რჩეული ქართველები...
font-large font-small
რჩეული ქართველები...
"მას სანაქებო არისტოკრატიზმი არც თუთუნისა და პაპიროსის გამყიდველობისას ჩამოსცილებია..."

"გზის" წინა ნომერში წარმოგიდგინეთ ქართველი ემიგრანტი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის, ლეილა კვირიკაშვილის რამდენიმე მასალა ქართველების ევროპულ კვალთან დაკავშირებით. საამაყო ქართველების შესახებ ისევ მის მიერ მოძიებულ და დამუშავებულ პუბლიკაციებს მცირედი ცვლილებებით ვთავაზობთ მკითხველს. ამჯერად ჩვენი "სამიზნე" საქართველოს საზღვრებს შიგნითა არეალს შეეხება და ვფიქრობთ, წარმოდგენილი პუბლიკაცია საქართველოს სამოქალაქო ისტორიით დაინტერესებული პირების გარდა, ქართული ლიტერატურის სპეციალისტებსაც ფრიად წაადგებათ.


ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის ექსპერტიზისა და გადასვენების შესახებ...
"ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს ექსპერტიზა პათანატომებმა - ვლადიმერ ჟღენტმა და არკადი ჯორბენაძემ 1938 წელს ჩაუტარეს. ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენებას დის - სოფიოს შვილი, გიორგი სუმბათაშვილი დაესწრო. განჯაში გარდაცვლილი 28 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხედარი იქვე, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს (1845 წელს). ბიძაშვილმა გიორგი ორბელიანმა 1893 წელს ჩამოასვენა ნიკოლოზის ნეშტი თბილისში. ტატო განჯაში კუბოშიც კი არ ყოფილა ჩასვენებული. ნეშტი თბილისიდან ჩატანილ კუბოში მოათავსეს, რომელიც "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" შეისყიდა და თბილისში დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1938 წელს, ანუ დიდუბეში დაკრძალვიდან 45 წლის მერე, მწერალთა კავშირში შედგა კომისია, რომელსაც ბარათაშვილის დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადასვენების საკითხი უნდა მოეგვარებინა. იმდროინდელ პრესაში ვკითხულობთ, რომ კომისიის თავმჯდომარედ ალიო მირცხულავა დაინიშნა, ხოლო წევრები იყვნენ: შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, ილო მოსაშვილი, ვლადიმერ ჟღენტი და არკადი ჯორბენაძე. ვინ იყვნენ ვლადიმერ ჟღენტი და არკადი ჯორბენაძე? პროფესორმა (მოგვიანებით, აკადემიკოსმა) ვლადიმერ ჟღენტმა 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პათოლოგიური ანატომიის კათედრა დააარსა და არკადი ჯორბენაძე მისი ყოფილი სტუდენტი, უკვე დოცენტი გახლდათ. სწორედ მათ ჩაუტარეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს ექსპერტიზა მთაწმინდის პანთეონში. ორ შეერთებულ მაგიდაზე მოათავსეს ბარათაშვილის ჩონჩხი და თავის ქალა, ვლადიმერ ჟღენტმა ხელით გაწმინდა ქალა, დაათვალიერა და ამის მერე ააწყო ბარათაშვილის ჩონჩხი. ფეხის მარცხენა კიდურზე დაკოჟრება დააფიქსირეს (ბარათაშვილი ხომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის კიბიდან გადმოვარდა და დაკოჭლდა). "ცინკის" პატარა კუბო დიდ ჩასასვენებელში მოათავსეს...
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნეშტი ნამდვილად ნიკოლოზ ბარათაშვილის იყო. არადა, იქამდე, გარკვეული ეჭვები არსებობდა, გადმოასვენეს თუ არა განჯიდან ნამდვილად ბარათაშვილის ნეშტი. რამ გამოიწვია ეს ორჭოფობა? როცა გიორგი ორბელიანი თანმხლებ პირებთან ერთად განჯაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს ეძებდა და ვერ პოულობდა, საგონებელში ჩავარდნილა. საარქივო მასალებში ვკითხულობთ, რომ ეკლესია, სადაც იყო დაკრძალული, გადაკეთებული დახვდათ. გიორგი ორბელიანმა პოეტის დებისგან გადმოცემით იცოდა, სად მდებარეობდა ნიკოლოზის საფლავი, მაგრამ როცა სავარაუდო ადგილი გათხარეს, იქ არ აღმოჩნდა.
