გოდერძი ჩოხელის ფოტოალბომი
საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა ფოტოალბომის - "აქედან კარგად ჩანს საქართველო" პრეზენტაცია, რომელიც გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით შეიქმნა. პროექტისა და ფოტოების ავტორი დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი, ბაბუა ალუდაური გახლავთ, რომელიც მოგვითხრობს:
- პროფესიით ფილოლოგი ვარ. ფოტოგრაფიით პირველად მაშინ დავინტერესდი, როდესაც ვნახე გურამ რჩეულიშვილის ფერადი ფოტო "მჟავე წყალი თრუსოს ხეობაში", ეს 60-იან წლებში იყო. თავიდან მხოლოდ მოხუცებს ვიღებდი. შემდეგ, რაკი უნივერსიტეტიდან ხშირად დავდიოდით ექსპედიციასა და ალპინიადაში, სხვადასხვა სოფელში პეიზაჟების გადაღებაც დავიწყე. ფოლკლორული ექსპედიციები ეწყობოდა ყოველ ზამთარს, რომელსაც იურა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, ალპინიადებს კი - შოთა მირიანაშვილი. ფოტოაპარატის გარეშე არსად მივდიოდი...
თუ არ ვცდები, გურამ წიბახაშვილმა თქვა, ფოტო კარგი რომ გამოგივიდეს, იღბალი უნდა გქონდეს და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდეო. კარგ ფოტოაპარატთან ერთად, მნიშვნელობა აქვს, წელიწადის რა დროა, როგორი ამინდია, როგორი ხედვა გაქვს. ჩემთვის ეს საქმე არავის უსწავლებია, თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ.
- როგორ გაჩნდა გოდერძი ჩოხელის ფოტოალბომის შექმნის იდეა?
- ამ წიგნის სათაური გოდერძი ჩოხელის სიტყვებია: "როცა მოვკვდები, საჯიხვეზე ამომიტანეთ, აქედან კარგად ჩანს საქართველო". საჯიხვე ჰქვია მთას, რომელიც გუდამაყარშია. გუდამაყარში ხომ საჯიხვეს ეძახიან, ბურსაჭირში კი, გოდერძის დედულეთში, ჭიუხსაც უწოდებენ... მანამდე ვაჟა-ფშაველას ფოტოალბომზე ვმუშაობდი, შემდეგ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორთან, ანდრო ბედუკაძესთან ერთად გადავწყვიტე იმ ადგილების გადაღება, რომელთანაც ილიას ოდესმე რაიმე შეხება ჰქონია. 2 წელი ვიმუშავე და თითქმის დასრულებულია.
შარშან, ოქტომბერში გოდერძის ხსოვნის დღე იყო, ჩოხში აშენდა კარგი შენობა მუზეუმისთვის და მაშინ გაჩნდა იდეაც, რითაც შალვა კერესელიძე, მაშინდელი გუბერნატორი დაინტერესდა, - დაიწყე და ყველანაირად მხარში ამოგიდგებიო. დამეხმარნენ გუდამაყრის რწმუნებული მალხაზ წიკლაური, ფშავ-ხევსურეთსა და ყაზბეგში გოდერძის სამეგობრო. ალბომში დაახლოებით 120 ფოტო შევიდა. გოდერძი გზაში დაიბადა, როდესაც ერთი სოფლიდან მეორეში მიდიოდნენ და აი, ამ ადგილის ფოტოდან დაწყებული, სხვასაც ბევრ საინტერესოს ნახავთ - გადაღებულია ის მერხი, რომელთანაც იჯდა, ბავშვობის სახლი, დედის საფლავი ჩოხში და ნაწარმოებებიდან ამოკრებილი არაერთი ტოპონიმის მიხედვით გადაღებული სხვა ფოტოები. ალბომს ახლავს დისკიც, რომელზეც გოდერძისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაზე გადაღებული სურათებია.
- მითხარით, მე და გოდერძი მეგობრები ვიყავითო, გასახსენებელი ალბათ ბევრი გაქვთ, არა?
- სტუდენტობის წლებში გავიცანი. სტუდქალაქში, სხვადასხვა კორპუსში ვცხოვრობდით და შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ვიცოდი, შემოქმედი კაცი იყო. რეზო ინანიშვილი უყვარდა ძალიან. მახსოვს, ერთხელ ინანიშვილის პატარა კრებული მაჩვენა და მითხრა, - მეტს არაფერს არ ვინატრებ, ნეტავ, ამხელა წიგნი გამომაცემინაო. ესეც კი ნატვრად ჰქონდა მაშინ. ჩემს სოფელშია გადაღებული "ადამიანთა სევდა", ხახმატში, 1983-84 წლებში. მაშინ ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ, გოდერძიმაც გაიცნო ისინი და კიდევ უფრო დავმეგობრდით, რაღაცნაირად, ბუნებრივად მივედით ერთმანეთთან. მთელი ცხოვრება უბრალოების მაგალითი იყო, გამორჩეულად თვალში საცემი იყო ეს უბრალოება და როგორ შეიძლებოდა, არ გყვარებოდა?! ყველა შეხვედრის დროს რაღაცით დაგამახსოვრებდა თავს. თუ შეაქებდი და ეტყოდი, დიდი მწერალი და შემოქმედი ხარო, თავს უხერხულად დახრიდა. გოდერძიმ თავისი ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟით სიკვდილიც კი გაგვიადვილა ადამიანებს, ისეთი ლამაზი სიკვდილი "შემოიყვანა"... რაღაცნაირად ახლოს იარა სიკვდილთან, წიგნებშიც და ცხოვრებაშიც. ამ კრებულში მისი ერთი წინადადება მაქვს შეტანილი, 2000 წელს ნათქვამი: მჯერა, რომ 25 წლის მერე ჩემს საფლავზე ჩემი შვილიშვილი მოვა და ჩამომძახებს, პაპა, შენი საყვარელი იები მოგიტანეო. იცოდა, რომ ცოცხალი აღარ იქნებოდა, ყოველთვის საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა. სამწუხაროდ, უამრავი ღალატი ნახა კაცმა, რომელსაც თვითონ არ შეეძლო ღალატი...
ნინო ჯავახიშვილი