"სამყაროს ჩემი ფერები შევმატე"
"არასდროს ვამბობ, ვწერ-მეთქი, ეს უფალი წერს ჩემი ხელით, სასწაულს სჩადის; არასდროს ვიცი, შემდეგი ლექსი რა იქნება, უფალმა იცის; არასდროს ვიცი, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, ესეც უფალმა იცის... არასდროს ვითხოვ უფლისგან არაფერს, მან უკეთ იცის, ჩემთვის რა სჯობს. ყოველთვის სხვისთვის ვლოცულობ, ტაძრად მისულს საკუთარი სურვილები მავიწყდება, მხოლოდ ვადიდებ და ვამბობ: ჩემი სიცოცხლის ყოველი წამი იყოს ნება შენი, უფალო. მადლობა ყოველი გათენებული დღისთვის, ყოველი დაისისთვის, მადლობა ყოველი ბედნიერი წამისთვის, ყოველი ჯვარცმისთვის, ყოველი დაცემისთვის, რომელმაც ადგომა მასწავლა", - ასეთია თეა ბარბაქაძის სამყარო - რომანტიკული, ემოციური, სევდით აღსავსე. დიდმა ტკივილმა, რომელზე საუბარიც არ უყვარს, ბავშვობაში დააბრუნა და კვლავ ლექსების წერა დააწყებინა. პროფესიით ბუღალტერია, თუმცა წლებია კერავს და ბევრი ქალბატონის გულს ახარებს.
- ხაშურში, სოფელ ბეკამში დავიბადე. რთული ბავშვობა მქონდა. როცა ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები გასართობად იკრიბებოდნენ, მე და ჩემი დები სოფლის საქმეებით ვიყავით დაკავებულები, ტყეშიც გვივლია შეშის მოსატანად. ურემზე შემომსხდრებს რომ გვხედავდნენ, ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მამას უხაროდა, ვაჟკაცებივით მიდგანან მხარშიო. ერთხელ ხაშურის ბაზარში ქალი გამომელაპარაკა და როცა გაიგო, ვინ ვიყავი, მკოცნა და მკოცნა, - ნატვრად მქონდა გადაქცეული, ეს ყოჩაღი და შრომისმოყვარე გოგონები მენახა და ოცნება ამიხდაო. ბავშვობაში მხატვრობაზე ვოცნებობდი. ხელოვნების აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ რთული დრო იყო, 90-იანი წლები და უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება. ამიტომ ბუღალტერია შევისწავლე, თუმცა არასდროს გამომიყენებია ეს პროფესია. რამდენიმე წელი სასადილოში ვმუშაობდი, მერე დავოჯახდი კიდეც. დალხენილი ცხოვრება არც შემდეგ მქონია, წლების წინ მეუღლესაც გავშორდი და სწორედ მაშინ, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ მოვკიდე ხელი კალამს. ფურცელზე რომ არ გადამეტანა ის, რასაც ვგრძნობდი, ალბათ გავგიჟდებოდი.
- როგორ იწერება თქვენი ლექსები, რა ხდება ინსპირაციის მიზეზი?
- შეიძლება, კარგი ლექსი წავიკითხო და ეს გახდეს ინსპირაციის წყარო. შეიძლება, რაღაც ლამაზი აღმოვაჩინო სამყაროში ან ვიღაცის საოცარ ღიმილს წავაწყდე, ერთი სიტყვით, უამრავი რამ მიბიძგებს წერისკენ. ყოველ დილით ადრე ვდგები და სამსახურში მივდივარ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ხაშურის კულტურის სახლში დავდიოდი სამკერვალო წრეზე და ბოლო წლებია, ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ. კლასიკურ სამოსს ვკერავთ ქალბატონებისთვის. კალამი და ფურცელი სულ გვერდით მიდევს, საკერავ მანქანასთან ბევრი ლექსი დამიწერია. დღემდე არანაირ კონკურსში ან საღამოში არ მიმიღია მონაწილეობა, არასდროს მომცემია ამის შესაძლებლობა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი შემოქმედება სხვებისთვისაც გამეცნო და "ფეისბუკ"-გვერდზე დავიწყე გამოქვეყნება. ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ჩემი ლექსები მოსწონს. ჯერ არავის გავუკრიტიკებივარ, თუმცა ველოდები კრიტიკასაც.
- ლექსი, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა, რომელია?
- "კითხვა მიჩნდება: განა, ვღირდით ამად, უფალო?/ უმადურთათვის თავი თვისი შემოგეწირა?/ ძალა არ გვეყო ცოდვილ სულის გადასარჩენად,/ რომ ვითომ ერთგულთ ღვთის სხეული არ გაგვეწირა./ მეც თქვენებურად ღარიბი ვარ, როგორც იესო,/ რაც მაბადია - სიყვარულით სავსე გულია./ გთხოვ, მაპატიე, ვერ ვაპურებ ყველა მშიერსო,/ სულს თუ ატირებს ხომ მოყვასის სიყვარულია./ დაგგლიჯეთ, დაგგმეთ, უარგყავით, ვერ გაგიფრთხილდით,/ არადა, უნდა სიყვარული ცამდე გვეზიდა/ და გეკითხები: განა, ვღირდით ამად, უფალო,/ უმადურთათვის თავი თვისი რომ გაგეწირა?"
- როგორც მითხარით, დაასრულეთ პირველ კრებულზე მუშაობა და სპონსორის მოლოდინში ხართ...
- დიახ, 94 ლექსია კრებულში თავმოყრილი. ავკინძეთ და რამდენიმე ეგზემპლარი გავამზადეთ კიდეც. "შემიყვარდი და დედამიწა ავაწრიალე" - ასე დავარქვი წიგნს, ჩემი ერთი ლექსის მიხედვით: "ამ სამყაროში მხოლოდ შენ და უფალი მწამდით,/ ყოველ ალიონს მოვიშუშებ ღამის იარებს./ თვალი მოგკარი, ჰორიზონტზე ღმერთივით სჩანდი./ შემიყვარდი და დედამიწა ავაწრიალე". ძირითადად, ვრომანტიკოსობ (იცინის); რისი დეფიციტიცაა სამყაროში, იმაზე მინდა ვწერო. როცა გიყვარს სიცოცხლე, ამ სიყვარულს შეუძლია სამყარო უკეთესობისაკენ შეცვალოს. გული მწყდება, რომ ვერ შევძელი ოცნების ასრულება, გავმხდარიყავი დიდი მხატვარი, თუმცა ღმერთმა მაინც მომცა შესაძლებლობა, სიტყვით გადმომეცა ჩემი გრძნობები, გულისტკივილი, სიცოცხლის სიყვარული - ადრე ფერადი ფანქრებით ვხატავდი სამყაროს, მერე გადავწყვიტე, სხვაგვარად მეცადა და ფერადი ძაფებით მოვხატე. ახლა ისევ ვხატავ, ოღონდ კალმით და ვფიქრობ: ცხოვრება ამად ღირდა, რადგან სამყაროს ჩემი ფერები შევმატე...
ნინო ჯავახიშვილი