წარმატებული ქართველი ფოტო და ვიდეოგრაფი ამერიკაში - გზაპრესი

წარმატებული ქართველი ფოტო და ვიდეოგრაფი ამერიკაში

მიშო გოგიძემ შეძლო და ამერიკაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ფოტო და ვიდეოგრაფმა. ამბობს, რომ საამისოდ საკმაოდ რთული გზა გაიარა და მის წარმატებაში დიდი წვლილი მამამისს მიუძღვის. "ამერიკაა ქვეყანა, რომელიც განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს, აქ ნამდვილად ხდება ოცნებები, თუ რა თქმა უნდა, შენც იბრძოლებ", - მითხრა მან საუბრის დასაწყისში.

- საქართველოშიც წარმატებული იყავით, თქვენი სტუდიაც გქონდათ. რატომ მიატოვეთ ყველაფერი და ამერიკაში წახვედით?

- განვითარებისთვის არეალი მჭირდებოდა, რასაც ხელი მამის ემიგრანტობამაც შეუწყო - ამერიკაში ცხოვრობდა და მისი მხარდაჭერის იმედი მქონდა.

- თავის დამკვიდრებაში ალბათ მომღერალ გოგიტა გოგიძის შვილობაც დაგეხმარათ?

- რა თქმა უნდა, ამანაც შემიწყო ხელი. მამა მეხმარებოდა ადამიანების გაცნობაში, თუმცა ჩემმა ნიჭმა უფრო დიდი როლი ითამაშა. ცოდნა და ჩემი საქმის დიდი სიყვარული რომ არ მქონოდა, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ.

- და ვინ ხართ დღეს ამერიკელებისთვის?

- საკმაოდ წარმატებული ქართველი ფოტო და ვიდეოგრაფი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჯერ კიდევ სამ სხვადასხვა გემოვნებისა და მენტალიტეტის მქონე საზოგადოებაში მიწევს თავის დამკვიდრება: ქართველ, ებრაელ და ამერიკელ ხალხს ვგულისხმობ. დიდი შრომაა ჩემს საქმეში ჩადებული და ვფიქრობ ღირსეულ ადგილსაც დავიმკვიდრებ.

- რა განსხვავებაა ამ სამი ქვეყნის საზოგადოებაში?

- ყველა ითხოვს ხარისხს, რაშიც ერთმანეთს ჰგვანან. განსხვავება კი დროის შეგრძნებაა. ქართველისა და ებრაელისთვის დრო სწრაფად გადის, ხოლო ამერიკელისთვის ერთი საათი ერთი საათია და მორჩა, არ გადააშორებენ. დროის ფასი იციან, დრო მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა წუთი გათვლილი გვაქვს.

GzaPress

- ბევრი წარმატებული პროექტის ავტორი ხართ, რომელს გამოარჩევდით?

- ბევრი პროექტის გადაღებაში მივიღე მონაწილეობა და საკმაოდ წარმატებულადაც, მაგრამ ყველაზე დიდი და ჩემთვის საყვარელი პროექტი მაინც "თბილისობა" იყო. 5000-მა ადამიანმა მოიყარა თავი აქ, ეს ამბავი გია ჯაჯანიძემაც გააშუქა. ასევე, 2019 წელს ჩემი გადაღებული ქორწილი ყველაზე მდიდარი ქორწილის ათეულში მოხვდა. ეს ამერიკელი წყვილის საქორწინო ცერემონია იყო.

- რა მოგცათ ამერიკამ და რომ არა ეს ქვეყანა, ასეთი წარმატებული იქნებოდით?

- საქართველოში ალბათ, რთული იქნებოდა, მაგრამ არა - შეუძლებელი. მთავარია, მოინდომო და შეუძლებელი არაფერია. ამერიკამ მომცა ფართო არეალი, ცნობადობა და გამოცდილება.

- იყო თუ არა რთული დღეები, ვიდრე აქამდე მოხვიდოდით?

- რთულს ვერ ვიტყოდი, რადგან, როგორც აღვნიშნე, მამა აქ იყო და ბევრ რამეში დამეხმარა. არც ოჯახის მონატრება მაწუხებდა, რადგან მალე ყველა შემოგვიერთდა და ისევ ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. ბევრი შრომა მიწევს და წინ კიდევ გრძელი გზა მაქვს.

