აფხაზეთში დაწყებული მეგობრობის ამბავი - გზაპრესი

აფხაზეთში დაწყებული მეგობრობის ამბავი

79 წლის მერი მიქავა-გაგოშიძემ იმ მეგობრობის შესახებ გვიამბო, აფხაზეთში რომ დაიწყო 27 წლის წინ. "ზღვა სიყვარული მოჭარბებულად გალაპარაკებს, მაგრამ სათქმელი მადლით მოსილი არ ჰგავს არაკებს..." - ეს სტრიქონები ქალბატონი მერის ერთ-ერთი ლექსიდან ამონარიდია, რომელიც მან ოჯახის მეგობარს, დავით სალარიძეს მიუძღვნა. თუ რატომ გაუჩნდა მეგობრის მიმართ მადლიერების საჯაროდ გამოხატვის სურვილი, ამას თავად ქალბატონი მერისგან შეიტყობთ, რომელსაც ინტერვიუსთვის ნორიოში ვესტუმრეთ...

- დავით სალარიძესთან ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო: 90-იან წლებში, გალში, ბატონი დავითი ჩვენს ოჯახში პატიმარივით მოიყვანეს (ზუგდიდში დააკავეს). მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახლდათ. მასთან ერთად დააკავეს გენერალი ზიბერტ ხაზალია (ჩვენ "ზვიადისტებად" მივიჩნეოდით და დღესაც ასეა). ჩემმა შვილმა ეს ამბავი რომ მითხრა, ვუპასუხე: - ჩვენს ოჯახს სტუმრები არ გამოლევია, მაგრამ ადამიანები შინ ასეთი ფორმით როგორ მივიღო, აქ საპატიმრო მაქვს-მეთქი?!. მიუხედავად ამისა, ბატონ დავითს თვალებში რომ შევხედე, მისი მზერა ისეთი ყოვლისმომცველი იყო, ზედმეტი საუბარი არ სჭირდებოდა... ჩვენთან 3 დღე იყვნენ. მოგეხსენებათ, ომი მიმდინარეობდა. სასმელ-საჭმელი ყველა ადამიანს აკლდა, უჭირდა, მათ შორის - ჩვენც, ცხადია. ბატონი დავითის საღ გონებასა და გამჭრიახ თვალებს არაფერი გამორჩენია, ყველაფერი დაინახა. შემდეგ, უთქვამს კიდეც, - საკვებს თავად იკლებდნენ და ჩვენ გვაჭმევდნენო. შეიძლება, ნაწილობრივ, ასეც იყო. ყოველთვის ასეთი ბუნების ადამიანი გახლდით - 3 დღე კი არა, ჩვენთან 3 წელიც რომ დარჩენილიყვნენ, მათი ყოფნა არ მომწყინდებოდა... ღამით ძალიან ცუდი ხალხი დათარეშობდა. თუ დამიჯერებთ, ღამით სტუმრების საძინებლის კართან, ამოსასვლელ კიბეზე ვიჯექი, - ჩემი ჭკუით, მათ ვიცავდი... ეს ჩემმა შვილებმა და ქმარმა არ იცოდნენ... როგორც კი ბატონი დავითი ჩვენს სახლში შემოვიდა და თვალებში ჩავხედე, ვთქვი, - ეს ჩემი უძვირფასესი სტუმარია-მეთქი. სტუმარმასპინძლობის ტრადიციას დიდ პატივს ვცემ და მინდოდა, მათთვის მხოლოდ ჩემი ოჯახის კი არა, ჩემი კუთხის სახე მეჩვენებინა... 3 დღის შემდეგ, დავით სალარიძე და ზიბერტ ხაზალია სხვა ოჯახში გადაიყვანეს. მე და ჩემი შვილი - მანანა ავტომობილის წინ ვიდექით. ვიხვეწებოდი, - თუ არ ათავისუფლებთ, ჩემი სახლიდან არ წაიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერებდა?.. ვტიროდით... ბატონმა დავითმა წასვლისას თქვა: თბილისში თუ ცოცხალი ჩავედი, ჩვენი ურთიერთობა ლეგენდარული იქნებაო...

GzaPress

- მან თქვენი პირველი შთაბეჭდილება გაამართლა?

