"ქალები პოლიტიკაში უნდა მომრავლდნენ, მაგრამ მამაკაცებს არ უნდა გვაჯობონ..."
გამონაკლისი ამ მხრივ, არც საქართველოა.
რას ფიქრობენ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გემოვნების მქონე მამაკაცები პოლიტიკოს ქალებზე და რომელი პოლიტიკოსი მოსწონთ ყველაზე მეტად? - ამ შეკითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
გეგე სულხანიშვილი, მსახიობი:
"დღევანდელ საქართველოში, პოლიტიკოს ქალებს შორის მარიამ ჯაშს გამოვარჩევდი - ის ჭკვიანი, გაწონასწორებული და კარგი ადამიანია. ლამის, ჩემი შვილიშვილის ტოლია და მთელი სულითა და გულით ვგულშემატკივრობ. მსოფლიო პოლიტიკაში კი, რჩეული არ მყავს, რადგან პირველ რიგში, მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, მაინც ჩემი მტკივა და მიხარია... ქალები პოლიტიკაში უნდა მომრავლდნენ, მაგრამ მამაკაცებს არ უნდა გვაჯობონ..."
ზაქარია ქუცნაშვილი, იურისტი, პოლიტიკოსი:
"ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი ქალი ანგელა მერკელია - ეს ცხადზე უცხადესია. მან შეძლო გერმანიისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა, რისთვისაც ეს ქვეყანა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იბრძოდა. იმის მიღწევა, რასაც გერმანელები ომით ცდილობდნენ, მერკელმა მშვიდობიანი გზით შეძლო. რაც შეეხება ქართველ ქალებს, აქ ვინმეს გამორჩევა გამიჭირდება, რადგან პოლიტიკოსი, პირველ ყოვლისა, მისი საქმიანობის შედეგით ფასდება..."
ბიძინა მახარაძე, იუმორისტი:
"ის დრო, როდესაც ქვეყნებს პროფესიონალი პოლიტიკოსები მართავდნენ, წავიდა. ჩემი აზრით, უკანასკნელი პოლიტიკოსი საქართველოში ედუარდ შევარდნაძე იყო - ის ისეთ ეპოქაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, როცა ამ სფეროში პროფესიონალიზმი აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართველ ქალებს შორის, ამ დონის პოლიტიკოსის დასახელება ცოტა არ იყოს, მიჭირს..."
ნუგზარ რუხაძე, ჟურნალისტი:
"ვერავის ვანდობდი ვერც საქართველოს და ვერც - მსოფლიოს. საერთოდ, ტენდენცია, რომ ქალი და მამაკაცი ერთმანეთს უნდა გაუთანაბრდნენ, ყველაზე დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ჭკვიანი, განათლებული და სანდო პროფესიონალები - ქალი და კაცი მე არ ვიცი!.."
ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 5 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე