მზექალა ლიქოკელი - ქართველი გმირი ქალის უცნობი ისტორია - გზაპრესი

მზექალა ლიქოკელი - ქართველი გმირი ქალის უცნობი ისტორია

გმირი ხევსური ქალის, მზექალა ლიქოკელის შესახებ მკვლევარ არჩილ ღიბრაძისგან შევიტყვე. ბატონი არჩილი გულისწყვეტას გამოხატავს, რომ მზექალას თავდადების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ისტორიკოს გოჩა საითიძის ინფორმაციით, ქალის თავგანწირვის ამბავი ეროვნულ გმირს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს მეგობრის, შალვა ამირეჯიბისთვის უამბია.

1922 წლის სექტემბერში, ხევსურეთის აჯანყებისას, ყველა ხევსურმა იცოდა, რომ ერთი ღამის განმავლობაში მტერთან შესაგებებლად იარაღით უნდა გასულიყო. ამაზე მეტი არც დრო იყო. რუსის ჯარი, ექვსი ათასი ჯარისკაცით, ქაქუცას ფეხდაფეხ მისდევდა. ქაქუცა ერთგული მეგობრებისგან ხევსურეთში ჯარის შემოსვლის ამბავს ელოდა. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. ქაქუცამ ცხენი მოითხოვა და მახლობელ მწვერვალზე დაბანაკდა. 20 ადამიანი მაშინვე ორწყალზე გაგზავნა. ეს ის ადგილი იყო, საიდანაც რუსები უნდა შემოსულიყვნენ. იქ ჩასულ კაცებს სამასი შეიარაღებული ხევსური დახვდა. ამ ადგილის მნიშვნელობა ხევსურებმა კარგად იცოდნენ და თავისით მოსულიყვნენ. მალე ადგილობრივებმა სხვა შემოსასვლელი ადგილებიც გაამაგრეს. დილით რუსებმა შეტევა დაიწყეს. ქაქუცას მხოლოდ სამი ადამიანი ახლდა - ეს იყო მთელი მისი შტაბი. მაგრამ ეს არ გახლდათ მთელი მისი გასაჭირი. სადარდებელი ის იყო, რომ ნაბადში გახვეული მიწაზე, ციებით შეპყრობილი იწვა. ციება ღამით განუვითარდა და დილით ტემპერატურამაც მოიმატა. თავად იხსენებს: "უცბათ, ერთმა ხევსურმა ცხენი ზედ ნაბადზედ მომაგდო. რომელია ჩოლოყაშვილი? - დაიძახა მან. კაცებმა ჩემზედ მიუთითეს. მან დამხედა და წამოიძახა: რა დროს წოლაა, ვაჟაუ, არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?! მე შევხედე. ჩემ წინ სულ ახალგაზრდა, უწვერულვაშო ხევსური იდგა. მხარზედ პატრონტაში ჰქონდა გადაგდებული, ხელში თოფი ეჭირა და უბელო ცხენზე იჯდა. მე ისევ თვალის დახუჭვა მინდოდა იმ იმედით, რომ პასუხს ჩემები გასცემდნენ, როცა მოსულს პატრონტაშის ქვეშ ქალის ღია მკერდი დავუნახე... ასეთი უჩვეულო გარეგნობის სტუმრის მოსვლამ გამომარკვია და წამოვიწიე. ვიდრე მისი უცნაური მოსვლის მიზეზს ვიკითხავდი, მე თვითონ მინდოდა ამეხსნა მიზეზი ჩემი წოლისა, რადგან მოსული ქალი იყო ეჭვის გარეშე და მის სიტყვებზედ, ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი. ავადა ვარ - წავილაპარაკე მე. განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლიან? ორწყალში ომია! - მიპასუხა მან. ვინა ხარ, დისავ? - ვკითხე, როცა დავატყვე, რომ ჩემი სტუმარი ჩვეულებრივ ქალს არ ჰგავდა. მზექალს მეძახიან, არაშულის ქალი! ნეტაი, თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ? - გახლავარ. რას მიბრძანებ? - ბრძანება შენი იყოს, მე ორწყალზე მინდა მიგაცილო. ხევსურნი გელოდებიან. ომია! - სთქვა და თვალებში ჩამაშტერდა... მე აღარაფერი გამომიკითხავს და მხოლოდ მივხვდი, რომ წაუსვლელობა არ იქნებოდა. ასე ფიქრობდნენ, ალბათ, ჩემი ამხანაგებიც, რადგან ჩემს ხსენებაზედ - ცხენი მოეყვანათ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შევსხედით და წავედით. წინ მზექალა მიგვიძღოდა... მე თავბრუ მესხმოდა და უნაგირზე ძლივს ვიჯექი, მით უფრო, რომ მზექალას უბილიკო დაღმართებით მივყავდი ძირს. ტყვია ზუზუნებდა, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდა. უთუოდ იკითხავთ, ვინ გამოგზავნა? არავინ! როგორ მომაგნო - არც ის ვიცი!.. ვიცი მხოლოდ, რომ ჩემი კაცებისგან არ იყო გამოგზავნილი. ერთ სოფელს რომ გავუსწორდით, ცხენი შემოატრიალა და სოფელს ერთი მაგრად დასჭყივლა, სახლში დარჩენილებს უძახოდა. სოფლითგან მხოლოდ ძაღლმა გაგვცა ხმა. ბეჩაუ, უკაცოდ ძაღლიც ცოდოა მარტო. სჩანს, ყველანი წასულან, - ჩაილაპარაკა მან. მხოლოდ აქ გავარჩიე კარგად მისი სახე. იქნებოდა თვრამეტი წლისა. მკერდი ჩამოღეღილი ჰქონდა, როგორც ვთქვი და მხრებზე შავი თმა ეყარა. სახე ჰქონდა კუშტი და ეშხიანი, ისეთი, როგორსაც გვიხატავენ ყაზბეგი და ვაჟა-ფშაველა თავის მთიულურ მოთხრობებში... ჩვენების საფრებს რომ მივუახლოვდით, მზექალა უცებ დაგვცილდა, დაიძახა ჩემი სახელი მთელი ხეობის გასაგონად და მტრისკენ თოფი დასცალა. ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. რუსები გვიტევდნენ. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩამიქროლა წინ... ჩემთან ერთხელაც არ შეჩერებულა... ხან ჩვენი სანგრების წინა რიგებში იჯდა და მამაკაცებთან ერთად ისროდა, ხან კარგა ხნით სადღაც გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი... ამ ხნის განმავლობაში ის იყო სროლაშიაც და შემოირბინა თითქმის მთელი ხევსურეთი..."

