ცეკვის ჯადოქრები - გზაპრესი

ცეკვის ჯადოქრები

დიდ ქალბატონს, რომელსაც ღვთაებრივი ცეკვის ჯადოქარს უწოდებდნენ, 110 წელი შეუსრულდებოდა და რომ არა მსოფლიო პანდემია, ამ თარიღს ქართული ნაციონალური ბალეტის დასი და მათი ხელმძღვანელები უთუოდ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავდნენ. დიახ, მიხვდით ალბათ, ნინო რამიშვილზეა ლაპარაკი. ის სცენაზე ისეთ ცეცხლს ანთებდა, ყველაზე დიდი დარბაზებიც კი ხანგრძლივი ოვაციებით აჯილდოებდა. მინიატიურული აღნაგობის ქალბატონს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ქართული ცეკვის აღორძინებაში. მის გვერდით მუდამ იდგა ცეკვის დიდოსტატი, ილიკო სუხიშვილი... წყვილის მთლიანობა არასოდეს დარღვეულა, ამიტომ მათ ამბავს, გასული საუკუნიდან მოყოლებული, ცალ-ცალკე კი არა, ერთად გავიხსენებთ.

თავის მოგონებებში ილიკო სუხიშვილი წერდა: "მე და ნინო პროფესიონალი მსახიობები და ქორეოგრაფები ვართ... ჩვენი ბიოგრაფიები აღსავსეა ხელოვნებითა და ცხოვრებით, ოცნებებითა და ლეგენდებით, ცრემლითა და გაჭირვებით, ეკლებითა და ვარდებით, ტკივილებითა და ზეადამიანური აღტაცებით. რამდენი რამაა გასახსენებელი! რამდენი თეატრი და სამეფო სცენა, რამდენი რეპეტიცია და პრემიერა, რამდენი მეჯლისი, გასტროლი და ტრიუმფი..."

ილიკო 1907 წლის 4 აპრილს დაიბადა, გორში. მამა რკინიგზელი გახლდათ, ილიკოს დაბადებიდან ერთ წელიწადში მოკლეს. მძიმე პერიოდი იყო, შავბნელი. დედა, ანა კაზაკოვა დიასახლისი გახლდათ. გაუჭირდა ქალს, მაგრამ ილიკოს მზრუნველობას არ აკლებდა. მიაჩნდა, რომ მის შვილს აუცილებლად უნდა ესწავლა. მალე თბილისში გადმოვიდნენ. 1914 წელს დედამ 7 წლის შვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. ბიჭი, ოჯახს რომ დახმარებოდა, მოხარშულ წაბლს ყიდდა პლეხანოვზე. მერე თბილისის შრომის სასწავლებელში გადავიდა. სემინარიაში ბევრს უკვირდა ილიკოს ფეხის წვერებზე სიარული, პედაგოგები ამის გამო ხშირად საყვედურობდნენ, რა იცოდნენ, რომ მათ წინ ქართული ცეკვის ამომავალი ვარსკვლავი იდგა. ამ დროს ილიკოს უკვე ჰქონდა ველოსიპედი, მთელ თბილისს წრეებს ურტყამდა და მოსახლეობას გაზეთებს ურიგებდა. სემინარიის პარალელურად, ცეკვის მოტრფიალე ბიჭი იტალიელი მარია პერინის საბალეტო სტუდიაში სწავლობდა. სწორედ აქ შეახვედრა ბედისწერამ ორი ქორეოგრაფი. ილიკოს მაშინვე მოეწონა სიფრიფანა ნინო, მაგრამ ძალიან მორიდებული იყო და დალაპარაკებას ვერ უბედავდა. სტუდიიდან გამოსულ გოგონას უკან დაედევნებოდა და სახლამდე მიაცილებდა. ეგონა, ვერ ამჩნევდა რჩეული, მაგრამ გოგოებს ასეთი რამ არ რჩებათ ყურადღების მიღმა...

