სამაჩაბლოში დაკარგული სამხედრო ექიმი და მის კვალს ადევნებული დედა - გზაპრესი

სამაჩაბლოში დაკარგული სამხედრო ექიმი და მის კვალს ადევნებული დედა

აღმაშენებლის გამზირზე მიმავალს ხნიერმა ქალბატონმა, რომელიც ორი ხელჯოხით კიბის საფეხურებზე ასვლას ცდილობდა, დახმარება მთხოვა... პატრონი ბევრი უნდა მყავდეს, მაგრამ ახლა ჩემ გვერდით აღარავინააო, - შემომჩივლა და ატირდა. აღმოჩნდა, რომ რუსუდან ყავლაშვილი თავის ორ შვილს, თემურ და რუბენ სოზიაშვილებს გლოვობდა. ორ შვილს, ორივეს უგზო-უკვლოდ დაკარგულს... გვიანი იყო... დავპირდი, რომ მეორე დღესვე მივაკითხავდი და მის განსაცდელს მოვისმენდი, მოგვიანებით კი მის გულისტკივილს ჟურნალის მკითხველიც შეიტყობდა... თვალები გაუბრწყინდა - ეს ჩემი ოცნებაა და თუ ეს მართლა მოხდება, ჩათვალეთ, რომ ჩემი შვილების კიდევ ერთხელ მოსიყვარულების საშუალებას მომცემთო...

მისი ნაამბობი არ იბეჭდება მხოლოდ იმის გამო, რომ დედის დიდი ტკივილი, როგორც უბრალოდ, ინფორმაცია, ამბავი, ისე გაგაცნოთ... მიზეზი არაერთია... ეს ამბავი ეხება დედას, რომელმაც სიცოცხლის ნახევარი შვილის აღზრდას, ნახევარი კი მისი ცხედრის ძებნას შეალია... დედის ინსტინქტს წინ ვერაფერი დაუდგა. მან არ დაიჯერა, არ დანებდა, არ შეფერხდა, არაფრით დაიღალა... ეძებდა ყველგან და ეძებდა ბოლომდე...

გარდა ამისა, ვფიქრობ, ყველა ქართველი ამ დედის, ასეთი დედების ვალში ვართ... ჩვენთვის, ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის, ჩვენი, ჩვენი მშობლებისა და შვილებისთვის გაიწირა მისი სათუთად გაზრდილი შვილი, რომლის ცხედრის ნახვაც კი სანუკვარ ოცნებად უქცია განგებამ... ამ გაუსაძლისი ტკივილის სანაცვლოდ მხოლოდ ერთს ითხოვს - სურს, მისი სახლის შესასვლელთან მცირე ზომის აბრა განთავსდეს, სადაც დაიწერება, რომ იმ ადგილას დაიბადა და ცხოვრობდა სამხედრო ექიმი, თემურ სოზიაშვილი - სხვების სიცოცხლის სადარაჯოზე გმირულად მდგომი ახალგაზრდა, 38 წლის ექიმი, რომელიც 1992 წლის 12 სექტემბერს სამაჩაბლოში სამშვიდობო ჯარს გაჰყვა და 29 ოქტომბრის შემდეგ აღარავის უნახავს...

