შარდის შეუკავებლობა განკურნებადი დაავადებაა - გზაპრესი

შარდის შეუკავებლობა განკურნებადი დაავადებაა

ქალები შარდის შეუკავებლობით ხშირად ავადდებიან, თუმცა ცხოვრების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას ასაკის მატებასთან დაკავშირებულ კანონზომიერებად მიიჩნევენ.

როგორია დაავადების სიმპტომები და ტიპები, ასევე, მკურნალობის ხერხები და არის თუ არა ეს დაავადება განკურნებადი, - ამის შესახებ ექიმი, "კონსილიუმ მედულას" ამბულატორიული და უროგინეკოლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი კარინა ბუცხრიკიძე გვესაუბრება.

- შარდის შეუკავებლობა არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური პრობლემაა, ვინაიდან ქალბატონები დისკომფორტს განიცდიან საზოგადოებაში ყოფნის დროს და საგრძნობლად მცირდება ცხოვრების ხარისხი. ყოველი მესამე ქალბატონი კარგავს სახლიდან გასვლის სურვილს, მსგავსი ცხოვრების წესი კი, თავის მხრივ, ზრდის სხვა დაავადებების განვითარების რისკს. შარდის შეუკავებლობა უვითარდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა 25%-ს, ხოლო პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალთა ნახევარზე მეტს. განვითარებულ ქვეყნებში ეს რიცხვი 40-60%-ია, ჩვენი ქვეყნის სტატისტიკა კი, სამწუხაროდ, არ არსებობს. შარდის შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზებია: მცირე მენჯის კუნთების შესუსტება მძიმე მშობიარობის ან ტრავმის შედეგად, ესტროგენების დეფიციტი ჰორმონული დარღვევებისა და მენოპაუზის დროს, მძიმე ფიზიკური შრომა, ინფექციური ან ნევროლოგიური დაავადებები და სხვა.

GzaPress

- როგორია დაავადების სიმპტომები და ტიპები?

- არსებობს შარდის შეუკავებლობის რამდენიმე ტიპი: სტრესული შეუკავებლობა, როდესაც შარდის არანებაყოფლობითი დაკარგვა განპირობებულია მუცლის ღრუში გაზრდილი წნევით (ვგულისხმობ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გაზრდის მუცლის ღრუში წნევას, მაგალითად - დახველება, დაცემინება, სიცილი, შვილიშვილის ხელში აყვანა); შარდის გადაუდებელი შეუკავებლობა, როდესაც ხდება შარდის არანებაყოფლობითი დაკარგვა, მოშარდვის ძლიერი სურვილის ფონზე და ე.წ. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი და შერეული შარდის შეუკავებლობა: ეს ნიშნავს გადაუდებელსა და სტრესულს ერთად.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენებაა. პრობლემის მქონე ქალბატონებიდან მხოლოდ 20-30% ესაუბრება ექიმს. უმეტესობა ახლობლებსაც კი უმალავს პრობლემას. მიზეზი, რის გამოც პაციენტები ექიმთან ვიზიტისგან თავს იკავებენ, არის ის, რომ მკურნალობის ერთადერთ გზად ქირურგიას ხედავენ, რეალურად კი ძალიან ბევრი გზაა. მკურნალობა არის ინდივიდუალური და მორგებულია თითოეულ პაციენტზე. ჩვენს კლინიკაში შეიქმნა სპეციალიზებული უროგინეკოლოგიური კითხვარი, რომლის მეშვეობითაც, ფიზიკალური გასინჯვის გარდა, ხდება პაციენტების გამოკითხვა, ჩივილების დეტალური შესწავლა, შეუკავებლობის ტიპის დადგენა და მკურნალობის განსაზღვრა.

- ვინ უნდა უმკურნალოს პრობლემას და როგორ ხდება შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტირება?

- პირველ რიგში, ივსება შარდის შეუკავებლობის სიმპტომატიკის საერთაშორისო კითხვარი და შარდვის დღიური. მნიშვნელოვანია შეფასდეს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. ექიმი გასინჯვით ადგენს მცირე მენჯის ორგანოების მდგომარეობას და კუნთების კუმშვადობის ხარისხს. ლაბორატორიულად მოწმდება შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, სისხლში ესტროგენების დონე. ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან გამოიყენება საშარდე სისტემის ექოსკოპია. აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება ცისტოსკოპია და უროდინამიკური გამოკვლევა. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემა გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით, ამიტომ შეიძლება დაგვჭირდეს გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი და სხვა სპეციალობის წარმომადგენელი. აღნიშნულ პრობლემას კომპლექსურად ვუდგებით და მკურნალობის პროცესს სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისგან დაკომპლექტებული კონსილიუმი წარმართავს, ასეთ კონსილიუმს კი ხელმძღვანელობს უროგინეკოლოგი. მკურნალობას ყოველთვის ვიწყებთ კონსერვატიული მეთოდით - ის მოიცავს ადეკვატურ დიეტას, შარდის ბუშტისა და მენჯის ვარჯიშებს, ფიზიკური თერაპიის მოდიფიკაციებს. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის დროს ხდება მედიკამენტოზური მკურნალობა.

- რა შემთხვევაში ხდება ქირურგიული ჩარევა?

- ქირურგიულ მკურნალობას მივმართავთ შარდის სტრესული შეუკავებლობის დროს, რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ქალის სასქესო ორგანოების დაწევით და ურეთრის (შარდსადენი მილის) მობილურობით. ქირურგიული ჩარევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონსერვატიული თერაპია ეფექტს არ იძლევა. ამ დროს ტარდება სლინგური ოპერაციები მაღალი ხარისხის სინთეტიკური ბადის გამოყენებით. ოპერაციის ხანგძლივობა 30 წუთია. პაციენტი არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და მეორე დღესვე ეწერება კლინიკიდან. მკურნალობის მიზანია ქალბატონების შარდ-სასქესო ორგანოების ანატომიური ცვლილებების კორექცია, სქესობრივი ფუნქციის აღდგენა, პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და თვითშეფასების ამაღლება.

ნინო ჯავახიშვილი