1928 წელს თბილისში სრულიად საქართველოს ხალხური ცეკვების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში 50 მოცეკვავე მონაწილეობდა. ილიკო ყველაზე პატარა იყო. ამ დღეს მან სცენაზე ნამდვილი სასწაული დაატრიალა და დამსახურებული ჯილდო - ოქროს მედალი დაიმსახურა. თბილისში მაშინ, მიუხედავად უტელევიზორობისა, სწრაფად ვრცელდებოდა ამბავი და ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს "გასმის ღმერთის" დაბადება. მალე ის ნიკოლოზ შენგელაიამ მიიწვია ფილმ "ელისოს" გადაღებაზე. 1929 წელს ილიკო უკვე ოპერის თეატრის სოლისტი იყო და თავის რჩეულთან ერთად ასრულებდა "ქართულს" "დაისში". არ ჰყავდათ მისი შემცვლელი და ლამის სულს უბერავდნენ, რომ ბიჭი მუდამ "ფორმაში" ყოფილიყო. ბედი არ გინდა?! სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს გერმანიის მთავრობის დელეგაცია ესტუმრა, ილიკო ავად გახდა და ოპერაშიც ვერ გამოცხადდა. ანგინა ჰქონდა და მაღალი სიცხით იწვოდა. მზრუნველი დედა თავს დასტრიალებდა. როცა მათი ღარიბული სახლის წინ ეტლი გაჩერდა და კარი თვით დიდმა ზაქარია ფალიაშვილმა შეაღო, ბიჭი თვალებს არ უჯერებდა. "საზეიმო სპექტაკლი გვაქვს და უშენოდ, აბა, რა იქნებაო", - ღიმილით უთხრა მწოლიარეს. დედამ ხელები გაასავსავა, მაგრამ დიდმა მაესტრომ დაამშვიდა: ქალბატონო, ნაბადში გავახვევ, ეტლით წავიყვან და ეტლითვე მოვიყვანო...

ამ ეპიზოდს თავის მოგონებებში ასე იხსენებდა ილიკო: "წამიყვანა სიცხიანი, აღგზნებული, აღტაცებული, მე, ობოლი ილიკო, ღმერთკაცის გვერდით ვიჯექი ეტლში, როგორც მისი ახალგაზრდა კოლეგა, როგორც მეგობარი... "ორფეოსს" ჩემს მხარზე თავისი უკვდავი მარჯვენა ჰქონდა გადახვეული და ნახევარი თბილისი გვიყურებდა..."

GzaPress

სულ მალე ილიკო ოპერის მთავარ სოლისტად დანიშნეს და 25 მანეთის ნაცვლად (მაშინ ეს კარგი ფული იყო!), 190 დაუნიშნეს ხელფასად. ბალეტმაისტერ ალბერტის ქორეოგრაფიული დადგმები ქართულ ოპერებში წარსულ ჩაჰბარდა. ჰაერივით საჭირო იყო ახალი რედაქცია. განახლებული დადგმებისთვის ქალის სოლო პარტიის შემსრულებლად ილიკომ ნინო რამიშვილი შეარჩია. აქედან იწყება ამ ორი ადამიანის შემოქმედებითი აღმასვლა.

ილიკო სუხიშვილი: "ოპერასთან შეთავსებით მე და ნინომ დავიწყეთ ესტრადაზე ცეკვა. ეს იყო იმპროვიზაციაზე აწყობილი ქორეოგრაფიული დუეტი. ნინო ჩემთან ერთად, მამაკაცის ტანსაცმელში ჩაცმული ცეკვავდა. მაშინ 19-20 წლის ჭაბუკი ვიყავი. არ დავიკვეხნი, ფილიგრანული ტექნიკითა და სისწრაფით, ჩემებურად, ჩემი ილეთებით ვცეკვავდი. მოცეკვავეები ჩემს ილეთებს "ილოურს" ეძახდნენ. ჩემდა გასაოცრად, ეს გურული გოგონა არ ჩამომრჩა, ჩემს მოძრაობებს იმეორებდა... სოლოებს ისიც თავისი მანერით, საოცრად დახვეწილად, ვაჟკაცურად ცეკვავდა. ვისაც ადრე ნანახი არ ჰქონდა ეს ცეკვა, ყველა ფიქრობდა, რომ ისიც მამაკაცი იყო, მაგრამ როდესაც ნინო ბოხოხს მოიხდიდა და თმა ტალღებად გადმოეშლებოდა, აღტაცებული მაყურებელი ტაშით ანგრევდა დარბაზს".

სულ მალე დაქორწინდნენ, თუმცა დაოჯახებამდე პატარა წინააღმდეგობაც იყო ნინოს ოჯახის მხრიდან. ქალიშვილის გადაწყვეტილებას არ იწონებდნენ. მათ სასიძოდ უკვე შემდგარი, სხვა პროფესიის კაცი უნდოდათ.

ნინო რამიშვილი: "როდესაც ილიკოს მივყვებოდი, ყველა წინააღმდეგი იყო. მეუბნებოდნენ, - ვინაა და რას წარმოადგენს მოცეკვავე, რად გინდაო... მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ სიტყვას არ გადავუხვევდი, მამამ მითხრა: გინდა? გაჰყევი. თუ ქორწინება გაამართლებს, ხომ კარგი, თუ არა და, სახლი გაქვს და უკან მოხვალო..."

