ალადასტურის ახალი სიცოცხლე, ცრუ ალადასტური და ლეგენდად ქცეული ამბავი "ალაჰისგან მიცემულ დასტურზე" - გზაპრესი

ალადასტურის ახალი სიცოცხლე, ცრუ ალადასტური და ლეგენდად ქცეული ამბავი "ალაჰისგან მიცემულ დასტურზე"

ბოლო პერიოდში, უცხოეთის ბაზრებზე დიდი ინტერესი გამოიწვია ისეთი ვაზის ჯიშმა, როგორიცაა ალადასტური. მოგეხსენებათ, წითელყურძნიანი ვაზი საღვინე ჯიშია და მისგან რამდენიმე სახეობის, უნიკალური საგემოვნო თვისებების ღვინომასალა მიიღება. ზუსტად არავინ იცის, პირველად ვინ და როდის დაწურა ალადასტური და რვაათასწლოვანი ქართული ღვინის კოლექცია კიდევ ერთი ლეგენდარული სასმლით შეავსო, ერთი რამ კი ცხადია, ალადასტურის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ქართველ კაცსაც ვაზის არც ერთი ჯიშისთვის იმდენი ხოტბა არ შეუსხამს, რამდენიც ალადასტურს ხვდა წილად. სად აღარ შეხვდებით ალადასტურს - ისტორიული წყაროების ფურცლებზე, ფოლკლორში, ხალხურ თქმულებებში, ლექსებში, პოემებში... იმასაც ამბობენ, ალადასტური ერთადერთი ღვინოა, რომელსაც რელიგიური აკრძალვების მიუხედავად, მუსლიმანებიც მიირთმევდნენო...

ჯიშის გავრცელების არეალი, ძირითადად დასავლეთ საქართველოს მოიცავს.

გოჩა ხორავა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების მენეჯერი:

- ლეგენდად ქცეული ამბავი გვაუწყებს, რომ საქართველოში შემოჭრილ არაბებს იმდენად მოსწონებიათ ალადასტურის ღვინო, რელიგიური აკრძალვის მიუხედავად, უარს არ ამბობდნენ მის დალევაზე, თავის გასამართლებლად კი უთქვამთ, - ამ ღვინის დალევაზე ალაჰიც კი გვაძლევს დასტურსო. აქედან წარმოიშვა ტერმინი "ალადასტურიც", რომელიც "ალაჰ დასტურ"-ის სახეცვლილი ფორმით დამკვიდრდა. ფაქტია, საქმე გვაქვს ქართული ვაზის ერთ-ერთ უნიკალურ და გამორჩეულ ჯიშთან.

- ბოლო პერიოდში იმერეთში მევენახეების უმეტესობამ ალადასტურის ვაზი აჭრა, თავს იკავებდნენ ახალშენის გაშენებისგანაც. ალადასტურის ღვინის რეალიზაციაც ჭირდა...

- რადგან მისი მოვლაც და დაყენებაც სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს. თანაც, ალადასტური საკმაოდ გვიან - ოქტომბრის ბოლოს შედის მწიფობაში, ამიტომ არ შეიძლება მისი ადრიანად დაკრეფა. მევენახეებს ესეც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან მოსავალს ფრინველებიც ანადგურებდნენ. გლეხების უმეტესობამ მარტივი გამოსავალი იპოვა - ადრიანად კრეფდა და აყენებდა ღვინოს, ეს კი ღვინის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებდა და რეალიზაციაც ჭირდა, ამიტომ აჭრა ბევრმა ეს ვაზი.

იმერელი გლეხკაცი ოდითგანვე რგავდა ალადასტურს და მისგან უნიკალურ ღვინოს აყენებდა. მამა-პაპათაგან ვიცით, რომ ის გამორჩეული და უნიკალური ჯიშია საგემოვნო თუ სამკურნალო მახასიათებლებით, მაგრამ ბევრმა მაღლარის სახით გააშენა და არ გაამართლა. საერთოდ, ეს ჯიში უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. მაღლარზე გაშვებული გაცილებით მეტად მსხმოიარეა, მაგრამ სწორედ ესაა პრობლემა: ასეთ შემთხვევაში, ვიდრე ყურძენი ჯერ კიდევ მწვანეა, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ზედმეტი მტევნები, რადგან უხვი მოსავლის გამო უჭირს შაქრიანობის სათანადო დონემდე მიყვანა. თუ წითელი ჯიშის შაქრიანობამ მინიმუმ 21-22-ს არ მიაღწია, გრადუსსა და არომატს შორის ბალანსი ირღვევა და დაბალი ხარისხის ღვინო გამოდის. გამოთქმაც კი არსებობდა, - ერთი ზამთრის ღვინოა, მეორე ზამთარში შეიძლება გაგიფუჭდესო. უმჯობესია, დაბლარის სახით გაუშვა - ყურძნის ხარისხი გაცილებით მაღალია და ღვინოც საუცხოო გამოდის. როცა ვენახს ზომიერად ასხია, ყურძენი უფრო კარგად მწიფდება, შესაბამისად, მასში მჟავიანობისა და შაქრიანობის კონცენტრაცია ნორმაშია და მაღალი კვებითი ღირებულების ღვინო გამოდის. ალადასტურისგან რომ "ერთი ზამთრის ღვინო" არ შეგვრჩეს ხელში, სათანადო წესით მოვლის გარდა, მევენახე მისი დაყენების სპეციფიკასაც კარგად უნდა იცნობდეს. ერთ-ერთი მთავარი პირობა, ყურძნის მწიფობის საჭირო კონდიციამდე მიყვანაა.

წლევანდელმა გვალვიანმა შემოდგომამ, თბილმა და დარიანმა ამინდებმა შესაფერისი გარემო შექმნა და არა მარტო ალადასტური, არამედ წითელი ვაზის ჯიშის ყურძნებისგან დამზადებული ღვინოები უმაღლესი ხარისხის გამოვა. ბევრ გამოცდილ მეღვინეს შევხვდი. ყველა აღნიშნავს, ასეთი გვალვიანი შემოდგომა ძალიან იშვიათად, შეიძლება 10-15 წელიწადში ერთხელ დადგეს. გლეხკაცი მხოლოდ ამინდის იმედად ვერ იქნება. რადგან ალადასტური გვიან შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს იკრიფება და ამ პერიოდში უმეტესად წვიმიანი ამინდები ჭარბობს, მეღვინეები ყურძენს დაკრეფის შემდეგ, გარკვეული დროით ჩელტებზე აწყობენ და აჭკნობენ. მოჭკნობის დროს შაქრიანობის დონე იმატებს.

ალადასტურის ღვინით განსაკუთრებით განთქმულია ვანის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, რასაც, ნიადაგურ და ჯიშურ მახასიათებელთან ერთად, მისი დაყენების თავისებურებაც განაპირობებს. ამ სოფლებში ოდითგანვე არსებობდა ყურძნის მოჭკნობის ტრადიცია. მოკრეფის შემდეგ, ალადასტურს ორი კვირით ჩელტებზე აჩერებენ. მახსოვს, როდესაც ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის დირექტორი გახლდით, ედუარდ შევარდნაძესთან სტუმრობისთვის ვემზადებოდით, ბაღდათში ვერ ვიშოვეთ ღვინო, რომელიც საკადრისი იქნებოდა პრეზიდენტისთვის მისართმევად, ბოლოს ვანში, სოფელ ყუმურში წავედით და ერთ ოჯახში მივაკვლიეთ ალადასტურს. ბატონმა ედუარდმა როგორც კი ღვინო მოსვა, მაშინვე თქვა - ეს ვანის ალადასტურიაო, იმდენად განთქმული იყო მთელ საქართველოში.

GzaPress

- ჯიშური მახასიათებელი, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შერწყმა, ალადასტურის ღვინოს ყველა ჯიშისგან სრულიად განსხვავებული, სასიამოვნოდ სპეციფიკური არომატით გამოარჩევს...

- იცით, კიდევ რატომ არის ალადასტური განსაკუთრებული და ყველა ვაზის ყველა ჯიშისგან გამორჩეული?.. თუკი ალადასტურს პირდაპირ ჩქეფად აიღებ და დააყენებ, თეთრი ღვინო გამოვა, თუ რამდენიმე საათი დააყოვნებ ჭაჭაზე, მისგან შესანიშნავი ვარდისფერი - "როზეს" ტიპის ღვინო დგება. ამ ტიპის ღვინოები, უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართულ მეღვინეობაში; თუ ჭაჭაზე რამდენიმე დღე დააყოვნებ, წითელ ღვინოს მიიღებ, მაგრამ ჭაჭაზე ათი დღით დაყოვნების შემდეგ, მუქი წითელი ღვინო დგება, შესაბამისად, არომატებიც განსხვავებულია.