თვითმხილველი გიორგი იოსელიანი წერს: "მუშებს სულ ახალ და ახალს ვაყენებდით. სულ გამოვცვალეთ 24 მუშა, ხალხი დაღონდა და იმედი დაეკარგათ ძვირფასის ნეშტის პოვნისა. ჩვენ კი, რომელთაც მონდობილი გვქონდა ამ ნეშტის ქალაქში მოსვენება, ფერი გვეცვალა და აღარ ვიცოდით, რა გვექნა, როგორ ჩავსულიყავით ტფილისში და რა პასუხი უნდა გაგვეცა". ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნეს და წამოასვენეს. ბუნებრივია, მაშინ არც ექსპერტიზა ჩასტარებია და მუშების გარდა, არც არავის უნახავს ნეშტი. პათანატომების დასკვნამ კი საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჯერ განჯიდან დიდუბეში, ხოლო დიდუბიდან მთაწმინდაზე გადასვენებული ნეშტი ნამდვილად ნიკოლოზ ბარათაშვილის იყო.
წარმოგიდგენთ საინტერესო ფოტოდოკუმენტს, რომელიც ასახავს მთაწმინდის პანთეონში, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაკრძალვამდე არსებულ რეალობას: 1938 წლის 15 ოქტომბერი. ფოტოზე დგანან მარჯვნიდან: გიორგი ლეონიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე ქუთათელი, ვლადიმერ ღლონტი, დიმიტრი ბენაშვილი, ილო მოსაშვილი, პავლე ინგოროყვა, გ. ხეჩუაშვილი, შალვა დადიანი, გრიგოლ ცეცხლაძე, ალიო მირცხულავა (მაშაშვილი), გიორგი სუმბათაშვილი (ბარათაშვილის დისწული, სოფიოს შვილი), ეფ. ლეონიძე (გ. ლეონიძის მეუღლე), სერგო კლდიაშვილი, პლატონ კეშელავა. კუბოს თავთან: ირაკლი აბაშიძე და რაჟდენ გვეტაძე..."
GzaPress
კალისტრატე ცინცაძესთან დაკავშირებული ამბები
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის შვილი დახვრიტეს. ახალგაზრდა კალისტრატე რომელ ციხეშიც იჯდა, დახვრეტამდე სწორედ იქ გამოკეტეს მისი შვილი ნინო. მოქმედი პატრიარქის შვილს საფრანგეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დავიწყებ იმით, რომ 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეექვსე კრებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე აირჩიეს, 24 ივნისს კი სვეტიცხოველში მოხდა მისი აღსაყრდება. არაფერს მოვყვები კალისტრატეს სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდზე, როცა ყმაწვილი დიმიტრი ყიფიანს ედგა გვერდში და ამისთვის ის ციხეში გაამწესეს; არც იმაზე, როგორი სწორუპოვარი მებრძოლი იყო ეკლესია-მონასტრების გადარჩენისა და სარწმუნოების დაცვისათვის. ამ მონათხრობში მთავარი ისაა, რომ 1937 წელს მისი შვილი დახვრიტეს. ამ თემაზე ცინცაძეების ახლობლები 90-იან წლებამდე არ საუბრობდნენ. უფრო მეტიც, საგულდაგულოდ მალავდნენ ამ ისტორიას. საქმე იმაშია, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ (მეუღლე ჰყავდა გვარად ყარალაშვილი, რომლის ოჯახის წევრები 1924 წლის აჯანყების დროს ამოხოცეს, თავად კი აბასთუმანში ტუბერკულოზით გარდაიცვალა), ნინო ცინცაძემ მუშაობა დაიწყო ახალგახსნილ "ბაქტერიოფაგში", რომლის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი იყო მეცნიერი გიორგი ელიავა. აქვე ვიტყვი, რომ მეოცე საუკუნის 