ქართული კვალი ევროპაში - გზაპრესი

ქართული კვალი ევროპაში

უახლესი პერიოდის ქართულ მედიაისტორიაში ლეილა კვირიკაშვილს გამორჩეული ადგილი უჭირავს. მისი მდიდარი ჟურნალისტური პრაქტიკა ახლა საფრანგეთში გრძელდება პუბლიცისტისა და პედაგოგის ამპლუაში. მისი რამდენიმე მონოგრაფია, რომელიც სამომავლოდ იხილავს მზის შუქს, დიდი ფასეულობის ქვეშ ერთიანდება. ამ ფასეულობის შესახებ მკითხველს განმარტება არ დასჭირდება, როცა გაეცნობა მისი ნაშრომების ნაწილს (გთავაზობთ მცირეოდენი ფორმაცვლილებით).

GzaPressლეილა კვირიკაშვილი:

- დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ვიყავი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტი. ვმუშაობდი სახტელერადიოკომიტეტში ჯერ რადიოს ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარ რედაქციაში რედაქტორად, მერე ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" ჟურნალისტად. 1991 წელს გადაცემა "პრეზიდენტის საათის" ავტორი და წამყვანი გახლდით, 1992-ში კი წამოვედი ტელევიზიიდან. ვასწავლიდი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას უცხოელებს, ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში - "ჟურნალისტურ ოსტატობას". დავაფუძნე საინფორმაციო-საგამომცემლო კომპანია "გეორგია" და გამოვცემდი წიგნებს. ვიყავი "ახალი ქართული გაზეთის" რედაქტორის მოადგილე, რადიო "საქართველოს ხმაში" მქონდა საავტორო გადაცემა "მთელი კვირა ლეილა კვირიკაშვილთან ერთად". ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ, როგორც ემიგრანტი. ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია ჩემმა დამ, ექიმმა ლია კვირიკაშვილმა დააარსა საფრანგეთში. გვაქვს პროექტები. აკადემიის გვერდი გავაკეთე სოციალურ ქსელში და ვაქვეყნებ აქაურ არქივებში მოძიებული ქართული კვალის შესახებ ინფორმაციებს.

მერი შერვაშიძისა და დიმიტრი ერისთავის პარიზული შეხვედრა

"დიმიტრი ერისთავი ქართულ საავტორო კინოში გამორჩეული მხატვარია. განსაკუთრებით, ოთარ იოსელიანი იჩემებდა მას და ფილმები "გიორგობისთვე", "იყო შაშვი მგალობელი", "და იყო ნათელი" და 1984 წელს "მთვარის ფავორიტები" დიმიტრი ერისთავს, როგორც დიდ მხატვარს, მიანდო. ცნობილია, რომ ოთარ იოსელიანის გადასაღები ფილმის ყველა კადრი იქმნება, ანუ "რასკადროვკა" ზედმიწევნით მზადდება და მერე იწყებს გადაღებას. ამიტომ, დიმიტრი ერისთავს ხანგრძლივად უხდებოდა ფილმზე მუშაობისას პარიზში ყოფნა. აქ ის მერი შერვაშიძეს შეხვედრია. აი, როგორ იხსენებდა ის ამ ფაქტს:

"ძალიან საინტერესოა ჩემს ბიოგრაფიაში ერთი ფაქტი: პირველად პარიზში რომ ვიყავი ოთარ იოსელიანთან ერთად, გავიცანი დიდი ქალბატონი, მერი შერვაშიძე. თურმე, ჩვენ ნათესავებიც ვყოფილვართ, ბებიაჩემი დადიანის ქალი იყო. ჰოდა, ჩემს პატივსაცემად გააკეთა სადილი ქალბატონმა მერიმ. სამწუხაროდ, ის ფოტო, სადაც ასახულია, თუ როგორ ვეამბორები ხელზე, სანდრო მამასახლისის სახელოსნოში ხანძარს შეეწირა. ქალბატონი მერის მეუღლე, გიორგი (გიგუშა) ერისთავი რუსული ჯარის ოფიცერი და ნიკოლოზ II-ის ახლო მეგობარი იყო. ერთად არიან გადაღებულები გიგუშა ერისთავი და ნიკოლოზ II, უკან სამი ჩოხოსანი დგას. ეს ფოტო ქალბატონმა მერიმ მაჩუქა და თავადვე წამიწერა უკან მათი გვარები. სხვათა შორის, მისი პორტრეტიც მაქვს გაკეთებული. პარიზში რომ ვნახე, უკვე ასაკოვანი იყო, მაგრამ ახალგაზრდობის ფოტო მაჩუქა და იმ ფოტოს მიხედვით გავაკეთე".

