გოგონა, რომელიც ყველაზე ხშირად კოსმოსსა და პატარა უფლისწულს ხატავს - გზაპრესი

გოგონა, რომელიც ყველაზე ხშირად კოსმოსსა და პატარა უფლისწულს ხატავს

ნენსი ვოლანდი მისი ფსევდონიმია. გადაწყვიტა, საზოგადოებას ასე გაეცნო. პირადად მე, მხატვრისა და გრაფიკული დიზაინერის ნამუშევრები სოციალურ სივრცეში "გავიცანი". ერთხანს ვაკვირდებოდი. ბოლო დროს ყველაზე ხშირად "პატარა უფლისწული" ჩნდებოდა მის სხვადასხვა ნივთზე. ხელოვანით განსაკუთრებით მაშინ დავინტერესდი, როცა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს ცნობილი პერსონაჟი ფოთოლზეც ვნახე, დიახ - "ნამდვილ" ფოთოლზე და არა ხელოვნურად შექმნილ ნივთზე...

"პატარა უფლისწული" ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი წიგნია. მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული, ბესტსელერია და დღემდე საფრანგეთში XX საუკუნის წიგნად აღიარეს. მასზე სხვადასხვა ქვეყანაში გაკეთდა მრავალი აუდიოჩანაწერი, დაიდგა სპექტაკლები, ბალეტები, ოპერები, გადაიღეს ფილმები და 1943 წლიდან, ანუ წიგნის დაბადებიდან დღემდე, მრავალი ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულა. უფლისწულს საქართველოშიც ჰყავს თაყვანისმცემლები და თან, ძალიან ბევრი...

ნენსი:

- რაც თავი მახსოვს, ვხატავ. ბაბუა მხატვარი მყავდა და შეიძლება ითქვას, საბაზისო ცოდნა მისგან და სკოლის ხატვის მასწავლებლისგან მივიღე. ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში გადავედი, თუმცა - მხოლოდ ორი დღით. არ მომეწონა იქაური სწავლების მეთოდი და გადავწყვიტე, ამ მიმართულებით ცოდნა თავად გამეღრმავებინა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, აკადემიური ცოდნა მხატვრობაში არ მიმიღია. უმაღლესი განათლების მიღება ბიზნესის შესწავლით რომ დავიწყე, თავიდანვე ვხვდებოდი, ეს სფერო ჩემთან ახლოს არ იყო. დაახლოებით 21 წლის ვიყავი, როცა ზუსტად მივხვდი, ხატვა უნდა ყოფილიყო ჩემი საქმე და არა რაიმე სხვა, თან, არამათემატიკური აზროვნება მაქვს და წამოვედი უნივერსიტეტიდან.

GzaPress

- როგორ დაიწყეთ პირველი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მხატვრობაში?

- ერთ-ერთი ჩემი ნახატი, რომელიც ტილოზე მქონდა შესრულებული, მაისურზე გადავიტანე. "ფეისბუკზე" ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენე, ბევრმა გამოთქვა შეძენის სურვილი. მაშინ გადავწყვიტე შემექმნა გვერდი, სადაც ტანსაცმელზე დახატულ ჩემს ნამუშევრებს მივაწვდიდი ადამიანებს. როცა მაისურებით ბევრმა ადამიანმა გამიცნო და დაფასება ვიგრძენი, უკვე გავთამამდი და საზოგადოების წინაშე ტილოებზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენაც დავიწყე.

- თემატურად რას ხატავდით მაშინ?

- ბავშვობიდან მიყვარს მთვარე და კოსმოსი. მიყვარდა ფანჯარასთან დგომა და ცაში ყურება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სავსე მთვარე იყო. დიდხანს შემეძლო დაკვირვება და სხვათა შორის, ზრდასრულსაც გამომყვა ეს თვისება (იღიმის). ჩემი პირველი ნახატიც ასეთია: ადამიანის სილუეტია, რომელიც მთვარესთანაა დაკავშირებული.

- ბავშვობაში ზღაპრები გიყვარდათ?

- ძალიან. მინდა ერთხელ ჩემი ილუსტრაციებით ზღაპარი შევქმნა. ზღაპრის ავტორიც ვიქნები და დამსურათებელიც. ახლა ამის დრო არ მაქვს. მსურს, ამ საქმეში სიღრმისეულად ვიყო ჩართული და ყურადღება სხვა რამემ არ გამიფანტოს, თუმცა, ამის დროც მოვა. შინ ერთი კვირით გამოვიკეტები და ჩანაფიქრს აუცილებლად განვახორციელებ.

GzaPress- რაც შეეხება "პატარა უფლისწულს" - ალბათ განსაკუთრებული სიყვარული გაქვთ ამ ნაწარმოების, არა?

- შეიძლება ითქვას, რომ "პატარა უფლისწული" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. რა თქმა უნდა, პირველად ბავშვობაში წავიკითხე, მაგრამ მაშინ ვერ ვწვდებოდი იმ ფილოსოფიას, რომელიც წიგნში დევს. უფროს ასაკში სულ სხვა თვალით შევხედე ნაწარმოებს და ბევრად სხვა შეგრძნებები გამიჩნდა. ახლაც პერიოდულად ვკითხულობ, შეიძლება სამ თვეში ერთხელ მივუბრუნდე. სულ მინდა მახსოვდეს, ახლოს ვიყო ამ ნაწარმოებთან და ისე არ გავიზარდო, რომ არ დავემსგავსო მის რამდენიმე პერსონაჟს. მინდა სულ ისეთი ლაღი და "პატარა" ვიყო, როგორიც პატარა უფლისწულია. ყველაზე მეტად, ეს მიყვარს ამ წიგნში - ბავშვობაში გაბრუნებს, თითქოს გაზრდის საშუალებას არ გაძლევს და იმ ასაკში გატრიალებს, როცა ადამიანი ყველაზე სუფთა და გულწრფელია. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ცოცხალი იყო და წიგნი იმ დროს რომ მახსენებს, ეს სასიამოვნოა.

- ალბათ ბავშვობის ამ ნოსტალგიამ შეგაქმნევინათ უამრავი ნივთი: მაისურები, ჩანთები, ბალიშები, ფოთოლიც კი... საზოგადოებამ როგორ მიიღო?

- ძალიან მოსწონთ. პატარა უფლისწული ალბათ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატია. თავდაპირველად, ერთმა გოგომ თავისი მეგობრისთვის საჩუქრად მთხოვა მისი დახატვა, მხოლოდ კონცეფცია ამიხსნა - სურდა, ასტეროიდზე მდგარი უფლისწულის ფიგურა ჩემს სტილში დამეხატა. ილუსტრაცია ჩემებურად ავაწყვე, მერე მეგობრებს ვანახვე და მაშინ დაიწყო - ჩემი ყველაზე პოპულარული ნახატი გახდა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, რადგან ცხოვრებაში მაქვს მომენტები, როცა სხვადასხვა გარემოების გამო, სოციუმზე ხელს ჩავიქნევ, მაგრამ როდესაც ვხედავ, როგორ უყვარს პატარა უფლისწული, აზრი მეცვლება, რადგან ვფიქრობ, წარმოუდგენელია, ცუდ ადამიანს უყვარდეს ეს ნაწარმოები. ხალისი და რწმენა მიბრუნდება, რომ ბევრი კარგი პიროვნებაა გარშემო (იღიმის). სწორედ ამიტომ, რა ნივთსაც დავინახავ და ვფიქრობ, რომ მისმა ზედაპირმა შეიძლება საღებავი მიიღოს, ვცდილობ, ყველაფერზე დავხატო. უფლისწული დახატული მაქვს: ჩანთებზე, ბალიშებზე, ხის კედლის საათებზე, სალაშქრო ჭიქებზე, ბლოკნოტებზე, საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებზე, რომელიც ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი აღმოჩნდა. სამომავლოდ ვაპირებ შპალერის გაკეთებასაც, რომელიც საბავშვო ოთახისთვის ძალიან ლამაზი უნდა გამოვიდეს.

GzaPress

- ჩამოთვლილი ნივთები, ფოთლის გარდა, უცნაურად არ ჟღერს. როგორ არ იშლება და როგორ ინარჩუნებს ფოთოლი პირვანდელ სახეს?

- ფოთლებზე ხატვა რომ დავიწყე, დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ის არ დაზიანებულიყო და პირვანდელი სახით მიმეწოდებინა ადამიანებისთვის. ბოლოს ატელიეში დავამზადებინე ჩარჩო - ორი მინით. როგორც წესი, ნახატის უკანა მხარეს მუყაოა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მინა, რომლის საშუალებითაც ჩარჩოში მოთავსებული ფოთოლი თითქოს ღია სივრცეშია და როცა კედელზე ადგილს შევურჩევთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჰაერშია გამოკიდებული. ფოთოლს ისე ვამუშავებ, ჩარჩოს გარეშეც რომ დადო ან ჩამოკიდო სადმე, მაინც შეინარჩუნებს ფორმას და არ ზიანდება.

- სამომავლოდ, გარდა იმ ზღაპრის წიგნისა, რომელზეც უკვე მიამბეთ, კიდევ რა გაქვთ გეგმაში?

- მოხატული მაქვს წვეულებების დარბაზი, რამდენიმე კვირის წინ დავასრულე სუში-ბარის მოხატვა, ბევრი შეკვეთა მქონია ბავშვის ოთახის მოხატვასთან დაკავშირებით, ანუ ამ კუთხითაც ვმუშაობ. თუმცა, ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტულია ბავშვებისთვის სამხატვრო სკოლის გახსნა. ასე თუ ისე, ყველაფერი მზად მაქვს, მაგრამ კორონავირუსისა და ეპიდვითარების გამო, ჩანაფიქრი სისრულეში დროებით ვერ მოვიყვანე. მინდა, ჩემს სკოლაში არასტანდარტული პროგრამა მქონდეს. ჯერჯერობით, 9-14 წლის ბავშვებისთვის იქნება გათვალისწინებული და შემდეგ უკვე პროგრამას მოზრდილებზეც გავთვლი. სამხატვრო აკადემიიდან იმიტომ წამოვედი, რომ ჩარჩოები დავინახე, რომელიც ხელოვანს არ უნდა დაუწესო. სწორედ ამიტომ მინდა ისეთი სკოლა მქონდეს, სადაც ბავშვებს მოსვლა გაუხარდებათ, ინტერესით მომისმენენ, თავისუფლად იაზროვნებენ და ბედნიერები იქნებიან.

ანა კალანდაძე