ჩვევაში გადაზრდილი ხელოვნების სიყვარული
ბათუმს როდესაც ესტუმრებით, ალბათ ფოტოებს გადაიღებთ ქანდაკებასთან "მე, შენ და ბათუმი". იქ შეყვარებული წყვილის გვერდით ერთი სკამი ყოველთვის თავისუფალია და შეგიძლიათ, ჭიქა ყავაზე დაეწვიოთ მასპინძლებს.
ბევრმა არ იცის, რომ ქანდაკება ახალგაზრდა, საინტერესო შემოქმედს, ერეკლე წულაძეს ეკუთვნის. ის დახვეწილ, განსხვავებულ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც არაერთი ცნობილი სასტუმროს ინტერიერსა თუ ექსტერიერს ამშვენებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.
- ბავშვობაში ქანდაკებისადმი არანაირი ინტერესი არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანების ოჯახში დავიბადე - მშობლებიც მოქანდაკეები იყვნენ და ბიძაც. ბუნებრივია, ხშირად მელაპარაკებოდნენ ამ პროფესიის შესახებ. პატარაობაში, ისე, როგორც ბავშვების უმეტესობა, მეც ვერთობოდი და რაღაცებს ვძერწავდი, თუმცა ხატვა უფრო მომწონდა. 12 წლის ვიქნებოდი, საქართველოში ფესტივალი რომ ჩატარდა, რომელშიც 70 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩემი ნახატი საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა და იაპონიაში გაგზავნეს. პრეზიდენტის სტიპენდიანტიც გავხდი, არაერთ საერთაშორისო ფესტივალშიც მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ხშირად ტარდებოდა გამოფენა და ყოველთვის ვმონაწილეობდი. იმდროინდელი ახალგაზრდა თაობისთვის ეს ზეიმი იყო. ბებიას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქანდაკების წრეზე დავყავდი. საბოლოოდ, მაინც საგვარეულო საქმიანობა გავაგრძელე და სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების მიმართულებით ჩავაბარე. მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგ ბეჟან სულხანიშვილთან, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე და საერთოდაც, აკადემიაში გატარებული წლები საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ხშირად მეუბნებიან, როგორი ბედნიერებაა, როცა შემოქმედი ადამიანი ხარ და ასეთი ნამუშევრების შექმნა შეგიძლიაო. გამოგიტყდებით, ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, ფეხბურთს რატომ არ გავყევი. ამ ყველაფრის პარალელურად, დიდ ფეხბურთზე ვოცნებობდი. ჩვენს ოჯახში მოქანდაკეების მესამე თაობა ვარ, თუმცა ყველანაირად ვეცდები, უმცროს თაობას სპორტისკენ ვუბიძგო. რამდენად მოვახერხებ, არ ვიცი. დღემდე მიყვარს ფეხბურთი, კვირაში ერთხელ ვთამაშობ, ფანტასტიკური პერფორმანსია განსატვირთავად.
- პროფესია რას ნიშნავს თქვენთვის?
- ეს არის განწყობის, სათქმელის, ემოციების გამოხატვის, საკუთარი პიროვნული მდგომარეობის ასახვის შესაძლებლობა იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობ. როდესაც ეს მიმართულება აღმოვაჩინე, იცით, რა შეგრძნება მქონდა? პირველად რომ დაინახავ ვიღაცას და შეგიყვარდება, აი, ისეთი. პირველი სიყვარული ხომ საოცრებაა. მერე ეს სიყვარული ჩვევაში გადამივიდა და ახლა უკვე ცხოვრების ნაწილია. თუ არ გსიამოვნებს, ისე ვერც ერთ საქმეს ვერ გააკეთებ და ვერც განვითარდები.
- ძირითადად, რა მასალით მუშაობთ?
- ვიყენებ კორიანის ხელოვნურ ქვას, უჟანგავ ფოლადს, ბროლს, შუშას და სხვა თანამედროვე მასალას. ძალიან საინტერესოა სამუშაო პროცესი: ზოგჯერ ვბრაზდები კიდეც, ზოგჯერ არ მომწონს დასრულებული ნამუშევარი. განსაკუთრებულად მიყვარს ყმაწვილკაცობის პერიოდში შექმნილი ქანდაკება, რომელსაც "სიყვარული" დავარქვი. ის ჩემთვის განსაკუთრებულია, რომანტიკული შინაარსის მატარებელი.
- ბათუმში გაკეთებულ თქვენს ცნობილ ქანდაკებაზეც უნდა გკითხოთ - როგორ შეიქმნა და თუ ელოდით, რომ ხალხის ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა?
- ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი. როდესაც ტენდერი გამოცხადდა ქანდაკებაზე, მონაწილეობას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ჰქონდა იდეა და მითხრა, - მგონია, შენ საუკეთესოდ შეძლებ ამ იდეის განხორციელებასო. მართლაც გავაკეთე მაკეტი, რომელიც მოეწონათ. ასე გაჩნდა შეყვარებული წყვილის ქანდაკება ანბანის კოშკის მიმდებარედ, სახელწოდებაც თვითონ შევურჩიე. ხალხს უყვარს და მოსწონს ის ყველაფერი, რაც იოლად გასაგებია, ხოლო რაც ყველასთვის გასაგებია, ის ან გენიალურია, ან - საპირისპირო. ვფიქრობ, ეს ნამუშევარი გენიალური არ არის. არ მომწონს, მაგრამ მაშინ 25 წლის ვიყავი და ასეთი ხედვა მქონდა. ახლა სულ სხვანაირად გავაკეთებდი.
- პანდემიამ სამომავლო გეგმები და გამოფენები ხომ არ ჩაგიშალათ?
- პანდემიის გამო ბევრი რამ შეიცვალა. რამდენიმე ქვეყანაში გამოფენა მქონდა და გაურკვეველი ხნით გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა. მომზადებული ნამუშევრები შეფუთული მილაგია სერტიფიკატებთან ერთად და კაცმა არ იცის, რა იქნება. გარდა ამისა, ჩინეთში უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან ჩამოსხმულია უკვე ჰიპოპოტამ ბეგის ქანდაკება (გახსოვთ ალბათ 2015 წლის 13 ივნისი და თბილისის ზოოპარკის ბინადარი ბეგი) და ველოდებით, როდის შევძლებთ საქართველოში მის ჩამოტანას.
ნინო ჯავახიშვილი