GzaPress

რუსებმა გადაწვეს სოფლები, გარეკეს საქონელი, დაძარცვეს სახლები და დახვრიტეს ხალხი. დახვრეტილთა შორის ხუთი ქალი ერია. იყო ვარაუდი, რომ ამ ხუთში მზექალაც იქნებოდა, მაგრამ მისი ამბავი ქაქუცას სხვაგვარად უამბეს: დახევის დროს ხევსურები მთებში გაიხიზნენ. პირველი სოფელი, რომელშიც გამარჯვებული რუსები შევიდნენ, მზექალას სოფელი იყო. ქალები, ბავშვები და მოხუცებულები აჯანყებულებს გაჰყვნენ. ცარიელ სოფელს რუსებმა ზარბაზანი დაუშინეს. სროლა რომ შეწყდა, ადგილს სალდათები მოედნენ და ძარცვა დაიწყეს. ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მზექალას სახლისკენ გაემართა. სახლიდან ორი ტყვია ისროლეს და ორი ჯარისკაცი იქვე მოკვდა. რუსებმა სროლითვე უპასუხეს. კვამლი რომ გაიბნა და ჯარისკაცები სახლში შევიდნენ, მიწაზე ახალგაზრდა ქალის უსულო გვამი ნახეს. მოკლული მზექალა იყო! როცა სოფელი ხალხისგან დაცლილა, ის თავის სახლში დარჩენილა და ფიცი დაედო, თავის კერაზე რუსი არ გაეტარებინა. სიტყვა შეასრულა - რუსებმა მის სახლში შესვლა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეძლეს. რუსის ტყვია ქალს სწორედ ღია მკერდში მოხვედროდა. "პატრონტაში" ისევ მხარზე ჰქონია და თოფიც ხელში ჩარჩენოდა, თავზე კი უბელო ცხენი ადგა...