10-იანი წლებიდან, ბაქტერიოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯი გადაიდგა. ქართველმა გიორგი ელიავამ ქოლერის ვიბრიონის (Vიბრიო ცჰოლერაე) კულტურებზე მშთანთქმელი ბაქტერიები აღმოაჩინა, 1917 წელს კი პარიზის პასტერის ინსტიტუტის კანადელმა ბაქტერიოლოგმა მეცნიერული ახსნა მოუძებნა სპონტანური ლიზისის ფენომენს დიზენტერიით დაავადებულ ადამიანებში და ასე შეიქმნა ბაქტერიის მშთანთქმელი, ანუ ბაქტერიოფაგი (შეიძლება კარგად ვერ ავხსენი, მაგრამ მომიტევეთ. აზრი, მგონი, გასაგებია). საქართველოში 1923 წელს გიორგი ელიავას თაოსნობით დაარსდა ბაქტერიოფაგების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ამასთან, მყარი საფუძველი ჩაეყარა მოლეკულურ ბიოლოგიას. დადგა 1937 წლის 10 ივლისი და გიორგი ელიავა მეუღლესთან ერთად დახვრიტეს, შვილი გადაასახლეს. ამ დროს ნინო ცინცაძე ბაქტერიოფაგში დირექტორის მდივნად მუშაობდა, მამამისი კი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე იყო... როცა საბჭოთა არქივები გაიხსნა და გიორგი ელიავას საქმე სამზეოზე გამოვიდა, გაირკვა, რომ "ანტისაბჭოთა განწყობით გამორჩეულთა სიაში" ნინო ცინცაძე ერთ-ერთი იყო, როგორც საფრანგეთის დაზვერვის აგენტი. ნინო 1937 წლის 9 დეკემბერს გაასამართლეს მუხლებით, რაც შპიონაჟს, ანტისაბჭოთა განწყობასა და ხალხის მტრობას გულისხმობდა. 86 წლის კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს აღესრულა და ვერ მოესწრო შვილის რეაბილიტაციას, როცა დახვრეტილი ნინო ცინცაძე, გიორგი ელიავასთან ერთად, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და საქმე შეწყდა. აქვე წარმოგიდგენთ ფოტოს, სადაც ასახულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე შვილებთან - ნინოსა და მელანიასთან ერთად.
აქვე ცინცაძეების დიდი ტრაგედიის კიდევ ერთი მტკივნეული ნაწილი: კორნელი კეკელიძის შვილი - ალექსანდრე თბილისის მთავარ მოედანზე დახვრიტეს...
როცა პროფესორ ნოდარ ტაბიძეს ახსენებენ, ყოველთვის ასე იყო და კვლავაც გრძელდება, ვამბობთ, გალაკტიონის ძმისშვილი. ბუნებრივია, ეს უდიდესი პატივი იყო მისთვის. თუმცა, საზოგადოებამ და ძალიან ბევრმა ადამიანმა, შესაძლოა, არც იცის, რომ ნოდარ ტაბიძე დედის მხრიდან იყო კათოლიკოს-პატრიარქის - კალისტრატე ცინცაძის და აკადემიკოს კორნელი კეკელიძის პირდაპირი შთამომავალი. ზუსტად აგიხსნით: ბატონი ნოდარის ბაბუის (დედის - ტატიანა ცინცაძის მამა) - ამფილოქე ცინცაძის უმცროსი ძმა იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. ტატიანას დედის - ეკვირინე კეკელიძის უმცროსი ძმა კი აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე გახლდათ. მაშასადამე, ნოდარ ტაბიძე დედის ხაზით კალისტრატე ცინცაძისა და კორნელი კეკელიძის შთამომავალია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შვილი 1937 წელს რომ დახვრიტეს, ამაზე ვწერდით. საინტერესოა, რა ბედი ეწია აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ოჯახს?..