- დაბადებიდან ორ თვეში თემურს კანის ძალზე უცნაური დაავადება აღმოაჩნდა. თავზე სველ ბამბას რომ გადავუსვამდი, მას კანიც თან მიჰყვებოდა. არ დამიტოვებია არც საქართველოს, არც მოსკოვისა თუ ლენინგრადის საავადმყოფოები. მკურნალობისთვის არც ენერგიას, არც თანხას ვზოგავდი. ფაქტობრივად, საავადმყოფოში გავზარდე. სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდის მანძილზე უყურადღებო ექიმი არ შემხვედრია. ჩემმა დაჟინებამ და ექიმების თანადგომამ შედეგი გამოიღო, თემური ამ სენისგან განიკურნა. სამხედრო სავალდებულო სამსახური ლენინგრადში გაიარა. მის სანახვაად იქ წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი. ერთხელ სიზმარში ვნახე, თითქოს, კვდებოდა. ჩასულს ნაწილში არ დამხვდა. ქალაქიდან ქალაქში ვეძებდი. ბოლოს გავიგე, რომ საავადმყოფოში იწვა. მისულს, მართლაც მომაკვდავი დამხვდა. ამის თქმაღა მოახერხა, "არ დამტოვო, დედიკო!" ერთი თვე დავრჩი. მოვარჩინე. თემურს გულის შეძენილი მანკიც ჰქონდა. თურმე, როგორც სხვა ჯარისკაცებს, მასაც დიდ ღუმელში უშვებდნენ, საიდანაც ცხელი აგურები უნდა გამოეტანა. უთხოვია, გული მაწუხებს, არ შემიძლია და სხვა ნებისმიერი საქმე დამავალეთო, მაგრამ სიმულანტობა დაუბრალებიათ და მორიგ ჯერზე ღუმლიდან გამოსულს, გონება დაუკარგავს... ნოვოსიბირსკის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მთელი დღე ვმუშაობდი, მეუღლეც ლოგინად იყო, მაგრამ საჭირო თანხას თავს მაინც ვუყრიდი და მასთან ხშირად ჩავდიოდი, დიდ სიხარულს მანიჭებდა მისი წარმატებები. მეოთხე კურსის დასრულების შემდეგ, ლენინგრადის სამხედრო აკადემიაში გადაიყვანეს. წარმატებით დაამთავრა ტომსკის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და მიენიჭა სამხედრო ექიმის წოდება. ჯერ ყაზახეთში გაანაწილეს, მოგვიანებით კი უზეკეთში გადაიყვანეს. უზბეკეთის ქალაქ ზარავშანში მუშაობისას, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მცხოვრებ ქართველებს. ძალიან უნდოდა ამ ქალაქიდან სამშობლოში დაბრუნება. მწერდა, მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ხალხს, ჩემს სამშობლოს შევალიოო. სხვადასხვა ხრიკსაც კი მამართავდა დასაბრუნებლად. საბოლოოდ, მიზანს მიაღწია და 1986 წელს ჩამოვიდა. მუშაობა სასწრაფო დახმარების სადგურში, ქირურგად დაიწყო. მოგვიანებით ზესტაფონში გადავიდა. რამდენიმე წელში გადაწყვიტა ამერიკაში წასულიყო. მეუღლე რუსეთში ჩაიყვანა და ისევ აქ დაბრუნდა. მალე კვლავ იქ ჩასვლას და მასთან ერთად ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც სამსახურისა და საცხოვრებლის პრობლემა უკვე მოგვარებული ჰქონდა. ბარგი შეკრული იყო, როცა დაიბარეს და უთხრეს, სამაჩაბლოში მდგომ ქართულ ნაწილებსა და ხუთი სოფლის მოსახლეობას ექიმი არ ჰყავსო. დაღონებული დაბრუნდა. ქართველებს უჭირთ და როგორ არ დავეხმაროო.

მეორე დილით მის ოთახში შევედი. დავხედე. ეძინა. არ გავაღვიძო-მეთქი, შუბლზე ფრთხილად ვაკოცე და წავედი. მას შემდეგ აღარ მინახავს... ვიცოდი, ვგრძნობდი, ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, მაგრამ არ დამიჯერა... მაინც წავიდა - საქართველოს და ქართველებს უჭირთო. ახლა მე და მის შვილებს რომ გვიჭირს, აინტერესებს ვინმეს?! ჩემი შვილი, რომელმაც თავი საკუთარ ქვეყანასა და ხალხს შესწირა, ისე გაქრა, თითქოს არც უცხოვრია... ჩემი ერთადერთი სურვილია, ეზოს შემოსასვლელში პატარა მემორიალური დაფა გაკეთდეს, სადაც დაიწერება: "ამ ეზოში ცხოვრობდა მრავალდარგობრივი ექიმი, თემურ სოზიაშვილი, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა". ამ თხოვნით ვის აღარ მივმართე, მაგრამ ყურად არავინ იღო... აქამდე იმის რწმენამ მომიყვანა, რომ სამშობლოს გამო დაღუპულისთვის სამოთხის კარი ღიაა. ვამაყობ, რომ გმირი შვილის დედა ვარ.

GzaPress- მისი გარდაცვალების შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- ექიმი, რომელთან ერთადაც "სასწრაფოში" მუშაობდა, ნიქოზში გაანაწილეს. როცა თემური დაიკარგა, ის ექიმი თბილისში, ჩემს სახლთან მოვიდა და ყვიროდა, - გამოდი, თემურ, ვიცი, აქ ხარო. მას სამხედროები მოჰყვნენ, ეძებდნენ, როგორც დეზერტირს...