1932 წელს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მითითებით, ილიკო და ნინო მოსკოვში, დიდ თეატრში გაგზავნეს დახელოვნებისა და სტაჟირებისთვის. ამასთან, სუხიშვილი ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღეს თეატრის სადირექტორო ფაკულტეტზე... მოსკოვში მყოფმა წყვილმა თბილისიდან დეპეშა მიიღო, სადაც ატყობინებდნენ, რომ ინგლისში გზავნიდნენ. ეს იყო საბჭოური რკინის ფარდის მიღმა პირველი გასვლა.

ნინო რამიშვილი: "ლონდონში, მსოფლიო ხალხური ცეკვების ფესტივალზე მეც უნდა წავსულიყავი. შინაგან საქმეთა კომისარიატში გამომიძახეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. მაშინ 25 წლის ვიყავი. მითხრეს, რომ მათთვის თითოეულ მოცეკვავეზე ამბავი უნდა მიმეტანა (საქართველოდან სულ ხუთი მოცეკვავე იყო წარგზავნილი, კიდევ ორი მედუდუკე და ერთიც მედოლე). აღვშფოთდი და ვუთხარი: ზურგს უკან ლაპარაკი არ მჩვევია-მეთქი. გაავებულმა გამომძიებელმა ყვირილი დამიწყო: აი, თქვენმა ბურჟუაზიულმა წარმომავლობამ სად იჩინა თავიო".

საბოლოოდ, ილიკო ნინოს გარეშე გაემგზავრა ლონდონში. იქ მას ბევრი ცეკვის გადაკეთება მოუხდა, რადგან მარტოს უნდა ეცეკვა. პირველი ადგილი ქართველებმა და უკრაინულმა ჯგუფმა გაინაწილეს. ავბედითი 1937 წლის იანვარში უნდა გამართულიყო ქართული ხელოვნების დეკადა. ილიკო და ნინო ისევ მოსკოვში იყვნენ.

ნინო რამიშვილი: "ილიკო მოსკოვიდან თბილისში გამოიძახეს ქართული ხელოვნების დეკადაში მონაწილეობის მისაღებად. ილიკო თავს იკავებდა, სურდა, ჯერ ინსტიტუტი დაემთავრებინა, - ცოტაღა დამრჩა, დიპლომს ავიღებ და მერე ჩამოვალო, რაზედაც ბერიამ შეუთვალა: მე თუ მინდა, უდიპლომოდაც იქნები დირექტორი, ხოლო თუ არ მინდა, დიპლომითაც ვერაფერს გახდებიო..." ამით ყველაფერი იყო ნათქვამი და წყვილი თბილისში გამოემგზავრა, დეკადისთვის სათანადოდ რომ მომზადებულიყვნენ.

დეკადის დღეებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და სტალინმა ქართველებს ვახშამი მოუწყო.

ნინო რამიშვილი: "ყველანი სტალინს ვუყურებდით. მანამდე არავის არსად გვენახა, მხოლოდ პორტრეტებით ვიცნობდით. დაბალი ტანისა იყო, სულ ჩოფურა. თითქოს მარცხენა ხელის ხმარება ეძნელებოდა. მის წინ ყველას სათითაოდ უნდა ჩაგვევლო, გვერდით ბერია ედგა და მას უნდა წარვედგინეთ. ჩემი ჯერი რომ დადგა და მივუახლოვდი, ჩემი გვარი როგორც კი გაიგონა, რუსულად თქვა: რამიშვილი? სურები? ყველა მენშევიკი იყო და დასახვრეტიო... ეს სიტყვები სამუდამოდ აღმებეჭდა გონებაში... წარმოიდგინეთ, რა მომივიდოდა? შესაძლოა, იხუმრა კიდეც, მაგრამ იმ დროს მისი ხუმრობა მძიმედ შეიძლებოდა მოტრიალებულიყო... ჰოდა, ვდგავარ და ვფიქრობ, ახლავე გამიყვანენ თუ გასასვლელთან დამხვდებიან-მეთქი?.."

ლხინი ეშხში რომ შევიდა, საბჭოეთის ბელადს ილიკოს ცეკვის ნახვა მოუნდა. სუხიშვილის ცეკვამ ისე აღაფრთოვანა სტალინი, რომ ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს. ცეკვის დასასრულს, ცხვირსახოცი ამოიღო, თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და თქვა: რა განათლებულია ეს ღმერთძაღლი ამ ფეხებშიო...

