115 წლის შენობა - ისტორიული მოვლენების ეპიცენტრი - გზაპრესი

115 წლის შენობა - ისტორიული მოვლენების ეპიცენტრი

თბილისში, მაჩაბლის ქუჩა #13-ში "მწერალთა კავშირია" განთავსებული. ეს შენობა თავდაპირველად ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქეს, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორს, რუსეთის იმპერიაში ქარხნული კონიაკის პირველ მწარმოებელს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა.

2020 წლის 10 ნოემბერს, დავით სარაჯიშვილის სახლის საზეიმოდ გახსნიდან 115 წლის თავზე, შენობის მეორე სართულზე, ე.წ. აღმოსავლურ ოთახში, დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. აქ თავმოყრილია წყვილის მემორიალური ნივთები, ფოტოარქივი და სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტი. ინტერიერი დიმიტრი ერმაკოვის ფოტომასალის მიხედვით არის აღდგენილი და მაქსიმალურადაა მიახლოებული სახლის მფლობელის პირვანდელ ვერსიასთან.

უახლოეს მომავალში ეს ადგილი დამთვალიერებლის მიღებასაც შეძლებს.

ანდერძი

დავით სარაჯიშვილის ანდერძის მიხედვით, მისი ქონების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა საზოგადოებასა და საქველმოქმედო ორგანიზაციას, ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციის ფონდებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუნაწილდა. სარაჯიშვილის სახლი, თავისი ავეჯითურთ, ანდერძით უნდა გადასცემოდა ქალაქის თვითმმართველობას, მხოლოდ ერთი პირობით - სახლში უნდა გახსნილიყო სამხატვრო გალერეა ან შინამრეწველობისა და ხელოვნების მუზეუმი, ან ორივე დაწესებულება ერთად. ერთი სიტყვით, ხელოვანებს უნდა გადასცემოდა.

დავითის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიის საქმიანობას მისი მეუღლე, ეკატერინე ფორაქიშვილი ჩაუდგა სათავეში და დაახლოებით 5 წელი უძღვებოდა.

ერთ დღეს შემაშფოთებელი დეპეშა მიიღო - მისი სახლი სამხედრო საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინათ. ამ დროს ეკატერინე კისლოვოდსკში იმყოფებოდა. აღელვებული დიასახლისი მაშინვე თბილისისკენ დაიძრა, მაგრამ მლეთაში იმდენად დასუსტდა, რომ ექიმებმა მისი მგზავრობა შეუძლებლად მიიჩნიეს და მან იქვე დალია სული. ეკატერინეს ანდერძშიც იგივე ეწერა - მან ქონების დიდი ნაწილი თავის ერს დაუტოვა.

ვიდრე სახლი ქართველი მწერლებისა და ხელოვანების გაერთიანებას გადაეცემოდა, ის 1918-21 წლებში აკაკი ხოშტარიას საცხოვრებელი იყო. კომერსანტმა შენობა შეიძინა, რათა დავით სარაჯიშვილის ცოლის ძმას, ფინანსური პრობლემების გამო, აუქციონზე არ გაეყიდა და საზოგადოების თხოვნა, არ დარღვეულიყო ქართველი მეცენატის ანდერძი, შეესრულებინა. 1921 წელს ხოშტარიამ, საქართველოს გასაბჭოების გამო, ქვეყანა დატოვა, შენობა კი საბჭოთა საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მწერლებსა და ხელოვანებს გადასცა.

ეს ადგილი ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდა კულტურული კერის ფუნქციას, მასპინძლობდა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს. ჩვენს უახლოეს წარსულში, სარაჯიშვილის სახლი მწერლებს ჩამოართვეს, თუმცა, მოგვიანებით ის კვლავ ხელოვანთა კუთვნილებაში დააბრუნეს.

GzaPress

მშენებლობა

1902 წლამდე დავით სარაჯიშვილი მამისეულ ძველ სახლში ცხოვრობდა. როცა მისი ახლით შეცვლა გადაწყვიტა, ძველი დაანგრია და გერმანიიდან არქიტექტორი კარლ ცაარი ჩამოიყვანა, ხოლო ინჟინრებად ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი მოიწვია. ორსართულიანი, მაღალი მანსარდით დახურული შენობა ხელოვნური ქვით არის მოპირკეთებული და სტილისტური თვალსაზრისით, როგორც მოდერნის, ისე ბაროკოსა და როკოკოს ელემენტებს შეიცავს. სახლის ხის აივნები, კარ-ფანჯარა, ბიბლიოთეკა, ფოიე და სხვა გაფორმება-მოჩუქურთმება იმ დროის ცნობილმა ხის დამუშავების ოსტატმა ილია მამაცაშვილმა შეასრულა. როგორც ილიას უფროსი შვილის, ნიკოლოზის მოგონებებში ვკითხულობთ, ძველი ბინის დანგრევამდე დავითს დიდი მეჯლისი მოუწყვია, ხოლო ახალი საძირკველის ჩაყრისას, იმდროინდელი წესისა და ადათის მიხედვით, მიწაში ერთი მუჭა ოქრო ჩაუტანებია.

სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ფირმის - "ვილეროი და ბოხის" კერამიკული ფილებით. მსგავსი ფორმისა და მოხატულობის ფილები იშვიათობაა, მხოლოდ განსაკუთრებული შეკვეთისა და მესაკუთრეებისთვის მზადდებოდა. კიოლნის ტაძარი გერმანიაში, მოსკოვის დიდი თეატრი, აინზიდელნის სააბატო შვეიცარიაში - ეს ის შენობებია, რომელსაც იმავე სტილის კერამიკული ფილები ამშვენებს, რაც მწერალთა სახლის ვერანდაზეა.

გახსნა

სარაჯიშვილის სახლის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და გაზაფხულზე, 3 აპრილს მისი ოფიციალური გახსნა-კურთხევა მოხდა. ამავდროულად, იმ დღეს აღინიშნა ცოლ-ქმრის ქორწინებიდან 25 წლის იუბილე, ე.წ. ვერცხლის ქორწილი. ამ ცერემონიალს მოწინავე საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა და ამას ადასტურებს ფოტო, რომელზეც მასპინძლები სტუმრებთან ერთად გადაუღიათ. მათ შორის გახლდათ დავითის ახლო მეგობარი აკაკი წერეთელი, რომელმაც დავითსა და მის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს ლექსი მიუძღვნა:

"...განგებამ მოგცათ სუყველაფერი,/ ნუ სწუხართ იმას, რომ ხართ უშვილო,/ ნუთუ არ კმარა შვილად და ძირად,/ თქვენთვის სამშობლო და საქართველო!.."

მართალია, დავითისგან ხშირად მოისმენდი სიტყვებს: რას მიქვიან უშვილობა, განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ განსაზღვრული და განსწავლული ჩემი შვილები არ არიანო?! მაგრამ ალბათ, ის საკუთარ შვილს მაინც ნატრობდა, თუმცა, სამწუხაროდ, მემკვიდრე არ შესძენიათ.

განათლება

დავით სარაჯიშვილი, შეძლებული მემამულის - ზაქარია სარაჯიშვილისა და ელისაბედ სავანელის მესამე შვილი იყო. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, რის შემდეგაც ე.წ. ჰალეს პანსიონში მიაბარეს. მოგვიანებით სწავლა პირველ კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, გერმანიაში გაემგზავრა და ლექციებს ისმენდა ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, რომლის დასრულების შემდეგაც ქიმიის დოქტორისა და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. მომდევნო წლები დავით სარაჯიშვილმა სოფლის მეურნეობის საკითხების შესწავლას მოახმარა. 1 წელი საფრანგეთში გაატარა, სადაც მევენახეობასთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს ეუფლებოდა. სწორედ ამ პერიოდში გაიტაცა არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოებამ და გადაწყვიტა, საქართველოში დაბრუნებულს, კონიაკის საწარმოები დაეარსებინა და ამ სფეროს განვითარებაზე ეზრუნა.

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 31 წლის ასაკში დაბრუნდა. იმავე წელს დაოჯახდა და 18 წლის ეკატერინეზე.

ბიზნესი

დავით სარაჯიშვილმა XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, სპირტიანი სასმელების წარმოებას მიჰყო ხელი. 1884 წელს კონიაკის დიდი საწყობი ააგო, სადაც თავი მოუყარა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთიდან შემოტანილ სპირტს და მისმა ფირმამ პირველი ქართული კონიაკის გამოშვება დაიწყო. 1888 წლიდან სარაჯიშვილის თაოსნობით კონიაკის ქარხანა შეიქმნა, რომელიც ძირითადად ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე მუშაობდა. მოგვიანებით, მის ფირმაში იხდებოდა არაყი და საკონიაკე სპირტი, ხდებოდა ღვინის დაძველება. მზადდებოდა სხვადასხვა სახის ლიქიორი, რომი, კონიაკი. დავით სარაჯიშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ მაშინდელ რუსეთის იმპერიაში კონიაკის წარმოების ფუძემდებლად ითვლება. საფრანგეთიდან მოწვეულ კონიაკისა და ლიქიორის მწარმოებლებთან ერთად, დავითის მიერ შექმნილმა ნაწარმმა უდიდეს წარმატებას მიაღწია. XX საუკუნის დასაწყისისთვის რუსეთის იმპერიის ბაზრის 2/3 საჯიშვილის პროდუქციამ დაიკავა. ის ასევე წარმატებით იყიდებოდა: ლონდონში, ბერლინში, ვენაში, ჟენევასა და სხვა ქალაქებში. იმ დროს ქართული კონიაკის დამამზადებელი უკვე ფლობდა სპირტსახდელ ქარხნებს ვლადიკავკაზსა და ერევანში, თბილისის არყის ქარხანასა და თბილისის კონიაკის ქარხანას; კონიაკის ცენტრალურ საწყობსა და საკონიაკე სპირტსახდელ ქარხნებს ყიზლარის, ერევნის, ბესარაბიის, ბაქოს, ბარგუშეთისა და გოგჩის ტერიტორიებზე.

ემბლემა

სარაჯიშვილის კონიაკები ბაზარზე ცნობილი იყო "კავკასიის ნატურალური კონიაკის" სახელით, რომლის ეტიკეტზე კლდეზე შემდგარი ჯიხვი იყო გამოსახული. სწორედ ამ ემბლემის მსგავსი ჯიხვი მდგარა დავით სარაჯიშვილის სახლის ეზოშიც. ჯიხვი ხელოვნურად შექმნილი კლდიდან გადაჰყურებდა ბაღს, სადაც ულამაზესი ყვავილები ხარობდა. სახლის ეზოში თუთიყუში და არწივიც ცხოვრობდნენ, მოგვიანებით, როცა დავითისა და ეკატერინეს სიკვდილის შემდეგ, სარაჯიშვილის სახლი გაიყიდა, მის ახალ მფლობელს, კომერსანტ ხოშტარიას დავითის პროდუქციის ემბლემა - კლდეზე შემდგარი ჯიხვი თვალში არ მოსვლია და ქანდაკება ეზოდან აუღია.

GzaPress

სტიპენდიები და ქველმოქმედება

დავით სარაჯიშვილი ცხოვრების უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არაერთ დიდ თუ მცირე საზოგადოებრივ საქმეში მონაწილეობდა. ის პირველი ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლდათ, რომელმაც ნიჭიერ ახალგაზრდათა გამოსავლენად სტიპენდიათა გადანაწილების კომიტეტი დააარსა, მის ხელმძღვანლად კი ნიკო ცხვედაძე დანიშნა. აღნიშნული კომიტეტი ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლა-განათლებას აფინანსებდა, საამისოდ კი 1889-1911 წლებში, ყოველწლიურად 30 ათასი მანეთი გაიცემოდა. სარაჯიშვილის სტიპენდიით განათლებას იღებდნენ კომპოზიტორები: დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვანო სარაჯიშვილი, ვლადიმერ ქაშაკაშვილი; მხატვრები: მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, შალვა ქიქოძე; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე და სხვები. დავითი მატერიალურ დახმარებას უწევდა ექვთიმე თაყაიშვილს, გერონტი ქიქოძეს, აკაკი შანიძეს, თედო სახოკიას, მიტროფანე ლაღიძეს...

სარაჯიშვილი ფინანსურად ეხმარებოდა მოსკოვის ქართველთა საზოგადოებას, ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას, ქართულ ფილარმონიის საზოგადოებას. მისმა ოჯახმა დიდი თანხები გაიღო თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობისათვის და აგრეთვე, არაერთი ისტორიული ძეგლის დასაცავად, მათ შორის ქაშუეთისა და დიღმის "თეთრი გიორგის" ეკლესიების ასაგებად; სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად სვეტიცხოვლის, დიდუბის, ლურჯი მონასტრისა და სხვა არაერთ ტაძარში.

მძიმე დიაგნოზი და აღსასრული

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დავით სარაჯიშვილს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მისთვის ეს ამბავი ექიმებს არ გაუმხელიათ. დავითი ხშირად დადიოდა სამკურნალოდ ბერლინში და ოპერაციაც იქვე გაუკეთეს. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბერლინში რამდენიმე თვე დაჰყო და თბილისში გამოემგზავრა, მაგრამ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, მდგომარება გაუარესდა და განმეორებითი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. საავადმყოფოში მოიწიეს კონსილიუმი, რომლის გადაწყვეტილებით, სწორი ნაწლავის ოპერაციის ხელმეორედ გაკეთება შეუძლებლად მიიჩნიეს. გამოსავალი არ ჩანდა, სარაჯიშვილმა უკანასკნელი დღეების ათვლა დაიწყო.

1911 წლის 10 ივნისს დავითი და ეკატერინე საქართველოში დაბრუნდნენ. სარაჯიშვილი საკუთარ სახლში მოათავსეს, თავზე ექიმები დაადგნენ და ბოლო დღეები ტკივილებს ძლიერმოქმედი პრეპარატებით უყუჩებდნენ. მალე დავითს გონება წაერთვა და ის საკუთარ სახლში, 1911 წლის 20 ივნისს, შუადღისას გარდაიცვალა.

სამგლოვიარო პროცესიაზე შიგადაშიგ სარაჯიშვილს გამოსათხოვარი სიტყვებით მიმართავდნენ მეგობრები და ახლობლები. ასევე ის სტიპენდიატებიც, რომლებიც წლების განმავლობაში განათლებას დავით სარაჯიშვილის შემწეობით იღებდნენ.

მოგვიანებით, მეცენატი დიდუბიდან ვაკეში გადაასვენეს, 1995 წელს კი ქაშუეთის ეზოში, რომლის აშენებაშიც მას დიდი წვლილი მიუძღვის. დღესდღეობით წყვილის საფლავი ამავე ეკლესიის ეზოშია.

ანა კალანდაძე