მხიარული რთველი წინანდალში - გზაპრესი

მხიარული რთველი წინანდალში

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტები და ტელეოპერატორები კახეთში, უფრო ზუსტად - წინანდალში რთველში მიგვიწვიეს. ჩემი პროფესიისა და ბავშვობის მეგობრის - მეღვინისა და კოლეგის, ნინო ჩხარტიშვილის დამსახურებით იმ ადგილას ერთხელაც გახლდით, ამ ზაფხულს და შთაბეჭდილებებით დატვირთული წამოვედი წინანდლიდან, რადგან მასპინძლებმა, ბატონი აკაკი ცოფურაშვილის წინამძღოლობით თვალწარმტაცი ადგილები დაგვათვალიერებინეს და ულამაზესი სანახაობაც მოგვიწყეს. სხვათა შორის, მაშინ ღვინის თემაზე კონკურსიც ჩაატარეს და იმ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მეც გახლდით. ღვინის მედიატურმა ამჯერადაც ძალიან გვასიამოვნა - მაშინ დამეგობრებული კოლეგები კვლავ შეგვახვედრა, ახალი ნაცნობებიც შეგვძინა, ღვინის თემაზე უამრავი ინფორმაცია გაგვაცნო და, რაც მთავარია - საკოლექციო ვენახებში ყურძნის კრეფაშიც დაგვაოსტატა, საწნახელში ფეხით ჩამდგრებს ჯერ ანსამბლ "შუმის" ნამღერი "ცანგალა და გოგონას", შემდეგ კი - ფილმ "ჭირვეულის მორჯულებიდან" ადრიანო ჩელენტანოს გმირის ყურძნის დაწურვისას გამოყენებული მუსიკის ფონზე ცეკვა-ცეკვით ღვინის დაწურვაც გვასწავლა, ღვინის დეგუსტაციაშიც დაგვახელოვნა (უგემრიელესი ზიგუც კი დავაგემოვნეთ, პორტვეინის ტიპის სასმელი), ჩურჩხელებიც ამოგვავლებინა და ხინკალიც მოგვახვევინა. მეტისმეტად გავხალისდით. ჩემი მედიასახლის - "პალიტრის" ჟურნალისტებმა აშკარად თავი გამოვიჩინეთ - ჯერ იყო და, ჟურნალისტებმა ლალი ფაციამ, ლიკა ქაჯაიამ და მე - უკანასკნელებმა დავტოვეთ "ბრძოლის ველი" - ყურძნის კრეფა საკოლექციო ვენახების ალაბეური თეთრით დავიწყეთ და სხვა ზვრებსაც გადავწვდით; იმდენი ყურძენი დავკრიფეთ, ლამის გვეხვეწებოდნენ, გეყოფათ, დაისვენეთო. არადა, დაღლილობა არც გვეტყობოდა. ცოტას კიდევ დავიტრაბახებ: ის საკოლექციო ვენახები ფართობით პატარა არ გეგონოთ. იცით, რამდენ ვაზის ჯიშს იტევს? იქ ვაზის 1000-მდე სახეობაა გაშენებული, 400-ზე მეტი ქართული, დანარჩენი ევროპული და ამერიკული...

GzaPress

ზვრები ვარდებით არის გაფორმებული. ჩვენს მასპინძელს, ბატონ აკაკი ცოფურაშვილს ვკითხეთ კიდეც, ამდენი ვარდი რატომ გაქვთ ვენახში-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ამასაც საინტერესო დატვირთვა ჰქონია - ვარდები ყოფილა ინდიკატორი ვაზის დაავადების შემთხვევაში, თურმე, იგი პირველი კვდება.

ალბათ მიხვდით, რომ რთველის ლხინთან ერთად, ჩვენს ტურს შემეცნებითი დატვირთვაც ჰქონდა. იქნებ ბევრმა თქვენგანმა არც იცის და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეიტყოს, რომ წინანდლის იმ სივრცეში ღვინის მუზეუმიც აქვთ. საქართველოში - ღვინის უძველესი ისტორიის მქონე ქვეყანაში დღესდღეობით ერთადერთი ვაზისა და ღვინის არქეოლოგიური მუზეუმი სწორედ წინანდალშია, ჭავჭავაძეების მამულის მეზობლად, მეღვინეობა "შუმის" ტერიტორიაზე. ეს პატარა მუზეუმი მეღვინეობას 2004 წელს ეროვნულ მუზეუმთან ერთად გაუხსნია. მასში დაცულია კახეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი ღვინის ჭურჭელი, უმეტესობა - ორიგინალი. აქვეა სამი ასლიც. მუზეუმში თავმოყრილია ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულით დათარიღებული, კახეთში ნაპოვნი ღვინის ჭურჭელი, აქვეა თრიალეთში, კერძოდ - ჯავახეთში ნაპოვნი და ძვ.წ. XVIII საუკუნით დათარიღებული ვერცხლის თასის ასლი და ვერცხლის გარსაკრავი. ვერცხლის თასზე ჭედური წესით არის შესრულებული ქართველების უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობის წესი - წარმართული სარიტუალო მსვლელობით წმინდა სასმლის შეწირვა მთავარი ღვთაებისადმი.

აქვეა რუკები, რომელთაგან ერთი დროთა განმავლობაში ვაზის ჯიშებისა და მევენახეობის გავრცელების არეალს გვიჩვენებს საქართველოს ტერიტორიაზე, მეორე კი - ვაჭრობისა და სხვადასხვა გზით ღვინის კულტურის გავრცელებას ძველი მსოფლიოს ცივილიზაციებს შორის. ცნობილი აღმოჩენების ასლები და ორიგინალები მუზეუმში მინის ყუთებში აქვთ მოთავსებული.