"მთვარის ფავორიტების" მხატვარს ფილმზე მუშაობამ აღიარება მოუტანა, ოთარ იოსელიანი კი პარიზის საპატიო მოქალაქე გახდა. დიმიტრი ერისთავის მოგონებებიდან: "ოთარმა ჩამიყვანა პარიზში და იქ გავაკეთეთ ერთი ძალიან კარგი ფილმი, რომელსაც ჰქვია "მთვარის ფავორიტები". ამ ფილმმა ვენეციის ფესტივალზე აიღო დიდი პრემია და ამ პრემიის გამო, ოთარი პარიზის საპატიო მოქალაქე გახდა. მან არა მარტო მხატვრად, არამედ მონტაჟშიც ჩამწერა. სანამ ფილმის გადაღება დაიწყებოდა, ამოცანა მქონდა: კადრი კადრში ისე გადასულიყო, რომ შეუმჩნეველი და უწყვეტი ყოფილიყო. და მე ეს მოვახერხე! მთელი ფილმი იყო დახატული, კამერის მოძრაობა, მსახიობის მოძრაობა - ყველაფერი. ამას კრიტიკოსებმა მიაქციეს ყურადღება და მერე ბევრი დაწერეს".

სამხატვრო აკადემიაში დიმიტრი ერისთავის სადიპლომო ნამუშევარი ანატოლ ფრანსის მოთხრობების ილუსტრაციები იყო. ფრანგული ყოფა გასაოცრად აქვს გათავისებული ილუსტრაციებში და როგორც ჩანს, ოთარ იოსელიანი ამიტომაც მიენდო ბოლომდე ფრანგული საავტორო ფილმის გადაღებისას..."

გალაკტიონის ნაკვალევი პარიზში

"ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია გალაკტიონ ტაბიძის ნაკვალევს გაჰყვა და პარიზში, სწორედ ის სასტუმრო დაადგინა, რომელშიც 1935 წლის ივნისში გაჩერდა გალაკტიონი, როცა დიდი პოეტი პარიზს რამდენიმე დღით ესტუმრა, სადაც კულტურის დაცვის ანტიფაშისტური მსოფლიო კონგრესის საღამოს სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა. მოგზაურობის შთაბეჭდილებები პოეტმა გადმოსცა დიდ ციკლში "რას იპოვი იქ, საზღვარგარეთ" ("შორი გზები მოვიარე"), რომელიც პირველად თხზულებათა III ტომში გამოაქვეყნა, 1940 წელს. არსებობს გალაკტიონის სამგზავრო ბილეთის, კონგრესის მონაწილის და სასტუმროს რეგისტრაციის ბარათების ფოტოასლები.

გალაკტიონი პარიზში გამგზავრებამდე, 1935 წლის ივნისის დასაწყისში, მოსკოვში იყო და ამ პერიოდში დაუმზადეს ბელგიის ვიზა, რომლის ფოტოასლსაც გთავაზობთ. მოსკოვში გააფრთხილეს, რომ ქართველ ემიგრაციას არ შეხვედროდა. პარიზში ყოფნისას, გალაკტიონს სასტუმროში სამჯერ მიაკითხა ილია ზდანევიჩმა, რომელიც სასტუმროს ფურცლებზე წერილებს სწერდა და უტოვებდა.

