2020-ის არჩევნები და ლიდერების ფსიქოლოგისეული შეფასება - გზაპრესი

2020-ის არჩევნები და ლიდერების ფსიქოლოგისეული შეფასება

2020 წლის არჩევნებმა და შედეგებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის, მათი ლიდერებისა და მხარდამჭერების ნამდვილი სახე და ემოცია - ზოგის გულწრფელი, ზოგისაც - ყალბი... ფსიქოლოგი სოფო ხარატი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური და ზოგადი განათლება არ უნდა დაეცეს ისე, რომ ვინმეს მიკროფონში ყვირილი სამშობლოს სიყვარულს უღვიძებდეს.

"დაახლოებით იმავე ძალით მოქმედებდა ჰიტლერი, როცა ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ერის სიყვარულს, მაგრამ დღეს გერმანიაში ასე აღარავინ იქცევა, ხალხი გაიზარდა და განვითარდა, განვითარებულ ადამიანს კი ყვირილის მოსმენა აღარ სიამოვნებს. სამწუხაროდ, ოპოზიციის ყველა შტო ჯერ კიდევ მიკროფონში ყვირილით, მუქარით, აგრესიითა და გინებით ცდილობს ხალხის გულის მოგებას, ამ ყვირილში კი სოციუმის პოლიტიკური გემოვნება საკმაოდ დეგრადირდა", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

სოფო ხარატი:

- ადამიანები სხეულის ენით მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე სიტყვებით. რთულია ემოციის მართვა მაშინ, როდესაც ირგვლივ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი მოვლენა ხდება. პოლიტიკა რთული თამაშია და კიდევ უფრო რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ თამაშის ეპიცენტრში ხვდებიან. ისინი მრავალ ზეწოლას განიცდიან და მათგან ნებისმიერი მოქმედებაა მოსალოდნელი, როცა ემოციური ფონი დაძაბულია. თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია სხეულის ენის მართვა, როდესაც სიტუაციის კონტროლი თითქმის ყველა მხრიდან გიწევს. არჩევნები სწორედ ასეთი რამაა ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით - მრავალფეროვანი საქართველოსთვის.

სტაბილურობის შენარჩუნება ნიჭია. ხშირად ერთი ადამიანის სახის მიმიკა ათასობით ადამიანს უცვლის განწყობას, მოჰგვრის შიშს ან სიმშვიდეს. კრიზისული მდგომარეობისას ამ ბალანსს პოლიტიკური ფიგურები ქმნიან. შიში ერთ-ერთი ყველაზე გადამდები ემოციაა და სავსებით შესაძლებელია, ის თანამდებობის პირს ჰქონდეს. უკიდურესად რთული შესასრულებელია დავალება, რომელსაც შიშის მართვა ჰქვია და ამავდროულად, მისი დაფარვა.

GzaPressგახარიას ეს ფოტო მესიჯია სხვებისთვის... იგი პატივს სცემს, პირველ რიგში, ოჯახურ სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, მას ყოველთვის თან სდევს ოჯახის სითბო და ეს უპირველესია. არსებობს ხელის ჩაკიდების ბევრი ფორმა და მათგან ფოტოზე დაფიქსირებული ხელის ჩაკიდება ყველაზე ახლო კავშირს აღწერს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ორ ადამიანს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ არის, ისინი ასე ერთმანეთს ვერ ჩაჰკიდებენ ხელს. იგი ღრმა ემოციურ კავშირზე მიუთითებს.

გახარია ჯარისკაცია, იგი კარგი მაგალითია წონასწორობის, თავშეკავებულობისა და წესების დაცვის. სხვა ლიდერების მსგავსად, მას შეეძლო, როგორც ლიდერი, საარჩევნო რიგში წინ დამდგარიყო, მაგრამ მეუღლის უკან იდგა. გამოირჩევა საუკეთესო დაკვირვების უნარით და შინაგანი კოტროლის მართვით.

GzaPress

ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გახარებული გვეჩვენება ეკრანებზე, რაც მის ნამდვილ სიხარულსაც გამოხატავს. მისთვის თამაში მოგებულია. რასაც ვერ ვიტყვით გუნდის დანარჩენ წევრებზე, რადგან ყველას ეტყობა მძიმე ემოციური ფონი.

არსებობს წესები, რომლებიც აუცილებელია დავიცვათ პოლიტიკის "კეთებისას". საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც მუდმივად კადრში ვხვდებით, მარტო ჩვენს რეპუტაციაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ - საერთო ატმოსფეროზეც. ქართული პოლიტიკა ჯერჯერობით ისევ გმირის ძიებაშია და ეს გმირობა ნებისმიერ ოპოზიციონერს უნდა, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელია მიკროფონთან, მთავარია, აგრესია გამოხატონ არსებული მთავრობის მიმართ და ამ აგრესიას გავლენა აქვს.

ჩამოყალიბებული, განათლებული და განვითარებული ადამიანი მხოლოდ საკუთარ სკამზე არაა ფოკუსირებული, იგი წესით და მორალით, ხალხის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს. სამწუხაროდ, ოპოზიციის ყველა შტო ჯერ კიდევ მიკროფონში ყვირილით, მუქარით, აგრესიითა და გინებით ცდილობს ხალხის გულის მოგებას, ამ ყვირილში კი სოციუმის პოლიტიკური გემოვნება საკმაოდ დეგრადირდა.

GzaPress

ნიკა მელია თავისი გამოსვლებისას იმ ადამიანებით პროვოცირებს, რომლებიც მას უსმენენ, საუბარია დაბალი ხარისხის პროვოცირებაზე... რა ხარისხის სიმართლეც უნდა იცოდე, ამ სიმართლის მიწოდება ხმადაბლაც შეიძლება. თუ კარგად დავაკვირდებით მის გამოსვლებს, ვნახავთ, რომ მისი მიმიკები ტექსტებს არ ემთხვევა, დაგვიანებული მიმიკა კი ნასწავლ ტექსტს ახასიათებს, ამავდროულად, მას თითქმის ყოველთვის უთამაშებს ცალი თვალი, როდესაც სათქმელ ტექსტს ეძებს. ნიკა მელია ცუდი მსახიობია მათთვის, ვისაც ხარისხი ესმის.

GzaPress

მამუკა ხაზარაძე - კარგად დაკვირვებული თვალიც შეამჩნევს, რომ ამ ადამიანს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. იგი იარაღია. ყოველი მიმიკა მის განწირულ სახეს ხატავს, ყველამ იცის, რომ ეს მისი საქმე არ არის.

დღევანდელმა პოლიტიკამ უგმიროდ მართვა უნდა ისწავლოს, როგორც ოპოზიციამ, ასევე - "პოზიციამ". პოლიტიკური და ზოგადი განათლება არ უნდა დაეცეს ისე, რომ ვინმეს მიკროფონში ყვირილი სამშობლოს სიყვარულს უღვიძებდეს. სინამდვილეში, გმირები აღარ არსებობენ; არსებობს ძვირი სავარძლები, ადამიანებს კი უბრალოდ შიათ.

პოლიტიკაში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის ტარებაც არა ფულით, არამედ სინდისით უნდა ხდებოდეს. პოლიტიკას განათლება სჭირდება, რათა იმ ადამიანებმა, რომლებიც გისმენენ, ბრაზის გარდა, შენგან ცოდნაც წაიღონ, როგორც პოლიტიკოსისგან.

თამთა დადეშელი