ცნობისათვის, კორნელი კეკელიძე 1879 წლის 30 აპრილს დაიბადა ქუთაისის მაზრის (ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი) სოფელ ტობანიერში, სამსონ კეკელიძის და თებრონე ურუშაძის მრავალშვილიან ოჯახში. 1896 წელს კორნელის დედა გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ კი მამა. დაობლებულ ოჯახს უფროსი და, ეკვირინე და მისი მეუღლე, კალისტრატე ცინცაძის უმცროსი ძმა, ამფილოქე (კალისტრატეს ძმა ამფილოქე იყო საეკლესიო პირი) ეხმარებოდნენ. 1904 წლიდან მოყოლებული, კორნელი კეკელიძე ჯერ დეკანოზი იყო, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1921 წლიდან ანაფორა გაიხადა და მთელი ცხოვრება მეცნიერებას, ძველ ქართულ მწერლობას და უნივერსიტეტს მიუძღვნა (იგი იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი). კორნელი კეკელიძე გარდაცვალებამდე ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი იყო. მან ფასდაუდებელი სამუშაო გასწია, იერუსალიმის, საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების არქივებსა და სიძველეთსაცავებში მოიპოვა, დაამუშავა და გამოიკვლია ძველი ქართული ხელნაწერები. სწორედ მისი წყალობით გვაქვს ძველი ქართული მწერლობის ძეგლები შემორჩენილი.
ამ ბუმბერაზი მეცნიერის ცხოვრება ტრაგიზმით იყო სავსე. კორნელი კეკელიძის 18 წლის შვილმა, ალექსანდრემ 1924 წელს დააარსა იატაქვეშა გაერთიანება "თავისუფალი საქართველო". ორგანიზაცია ერთ-ერთმა წევრმა გასცა და ალექსანდრე დააპატიმრეს, შემდეგ კი დახვრიტეს თავისუფლების მოედანზე. ასეთი მძიმე ხვედრი ერგოთ უდიდეს ადამიანებს, კალისტრატე ცინცაძეს და კორნელი კეკელიძეს, რომლებიც ნოდარ ტაბიძის დედის ღვიძლი ბიძები იყვნენ.
კორნელი კეკელიძე 1962 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში. თბილისის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ, ლექციაზე სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ნოდარ ტაბიძე, კორნელი კეკელიძის საფლავთან ნაბიჯს შეანელებდა და მერე ისევ აგრძელებდა ხოლმე გზას..."
GzaPress
ნიკო ბური...
"ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელს ფრანგული ენა თბილისელმა ფრანგმა დალაქმა და პლატონ იოსელიანმა შეასწავლეს. ნიკო ბური სიცოცხლის ბოლოს თბილისში, ბაზრობაზე სიგარეტებს ყიდდა. მას ცოლად ანა ბუჭყიაშვილი ჰყავდა. სტუდენტობის პერიოდში, როცა ნიკო ბურის აფრიკული ოდისეის შესახებ შევიტყვე, დიდი ინტერესი გამიჩნდა მის მიმართ. აქ, დამონებული, დაპყრობილი საქართველოს შვილი, იქ, აფრიკაში, ბურებს ეხმარებოდა ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. მერე მისი პირდაპირი შთამომავალი, ქალბატონი ია ბაგრატიონ-მუხრანელი გავიცანი და ბევრი რამ შევიტყვე ამ ტრაგიკული ბაგრატიონის-ნიკო ბურის ცხოვრების შესახებ. მოკლედ, თქვენც გაგიზიარებთ.
ნიკო ბაგრატიონ-მუხრანელი 1868 წელს მუხრანში, გიორგი და ანა ბაგრატიონების ოჯახში დაიბადა. მეფე არჩილ მეორის პირდაპირ შთამომავალს მშობლები ბავშვობიდან მეომრად ზრდიდნენ, თუმცა, როგორც ოფიციალური სამხედრო პირი, მეფის სამსახურში არ ჩადგა. მან გამოიარა ომი აფრიკაში, იყო გადასახლებული წმინდა ელენეს კუნძულზე, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ... უყვარდა მოგზაურობა, გართობა, ღვინის დაყენება, არყის გამოხდა მუხრანში.
1884 წელს მამა გარდაეცვალა და ხან ინგლისელებთან მუშაობდა, ხან ყარსის რკინიგზაზე, მერე მამული დააგირავა და ძლივს დაიბრუნა. 1896 წელს, რუსეთში ნიკოლოზ მეორეს კორონიზაციაზე მიავლინეს ქართულ დელეგაციასთან ერთად და საქართველოში აღარ დაბრუნდა. ნიკოლოზ ორბელიანმა აფრიკაში სანადიროდ წასვლა შესთავაზა და ისიც დათანხმდა. ბაგრატიონი და ორბელიანი ჯერ საფრანგეთში ჩავიდნენ, პარიზში ოთხი თვე დაჰყვეს და მერე ისე მოხდა, რომ ორბელიანმა გადაიფიქრა საფარიზე წასვლა და ნიკო მარტო მაინც წავიდა ლომებზე სანადიროდ. 1899 წელია და 11 ოქტომბერს, როგორც კი მარსელიდან გასული გემი მიუახლოვდა სამხრეთ აფრიკას, ბურების რესპუბლიკის წინააღმდეგ ინგლისელებმა ბრძოლა გააჩაღეს. ნიკო ჩაერთო ბურების მხარეს ომში და სულ მალე, წმინდა ელენეს კუნძულზე გაასახლეს. სიკვდილით უნდა დაესაჯათ, მაგრამ მეფის შთამომავლობამ დაიფარა განსაცდელისგან.
სამ წელში დაბრუნდა საქართველოში. მერე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, გამოხდა ხანი და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როცა ყველა გარბოდა და თავს შველოდა, მაინც საქართველოში დარჩა. ნიკო ბურის ქალიშვილები, ნატალია და რუსუდანი ემიგრაციაში წავიდნენ (ექვსი შვილი ჰყავდა, მაგრამ ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა სამი მათგანი). მამულები და ქონება ჩამოართვეს, ლუკმაპური სანატრელი ჰქონდა და იმის იმედად იყო, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლებოდა, საქართველო გათავისუფლდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლები (სულ 65 წელი იცოცხლა) გაჭირვებაში გაატარა. თბილისში ძველმანების ბაზრობაზე, წვერმოშვებული, დიდი პალტოთი და შუბლზე ჩამოფხატებული ქუდით დადიოდა და თუთუნს, პაპიროსებს ყიდდა. სალახანები მეფის ძველ აქსესუარებში რომ დაინახავდნენ, თურმე დამცინავად ამბობდნენ, რა მეფესავით გამოწყობილაო. არც იცოდნენ, ვინ იყო და რა უნდოდა ამ კაცს. ნიკო ბურმა თავის ჩანაწერებში ზუსტად ასე დაასათაურა წერილები და დღიურები "რა ვიყავი და რა ვარ ახლა". ვინც იცნობდა ნიკოს, ყველა აღიარებდა, რომ მას სანაქებო არისტოკრატიზმი არც თუთუნისა და პაპიროსის გამყიდველობისას ჩამოსცილებია..."
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ქართველი ქალი გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე
თერმოსკრინინგმაც აჩვენა,/ კორონავირუსს ვებრძოდი
რეჟისორული ხრიკები თოვლისა და ნისლის იმიტაციის შესაქმნელად
როცა სიცოცხლის ძალას საყვარელი ადამიანები გაძლევენ...
"12 დღე მხოლოდ ხის ფოთოლს ვჭამდით"
საშობაო პერიოდი ბელგიაში 6 იანვარს ნათლისღებით სრულდება
ჩემი მეგობარი გმირია!
როცა სიცოცხლის ძალას საყვარელი ადამიანები გაძლევენ...
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი