ეთერ თედიაშვილის მინამდნარი მხატვრობა - გზაპრესი

ეთერ თედიაშვილის მინამდნარი მხატვრობა

სახელოსნოს შესასვლელიდანვე გრძნობ, რომ "უცხო" გარემოში ხვდები. აქ ყველაფერი მინით არის შექმნილი: მაგიდები, ჭურჭელი, ლარნაკები, კედლებზე სურათები, ვიტრაჟები, საათები, სამკაული, სხვადასხვა სუვენირი... რთულია რომელიმეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, ყველა ადამიანის აღქმა ინდივიდუალურია, თუმცა პირადად ჩემთვის შუშის სახელოსნოში გამორჩეული ნივთები აღმოჩნდა: სამკაული, თეთრ-ლურჯ ფერში გადაწყვეტილი მაგიდა - ქართული სუფრის მოტივებზე შექმნილი და ასევე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებისგან შემდგარი მინის წიგნი. მის ხელწერას მარტივად იცნობთ, ინიციალებით: ე. თ.

ფილოლოგი და მუსიკოსი, მევიოლინე ეთერ თედიაშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. მან გერმანიაში შეისწავლა მინაზე ხატვისა და ღუმელში გამოწვის ტექნიკა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ექსპერიმენტის გზით, გამორჩეული ხელწერა გამოიმუშავა და აქედან გამომდინარე საკუთარი მიგნებები აქვს აღნიშნულ ტექნიკაში. გერმანიაში მინის საწარმოში მუშაობისას, თავდაპირველად მისი დიზაინით შეიქმნა კარი, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და მას შემდეგ მრავალი ნიმუშიც შეიქმნა. მისი დიზაინით შესრულებულ ნამუშევრებს დღემდე ირჩევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - ოფისების, კერძო სახლებისა და ბინის მფლობელები. კატალოგში ისინი სხვადასხვა სახელებით თავსდება. მაგალითად, შეიძლება შეგხვდეს კარი დასახელებით: "ზეზვა და მზია", "რომეო და ჯულიეტა", "არგო", "იასონი", "მედეა" და ა.შ.

GzaPress

ეთერ თედიაშვილი:

- ამბობდნენ, რომ ბავშვობაში ხატვის ნიჭი მქონდა. ძალიან კარგი ბოტანიკა-ზოოლოგიის მასწავლებელი მყავდა, როცა საშინაო დავალებას გვაძლევდა, კითხვებზე პასუხების გაცემის გარდა, თემატურ ნახატზე (იქნებოდა ეს მცენარე, თუ ფრინველი) მუშაობასაც გვავალებდა. ისეთი სიზუსტით ვასრულებდი დავალებას, რომ ეგონათ, ასლებს ვაკეთებდი. მოგვიანებით, გრაფიკულ ჩანახატებსაც ვხატავდი. ყველაზე კარგად პორტრეტები გამომდიოდა. ვმუშაობდი ფანქარსა და პასტელში. რადგან მუსიკაზე დავდიოდი, მხატვრობაზე დიდად არ ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით სამხატვრო აკადემიაში ჩაბარების სურვილი გამიჩნდა. თუმცა, ეს ის პერიოდი იყო, როცა კორუფცია ყვაოდა და არ მქონდა იმედი, რომ ამას მხოლოდ ჩემი ცოდნით შევძლებდი. ამიტომ გავყევი მუსიკას და აკადემიაში ჩაბარება ოცნებად დამრჩა.

GzaPress

- გერმანიაში როდის და რა მიზნით გაემგზავრეთ?

- 90-იან წლებში, საქართველოში ურთულესი დრო იყო და არანაირი პერსპექტივა არ ჩანდა. გერმანიაში პირველად 1997 წელს, 2 კვირით, ჩემს დასთან სტუმრად გავემგზავრე. ის გერმანელ მინის მეწარმეზე გათხოვდა. სწორედ მასთან, ქარხანაში ვნახე პირველად ვიტრაჟების და შიდა ინტერიერისთვის განკუთვნილი მინის დიზაინური დამუშავება და ამ ტექნიკით დავინტერესდი. იქ ხდებოდა მინის გრავირება, ლაზერული ჭრა, კანტების პოლირება, ბურღვა, ტიფანის ტექნიკა, ხატვა, ტყვიით დარჩილვა, ღუმელში ფერადი მინის შედნობა და სხვა... მათი თხოვნით რამდენიმე ესკიზიც გავაკეთე შიდა კარისთვის, რამაც მოწონება დაიმსახურა და მაშინვე 3-თვიანი მიწვევა მივიღე ამ წარმოებაში პრაქტიკის გავლის მიზნით. დავინტერესდი ღუმელში გამოდნობის ტექნიკით, თუმცა თავდაპირველად, გარდა იმისა, რომ ახალ მოდელებზე ვმუშაობდი, ღუმელს შორიდან ვაკვირდებოდი და ძირითადად, მინის დეკორატიული ტყვიისაგან გაწყობის ტექნიკას ვეუფლებოდი. ნელ-ნელა შევისწავლე მინის ჭრა, ღუმელთან მუშაობის ნიუანსები და ასე მივედი შემდნარი მინის ეფექტამდე... სპეციალური ფერადი საღებავით დახატული მინა, ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე შედნობის გზით გვაძლევს ფერის, სინათლისა და გამჭვირვალობის საოცარ სინთეზს. გარდა ბრტყელ მინაზე ხატვისა, ვატარებდი აგრეთვე ექსპერიმენტებს სხვადასხვა ფორმის მისაღებად. როცა მინასთან საღებავები გამოვიყენე, ამან ფერწერის მიმართულებით ჩემი მუშაობა განაპირობა და ასეთი ექსპერიმენტების შედეგად ჩემში მხატვარიც აღმოვაჩინე (იღიმის). ვინაიდან საღებავი ღუმელში დნება და გარდაისახება მინად, შესაფერისი ტერმინიც მივუსადაგე - მინამდნარი მხატვრობა.

GzaPress

- ცხინვალიდან ხართ. როდის დატოვეთ მშობლიური კუთხე და სახლი?

- ცხინვალის დატოვება პირველივე კონფლიქტის დროს, 1991 წლის დადგომისთანავე მოგვიხდა. ყველაფერი დავკარგეთ. მას შემდეგ, იქ აღარ ვყოფილვარ. მამა ამ ამბებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა. დედა, და-ძმა და მე ერთად გამოვედით. გვეგონა, 1-2 დღეში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ძალიან გულუბრყვილო ყოფილა ჩვენი ფიქრები. 30 წელი გავიდა, რაც წინაპრების საფლავები და კარ-მიდამო აღარ გვინახავს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია... ურთულესი წლები გამოვიარეთ, მაგრამ ერთმანეთს ვამხნევებდით და იმ საყოველთაო გასაჭირში, ერთიმეორეს მხარში ვედექით და იმედით გაგვქონდა თავი. რასაკვირველია, ამან უკვალოდ არ ჩაიარა, მძიმე დაღი დაგვასვა და დღემდე მოგვყვება ეს ტკივილი.

- მესმის... ისევ გერმანიის პერიოდს მივუბრუნდები, იქ უკვე თქვენ საქმეში გაწაფულს და რეალიზებულს, დარჩენაზე არ გიფიქრიათ?

- თავიდანვე ვფიქრობდი, რომ გერმანიაში დროებით ვიყავი და სამუდამოდ არ დავრჩებოდი, მიუხედავად იმისა, რომ მსიამოვნებდა იქ მუშაობა, ვქმნიდი ახალ მოდელებს და ჩვენი პროდუქციაც საერთაშორისო გამოფენებზე წარმატებული იყო, მქონდა კარგი ანაზღაურება, ჩემი დის ოჯახში კარგ პირობებში ვცხოვრობდი, მეგობრებიც გავიჩინე, გერმანული ენა დავხვეწე და პერსონალურ გამოფენებსაც ვაწყობდი. 2010-დან 2017 წლამდე ვიყავი აღნიშნული წარმოების მხატვარ-დიზაინერი. ასევე, ჩემი ესკიზების შემსრულებელი. გარდა ჩემი განყოფილებისა, ვიყავი ყველგან, სადაც საჭიროება მოითხოვდა და სხვადასხვა სამუშაოს ვასრულებდი. ძალიან მინდოდა, სამშობლოში მეკეთებინა ეს ყველაფერი და ამან განაპირობა ჩემი დაბრუნება.

GzaPress

- "ვეფხისტყაოსნის" აფორიზმები მინის წიგნად აქციეთ. რამდენი აფორიზმია მასში და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- გერმანიაში ფორმებსა და ყალიბებზე რომ ვმუშაობდი, მაშინ გამიჩნდა წიგნის შექმნის იდეაც. მანამდე სხვადასხვა აფორიზმსა თუ ანდაზას ვწერდი ცალკეულ მინის ნაჭრებზე, თან ნახატებს ვურთავდი. 2013 წელს გავაკეთე წიგნის ყდა, თუმცა, მაშინ ბოლომდე ვერ მივიყვანე ჩანაფიქრი, ეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოვახერხე. მინდოდა, ჩვენი საამაყო აფორიზმები სამუდამოდ დარჩენილიყო მინაში, ვინაიდან ამ მასალას სისველე და სიმხურვალე ვერაფერს აკლებს. ჩემი პირველი ნამუშევარი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს გადავეცი საჩუქრად. წიგნი ფურცვლადია, მასში 9 აფორიზმი და 5 ილუსტრირებული ფურცელია. მას შემდეგ კიდევ 2 წიგნი შევქმენი, რომლებიც პირველთან შედარებით, საკმაოდ დახვეწილია.

ანა კალანდაძე