იმ დღეს სტალინმა ცნობილ ლოტბარს, სანდრო კავსაძეს თავისი ჩიბუხი აჩუქა, მერე ილიკოს მიუტრიალდა და ჰკითხა, შენ რაღა გაჩუქოო? გონიერმა მოცეკვავემ სთხოვა: არაფერი მინდა, თქვენი პორტრეტი მაჩუქეთ ავტოგრაფითო. სტალინს ულვაშში ჩაეღიმა და ხმადაბლა თქვა: რა მოკრძალებული ყმაწვილიაო... ეტყობა, ილიკოსადმი ამხელა სიმპათიის გამოხატვა გულზე ცუდად მოხვდა თბილისის ოპერის იმჟამინდელ დირექტორს, აკაკი ჭყონიას და სტალინს ჩაუკრა: ჩვენი ილიკო კარგი ბიჭია, მაგრამ კომკავშირის მუშაობას ნაკლებ ყურადღებას უთმობსო. სტალინმა მაშინვე მიუგო: თავი დაანებეთ, ილიკომ კარგად იცეკვოს, მოუარეთ ამ ბიჭს, კომკავშირში კი სხვებმა იმუშაონო. მეორე დილით, როცა სასტუმროს კარზე დააკაკუნეს, ნინო დაიზაფრა, ჰგონებია, მომაკითხესო, არადა, სტალინს არ დაავიწყდა ილიკოს თხოვნა და თავისი პორტრეტი ავტოგრაფით გაუგზავნა. შემდგომში, მძვინვარე რეპრესიების პერიოდში ამ საჩუქარმა ბევრჯერ იხსნა განსაცდელისგან წყვილი.

ილიკოს და ნინოს 1938 წელს შეეძინათ ვაჟი, თენგიზი. ისიც პატარაობიდანვე ეზიარა ქართულ ცეკვას. ფეხი როგორც კი აიდგა, ჯერ კულისებიდან ადევნებდა თვალს მოცეკვავეებს, მერე თვითონაც ფეხის წვერებზე შედგა და დიდ სცენაზეც გავიდა. მოგვიანებით, ილიკო დასის იმპრესარიო გახდა, გასტროლებს, მოლაპარაკებებს ის აგვარებდა, შიდა ლაბორატორიას კი ნინო ხელმძღვანელობდა, თუმცა "ჯეირანს" დიდხანს ცეკვავდა.

თითოეული მომდევნო წელი ახალი წარმატების ზედა საფეხური იყო. გასტროლი გასტროლს ენაცვლებოდა, წარმატება - წარმატებას...

ილიკოს და ნინოს მოგონებების სკივრი სავსეა ემოციებით, პატრიოტული სულისკვეთებით...