- გაამართლა კი არა, შეიძლება, ცოტათი "ხმამაღალი" ნათქვამიცაა, მაგრამ მთელ საქართველოში, სადაც თვალი და გონება მიმიწვდება, უკეთესი ადამიანი არ მინახავს. როგორ არ გაამართლა, ბებია? არეულობა რომ დაიწყო და იძულებული გავხდით, გალიდან გამოვქცეულიყავით, კალოშების ამარა წამოვედით. ტყე-ტყე, საოცარი გაჭირვებით მოვრბოდით... თბილისამდე 3 ბინა გამოვიცვალეთ: ჯერ ზუგდიდში ვიყავით, მაგრამ იმ ოჯახში სამი ნიღბიანი ქურდი შემოვიდა. ჩემს რძალს ბრილიანტის ბეჭდები (რაც გალიდან გადმოიტანა) წაართვეს. ასევე, იაპონური მაგნიტოფონი და 2 ახალი კოსტიუმი წაიღეს. მეტი არაფერი გვებადა... ზუგდიდში ასეთი ტრავმა მივიღეთ. იქიდან ქუთაისში წავედით - 20 დღე ნათესავის სახლში გავატარეთ. მაშინ ყველას დუხჭირი ცხოვრება ჰქონდა, სასმელ-საჭმელი არ იშოვებოდა. როგორი საქმეა, როცა 10-სულიანი ოჯახით ვინმეს სახლში მიადგები?.. მერე თბილისში წამოვედით. უაზროდ მოვდიოდით. უმწეობის განცდა მქონდა... ბატონ დავითს თავად არ შევხმიანებივარ, რომ დამხმარებოდა. არ ვიცი, ეს სიამაყე იყო, ამპარტავნობა თუ სხვა რამ... თავად დაგვიკავშირდა, - თქვენთან ურთიერთობა ცოტათი დამაგვიანდაო. თანამდებობის პირი გახლდათ. თავისთან დაგვიბარა. მივედით, რა თქმა უნდა. საცხოვრებელი ფართობიც შემოგვთავაზა და ფულადი დახმარებაც... 10-სულიანი ოჯახის შენახვა იოლი არ იყო, უმუშევარი ხალხი ვიყავით. სად რა გაგვეკეთებინა, პური როგორ გვეშოვა, არ ვიცოდით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ეს ღმერთკაცი (უფალმა მაპატიოს, მკრეხელობად არ მიიჩნიოს). ჩემს შვილს ავტომობილიც მისცა - ოჯახმა გამოიყენეთო, 3-სართულიანი სახლიც დაგვიკანონა... ძროხებიც მოგვიყვანა, ღორებიც, ქათმებიც... 27 წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება...

- აფხაზეთში, თქვენს სახლს რა ბედი ეწია?

- ერთი პერიოდი, გადავწყვიტე, აფხაზეთში დავბრუნებულიყავი. 2014 წელს სტუმრის სტატუსით წავედით. მინდოდა, სახლთან დაკავშირებული საბუთები აღმედგინა (ახლა ის სახლი არავის სახელზე არაა გაფორმებული). ნაცნობებმა მითხრეს, - მერი დეიდა, აქ ქართულად არ ილაპარაკო. ან მეგრულად ისაუბრე, ან - რუსულადო... ჩემთვის ეს საქართველოს, ქართველობის ღალატი იყო... გალში 1-2 კვირა დავრჩით, ჩვენს სახლს მოვეფერეთ. წამოსვლისას ყველა ჩემს მეუღლეს ეძებდა, - მურმანი სად არისო? მე ვიპოვე: სახლში შესულიყო და კედლებს კოცნიდა, ეფერებოდა. - აწი ვეღარ გნახავო, - თავის აშენებულ სახლს ასე ეუბნებოდა... წამოვედით და მას შემდეგ, აფხაზეთში აღარ ვყოფილვართ... ქართველებმა იქ ცხოვრება ძალიან ცუდად დავამთავრეთ. არადა, აფხაზებთან კარგი კავშირი გვქონდა - მეგობრული, ნათესაური... საოცარი პატივისცემა იცოდნენ, ჩვენდამი კეთილგანწყობილნი იყვნენ... პოლიტიკურ ნიადაგზე, "იქით" და "აქეთ", "ზემოთ" "5 კაცი" რას ფიქრობდა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მსხვერპლი არც ჩვენ დაგვკლებია, არც - მათ. გავნადგურდით... ჩვენს ქუჩას "საქართველოს ქუჩა" ერქვა, ახლა კი - "აფსნის ქუჩა" ჰქვია...

- აფხაზეთში როგორ ცხოვრობდით, მოგვიყევით...

- გალის რაიონში დავიბადე. ჩემი მეუღლე რაჭველი კაცია (წარმოშობით ამბროლაურის რაიონიდან, სოფელ პატარა ონიდან). 29 წლის იყო, როცა აფხაზეთში ჩამოვიდა. შევუღლდით და 4 შვილი შეგვეძინა. ნათქვამია, თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაგრამ სიმართლე ესაა - პატიოსნად, წესიერად ვცხოვრობდით...

როცა დავით სალარიძე გვსტუმრობს ხოლმე, იცი, რას ამბობს? ცოლ-ქმარი 2 შვილს აჩენს. მათგან ერთი ბანდიტია, მეორე - კარგი ადამიანი. თქვენს ოჯახში 4 შვილი გაჩნდა და ოთხივე დადებითი პიროვნებააო (იღიმის)... აფხაზეთში, მშვიდობიანობის დროს, ხელოვან ადამიანებს ჩვენი სახლისკენ გული ხშირად მოუწევდათ, ჩვენც გულითადად ვმასპინძლობდით... პოეზია, მუსიკა, მხატვრობა - ჩვენი ოჯახის ყველა წევრს უყვარს. მომღერლობაზე თავს არ ვდებთ, მაგრამ გალის რაიონში მომღერალ ოჯახად მიიჩნეოდა. ჩემი მეუღლე - მურმანი უპატიოსნესი, მშრომელი კაცი იყო. ისეთი ბანი ჰქონდა, რომ ამბობდნენ, - ანზორ ერქომაიშვილს ვაჩვენოთ, მოვასმენინოთო... ჩემი შვილიშვილი - მურო (რომელიც "სუხიშვილების" სოლისტი გახლავთ) და მამამისი - ბადრი თითქმის ყველანაირ ქართულ მუსიკალურ საკრავზე უკრავენ. თან, როგორ მღერიან?!. ჩემი უფროსი ქალიშვილი - მანანა პროფესორი გახლავთ, მაგრამ სულ გვეუბნება - ჩემთვისაც ცეკვა-სიმღერა გესწავლებინათო (იცინის). მანანაც მღერის... პირადად მე, 8 კლასის განათლება მაქვს: ჩვენს სოფელში ერთი საშუალო სკოლა იყო და ერთ დღესაც დაიწვა. მეორე სკოლა 7 კილომეტრის მოშორებით გახლდათ. ოჯახის წევრებმა იქ არ გამიშვეს და უსწავლელი დავრჩი...

GzaPress

- როგორც ვიცი, ლექსებს წერთ...

- დიახ, ბავშვობიდან ვწერ. დედა, ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. გავიხედავდი ხოლმე და, - აქეთ მთა იყო, იქით - ტყე. სკოლაში თუ წავიდოდი, თორემ ისე, მარტოსული ვიყავი. ისეთ გარემოში ვიმყოფებოდი, რომ უნდა მეწერა... როცა ნორიოში მოვედი, ჩემ გარდა, ტაძარში ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ, ერთმანეთის ოჯახის ამბებს კითხულობდნენ... დევნილობის პირველ დღეებში, ნორიოს ღვთისმშობლის ტაძარში გრძნობადაუფლებულმა პატარა ლექსი დავწერე:

"ნაქარიშხალი და გაძარცული იდგა ტაძარში,/ ვით სტალაქტიდა,/ მაღალმა ღმერთმა იცოდა მხოლოდ,/ ის იმ ტაძარში რას განიცდიდა, იყო ბრძოლები ფიქრებსა შინა,/ ზოგი უთქმელი, ზოგი - სათქმელი/ მოსატევებლად მრავალ ცოდვათა,/ ტიროდა ხელში წმინდა სანთელი".

- ალბათ, წერა გულისტკივილთან გამკლავებაში ცოტათი მაინც დაგეხმარათ, არა?

- გარკვეულწილად, დამეხმარა, ეს გაჭირვება რომ გადამეტანა. ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავი. აქ ახლა ცხოვრობს ხალხი, თორემ ჩვენ რომ მოვედით, კაციშვილი არ იყო, ძაღლი არ ყეფდა, მარტო ვიყავით... რაღაც რომ გაფაჩუნდებოდა, შიშის ზარი გვეცემოდა. მერე დავსხედით და სიმღერა - "ვაი შური საყვარელი" დავიწყეთ (ანაკლიაში, დედას შვილს რომ მოჰპარავდნენ და თურქეთში მიჰყავდათ, ასე ტიროდა, მღეროდა დედა - "ვაი შური საყვარელი...")...

დავით სალარიძეს ბევრი ლექსი მივუძღვენი. თავდაპირველად, ძალიან კი ვიწვალე, რომ მისთვის "გასაბედი" ლექსი დამეწერა. შემდეგ მას ეს სტრიქონი წავუმძღვარე: "როგორ გავბედო ლექსის თქმა,/ კაცთან, გონებანათელთან/ ფრთები დასცვივა პეპელას, / მიფარფატებულს სანთელთან." დათოსთვის ჩემ მიერ მიძღვნილი პირველი ლექსიდან ამონარიდს წაგიკითხავთ: "...სიკეთის და სიყვარულის ხარ დიდოსტატი/ საღვთო რელსებზე დაგატარებს თავად უფალი,/ სწორედ ამიტომ მოგავლინა დედამიწაზე,/ გაჭირვებულთა მოწყალე და ჭირისუფალი". შვილებთან შემრცხვება, დავით სალარიძე მათზე წინ რომ დავაყენო, მაგრამ ჩვენთვის ამ ადამიანმა იმდენი რამ გააკეთა, რომ დაუჯერებელია. სულ მისი ყურადღების ქვეშ ვართ. შვილიშვილებსაც "გადასწვდა" - მათაც დაეხმარა... ყველაფერში მხარში გვედგა. გვსაყვედურობს ხოლმე, - ჩემ შესახებ ნუ ლაპარაკობთო. კარგი კაცია და რა გავაკეთეო? ერიდება... ამიტომ შემთხვევით ვისარგებლებ და თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ჩვენი ოჯახის სახელით, დავით სალარიძეს კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას...

ეთო ყორღანაშვილი