- ამ დღიდან დაადექით გარდაცვლილი შვილის ძებნის უსასრულო და უმძიმეს გზას...

- სანამ იმ ტერიტორიაზე შესვლა შეიძლებოდა, სულ დავდიოდი... მაშინ გია, თემურის შვილი 11 წლის იყო (თემურის პირველმა მეუღლემ სამი თვის გია ჩემთან მოიყვანა, ლოგინზე დააწვინა და მითხრა, - როგორც გინდათ, ისე გაზარდეთო, თავად კი თავის სამშობლოში, რუსეთში გაემგზავრა. გია მარტომ გავზარდე). კვირაში ორი დღე თუ ვიყავი სახლში, დანარჩენი დღეები თემურის საძებნელად დავდიოდი. ბავშვის მარტო დატოვება მიხდებოდა. ნახევრად მშივრები ვიყავით. ქუჩაში ნატეხ პურებს ვაგროვებდი. ერთ დღეს ნახევარი პური ვიპოვე, გახარებულმა სახლში მოვიტანე და ბავშვს მივეცი. მე საქმეს მივუბრუნდი, ვახშმობას მოგვიანებით ვაპირებდი. ცოტა ხანში დავინახე, რომ ბავშვს პირზე ქაფი გადმოსდიოდა... "სასწრაფომ" გადაიყვანა, მისი გადარჩენა ძალიან გაჭირდა... მას შემდეგ ქუჩაში პური აღარ ამიღია. ერთხელ, მახსოვს, ციცქნა ნაჭერი კარაქი მქონდა. ნახევარი პურზე წავუსვი. გიამ პური აიღო და მხოლოდ კარაქი ალოკა. გაბრაზებულმა ხელზე დავარტყი... რომ მახსენდება, ახლაც მრცხვენია. ამ დროს მეზობელი შემოვიდა. გია ნამტირალევი იყო, მაგრამ მეზობელს არაფერი უთხრა. თუმცა, ამბავი შემოსწრებულს თავად ვუამბე. გამიბრაზდა და თქვა, თემურის შვილს არ უნდა მოშივდესო. მას შემდეგ სულ მეხმარებოდა - ხან თანხით, ხან წამლით, ხანაც სურსათით.

ზოგჯერ გია მეზობლებს ეხმარებოდა და პურის ფულს ამ გზით ვაგროვებდით. ახლა გერმანიაშია, მეუღლე და ვაჟი ჰყავს. მომავალი მეუღლე ინტერნეტით გაიცნო, ერთმანეთი შეუყვარდათ. მართალია, ჩემი დატოვება გაუძნელდა, მაგრამ რომ შევატყვე, ის გოგონა ძალიან უყვარდა, ხელი შევუწყვე, რომ წასულიყო. ჩემს სანახავად ხშირად ჩამოდის. ახლა ავად ვარ, ფილტვების ანთებით, გია ჩამოსული იყო რამდენიმე დღით. მთხოვს, გავყვე, მაგრამ როგორ წავიდე?! ამ სახლში ყოველ ღამით თემურის ფეხის ხმა მესმის...

- თემურს იქ თითქმის ყველა იცნობდა... როგორ მოხდა, რომ მისი გარდაცვალების თუ დაკარგვის შესახებ არავინ არაფერი იცოდა?

- გვიან გავიგე, რომ მისი ამბავი თურმე, მთელმა რაიონმა იცოდა, მაგრამ არავინ არაფერს მეუბნებოდა. იცოდნენ, რომ ოსმა ბიჭებმა მოკლეს. უთქვამს, ნუ მომკლავთ, გამოგადგებითო, მაგრამ მაინც მოუკლავთ. ერთმა ადგილობრივმა მითხრა, - ჯერ აწამეს, მერე ააფეთქეს და მის თავს ძაღლი დააგორებდაო... ვინც კი მეტყოდა, ამა თუ იმ სოფელში ვნახეთო, ყველგან მივდიოდი და ამბავს ვკითხულობდი. ერთხელ ნიქოზში, სადაც სამხედრო ნაწილი იყო, ერთმა იქ მყოფმა პოდპოლკოვნიკმა უხეშად მითხრა, - კარგი რა, დეიდა, არ დაიღალეთო? გენერალმა აბაშიძემ, რომლის მადლიერი ვარ, პოდპოლკოვნიკს უსაყვედურა, მოხუცი შვილს ეძებს, როგორ ელაპარაკებიო?!

