად, სუფთად, უზადოდ და კოლორიტულად გამოხატვის უნივერსალური ფორმაა. აქ სიყვარულს სხვაგვარად გადმოსცემენ თეჯირს მიღმა არსებული ადამიანები. სიყვარულზე შეყვარებულები არიან თოჯინების თეატრის მსახიობები და ეს პირველად ლევან გაბრიჭიძემ თქვა ძალიან გამოკვეთილად. უსიყვარულოდ ვერ შექმნი ბავშვებისთვის სპექტაკლსა და როლს. გიყვარს თოჯინა, რომელიც უნდა აამეტყველო და გიყვარს მაყურებელი, რომელიც უსაზღვროდ გაფართოებული თვალებით უცქერის შენს ნაოსტატარს. ისინი ყველაზე რადიკალური კრიტიკოსები არიან: ან ბოლომდე მოსწონთ, ან საერთოდ არ მოსწონთ ის, რასაც უყურებენ. ამიტომ, თუ სიყვარულითა და პასუხისმგებლობით არ აპირებ მიაწოდო პატარებს რამე, სჯობს, საერთოდ არ გამოჩნდე მათ თვალსაწიერზე.

მთელი ცხოვრება უძლებს ამ უმძიმეს, ბავშვებისეულ კრიტერიუმს ლევან გაბრიჭიძე. მინახავს, როგორ იცდიან პატარები სპექტაკლის დაწყებამდე ჯერ ქუჩაში, მერე - ფოიეში, ბოლოს კი - დარბაზში. მათ უმეტესად, გვერდით მშობლები, ბებია-ბაბუები ან პედაგოგები უდგანან და უფროსი თაობის ხალხიც ბავშვდება ამ დროს. დროის გათანაბრების შეგრძნება ასეთ მომენტში, უმძაფრესია და ნაკლებად აქცევ ყურადღებას ქოჩორა, ხატულა ბავშვების გვერდით რა ასაკით, გარეგნობითა და შესაძლებლობით დგახარ... ამ სასწაულს მხოლოდ თოჯინების თეატრთან თუ იხილავთ და ქუთაისში ამ სასწაულის შემოქმედი ლევან გაბრიჭიძეა!

GzaPressლევანი:

- დავიბადე 1962 წელს, ქუთაისში. მამა ინჟინერი იყო, დედა - მედიკოსი. სწავლა ტყიბულში დავიწყე, რადგან მშობლები მეშახტეთა ქალაქში მუშაობდნენ. მოსწავლეობისას ორ პროფესიაზე ვფიქრობდი: ან მსახიობი უნდა გამოვსულიყავი, ან კიდევ სამოქალაქო ავიაციის მფრინავი. საბოლოოდ, პროფესიული ვექტორი მსახიობობისკენ გადაიხარა, რადგან სკოლაში სასკოლო სპექტაკლებში მონაწილეობამ აღიარება მომიტანა. მახსოვს ჩემი "პარტიზანი", რომლის გამოც ადგილობრივი "თეატრის კრიტიკოსების" მიერ აღმაფრთოვანებელი შეფასება მივიღე - "ბრწყინვალე განსახიერება!" ალგებრის მასწავლებელმა მითხრა: გაბრიჭიძე, სწავლა მაინც არ გინდა, მოჰკიდე ხელი მაგ "კალაშნიკოვს" და გავარდი ტყეში, დამაჯერებლად გამოგდის ეგ საქმეო. ხშირად მიფიქრია პროფესიულ არჩევანზე, კითხვაც ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის, ვემსახურები კი იმ საქმეს, რომელიც მიყვარს? პასუხი ერთია - "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს".

მეამაყება, რომ როგორც მეთოჯინე მსახიობი, ვარ დიდი მაესტროს, შოთა ცუცქირიძის მოსწავლე. მან გარკვევით მითხრა: "ლევან, დაიმახსოვრე, შენ პროფესიულ წარმატებას მხოლოდ თოჯინების თეატრში მიაღწევ!" მართლაც, თუ რამ მიღწევა მაქვს ხელოვნებაში, ყველაფერი თოჯინების თეატრის დამსახურებაა. ვამაყობ, რომ როგორც მეთოჯინე რეჟისორი - ვარ დიდი მაესტროს, გივი სარჩიმელიძის მოსწავლე. ამ ორი უდიდესი ოსტატის შეგირდს არ მაქვს უფლება, არ ვემსახურო მთელი ჩემი შესაძლებლობებით ისეთი ორიგინალური ჟანრის თეატრს, როგორიც თოჯინების თეატრია. მეამაყება, რომ 1984 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (შოთა ცუცქირიძის კლასი), მუშაობა დავიწყე ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში მსახიობად, 1998 წელს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის (გივი სარჩიმელიძის კლასი) დამთავრების შემდეგ - რეჟისორად, 1999 წლიდან მთავარ რეჟისორად, 2013 წლიდან კი სამხატვრო ხელმძღვანელად.