წერილი პირველი:

"ძვირფასო გალაკტიონ, შემოვიარე თქვენთან გუშინ და დღეს, მაგრამ ვერ მოგისწარით, ვერც კონგრესზე შეგხვდით. ისევ მოგაკითხავთ ხვალ დილის 10 საათამდე. იმედი მაქვს შეგხვდებით, ვინაიდან აუცილებლად უნდა გნახოთ".

წერილი მეორე:

"დღეს საღამოს ამ ბილეთით აუცილებლად მობრძანდით ტროკადეროში" (ცნობილი შაიოს სასახლე მდინარე სენის სანაპიროზე ააგეს ბუალოს, კარლუსისა და აზემას პროექტის მიხედვით 1937 წელს ადამიანის, ფლოტისა და არქიტექტურის მუზეუმებისათვის. მანამდე მის ადგილას იდგა ტროკადეროს სასახლე. - ავტ.).

წერილი მესამე:

"ძვირფასო გალაკტიონ, რამდენიმეჯერ მოგაკითხე და ვერასოდეს მოგისწარი. გზა მშვიდობისა. მომიკითხე მეგობრები. იბრძოლე თბილისში ჩვენი საერთო საქმისთვის".

როგორც ჩანს, გალაკტიონი ზდანევიჩთან შეხვედრას თავს არიდებდა. როგორც მწერალი ვახტანგ ჯავახაძე ასკვნის, 29 ივნისს, ზდანევიჩი მაინც შეხვედრია მას პარიზში, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიაა და გარდა ზდანევიჩის მისამართის მინაწერისა, რომელიც გალაკტიონის უბის წიგნაკში აღმოჩნდა, სხვა არაფერია დამადასტურებელი. ვახტანგ ჯავახაძე ასკვნის, რომ ზდანევიჩმა, პარიზში შეხვედრისას, გალაკტიონს საფრანგეთში, ემიგრაციაში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, მტკიცე უარი მიიღოო. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გალაკტიონი პარიზში შეხვდა ილია ერენბურგს, ანდრე მალროს და ანდრე ჟიდს. ოლღა ოკუჯავას დღიურებიც ამას ადასტურებს. ოლღა წერს, რომ გალაკტიონმა პარიზიდან ჩამოიტანა ილია ერენბურგის და მალროს ავტოგრაფიანი წიგნები, ასევე მაჯის საათი ოლიასთვის, პატარა საბეჭდი მანქანა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ბარელიეფიანი სუვენირი და სხვა წვრილმანები. რაც შეეხება სხვა ემიგრანტებთან შეხვედრას, როგორც ჩანს, ის მაინც შედგა, თუმცა ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე (ელისეის მინდვრებზე ანუ შანზ ელიზეზე, ქუჩაში, და სწორედ ამის დადასტურებაა ეს ლექსი):

"აყვავილდა ყაყაჩო,/ ვარდი და აკაცია / ელისეის მინდვრებზე/ [ჰყვავის ემიგრაცია]./ მშვენიერი დარია,/ ჰყვავის პარმის იები,/ ჰყვავის ჩაის ვარდები,/ მაგრამ ემიგრანტების/ გულში იანვარია".

GzaPress

"ჩემი ფრანგი ცოლი ჩემიანია"

ოთარ პატარიძე: "დავიბადე პარიზში, 1943 წელს. მყავს ფრანგი მეუღლე, ანი ჰქვია, გავაქართველე და ახლა ვამბობ - ჩემი ანია. მყავს ორი შვილი, სოფიკო და ნიკო. ორივე იურისტია. მე ვმუშაობდი აგფას ფინანსთა დეპარტამენტის დირექტორად 33 წლის განმავლობაში. ახლა პენსიაზე ვარ. ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ვმღეროდით... მამა ქართული ენის გაკვეთილებს გვიტარებდა, ქართულ ლიტერატურასთან ერთად, საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას გვასწავლიდა. ხშირად დავდიოდით წმინდა ნინოს ეკლესიაში, ვგალობდით და ვხვდებოდით ქართველებს. ოჯახში სამი ბავშვი ვიზრდებოდით: ჩემი უფროსი და თინა, ჩემი ტყუპისცალი გულიკო და მე. ჩემთვის საქართველოსთან კავშირი 1981 წლიდან დაიწყო, როცა ჩემი ძმა აჩიკო პატარიძე გვესტუმრა პარიზში. მამას, ელისე პატარიძეს საქართველოს დატოვების წინ შეეძინა შვილი. აქედან სცადა მიწერ-მოწერა, მაგრამ ეს მაშინ ძალიან სახიფათო იყო. მე საფრანგეთში მქონდა ურთიერთობა როგორც ქართველებთან, ასევე ფრანგებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ორ კულტურას ვეკუთვნი. საფრანგეთში არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ ემიგრანტის შვილი ვიყავი. ვამაყობდი ჩემი ქართველობით. 20 წლის რომ გავხდი, დავაარსე ანსამბლი "მერანი" და ემიგრანტ ახალგაზრდებს შევასწავლე ქართული სიმღერები, გალობა. "მერანში" მღეროდნენ მერაბ და კატო ოდიშელიძეები, გურამ ასათიანი, სალომე და ოთარ ზურაბიშვილები, მიხეილ და ლია ვოდე გოგიტიძეები, თინა და დარეჯან ბერეკაშვილები, ნათელა ყიფიანი და სხვები. "მერანი" ქართულ დღესასწაულებს აღნიშნავდა. შოთა აბაშიძემ და ილია ჯაბადარმა, რომლებიც ემიგრაციის მესამე ტალღას (1945 წლიდან) წარმოადგენდნენ, გვასწავლეს ქართული ცეკვები. საქართველო პირველად გავიცანი 1991 წლის მაისში, როდესაც ბატონი ზვიად გამსახურდია აირჩიეს პრეზიდენტად. მე ვიყავი მიწვეული, როგორც დამკვირვებელი არჩევნებზე. ამის შემდეგ საქართველოში უკვე მრავალჯერ ვარ ნამყოფი. მამა - ელისე პატარიძე ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს, ის 1975 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება დედას, თამარ ალშიბაიას, ის 1921 წელს, როცა რუსეთის ბოლშევიკურმა ძალებმა დაიპყრეს საქართველო, 11 წლის წამოიყვანეს საფრანგეთში. დედა საქართველოში პირველად მე და ჩემმა დამ, გულიკომ ჩავიყვანეთ 1997 წელს. ძალიან ბედნიერი იყო საქართველოში გატარებული დღეების გამო.

GzaPressსაქართველოში ჩამოსული საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ როცა მამა საქართველოზე გვესაუბრებოდა, ის არ აჭარბებდა და მთელი სიზუსტით გადმოგვცემდა საქართველოს სილამაზეს, განსაკუთრებულობას. პირველად რომ ჩამოვედი, ზვიადის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაშინ ქართული ცა და მზე სულ სხვანაირად შევიგრძენი. იქ მზეც უფრო კაშკაშა ამოდის და მთვარეც უფრო ლამაზია... მახსოვს, გვიან, პატარიძეებთან სახლში დავბრუნდი და აივანზე გასულს, მთელი ღამე არ მძინებია. საოცარი შეგრძნებაა სამშობლოს განცდა, როგორ გადმოგცეთ, არ ვიცი... ჩემთვის სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნება მაინც ძნელია, როცა ოჯახის გარდაცვლილი წევრები, ასევე ლევილის ქართველთა სასაფლაოს ყველა ბინადარი საფრანგეთში მეგულება, მე მათ ვერ მივატოვებ. ჩემმა ტყუპისცალმა, გულიკომ პარიზის უნივერსიტეტის მთარგმნელობითი ფაკულტეტი დაამთავრა. 1967 წელს რადიო "თავისუფლებამ" ექვსთვიანი პრაქტიკა შემოგვთავაზა მიუნხენში. მე გავიარე პრაქტიკა, ჩემი ქართული გავაუმჯობესე, მაგრამ არ მინდოდა ჟურნალისტობა და ამიტომ არ გავაგრძელე. გულიკომ კი გააგრძელა კარიერა რადიოში. ის 19 წელი ხელმძღვანელობდა ქართულ "თავისუფლებას" მიუნხენში (1984-2003). ძალიან შეუყვარდა ქართული კულტურა. როცა საქართველოში ჩავიდა, უფრო მეტად გაუძლიერდა სიყვარული. ასე ვთქვათ, მან თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა. გარდაიცვალა პრაღაში და გადმოვასვენეთ პარიზში. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე. მამაჩემი, ელისე პატარიძე იურისტობას აპირებდა, მაგრამ 1924 წლის აჯანყების შემდეგ, იძულებული გახდა, საზღვარგარეთიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. საფრანგეთში თავიდან "პეჟოს" ქარხანაში მუშაობდა, მერე დუქანი გახსნა და ასე გაგვზარდა. მისი ოცნება იყო საქართველოს გათავისუფლება ბოლშევიკური სისტემისაგან. ის აქტიურად ხელმძღვანელობდა ქართულ სათვისტომოს პარიზში. მეტი რა გითხრათ, იმ დროს ჩვენი მტერი იყო საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება. პენსიაზე რომ გავდიოდი, პირადი ინიციატივით ვებგვერდი სამსჰობლო.ორგ გავაკეთე. საამისოდ კომპიუტერის კარგად შესწავლაც დამჭირდა. მსურდა, ჩემი სიყვარული საქართველოსადმი, ასევე საფრანგეთის და კანადის მოქალაქეებისთვის ამეხსნა. გადავწყვიტე, ფრანგულ ენაზე გამეკეთებინა, ვინაიდან არსებულ საიტებზე არც ერთი ინფორმაცია არ იძებნებოდა საქართველოზე ფრანგულ ენაზე. მაშინ რამდენიმე ქართველმა გამაკრიტიკა, რატომ არ იყო ქართულად ჩემი საიტი. ქართველს რას ვასწავლიდი მე საქართველოზე? ახლა კი ვიცი, ბევრი ადამიანი ათვალიერებს და უკეთესად გაიცნეს საქართველო. ძველი ემიგრაციის დროს, პოლიტიკურ წრეებს უფრო მეტად აინტერესებდათ საქართველოს ამბები. ამიტომ საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, ამ მხრივ აქტიური მუშაობა. 1991 წლამდე, აქაური სათვისტომო ერთიანი იყო. მერე სათვისტომო დაიყო "ზვიადისტებად" და "შევარდნაძისტებად". მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. სათვისტომო 1922 წელს დაარსდა და დღემდე არსებობს. მისი პრეზიდენტები იყვნენ: გიორგი ჟურული, ვახტანგ ზამბახიძე, დავით სხირტლაძე, იოსებ ცინცაძე, შალვა სკამკოჩაიშვილი, შალვა აბდუშელიშვილი, ელისე პატარიძე, ლევან ზურაბიშვილი, ვიქტორ ხომერიკი, თამაზ ნასყიდაშვილი, ოთარ პატარიძე, სერგო მელიავა, ლია გოგიტიძე-ვოდე, ნოდარ ოდიშელიძე, ტარიელ ზურაბიშვილი, გია სარჯველაძე, ამჟამადაა ოთარ ზურაბიშვილი... მენატრება ჩემი სამშობლო და ამიტომ, სულ ქართულ სიმღერებს ვღიღინებ, ამით ვესიყვარულები სამშობლოს..."

P.S. ქალბატონი ლეილას ნაშრომების მეორე ნაწილს ჟურნალ "გზის" მომდევნო ნომერში წარმოგიდგენთ.

როლანდ ხოჯანაშვილი