- ალბათ, ნახავდით პაციენტებსაც, ვისაც თემური მკურნალობდა... მათაც არაფერი თქვეს?

- ის არა მხოლოდ ჯარს, არამედ ლიახვის ხეობის თითქმის ყველა სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა. მისთვის არ არსებობდა განსხვავება ოსსა და ქართველს შორის. ხშირად საველე პირობებში ლამპის შუქზე ურთულეს ოპერაციებს აკეთებდა. ხეობაში ის გახლდათ ქირურგიც, თერაპევტიც, რეანიმატოლოგიც, მასაჟისტიც, კბილის ექიმიც. მითხრეს, რომ მოხუცი ქალბატონი 4-საათიანი ხელოვნური სუნთქვის შემდეგ მდგომარეობიდან გამოიყვანა. ქალბატონს მადლობის ნიშნად, ბალიშის ქვეშიდან 3 მანეთი გამოუცურებია და თემურისთვის გაუწვდია. თემურს ეს სამი მანეთი გამოურთმევია, ზედ სამასი მანეთი დაუმატებია და უკან დაუბრუნებია - წამლებისა და მკურნალობისთვის დაგჭირდებათო. მას შემდეგ მადლიერი პაციენტი ხშირად ამბობდა, თემური ჩემი ღმერთია, სიცოცხლე მაჩუქაო. მატერიალურად გაჭირვებულ ადამიანებთან წამლები უფასოდ მიჰქონდა.

გიორგი ხადური, ვანათის მცხოვრები იხსენებს: "1991-92 წლებში ოსებისა და ქართველების კონფლიქტისას სოფელ ვანათში დასახმარებლად მოვიდა ქართული გვარდია, რომელსაც ახლდა ექიმი. მას დავალებული ჰქონდა სამედიცინო დახმარება გაეწია გვარდიელებისთვის. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობას მეტად უჭირდა - რამდენიმე წლის მანძილზე ხალხს არანაირი სამედიცინო მომსახურება არ ჰქონდა. სწორედ ამ დროს ხეობას თემური მშველელად მოევლინა. ის დაუზარლად ემსახურებოდა როგორც გვარდიელებს, ისე სოფლის მოსახლეობას. ქირიურგიული ჩარევა იქნებოდა საჭირო თუ ამბულატორული მკურნალობა - ყოველთვის მზად იყო".

ჩაწერილი მაქვს სოფელ ვანათის მცხოვრები ნორა თედელურის მოგონებაც:

"ერთხელ ოსური სოფლიდან ერთი ქალი მივიდა და უთხრა, კოხადში მცხოვრები ქუმარიტოვი ძალიან ცუდადააო. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლა საფრთხეში თავის ჩაგდების ტოლფასი იყო, თემური უმოკლესი გზით, ბაღებით გადავიდა და მძიმე ავადმყოფს უშველა".

მასთან მომუშავე ექთანის, მარინე ხადურის მოგონება:

GzaPress"ყველასთან ბინაზე მიდიოდა, საკუთარი მედიკამენტებით მკურნალობდა, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ პირობებში. მისთვის არ არსებობდა დღე და ღამე, სიცივე და სიცხე. ყოფილა შემთხვევა, ლამპის შუქზე, საველე პირობებში ოპერაცია გაუკეთებია. არ არჩევდა ავადმყოფებს ეროვნების მიხედვით. ორმხრივი შეტაკებისას საავადმყოფოში გამოეშურა, სადაც დაჭრილები ელოდებოდნენ. გაგვაფრთხილა, ყველასთვის გვემკურნალა. ისარგებლა მტერმა სიბნელით, აურზაურით და ისე გაიტაცეს, საავადმყოფომდე ვერ მოაღწია".

როგორც ამბობენ, თემური ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. სოფელ ვანათში ოსების მანქანიდან, მოულოდნელად, სროლა ატყდა. სწორედ ამ საბედისწერო დღიდან ის აღარავის უნახავს.