GzaPress

ილიკო სუხიშვილი: "1957 წლის 18 დეკემბერს, ანსამბლი 65 კაცის შემადგენლობით, საფრანგეთში გავემგზავრეთ... მთელი პარიზი ჩვენი რეკლამებით დაგვხვდა აჭრელებული. აფიშებზე დიდი ასოებით ეწერა "კავკასიის ბალეტი" და სადღაც დაბლა პატარა ასოებით იყო მიწერილი "საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ხელმძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი". ამან აღმაშფოთა, ძალიან სერიოზული ლაპარაკი გვქონდა იმპრესარიოსთან და ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ "საქართველოს ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი" და არა "კავკასიის ბალეტი", ამიტომ ახალი აფიშები უნდა დაიბეჭდოს-მეთქი. - საქართველოს არ იცნობენ, კავკასიას კი იცნობენო, რაზედაც განვუცხადე, - ჩვენ სწორედ იმიტომ ჩამოვედით აქ, რომ საქართველო გაიცნონ-მეთქი. ბოლოს, დიდი კამათისა და მსჯელობის მერე გადაწყდა ახალი აფიშების დაბეჭდვა... ყოველი ცეკვის მერე პარიზელი მაყურებელი დიდ აღტაცებას გამოხატავდა. როდესაც ნინომ "ჯეირანი" შეასრულა, ათი წუთის განმავლობაში "ბისის" ძახილი და მქუხარე აპლოდისმენტები არ გაჩერებულა. იგი იძულებული იყო, "ჯეირანი" ერთხელ კი არა, ორჯერ გაემეორებინა... მეორე დღეს გაზეთები აჭრელებული იყო ჩვენი ქება-დიდებით... საფრანგეთში მცხოვრები ქართველები სასტუმროს ვესტიბიულში გველოდებოდნენ, გვკოცნიდნენ, გვეხვეოდნენ და მადლობას გვიხდიდნენ, რომ საფრანგეთს ქართველი ერი გავაცანით... იმდენად დიდი იყო ქართველი მოცეკვავეების პოპულარობა საფრანგეთში, რომ გადაწყდა, საფრანგეთის ტელევიზიით ახალი წელი ფრანგებისთვის ანსამბლის წევრებს მიელოცათ. საელჩოში გაგვაფრთხილეს, მილოცვა აუცილებლად რუსულ ენაზე უნდა იყოსო. მიზეზად დაასახელეს მთარგმნელის მიერ ქართული ენის არცოდნა. ჩვენ ამ ამბავმა დაგვაღონა. ბევრს ისედაც საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული - ყველა რუსი ეგონა... ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, გამოსავალი ვიპოვეთ. თუ ქართულად ლაპარაკი არ შეიძლებოდა, ქართული ჩოხის ჩაცმაზე ხომ ვეღარაფერს გვეტყოდნენ?! მაშინ ჩვენი შვილი, თენგიზი 18 წლის იყო და სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ ენას. ჰოდა, ახალი 1958 წელი ტელევიზიით ფრანგებს ფრანგულად მივულოცეთ ქართველებმა... 30 დღის მერე მიიწურა ჩვენი პარიზული გასტროლები და აეროდრომისკენ გავემართეთ. იქ კი, საოცრად ამაღელვებელი სურათი გველოდა. იქაური ქართველები შეკრებილიყვნენ და ცხარე ცრემლით გვაცილებდნენ სამშობლოსაკენ: ჩვენს მშვენიერ საქართველოს გადაეცით ჩვენი სალამი, ჩვენი გული და სული იქ არისო... ერთი ჭაღარა, თეთრწვერა ქართველი მოხუცი მუხლებზე დაეცა და ფეხებზე დამიწყო კოცნა. ძალიან შევწუხდი. ვეცი, წამოვაყენე, მან კი ტირილით მითხრა: მე ვკოცნი ჩემს ქართულ მიწას, ვკოცნი იმ ფეხებს, რომლებიც ჩემს საყვარელ ქართულ მიწაზე გაივლიანო... მეც ვეღარ შევიკავე თავი და ავტირდი. ნინო ვეღარ გავაჩერე, ისე ქვითინებდა".

ნინო რამიშვილი: "1958 წლის 25 მაისს ორი თვით გავემგზავრეთ იტალიაში. მილანში 15 კონცერტი ჩავატარეთ. ერთ-ერთ კონცერტს ესწრებოდა ცნობილი ამერიკელი იმპრესარიო სოლ იუროკი. მან თავის დროზე ფიოდორ შალიაპინი და ანა პავლოვა გააცნო ამერიკისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელს. ჩვენ არც კი ვიცოდით, რომ დარბაზში იმყოფებოდა... მილანიდან წავედით ვენეციაში, ნეაპოლში, ფლორენციასა და გენუაში. რომში, დასკვნით კონცერტზე იტალიის მთელი მთავრობა მოვიდა. ეს გახლდათ გალა-კონცერტი. იტალიის პრესამ ძალიან მაღალი შეფასება მოგვცა: "ქართველებმა დაიპყრეს ჩვენი გული და გონება. აი, ესაა ნამდვილი სანახაობა, ზღაპრული საღამო".

სწორედ, იმ ამერიკელმა პროდიუსერმა, იტალიაში რომ ესწრებოდა სუხიშვილების კონცერტს, ამერიკაში მიიწვია მთელი დასი. ეს იყო გრანდიოზული ტურნე, რომელმაც მთელი ამერიკა აღაფრთოვანა... ამერიკაში 4-თვიანი გასტროლების შემდეგ, სუხიშვილების ანსამბლმა კანადაში გადაინაცვლა, მერე მექსიკაში, იყვნენ კუბაშიც... მოგვიანებით, ინდოეთიც და პაკისტანიც დალაშქრეს... ერთი სიტყვით, სუხიშვილების აკადემიურმა ანსამბლმა მთელი მსოფლიო მოიარა და აღაფრთოვანა. იქ, სადაც არ იცოდნენ საქართველოს შესახებ, ყველამ გაიგო და დარწმუნდნენ, რომ კავკასიაში არის პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელიც არაფერში ტოლს არ დაუდებს სხვებს...

მარინა ბაბუნაშვილი