- საინტერესოა, რამ გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე ალადასტურის ღვინის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი?

- განსაკუთრებული საგემოვნო თვისებები, ჯიშური მახასიათებლები აქვს და მსოფლიო ბაზარზეც ამიტომაა მასზე დიდი მოთხოვნა. გამორჩეულია სამკურნალო თვისებებითაც. ყურძენი, შაქრების გარდა, შეიცავს სიმჟავეებს (ღვინის, ვაშლის, ლიმონის და სხვა) და მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას და სხვა). ფოსფორი და კალციუმი ზრდის სტიმულატორებია, რკინა - სისხლის გაახლებასა და დაჟანგვის პროცესს უწყობს ხელს, ხოლო კალიუმი მავნე მჟავეების გამნეიტრალებელია; ყურძენში მოიპოვება აგრეთვე ვიტამინები. ყველა სასარგებლო ნივთიერება კლერტიდან თანდათან გადადის ღვინოშიც და გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით. ალადასტურის ღვინო ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ცხიმიანი საკვების მიღებისას, ანეიტრალებს მასში არსებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას, ამიტომაც იყო, რომ იმერეთში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ალადასტური ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ღვინო გახლდათ, თანაც, ლხინს უგრძელებს კაცს, საქეიფო ღვინოა. ოცხანური საფერე უფრო მძიმე ღვინოა და ამ ღვინით ქეიფს ვერ შეძლებ, თუმცა საუცხოო გამოდის ალადასტურისა და ოცხანური საფერეს კუპაჟი.

- ბაღდათის საოჯახო მარნებში თუ აწარმოებდნენ ალადასტურის ღვინოს?

- ბაღდათში, თითქმის ყველა მეღვინე აწარმოებს ალადასტურის ღვინოს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საოჯახო მარნებში წარმოებული ალადასტურის ღვინო არაერთ გამოფენასა და ფესტივალზე გვქონდა წარდგენილი. როდესაც მადრიდის ღვინის ფესტივალზე წარვადგინეთ, ცნობილმა სომელიემ, ედუარდო მუნიოსმა განაცხადა, - ალადასტური ერთადერთი წითელი ღვინოა, რომელიც შეიძლება ესპანეთში გაყიდოთო.

ამ ჯიშის შემცირებას ხელი შეუწყო კიდევ ერთმა გარე ფაქტორმა: კომუნისტების მმართველობისას, მევენახეები ალადასტურს საკმაოდ დიდ ფასად აბარებდნენ რაჭაში, რადგან ალადასტურის ღვინომასალა რუსეთში, როგორც ხვანჭკარა, ისე გადიოდა. იმ პერიოდში, მოსახლეობამ მასობრივად დაიწყო ალადასტურის გაშენება, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთში ღვინის გატანაც შეწყდა და ფასიც საგრძნობლად დაეცა. რადგან რეალიზაციაც გაჭირდა და მოვლა-პატრონობაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ბევრმა აჭრა ვაზი.

- არსებობს ცრუ ალადასტურის ჯიშებიც: ე.წ. მოლდოვანკა ან მოლდოვა. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნამდვილი და ცრუ ალადასტური?

- ეს ჯიშები მართლაც გაიგივებულია ალადასტურთან, მაგრამ საერთო არაფერი აქვს. ორივე ვაზის ჰიბრიდული ჯიშია, რომელიც გამოყვანილია მოლდავეთში, კერძოდ, კვლევით ინსტიტუტში, პროფესორ სავინის ხელმძღვანელობით. ორივე სუფთა სასუფრე ჯიშია, რომელიც შემოიტანეს და ნელ-ნელა მთელ საქართველოში მოიკიდა ფეხი. გამოცდილი მევენახე და დარგის მცოდნე მათ შორის სხვაობას იოლად აღმოაჩენს. ცხადია, დიდი სხვაობაა მათგან დამზადებულ ღვინოებშიც.

შორენა მერკვილაძე