ივანე ლიქოკელის ცნობით, ხევსურეთის ომის დროს დაიღუპა არა ხუთი, არამედ მხოლოდ ერთი ქალი და არა სოფელ აკუშოს, არამედ სოფელ ბაქჩვილოს მკვიდრი - მზექალა ლიქოკელი. ამ ომში მთლიანად დაწვეს ხევსურეთის ხუთი სოფელი: ბუჩუკურთა, უკანახო, აკუშო, ბისო და ხადუ. მტერმა დაიჭირა მთელი პირაქეთა ხევსურეთი. დაერივნენ დაცარიელებულ სახლ-კარს, მიჰქონდათ, ანადგურებდნენ რაც ხელთ მოხვდებოდათ, პირველ რიგში სურსათ-სანოვაგე, იარაღი, ვერცხლის ნივთები, ტანისამოსი, ქვეშსაგებ-ზედდასახური და ა.შ. საქონელს კლავდნენ და ადგილზევე ჭამდნენ. მაგალითად, სოფელ ფაბულოში მიწიდან ამოიღეს და შეჭამეს მთელი კარტოფილი. რასაც ვერ მოერივნენ, ადგილზევე მოსპეს - ერბო, ყველი. დახეთქეს ერბოთი სავსე კასრები. მთელი მხარე მოაოხრეს.

მზექალას გმირული აღსასრულის ამბავს მოგვითხრობს თავის მოგონებებში ალექსანდრე სულხანიშვილიც: "ასეთი შემთხვევა მიამბო ერთმა ხევსურმა: პირველსავე დღეს, როცა რუსები პირველ სოფელ აკუშოში შედიოდნენ, ერთი ხევსური ქალი, მზექალა, თურმე, ერთი სახლის ბანზე წამოწოლილა. იმ დროს მისი ძმა ჩვენთან იმყოფებოდა. ძმის თოფით დაუწყია სროლა და არავინ შეუშვია სოფელში, სანამ ტყვია არ შემოლევია. მას ხუთი თუ ექვსი რუსი მოუკლავს და მერე კი მისთვისაც უწევია მტრის ტყვიას.

იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც მზექალა ლიქოკელის გმირობის ამბავი ნაკლებადაა ცნობილი, რამდენიმე მოსაზრება არსებობს. არჩილ ღიბრაძე კომუნისტების ეპოქაში მსგავსი მოვლენების ტაბუირებაზე საუბრობს, ივანე ლიქოკელი კი აღნიშნავს, რომ ამ ომში სოფელ ბაქჩვილოში მოკლული ერთადერთი ქალის, მზექალა ლიქოკელის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობასა და ფაქტის მიჩქმალვას კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდა: კაცის კვლა, ხევსურული ეთიკის მიხედვით, დიაცის საქმე არ არის. ეს მას არა სახელად, არამედ ცოდვად ეთვლება. მეორე მხრივ, თავგანწირვის მსგავსი მაგალითით ჩრდილი ადგებათ იქაურ ვაჟკაცებს - "რად გაიხადეს თავი დიაცთა საპატრონოდ?!"

შორენა ლაბაძე