- ენის ბარიერმა ან თქვენმა უცხოურმა წარმომავლობამ განვითარებაში ხელი ხომ არ შეგიშალათ?

- რთულია, აქცენტით ისაუბრო, თითქმის შეუძლებელი, მაგრამ ამას ბარიერები არ წარმოუქმნია. არასოდეს მიგრძნია, რომ ამერიკელი არ ვარ, პირიქით - ამერიკელებს უყვართ ნიჭიერი ადამიანები, პატივს გცემენ, გაფასებენ და განვითარებაში გეხმარებიან.

- ახლა მამაზეც გვითხარით რამე, როგორი მამაა გოგიტა გოგიძე?

- მზრუნველი, მთელი რესურსი ჩვენს განათლებასა და განვითარებაში ჩადო. ბევრ რამეს ერთად ვსწავლობდით. ხშირად რჩევებსაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე და ჩემთვის ბევრად სასურველი ეს სფერო იყო, ხელი შემიწყო - პირველი კამერა მაჩუქა და მითხრა, სცადეო.

GzaPress

- ორ წელზე მეტია, რაც ამერიკაში ხართ. რეზიუმე გაუკეთეთ თქვენს განვლილ გზას.

- დავამზადე 4 მუსიკალური ვიდეორგოლი მამაჩემთან ერთად. აქედან სამს მილიონობით ნახვა აქვს, მეოთხე - ჯერ ახალია. სამივეს პრემიერა ქართულ წამყვან სატელევიზიო არხებზე გაიმართა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ამერიკულ კომპანიასთან. მამაჩემთან ერთად დავაარსე ინტერნეტტელევიზია Art Face TV, ვაკეთებთ რეპორტაჟებსა და გადაცემებს ნიუ-იორკში წარმატებულ ქართველებზე. პატივი მქონდა მონაწილეობა მიმეღო ამერიკაში არსებულ ყველაზე დიდ და მასშტაბურ ქართული ფესტივალის ვიდეოპროდაქშენში "თბილისობა", რომელიც "ფესვების" მიერ იყო ორგანიზებული. ვმონაწილეობდი გოგიტა გოგიძის საავტორო პროექტის - "იმღერე რამე" სამ სხვადასხვა სეზონში და ფილადელფიაში ქართული კულტურის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლში. ჩემი ფოტოპროექტი "გოგონა ნიუ-იორკში" გამოქვეყნდა ერთ-ერთი პრესტიჟული ჟურნალის ვებგვერდზე, ჩემ მიერ გადაღებული ქორწილი Governers island-ზე შევიდა ნიუ-იორკის ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილების ოცეულში. პანდემიის დროს მსახიობ ბონდო მღებრიშვილთან ერთად დავამზადე ვიდეორგოლი Ghost City, რომლის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ბელგიურ და ქართულ მედიასივრცეში. დრონით გადავიღეთ სააღდგომო მსვლელობა, გავაშუქეთ მიგრანტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა მანჰეტენზე, ქართველი მწერლების წიგნების პრეზენტაციები, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ხელოვანების პროექტები და გავხდი პარტნიორი კულტურისა და განათლების ფონდის CEF-ის მიერ გამოცხადებული სიმღერის კონკურსისა.

- რა იყო ინტერნეტტელევიზიის შექმნის იდეა?

- ფინანსურ შემოსავალზე არ გაგვითვლია. გვინდოდა, ქართველებისთვის ქართულად მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ამერიკაში. ასევე გაგვეცნო საზოგადოებისთვის წარმატებული ადამიანები. მე და მამა ვაკეთებთ გადაცემებს და ბევრი მუშაობა გვიწევს, საკმაოდ შრომატევადია. როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, მაშინაც არ ვისვენებთ. ამ სფეროში გოგიტას ნიჭიერება მინდა აღვნიშნო. ის არასოდეს წერს ტექსტებს წინასწარ და ძალიან წარმატებულად ართმევს თავს გადაცემის წაყვანას.

- სამომავლო გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ...

- მინდა კინოგრაფია შევისწავლო და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადავიღო.

- წარმატებები!

ფიქრია რობაქიძე