საამაყოა ჩემთვის, რომ ვაგრძელებ იმ წინამორბედთა გზას, რომლებმაც ეპოქა შექმნეს ამ თეატრში. იცვლებოდა დრო და იცვლებოდნენ სახელოვნებო თაობები. ისინი არ იშურებდნენ ენერგიას და შრომას თეატრის შემოქმედებითი განვითარებისთვის. იყო წარმატებები და წარუმატებლობაც, მაგრამ ქუთაისის თოჯინების თეატრს არასდროს არ უღალატია ერთგული მაყურებლისთვის. ამ თეატრის თანამშრომლები, მთლიანად, განურჩევლად არიან ჩემს პროფესიულ განვითარებაში "დამნაშავეები". ვერ ვივიწყებ იმასაც, როგორ გადავწყვიტე რეჟისორობა. იმერეთში ამბობენ, ხე შეძახილმა გაახმოო და მე რეჟისორი გავხდი თამაზ მესხის, მალხაზ ციცქიშვილისა და მურმან ფურცხვანიძის "შეძახილით".

ისე, თეატრალური ცხოვრება არასდროს ყოფილა კურიოზის გარეშე. მახსენდება ერთი შემთხვევა: ვარ ნაცარქექია და მაქვს ორი ამპლუა - ცოცხალი "პლანი" და თოჯინაც. სიუჟეტი იწყება ასე - დარბაზიდან შევდივარ თეჯირში სიმღერ-სიმღერით. ამ დროს ერთმა ბავშვმა ფეხი დამიდო და ნაცარქექიამ ზღართანი მოადინა მაყურებლის თვალწინ, რამაც გამაყრუებელი ხარხარი გამოიწვია... ჩემი რეჟისურით დაიდგა "ღორმუცელა", "ასფურცელა", "ნაცარქექია" და ვარ ბედნიერი, რომ ეს სპექტაკლები მოსწონთ და უყვართ ბავშვებს.

თეატრი ცხოვრების სარკეაო, - თქვა დიდმა ილიამ. თუ გვინდა, ვასწავლოთ ბავშვებს ცხოვრების ავ-კარგი, აუცილებელია, გავულამაზოთ და გავუმდიდროთ სულიერი სამყარო, ამას მხოლოდ ხელოვნებით შევძლებთ. თეატრში თავმოყრილია მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, ქორეოგრაფია. სწორედ მოზარდის სულიერი და ესთეტიკური აღზრდისთვისაა შექმნილი თოჯინების თეატრი და ბევრი მაგალითი შემიძლია დაგისახელოთ, როგორ იმოქმედა ხელოვნებამ არა მარტო ერთეულებზე, არამედ თაობებზეც...

GzaPressრამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი მცირეკონტინგენტიანი სკოლა ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლზე დავპატიჟე. ბავშვებს ორი პედაგოგი მოჰყვა. წარმოდგენის ნახვის შემდეგ მასწავლებლებმა მადლობა გადამიხადეს: ძალიან ისიამოვნეს არა მარტო ბავშვებმა, ჩვენც სიხარულის ცრემლები მოგვდიოდაო. მერე, ერთმა მათგანმა ასეთი რამ მომწერა: "სპექტაკლის დაწყებამდე ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ასულიყვნენ სცენაზე და ლექსები ეთქვათ. ძალიან უხაროდათ მოსწავლეებს ეს. არაა ცოტა, როცა პატარა სოფლიდან ჩამოდიხარ, სცენაზე აგიშვებენ იმისთვის, სათქმელი თქვი და ჩვენ მოგისმენთო. გაბადრული სახით ამბობდნენ ლექსებს მორიგეობით ჩვენი აღსაზრდელები და როცა სპექტაკლი დასრულდა, მის მერე ემოცია ისეთი დიდი იყო, რომ მისი გაზომვა წარმოუდგენელია. თეატრიც დაგვათვალიერებინეს, თოჯინებიც ვნახეთ და მეთოჯინეებიც. ეს არასდროს დაავიწყდებათ ბავშვებს და ვინ იცის, ეგებ მთელი ცხოვრება ეყოთ სულიერ საგზლად. და კიდევ, თურმე თეატრის ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე ყოფილა, რომელმაც დრო დაგვითმო, გაგვესაუბრა. სახლში გვიან დავბრუნდით. დამღლელი და შორი გზის მერე არავინ იცის, რა ესიზმრათ პატარებს, რა მოუთხრეს მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებს, მაგრამ გულში ჩამრჩა ერთი ბავშვის ნათქვამი, დილაადრიან, გაკვეთილების დაწყებამდე რომ მითხრა, იქ რომ ერთი კაცი იყო, თეატრის უფროსი, რა კეთილი და სიყვარულით სავსე სახე ჰქონდა. აი, კაცი თუა სიყვარული და სიკეთე, ეგ კაცი იქნება ალბათო".

P.S. ლევანს ბავშვობისას ორი ოცნება ჰქონდა, გამოსულიყო მსახიობი და სამოქალაქო ავიაციის უმაღლესი პილოტაჟის წარმომადგენელი. მსახიობობაზე უკვე ვთქვით და ეგებ არც თქმა იყოს საჭირო, მაგრამ მაინც დავამატებ - ლევანი სამოქალაქო სეგმენტის ყველაზე სათუთი ნაწილის, ბავშვებისთვის უმაღლესი პილოტაჟის წარმომადგენელია, მერე რა, თუ ასაფრენი ბილიკი მხოლოდ თოჯინების თეატრია და საავიაციო ხომალდიც მხოლოდ თეჯირს მიღმა სამყაროა... მთავარია, მას უყვარს სიყვარული, ბავშვები, ხელოვნება და სამყარო!

როლანდ ხოჯანაშვილი