ამავე განყოფილებაში გურჯაანთან ახლოს, მუკუზანში ნაპოვნი და ახ. წ. V საუკუნით დათარიღებული ილერკოს თასის ასლი ვნახეთ, მოოქრული ვერცხლი. სწორედ იმ ადგილას, გურჯაანის საკოლექციო ვენახებში მოყვანილმა და ამ თასის პატივსაცემად წოდებულმა ღვინომ 2016 წელს ლონდონის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, თურმე, მსოფლიოს ღვინის კონკურსების უდიდესი პრიზი - "ტროფი" მოიპოვა. მუზეუმში კახეთში ნაპოვნი უძველესი რიტუალური სასმისებიც ვიხილეთ - ჭინჭილისა და ყანწის წინაპრები. უდაბნოს ნაქალაქარში აღმოჩენილი ყანწი ძვ. წ. II საუკუნით არის დათარიღებული. აქვეა თრიალეთში აღმოჩენილი ძვ. წ. III ათასწლეულის ვერცხლის გარსაკრავები, რომელიც თვალსაჩინოებისთვის ვაზის ლერწზე დაუმაგრებიათ. როგორც ჩანს, ამ გარსაკრავებს მცენარის დაზიანებულ ადგილას აკრავდნენ, რათა დაავადებებისა და ბაქტერიებისგან დაეცვათ. საინტერესოდ გამოიყურებოდა მელაანში ნაპოვნი ძვ. წ. VII საუკუნის ბრინჯაოს კაცუნა, რომელიც ქართული წარმართული მითოლოგიის ღვინისა და ნაყოფიერების ერთ-ერთ ღმერთს, სახელად ბადაგონს გამოსახავდა. ძალიან შთამბეჭდავი იყო მინის ყუთში მოთავსებული, საქართველოში აღმოჩენილი ქვევრებიდან ერთ-ერთი უძველესი - ძვ.წ. XI საუკუნის ქვევრის ორიგინალი, რომელიც ჩაშლილ-დამტვრეული, სიღნაღთან ახლოს უპოვიათ და კომპანია "შუმის" დაფინანსებით რესტავრაციის შემდეგ ამ მუზეუმში მოუთავსებიათ.

GzaPress

მუზეუმიდან გამოსულებს კიდევ ერთი თავშესაქცევი რიტუალი გველოდა: შეხვედრა და "გასაუბრება" ქვის მითოლოგიურ არსება გრიფონთან, რომელსაც ქართულ მითოლოგიაში ფასკუნჯს ვუწოდებთ და რომელიც, როგორც ჩვენმა გიდმა გიგამ გვითხრა, სურვილებს ასრულებს. რატომ დაუდგამთ მუზეუმთან გრიფონი-ფასკუნჯი? ამას საკმაოდ საინტერესო ისტორია ჰქონია. სპარსულ მითოლოგიაში არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ამ არსებამ მოიტანა ყურძნის პირველი წიპწები ზეციდან დედამიწაზე და ამ წიპწებით კაცობრიობამ დედამიწაზე პირველი ვენახი გააშენა და პირველი ღვინო დააყენაო. მეორე ფაქტი უფრო რეალური და მატერიალურია - შიდა ქართლში მდებარე სამთავისის მონასტრის (1030 წ.) გარეთა კედელზე ფასკუნჯის ბარელიეფია, ცოტა მოშორებით - ვაზის ბარელიეფებიც. სწორედ ამიტომ დადგეს გრიფონი-ფასკუნჯი მუზეუმთან ახლოს.

სახალისო რიტუალს რაც შეეხება, მე უკვე მეორედ მომიხდა მისი შესრულება. რიტუალი ასეთია: მუზეუმიდან გამოსული მიდიხარ ჩვენებურად ფასკუნჯთან, მარჯვენა თათზე ადებ ხელს და ყურში სანუკვარ სურვილს ჩასჩურჩულებ. ამბობენ, ფასკუნჯი სურვილებს ასრულებსო. წინა ჯერზე ჩაფიქრებული სურვილი, სამწუხაროდ, ვერაფრით გავიხსენე, ამიტომ გავიმეორე რიტუალი. იმედია, ფასკუნჯი მაპატიებს და ყველას აგვისრულებს სურვილებს.

სუფთა, გაუზავებელმა ღვინომ, ზღაპრულმა გარემომ, ცოცხლად შესრულებულმა ქართულმა ხალხურმა თუ საესტრადო სიმღერებმა და ჩვენთან ერთად წამოსულმა დავით ფოცხიშვილის მოცეკვავეთა ანსამბლის წევრების დატრიალებულმა "ქარიშხალმა" აშკარად გაჭრა და ძალიან გაგვახალისა. ფოტოსესიები მოვიწყვეთ, ბევრიც ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და არც ხელცარიელი წამოვსულვართ - გარდა ტრადიციული საყოველთაო საჩუქრებისა, ლალი ფაციამ ღვინის თემაზე მოწყობილ კონკურსშიც გაიმარჯვა და დამატებით დაჯილდოვდა. ჩვენი მედიასახლიდან ღვინის კონკურსში ტელევიზიის წამყვანმა ეკა წივწივაძემაც გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეკამ და მისმა მეუღლემ თორნიკე კოშკაძემ ცეკვითაც ძალიან ისახელეს თავი. მასპინძლები კი მართლაც შეგვიყვარდნენ, ერთმანეთს უკვე მეგობრებად დავშორდით - ერთად დავხურეთ რთველი და იმედია, სამომავლოდ კიდევ ბევრ ერთობლივ დღესასწაულს მოვაწყობთ.

ირმა ხარშილაძე