- 1993 წლის მარტში, სიცოცხლის რისკის ფასად ჯერ ცხინვალში ჩავედი, შემდეგ ვანათში, დმენისში, კოხატში და სხვა სოფლებში. გენერალ პანტელეიმონ გიორგაძეს შევხვდი და იცით, რა მითხრა?! ერთი კაცის გამო ოსებთან ომს ხომ არ დავიწყებო?! მივმართე თავდაცვის, ჯანდაცვის, შს სამინისტროებს, სამხედრო პროკურატურას, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო და მრავალ სხვა ორგანიზაციას, პირადად ვიარე კაბინეტებში, არ დამიტოვებია არც ერთი სტრუქტურა და ცალკეული პირი, მაგრამ დღემდე გულგრილობის მსხვერპლი ვარ... ერთხელ ჩვენმა გენერალმა დამიბარა. დილიდან საღამომდე ველოდე. საღამოს მოვიდა - ვერაფერი გავიგეო. ავტირდი. უკვე ღამე იყო. მორიდებით ვთხოვე, იქნებ ბაზრობამდე რომელიმე სამხედრომ წამიყვანოს-მეთქი. ამ დროს მანქანა შემოვიდა ჭიშკარში, მომანათა, გაჩერდა და ოსი გენერალი გადმოვიდა. დაბრძანდით, - მე წაგიყვანთო. ბაზრობამდე რომ მივედით, კალთაში რაღაც ჩამიდო. დღეს ხელფასი ავიღე და ეს თქვენთვის არ არის, თქვენი მშიერი შვილიშვილისთვისააო. 505 მანეთი იყო... ასე დამეხმარა ოსი გენერალი მაშინ, როცა ბევრ ქართველს ჩემზე გული არ შესტკიოდა.

ერთი ოსი გენერალი გავიცანი. ვუთხარი, თავს მოვიკლავდი, მაგრამ სახლში დედით და მამით ობოლო ბავშვი მელოდება-მეთქი. მან ოსების რამდენიმე სოფელში მიმიყვანა. ადგილობრივებმა არაჩვეულებრივად მიმიღეს. რამდენ ოჯახშიც მივსულვარ, სურსათ-სანოვაგით სავსეს მიშვებდნენ. რაც იქ დავდიოდი, გიას აღარ მოშივებია...

- თქვენს ამ ეკლიან გზაზე სიარულს, სამწუხაროდ, შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ დღეს ორი ხელჯოხით გადაადგილდებით...

- დიახ, ეს ამბავიც ჩემი შვილის ძებნის პროცესს უკავშირდება. თემური სოფელ ვანათში დაიკარგა. მითხრეს, სოფელ ორტევში ერთი ხეა და თქვენი შვილი იმ ხის ქვეშაა დაკრძალულიო. ცენტრალური გზიდან ფერდობი ადიოდა. როგორც იქნა, ვაკეზე ავედი და მგლების ხროვაც დავინახე... ისეთი ხე იდგა, იქ არ შეიძლებოდა ადამიანი ასულიყო... ახლაც არ ვიცი, შიშისგან ხეზე როგორ აღმოვჩნდი. მგლებმა ხეს რამდენიმე წრე დაარტყეს და ფერდობზე დაეშვნენ. მე ხიდან ჩამოვვარდი და ვეღარც ავდექი... მივარდნილი ადგილი იყო, იქ ვერ დავრჩებოდი. გორვით ჩამოვგორდი ცენტრალურ გზაზე. თან ვიჩქმეტდი, რომ ტკივილისგან გონი არ დამეკარგა. წელი ისე მტკიოდა, ხმამაღლა ვტიროდი... მომავალ მანქანას წინ დავუწექი. გააჩერა, კაბინაში ამიყვანა და ვანათამდე მივაღწიე. ვანათში ერთ ოსს ქართველი ცოლი ჰყავდა. მათთან მივედი... ახლა ორი ხელჯოხითაც გაჭირვებით გადავადგილდები...

- თქვენი ტკივილი მხოლოდ ერთი შვილის დაკარგვით არაა გამოწვეული... სამწუხაროდ, დაიკარგა ასევე, მეორე შვილი - რუბენი...

- დიახ, რუბენი მეუღლესთან ერთად (მასაც ეროვნებით რუსი მეუღლე ჰყავდა) ციმბირში წავიდა და იქ დაიკარგა... ის 35, თემური კი 38 წლის ასაკში წამგვარა უფალმა...

შორენა ლაბაძე